
ოპერა "ამბავი ტარიელისა" შალვა მშველიძეს ეკუთვნის. ბატონი შალვას ოჯახთან ახლოს ვიყავი ბავშვობიდანვე და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთმა პირველმა ვნახე ამ ოპერის ხელნაწერი პარტიტურა. ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა ბატონი შალვას ოჯახი, მისი ცოლის დისშვილი იყო ჩემი სკოლის ამხანაგი. მე დავდიოდი მათთან და მინახავს ოპერის ხელნაწერი პარტიტურა, მაგალითად ასეთი წარწერით "ავთანდილი ველად". შემდეგ, რაღა თქმა უნდა, ომის შემდეგ, როცა დამთავრდა პარტიტურაზე მუშაობა, დაიწყეს მუშაობა სპექტაკლზე. მე დავდიოდი ჯერ გაკვეთილებზე მამასთან, როგორც მახსოვს, მთავარი კონცერტმაისტერი თეატრის იაკობ გორდონი გახლდათ. სხვები არ მახსენდება.
ახლოს სანახავად ერთხელ დააწკაპუნეთ
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში
განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ
1966 წელს, საიუბილეო დღეებისათვის სპექტაკლი დადგა გურამ მელივამ. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დუეტი
გამოვიდა ნესტანისა და ტარიელის შეთქმულების სცენაში, ჩაკრულოზე იყო აგებული. ტარიელს მიყავდა თემა და ნესტანი შეეხმიანებოდა. ბევრჯერ შეგვისრულებია უცხოეთში მე და ცისანა ტატიშვილს ეს დუეტი. ახლაც თვალწინ მიდგას თინათინის გამეფების სცენა. ნადეჯდა ხარაძე იყო რაღაც საოცრება ამ სპექტაკლში. საერთოდ მიჩნეულია, რომ ის უფრო ლირიკულ და კომიკურ როლებს ასრულებდა. განსაკუთრებით კომიკურ როლებში იყო ძალიან ცნობილი, მაგრამ თინათინის როლში ეს იყო ბეთანიის ან ვარძიის ფრესკიდან გადმოსული გმირი. ჰქონდა კონცენტრირებული სახე, ძალიან შეზღუდული მოძრაობები, ეცვა სერგო ქობულაძის ესკიზებით შესრულებული შესანიშნავი კოსტუმები. მე ვფიქრობ, დაუვიწყარი იყო.
მამას დროინდელი წარმოდგენიდან მეხსიერებას შემორჩა სურათი: "ავთანდილი ველად" ნამდვილი ცხენებით შემოდიოდნენ სცენაზე. თეთრი ცხენი ჰყავდა პეტრე ამირანაშვილს, შავი - მამაჩემს.
მოგეხსენებათ, პირველად სპექტაკლი დაიდგა 1946 წლის თებერვალში და ერთი წლის შემდეგ ამ სპექტაკლმა მიიღო სტალინური პრემია და მამაჩემიც სხვა ძირითად შემსრულებლებთან ერთად გახდა სტალინის პრემიის ლაურეატი. მამას თაობისთვის "ვეფხისტყაოსანი" ბიბლიის ტოლფასი წიგნი იყო. მახსოვს, 1933 წელს, როდესაც მამა დიდ თეატრში გადაიყვანეს (მე მაშინ 5 წლის ვიყავი), ქართულ წიგნებს შორის რუსთაველის "ვეფხისტყაოსანიც" მიგვქონდა. მიკითხავდნენ, მათვალიერებინებდნენ, ერთ-ერთი ძველი გამოცემა იყო, გუდიაშვილის ილუსტრირებული.
შემდეგ ჩვენს ოჯახში გაჩნდა "ვეფხისტყაოსნის" ბალმონტის, ნუცუბიძის, ზაბოლოცკის თარგმანები.
ტარიელის სცენა ნესტან-დარეჯანთან ვიმღერე ჩემი სცენაზე შემოქმედების 10 წლისთავთან დაკავშირებით, 3 სხვადასხვა აქტი შევკრიბე. ერთი, მეორე აქტი მთლიანად ტარიელისა და ნესტანის სურათი იყო და დუეტით მთავრდებოდა. ეს საღამო ოპერის თეატრში ჩატარდა 1967 წელს. შემდეგ, 1969 წელს ქართული კულტურის დღეები გაიმართა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და იქ მე და ცისანა ვმღეროდით ამ დუეტს ორკესტრთან...
კიდევ მახსენდება 1966 წლის საიუბილეო დადგმა. მაშინ "ამბავი ტარიელისა" ცოტა შეკვეცილი რედაქციით შესრულდა. საიუბილეო კონცერტისათვის ილიკო სუხიშვილმა სპეციალურად ამ დღისთვის დადგა ცეკვა. რეპეტიციის დროს ძალიან ღელავდა. იცით, რა წამოცდა? მივიდა დირიჟორის პულტთან და "აქედან ნესტანი გამოვიდეს და იქიდან დარეჯანი"-ო...
საერთოდაც, "ვეფხისტყაოსანი" ხშირად შემოიჭრებოდა ხოლმე ჩემს პირად ცხოვრებაში. მე და მხატვარი გოგი ოჩიაური ძალიან ახლო მეგობრები ვართ და პირველად გოგიმ წამიყვანა იქ, საიდანაც არიან წარმოშობით, ხევსურეთში. 20 წლისანი ვიყავით. მე დავალებაც მქონდა ბატონ არნოლდ ჩიქობავასგან, ხევსურული დიალექტის ლექსიკა უნდა შემეკრიბა და გოგიმ წამიყვანა არხოტში. დიდხანს ვიყავით იქ. ჩვენი სახლის პატრონები იყვნენ ქიბიშაურები, კარგად მახსოვს, ოჯახის უფროსის 13 წლის შვილმა ერთ საღამოს მოგვიწყო "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად კითხვა, თავიდან ქაჯეთის ციხის აღებამდე შეუცდომლად ჩაარაკრაკა. გავოცდით, თუმცა იმანაც დაგვაინტერესა, ბოლომდე რატომ არ იცოდა. აღმოჩნდა, რომ "ვეფხისტყაოსნის" ძველი, ხმარებისგან შელახული წიგნი ჰქონია, რომელსაც ბოლო ფურცლები აკლდა. იმ ყმაწვილს წიგნი, რა თქმა უნდა, გავუგზავნეთ და კიდევაც ვუპატრონეთ, მაგრამ ახლა ამაზე ნუღარ გავაგრძელებთ სიტყვას. ისევ "ვეფხისტყაოსანს" დავუბრუნდეთ.
ჩვეულებრივ, როცა უცხოეთში დავდიოდი, დიდი ხნითაც კი არა, მითუმეტეს თუ დიდი ხნით, მიმქონდა ხოლმე "ვეფხისტყაოსანი", პატარა გამოცემა მქონდა, მინიატურული, გალაკტიონის ასევე მომცრო წითელ ყდაში ჩასმული წიგნი, პირველი ტომი, და ვაჟა-ფშაველა მიმქონდა ყოველთვის თან.
სხვათა შორის, დედაც მღეროდა. და, ნამღერი აქვს დიმიტრი არაყიშვილის სპექტაკლში "თქმულება შოთა რუსთაველზე" ნიკო ქუმსიაშვილთან ერთად. ცნობილი ურმული ამ ოპერისთვის არის დაწერილი. 1946 წელს აღადგინეს ახალი რედაქციით და მამა მღეროდა შოთას პარტიას. ეს სპექტაკლი მე მახსოვს. ეს მეორე დადგმა იყო, ომის შემდეგ.



ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა






