1966 წლის 30 ნოემბერს მოსკოვის კრემლის თეატრში დაიწყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის გასტროლები. პირველი სპექტაკლი იყო "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო წარმოდგენა, რომელიც დადგეს თეატრის მთავარმა რეჟისორმა არჩილ ჩხარტიშვილმა და მიხეილ თუმანიშვილმა. ლიტერატურულ-დრამატული კომპოზიცია ეკუთვნოდა მამია ებრალიძეს, სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა ოთარ ლითანიშვილმა, მუსიკალურად - არჩილ ჩიმაკაძემ. სპექტაკლში მონაწილებდა ლამის მთელი დასი და, ფაქტობრივად, დაცული იყო პოემის სიუჟეტური მთლიანობა.
ამ წარმოდგენაზე რუსული პრესა წერდა: "რუსთაველის თეატრმა დაადასტურა, რომ თეატრი შეიძლება იყოს არამხოლოდ დრამატული, არამედ პოეტურიც."
თუმცა, "სოვეტსკაია კულტურას~ ფურცლებზე ვკითხულობთ ტრადიციულ შაბლონს: "კომპოზიცია ჩაფიქრებულია როგორც ეპიკური ქმედება, რომლის მთავარი გმირი ხალხია". 
WordPress plugin
 

 ახლოს სანახავად ერთელ დააწკაპუნეთ
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში განლაგებული ისრებით
შემდეგ დააწკაპუნეთ. 
ისარგებლეთ ცისფერი სენსორითაც 

1985 წლის 23 მარტს ლენინგრადის ლენინისა და ოქტომბრის რევოლუციის ორდენოსანი კიროვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა ბალეტი "ვეფხისტყაოსანი" პროლოგითა და ეპილოგით. მუსიკის ავტორია სსრ კავშირის სახალხო არტისტი, სსრ კავშირის სახელმწიფო და რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი ა. მაჭავარიანი; ლიბრეტო ეკუთვნის სსრ კავშირის სახალხო არტისტს, ლენინური და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს ი. გრიგოროვიჩს; დამდგმელი ბალეტმაისტერი – სსრ კავშირის სახალხო არტისტი, რსფსრ სახელმწიფო და ლენინური კომკავშირის პრემიების ლაურეატი ო. ვინოგრადოვი; მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი – ვ. მაჭავარიანი; სცენოგრაფია ეკუთვნის საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს თ. მურვანიძეს. 

მნიშვნელოვანია, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი თვითონ მონაწილეობდა პირველ აქტში მებრძოლთა ცეკვაში. დაიდგა ტარიელის დაბრუნება ხატაელთა ომიდან. იქ იყო ტარიელის არია ტექსტზე "შევუძახე" და ასე შემდეგ.…მამა მღეროდა ამას და გუნდთან ერთად. თუ არა ვცდები, ისმოდა "შევსვათ წითელ-წითელი", გუნდისათვის ხალხური მოტივები იყო გამოყენებული და ვახტანგ ჭაბუკიანის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ცეკვა სრულდებოდა.

1966 წელს სრულიად საქართველომ დიდი ზეიმით აღნიშნა გენიალური ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე.
მოვლენას მსოფლიო რეზონანსი მიეცა. საქართველოს პარტიისა და მთავრობის საგანგებო დადგენილების შესაბამისად, რუსთაველის საიუბილეო ღონისძიებებისათვის მზადებაში აქტიურად ჩაერთვნენ კულტურისა და ხელოვნების დარგების წარმომადგენლები: თეატრისა და კინოს მოღვაწეები, კომპოზიტორები და მხატვრები, მეცნიერები და მწერლები, წამყვანი ფოლკლორული კოლექტივები, ცალკეული მუსიკოს-შემსრულებლები. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით ზემდგომმა ორგანოებმა საგანგებო მისია დააკისრეს: მას საიუბილეოდ უნდა მოემზადებინა ქორეოგრაფიული კომპოზიცია "ვეფხისტყაოსნის" თემაზე.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისათვის უკვე მსოფლიოში აღიარებული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი თავისი შემოქმედების ზენიტში იყო და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობდა. ანსამბლის ამგვარ შთამბეჭდავ წარმატებებს განაპირობებდა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის უდიდესი ტალანტი და ძალისხმევა, 60-იანი წლების მოცეკვავემსახიობთა უძლიერესი შემადგენლობა, რომელთა შორისაც გამოირჩეოდნენ დახვეწილი ტექნიკისა და ინდივიდუალური ხელწერის მქონე ბრწყინვალე სოლისტები...

დღეს ბევრი კრიტიკოსი, საზოგადოების დიდი ნაწილი ქართულ თეატრს ეროვნული მასალის სიმწირეს "უჩივის". ამ პრობლემის გარკვეულწილად მოსაგვარებლად კულტურის სამინისტრომ ათი ქართული პიესის დაფინანსებაც კი გადაწყვიტა. მსახიობი თათია ხაინდრავა, შეიძლება ითქვას, წინ უსწრებს დროს. იგი არავითარ გადაწყვეტილებებს არ ელოდება და მოქალაქეობრივ-შემოქმედებით პოზიციას, მრწამსს თავისი მოღვაწეობით აქტიურად გამოხატავს.
სხვადასხვა ეპოქის ქართველი პოეტების ლექსებზე აწყობილ ლიტერატურულ-დრამატულ კომპოზიციებს ხაინდრავას მონაწილეობით, მსმენელი წლების მანძილზე არ მოჰკლებია. მაგრამ იმან, რაც 2 თებერვალს რუსთაველის თეატრში ხდებოდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მსახიობმა დიდი ხნის წინათ ჩაფიქრებული "ვეფხისტყაოსანი" წარუდგინა მსმენელს.
"ვეფხისტყაოსანზე" იგი 50 წელია მუშაობს. კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში აღზრდილ თათია ხაინდრავას, დიდი ქართველი მწერლის გარდა, პოემას დედა, სოფიო გამსახურდია (როგორც ამბობენ, უნაკლოდ) უკითხავდა.
ბებიამ კი მთელი "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა და პავლე ინგოროყვას თქმით, არცერთი ტაეპი არ ეშლებოდა.
თათია ხაინდრავას მიერ წარმოდგენილი ლიტერატურული სპექტაკლი პოემის გასცენიურების პირველი შემთხვევაა. კუპირებაც მსახიობს ეკუთვნის. მანვე იმუშავა მეტყველებაზე წარმოდგენაში მონაწილე არტისტებთან. თინათინ ელბაქიძემ, რეზო თავართქილაძემ, გივი ჩუგუაშვილმა, გურამ ჯაშმა, ზურაბ ცინცქილაძემ, გოგა გორგასანიძემ, გიორგი აბაშიძემ, თამრიკო დათუაშვილმა, ციცინო ჯანდიერმა თავიანთი ინდივიდუალიზმით, სამსახიობო ხერხთა მრავალფეროვნებით "ვეფხისტყაოსნის" სიღრმეებში შეძლეს ჩასვლა და მსმენელიც "თან გაიყოლეს".
გემოვნებით შერჩეული ფრაგმენტები ერთიანი, დასრულებული და შეკრული სახით იქნა წარმოდგენილი.
სცენაზე სამუშაოდ მხოლოდ ერთი დღე მსახიობებთან ერთად რობიკო სტურუამ გაატარა, რომელმაც რეჟისორულად ააწყო და დახვეწა ხაინდრავას ჩანაფიქრი. იდეისა და სათქმელის მოტანას მირიან შველიძის დეკორაციამ და მირანდა ხაინდრავას მუსიკალურმა გაფორმებამ შეუწყო ხელი. სპექტაკლი მიჰყავდა ნათია პაპასკირს. საქმის ორგანიზება კი თავის თავზე საქართველოს ტელე-რადიოდეპარტამენტმა აიღო.
თათია ხაინდრავას სპექტაკლმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას "ვეფხისტყაოსნის" დიდებულება. ამას აღნიშნავდა დიდიცა და პატარაც, რაშიც, მათი აზრით, მსახიობები და განსაკუთრებით, ხაინდრავა დაეხმარათ.

ლელა ოჩიაური
გაზეთი "რეზონანსი"
04.02.1998

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.