თენგიზ ურთმელიძე

1966 წელს სრულიად საქართველომ დიდი ზეიმით აღნიშნა გენიალური ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე.
მოვლენას მსოფლიო რეზონანსი მიეცა. საქართველოს პარტიისა და მთავრობის საგანგებო დადგენილების შესაბამისად, რუსთაველის საიუბილეო ღონისძიებებისათვის მზადებაში აქტიურად ჩაერთვნენ კულტურისა და ხელოვნების დარგების წარმომადგენლები: თეატრისა და კინოს მოღვაწეები, კომპოზიტორები და მხატვრები, მეცნიერები და მწერლები, წამყვანი ფოლკლორული კოლექტივები, ცალკეული მუსიკოს-შემსრულებლები. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით ზემდგომმა ორგანოებმა საგანგებო მისია დააკისრეს: მას საიუბილეოდ უნდა მოემზადებინა ქორეოგრაფიული კომპოზიცია "ვეფხისტყაოსნის" თემაზე.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისათვის უკვე მსოფლიოში აღიარებული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი თავისი შემოქმედების ზენიტში იყო და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობდა. ანსამბლის ამგვარ შთამბეჭდავ წარმატებებს განაპირობებდა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის უდიდესი ტალანტი და ძალისხმევა, 60-იანი წლების მოცეკვავემსახიობთა უძლიერესი შემადგენლობა, რომელთა შორისაც გამოირჩეოდნენ დახვეწილი ტექნიკისა და ინდივიდუალური ხელწერის მქონე ბრწყინვალე სოლისტები... გადაწყდა, რომ საიუბილეოდ ანსამბლი მოამზადებდა ქორეოგრაფიულ კომპოზიციას "ქაჯეთის ციხის აღება".

 
WordPress plugin
 
ახლოს სანახავად ერთელ დააწკაპუნეთ.
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში
განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ  

