მერაბ ღაღანიძე

"ვეფხისტყაოსნის" უმთავრესი გმირები თავიანთ ნამდვილ არსს, პიროვნულ დასრულებულობას, სისავსეს სახლს გარეთ, აუცხოობაში გამოავლენენ.
პოემის ახალგაზრდა გმირთაგან ერთადერთია თინათინი, რომელიც არ ტოვებს თავის სამკვიდროს და, ვითარცა სიბრძნის ხორცშესხმა, საკუთარ სახლში ბატონობს და განაგებს.
ასევე ერთადერთია თინათინი, რომლის სტატუსის შეცვლასაც პოემის დასაწყისიდანვე ვჭვრეტთ, - პოემა მისი აღსაყდრებით იწყება, - დანარჩენი გმირები კი - ავთანდილიც, ტარიელიც, ნესტანიც - სტატუსის შეცვლას მხოლოდ მარტოობის, ტანჯვის, სახლ-კარის მიტოვებისა და ხელახლა მოპოვების შედეგად აღწევენ. ყოველი მათგანი გამოდის თავისი მყარი და მდგრადი მდგომარეობიდან, ჩვეული და მშობლიური გარემოდან და სამყაროსა და საკუთარი თავის პირისპირ რჩება, მარტოობაში აღმოჩნდება.
სამკვიდროდან მოშორებასა და მარტოობას (ერთსაც და მეორესაც რუსთველის ენაზე "ღარიბობა" ეწოდება) ავთანდილი გარდაუვალ აუცილებლობად იღებს. ამიტომაც ეუბნება იგი შერმადინს მტკიცე უარს შემოთავაზებულ თანამგზავრობაზე და "ზესთ მწყობრთა წყობის" საუკეთესო მცოდნე ასე დაჯერებულად აცხადებს: "მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი". უცხოდ გაჭრილი ტარიელი დაუნდობელია და სასტიკი ყველა იმის მიმართ, ვინც მისი მარტომყოფობის შებღალვას ცდილობს. შეჭირვებაში მყოფი ნესტანიც ფხიზლად იცავს და უფრთხილდება თავის მარტოობას, თავს იზღუდავს ყოველი გარეშესაგან –  უსენისაგან, მელიქ-სურხავისაგან, ქაჯებისაგან. იმდენად ძლიერია მისი თვითჩაკეტვის პათოსი, რომ "დედის მჯობ დედასაც" – ფატმანსაც არაფერს გაუმხელს თავის შესახებ.
გმირის ველად გაჭრა, სახლ-კარს მოცილება გავრცელებული მოტივია მითოლოგიასა და ფოლკლორში, აღმოსავლურსა თუ დასავლურ სარაინდო თუ სამიჯნურო ნაწარმოებებში.
თავიანთ სახლსა და სამკვიდროს მიატოვებენ რუსთველის წინამორბედი ჰაგიოგრაფიის თითქმის ყველა გმირი – შუშანიკი და ევსტათი, კოლაელი ყრმები და აბო, გრიგოლ ხანძთელი და ილარიონ ქართველი, ასურელი და ათონელი მამები. ყოველდღიურობის, შეჩვეულობის, ინერტულობის დაძლევა უპირობო მოთხოვნაა სულიერი წინსვლისა და განვითარებისათვის. 
ავთანდილის მიჯნურობა, მეგობრობა, ვაჟკაცობა, პრაქტიკული სიბრძნე – ყველაფერი ეს სრულად სახლს გარეთ გაცხადდება; საკუთარ თავთან ბრძოლაშიც, საკუთარ გულისთქმათა დამარცხებაშიც იგი გარეთ გამოიწრთობა ("მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიმართის დანასა... ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა, გულსა უთხრის, თუ: "დათმეო", ამად არ დია ბნდებოდა"). მისი ყველა ის თვისება, რომელიც მეტნაკლებად გამჟღავნებული იყო არაბეთში, მეფის კარზე, სრულყოფილებასა და დასრულებულობას გარეთ, სახლიდან მოშორებით აღწევს.