ბევრისთვის ცნობილია, რომ "ვეფხისტყაოსნის" თემას სხვადასხვა დროს არაერთმა ბალეტმაისტერმა მიმართა. განხორციელდა ცალკეული დადგმები, როგორც ჩვენში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სცენებზე. რუსთაველის უკვდავ თემაზე რაიმეს შექმნა ეროვნული ქორეოგრაფიის ენით, პირველი მცდელობა იყო, ამასთან უჩვეულოც და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე აყენებდა ანსამბლის მთელ კოლექტივს.
მას შემდეგ, რაც ზემდგომ ორგანოებთან ჩანაფიქრი საბოლოოდ შეთანხმდა, (იმ დროს ეს აუცილებლობას წარმოადგენდა), დაიწყო მოსამზადებელი ეტაპი. ანსამბლის თითოეული წევრი მღელვარებით ველოდით ახალ დადგმაზე მუშაობის დაწყებას.
დადგა ეს საპასუხისმგებლო დღეც. ანსამბლის ხელმძღვანელებმა მთელი დასი სარეპეტიციო დარბაზში შეგვკრიბეს. ილიკო სუხიშვილმა მისთვის ჩვეული ემოციური თხრობით გაგვაცნო "ქაჯეთის ციხის აღების" ლიბრეტო, კომპოზიციის ცალკეული სცენების თანმიმდევრობა. ახალ დადგმაში მონაწილეობას მიიღებდა აკადემიური ანსამბლის დასის მთლიანი შემადგენლობა.
კოსტიუმების მომზადება და სასცენო დეკორაციების შექმნა ითავა გამოჩენილმა თეატრალურმა მხატვარმა, ანსამბლის უცვლელმა დიზაინერმა და ერთგულმა მეგობარმა სოლიკო ვირსალაძემ. კომპოზიციის ცალკეული სცენების მუსიკალური გაფორმება ეთხოვა პოპულარულ კომპოზიტორს რევაზ ლაღიძეს. კონსულტანტად მოიწვიეს ცნობილი ბალეტმაისტერი ილია არბატოვი.
თვენახევარზე მეტხანს მიმდინარეობდა ინტენსიური და შრომატევადი რეპეტიციები, იხვეწებოდა მასობრივი სცენებისა და საცეკვაო კომპოზიციების ნახაზები.
უდიდესი შრომა გასწია სოლიკო ვირსალაძემ. მისთვის ჩვეული რუდუნებითა და მაღალი პროფესიონალიზმით მოკლე დროში შექმნა რუსთაველის ეპოქის შესაბამისი უნიკალური გამომსახველობის კოსტიუმები და შთამბეჭდავი სასცენო დეკორაციები.
როდესაც "ქაჯეთის ციხის აღებაზე" დაძაბული და ამასთან ერთად შემოქმედებითად საინტერესო მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა, საქართველოს პარტიის ცკ-მა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ახალი ნამუშევრის სამთავრობო გასინჯვა დანიშნა. მას ესწრებოდნენ ზემდგომი ორგანოების პასუხისმგებელი მუშაკები, მეცნიერების, მწერლობის, კულტურის დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ჟურნალისტები.
გასინჯვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ხალხური ცეკვის აკადემიური ანსამბლის ახალმა ნამუშევარმა, ქორეოგრაფიულმა კომპოზიციამ "ქაჯეთის ციხის აღება", ოფიციალური პუბლიკის აღფრთოვანება გამოიწვია. აღინიშნა დადგმის ორიგინალური გადაწყვეტა, ეფექტური სასცენო კომპოზიციები, შთამბეჭდავი მუსიკალური თანხლება, ანსამბლის ხელმძღვანელთა ნიჭიერება, სოლისტთა და მოცეკვავეთა მაღალი პროფესიონალიზმი და, რა თქმა უნდა, სოლიკო ვირსალაძის მიერ უზადო გემოვნებით წარმოდგენილი ბრწყინვალე მხატვრობა. დამსწრეთა შეფასებით ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში.
სამწუხაროა, რომ ეს ულამაზესი ქორეოგრაფიული დადგმა რატომღაც არ არის დაფიქსირებული კინოფირზე. შემორჩენილია მხოლოდ მწირი რაოდენობის ფოტოსურათები. ვეცდები მკითხველისათვის აღვიდგინო და შეძლებისდაგვარად მოკლედ აღვწერო ამ ისტორიული დადგმის თანმიმდევრობა:
"სცენა გაფორმებულია "ჩამქრალი ოქროსფერი" (ასეთ გამოთქმას იყენებდა სოლიკო ვირსალაძე) ფარდებით, რაც ძალზე მდიდრულად გამოიყურება. სცენაზე ჩამოშვებულია თასის ფორმის, ვერცხლისფერი რამდენიმე კანდელი, რომლებშიც "ცეცხლი გიზგიზებს". უკანა ფარდის ფონზე შუქ-ჩრდილებით მიუვალი ციხე-სიმაგრის სილუეტი იკვეთება... კომპოზიცია წყნარი, მელოდიური მუსიკით იწყება. სცენის სიღრმეში, ამაღლებულ კვარცხლბეკზე, გრძელ მოსასხამებში, თავზე ვერცხლისფრად მბზინავ ჩაჩქნებში, შეაბჯრული და ფარხმლიანი "ვეფხისტყაოსნის" გმირები - ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი დგანან. ისინი "ქაჯეთის ციხეს" გაჰყურებენ და "თათბირობენ", ეს სცენა ცნობილი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩისეულ სურათს აცოცხლებს...
შთამბეჭდავია რევაზ ლაღიძის მუსიკა კინოფილმიდან "ხევისბერი გოჩა", რომლის თანხლებით მეომარი რაინდები, ცეკვა "ხორუმის" დახვეწილი მოძრაობებით დაზვერვის სცენას წარმოადგენენ. მათ "ვეფხისტყაოსნის" მთავარი გმირები უერთდებიან...

მომდევნო სურათი "ქაჯეთის ციხის" დამცველთა, საბრძოლო კვერთხებით შეიარაღებულ, ე.წ. "ქაჯთა" რიტუალურ ცეკვას ეთმობა. წითელი განათების ფონზე, მუქი ფერის ორიგინალურ კოსტიუმებში შემოსილ მოცეკვავეთა მოძრაობები უჩვეულო, ძალზე დინამიურია და სრულდება ვირტუოზულად.
შემდეგი სცენა ასახავს "რაინდთა" და "ქაჯთა" შეუპოვარ შერკინებას. ფერადოვანი, ეფექტური განათებისა და რევაზ ლაღიძის ცეცხლოვანი "საჭიდაოს" თანხლებით მოცეკვავეთა მაღალტექნიკურად შესრულებული წარმოდგენა კულმინაციას აღწევს. "დიდი ბრძოლა" რაინდთა ბრწყინვალე გამარჯვებით მთავრდება.
შემდეგ იწყება გამარჯვების აღსანიშნავი ქორეოგრაფიული კომპოზიცია, რომლის პირველი ნაწილი `ქაჯეთის’’ ტყვეობიდან გამოხსნილ ნესტან-დარეჯანთან შეხვედრის სურათს წარმოადგენს.
გულში ჩამწვდომად ჟღერს კომპოზიტორ არჩილ ჩიმაკაძის ჩინებული მუსიკალური ნაწარმოები "შენ გიგალობ". ორ რიგად ჩამწკრივებულ რაინდებს მხრებზე ფარები აქვთ გადადებული, რაც ჰეროიკულ კიბეს წარმოსახავს. მასზე ამაყად გადმოაბიჯებს ნესტან-დარეჯანი, ეს ულამაზესი სცენა, შეიძლება ითქვას, მთელი კომპოზიციის მშვენებაა...
და ბოლოს, კომპოზიციის დასკვნითი, საზეიმო ნაწილი: გამარჯვებულ, ბრგე რაინდთა შორის გრაციოზულად დაგოგმანებენ, ტანწერწეტა, ულამაზესი ასულები. მოძრაობათა მრავალფეროვანი გამა, ორიგინალური ქორეოგრაფიული ნახაზები და თვალისმომჭრელი ბრწყინვალება გასაოცარ თეატრალურ სანახაობას ქმნის...
იმარჯვებს სიკეთე, მეგობრობა, სიყვარული…"
ახალი ქორეოგრაფიული კომპოზიცია "ქაჯეთის ციხის აღება" შესრულდა 1966 წლის სექტემბერში შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ საიუბილეო საღამოზე, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა...
1966 წლის ოქტომბერში რუსთაველის საიუბილეო დღეებმა ქალაქ მოსკოვში გადაინაცვლა. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ საბჭოეთის დედაქალაქიც ამ დიდი მოვლენით ცხოვრობდა. ეს იგრძნობოდა ყველგან. საბჭოთა კავშირის დიდი თეატრის ფასადს, სადაც დასკვნითი საიუბილეო საღამო იყო დანიშნული, გენიალური პოეტის უზარმაზარი პორტრეტი ამშვენებდა წარწერით - 800.
საიუბილეო დღეს, 28 ოქტომბერს, მოსკოვის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის, "ბოლშაია გრუზინსკაიას" ლამაზ სკვერში
საზეიმოდ გაიხსნა შოთა რუსთაველის ძეგლი (ავტორი - მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი). ძეგლის გახსნას სკკპ მთელი პოლიტბიურო დაესწრო ლ.ი. ბრეჟნევის მეთაურობით.

იმავე დღეს, დიდ თეატრში დასკვნითი საიუბილეო საღამო გაიმართა. ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ მომზადებული ახალი ქორეოგრაფიული კომპოზიცია "ქაჯეთის ციხის აღება", შეიძლება ითქვას, რუსთაველის საიუბილეო დღეებს გვირგვინად დაედგა თავზე. "ქაჯეთის ციხის აღებამ" მყარად დაიმკვიდრა ადგილი ანსამბლის რეპერტუარში. საგულისხმოა, რომ იგი წარმატებით სარგებლობდა მრავალ ქვეყანაში, კერძოდ, ინგლისში, შოტლანდიაში, იტალიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სხვა ქვეყნებში. 

"საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის პრემიერას ოქსფორდის თეატრის 2500 მაყურებლიანი დარბაზი აღფრთოვანებით ხვდება...

"ვეფხისტყაოსნის" გმირები რაინდული მანერებით უახლოვდებიან `ქაჯეთის ციხის’’ კარიბჭეს...
სცენაზე შემოდიან საუცხოო კოსტიუმებით შემოსილი ნესტანი და თინათინი - ულამაზესი ასულები...
პარტერი სულგანაბული შეჰყურებს თენგიზ უთმელიძის ტარიელს. აი, მან მოითათბირა მეორე გმირთან - ავთანდილთან (თენგიზ სუხიშვილი), ფრიდონის როლი მინდობილი აქვს ფრიდონ სულაბერიძეს... და თუ ამ სამ გმირს დავუმატებთ ნესტან-დარეჯანის (ლატავრა ფოჩიანი) ნარნარ სიკეკლუცეს, თინათინის (ნინო კირვალიძე) ღვთაებრივ ჰაეროვნებას და ასმათის (მანანა აბაზაძე) მომხიბვლელობას, გასაგები გახდება, რატომ ჩაახშო მუსიკა ტაშის გრიალმა და ხმა რატომ მოუმატა მუსიკოსების მიკროფონებს შეშფოთებულმა გუგული ყიფიანმა. "ქაჯეთის ციხის აღებით" ანსამბლმა ინგლისელ მაყურებელთა დარბაზი აიღო... ეს იყო სრული სენსაცია, სრული ტრიუმფი".

ქართლოს კასრაძე
წიგნიდან, "ტრიუმფით მსოფლიოს გზებზე"

შოთა რუსთველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებული სხვა მასალები იხილეთ აქ

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.