მიჯნური ველად უნდა გაიჭრას – ეს აუცილებლობა კარგად იცის ავთანდილმა. ნამდვილი მიჯნურობა გარეთ გასვლით, მარტოობაში უნდა დამტკიცდეს და განმტკიცდეს: "თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად", "გაჭრა ხელია მიჯნურთა", "რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად". ამასთანავე, არაბი სპასპეტის ტყე-ველად ხეტიალი მიზანმიმართული და გასაზრისიანებულია – იგი თავისი სატრფოსა და პატრონის დავალებას ასრულებს: პირველად, მოძებნოს უცხო მოყმე, შემდეგ კი, დაეხმაროს მას გადაკარგული მიჯნურის პოვნაში.
სპასპეტის შესახებ მკითხველმა იცის, რომ მას "თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა", მაგრამ ნამდვილ მიჯნურად იგი მაშინ წარმოჩნდება, როცა უსიტყვოდ შეასრულებს სატრფოს დავალებას, როცა უსაზღვროდ იტანჯება უმისოდ, როცა ფატმანთან წოლისასაც კი "ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მხეცქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა".
მკითხველმა ისიც იცის, რომ როსტევანის აღზრდილი ყოჩაღი ჭაბუკია, რომელიც ტოლს არ უდებს აღმზრდელს და ნადირობისას აჯობებს კიდეც მას, მაგრამ მისი ნამდვილი ვაჟკაცური ბუნება, უშიშრობა გამოვლინდება ქაჯეთის ციხის აღებისას და კიდევ უფრო მეტად –  მეკობრეებთან შეტაკებისას, როცა დამფრთხალ ვაჭრებს იგი მფარველობას აღმოუჩენს ("უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებმენ ხმელთა სპანი... ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი", – გააცხადებს იგი თავისი შეუდრეკელობის საფუძველს).
ავთანდილის დაუძლეველი სიბრძნე აშუქებს არაბეთში – მეფეებთან თუ შერმადინთან საუბრებისას, ანდერძის წერისას თუ ლოცვისას, მაგრამ სპასპეტი სიბრძნის ხორცშესხმისკენაც მიისწრაფის ("არა ვიქ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!") და განა რა არის, თუ არა პრაქტიკული სიბრძნე და გონიერება, ყოველი მისი ნაბიჯი მრავალწლიანი ღარიბობისას – შეხვედრა ასმათთან და დაშინების უშედეგო მცდელობის შემდეგ ქალის ემოციური დამორჩილება და დაყოლიება; შებრძოლება ტარიელის უსაზომო სასოწარკვეთილებასთან, როცა "სევდისა მუფარახი" ძმადნაფიცის კაეშნის დასაძლევად განსხვავებულ ტაქტიკურ სვლებს გამოიყენებს და, საბოლოოდ, გამარჯვებას მოიპოვებს; საუბარი ფატმანთან, როცა "მოსადგურე და მგზავრთა მოყვარე" ქალს გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ერთად დაეხმარონ დაშორიშორებულ მიჯნურებს. ამგვარადვე, წინდახედულების, პრაქტიკული ჭკუის გამოვლინებაა მისი გადაცმები – რეალიზებული და შედეგიანი, როცა ის ვაჭრის სამოსით შევა გულანშაროში და იქ, ვაჭართა შორის ვაჭრად ქცეული, უმნიშვნელოვანეს ამბებს შეიტყობს; და მეორეგზის, ოღონდ არარეალიზებული სურვილი, ქაჯეთის ციხეში ვაჭრად გადაცმული შეპარულიყო და ციხე შიგნიდან გაეტეხა (ეს აზრი, ისევე როგორც ფრიდონის რჩევა, უარყოფილ იქნა, რადგან ამ შემთხვევაში სატრფოს გამოსახსნელად შეჯავშნული ტარიელი დაკნინებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა).
აღსანიშნავია, რომ თავისი მიწიერი ქმედებისას, პრაქტიკული საქმიანობისას ავთანდილი არ კარგავს კავშირს უმაღლეს რეალობასთან და ყოველი გამარჯვების შემთხვევაში კოსმოსურ კანონზომიერებასა და ზეციურ ძალთა თანადგომას გრძნობს.
მკითხველისათვის აშკარაა სპასპეტის თავდაპირველი მოწიწება და ერთგულება როსტევანის მიმართ, შემდგომში კი იგი თითქოს კადნიერებას ამჟღავნებს, ჯერ უჩუმრად გაპარვით, მეორედ კი აშკარა დაუმორჩილებლობით – მეფის სურვილის უგულებელყოფით, რასაც ნაკლებად ანელებს საბოდიშო-გასამართლებელი ანდერძი. იგი მიატოვებს სამეფოსა და მეფეს, მაგრამ ამით იდუმალ აღმზრდელის წადილს ასრულებს, მეფის იმ კაეშნის გაფანტვას ცდილობს, რომელიც არაბთა მბრძანებელს ვეფხისტყაოსან მოყმესთან შეხვედრამ ჩაუსახა. უცხო მოყმის გზად გადაყრა ტახტის მპყრობელისათვის ბედისწერასთან პირისპირ შეხვედრის ტოლფასი იყო, იგი ამაში ზეციური გადაწყვეტილების ანარეკლს ხედავდა და სწორედ ამიტომ იმეორებდა ასეთი დაჟინებით: "ბრძანა: "ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება", "უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხირული", –  ამდენად უცნობის პოვნის, მისი ვინაობის გაგების წყურვილი ოდენ ლიტონი ცნობისმოყვარეობით არ იყო განპირობებული. ქალიშვილის რჩევით, მეფე ბრძანებს, მოძებნონ ის ჭაბუკი, რომლის ნახვამაც მას ეგზომ დაუწყლულა გული, მაგრამ როდესაც სანუგეშოს ვერაფერს გაუგებენ, იგი თავს დაიმშვიდებს: "ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო, ჩემად მტერად წარმოსული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო, გამიშვია შეჭირვება..." მართალია, მან "ესა თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა", მაგრამ მოხუცი მეფის ბოლომდე ვერმიყვანილ სურვილს მისი ქალიშვილი და აღზრდილი ძირისძირ ჩაჰყვებიან. თუ სინამდვილის გაგების წადილი მოხუც როსტევანს მალე ჩაუქრება, ძიების წვდომის პათოსი თინათინში აგრძელებს ფეთქვას და იგი თავის მეტრფეს ავალებს:
"გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
ყრმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
მას უკანათ გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,
შენ გენუკევ მონახვასა, კიდით კიდე მოლახო ცა".
ავთანდილის მოხუც აღმზრდელს მანამდეც მივიწყებული ჰქონდა უცნობი ჭაბუკი, აღზრდილის მიერ მოპოვებულმა ცნობებმა კი სავსებით დაამშვიდა და დააკმაყოფილა იგი, მაგრამ ინიციატივას, საკუთარი და მეგობრის ბედის ჩაწვდომისა და წარმართვის ინიციატივას უკვე პოემის ახალგაზრდა გმირები ისაკუთრებენ.
იყო თუ არა საზრისის მატარებელი ვეფხისტყაოსან რაინდთან შეხვედრა - როსტევანისეული ამ კითხვის პასუხს სახლ-სამკვიდროდან გაჭრილი ავთანდილი ეძებს. ამიტომ, სიღრმისეულად, სპასპეტის არაბეთიდან გადაკარგვა არა იმდენად ურჩობა და კადნიერებაა, რამდენადაც ხელმწიფის სევდის წამლის ძიება, თუნდაც თავად მას ნაკლებად ახსოვდეს "მიზეზი ლხინთა ლევისა".
ამასთანავე, მკითხველს საფუძვლიანად უჩნდება აზრი, რომ, როსტევანის სამეფოს მოშორებული და შორს წასული, ამირსპასალარის ძე როსტევანსაც მოჰშორებია და შორს წასულა. იგი აღმზრდელს ჯაბნის არა მარტო ნადირობაში, არამედ ფიქრისა და საქმის ბოლომდე მიყვანაში, სიბრძნეში, პლატონისა და მოციქულთა მოძღვრების ღრმა ცოდნასა და მათი სიტყვის საქმედ ქცევაში. ამიტომაც აძლევს იგი თავის თავს უფლებას, მეფის უნებურად, საკუთარი პასუხისმგებლობით, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და თვითონ გააკეთოს არჩევანი, თუმცა აქ მისთვის ბიძგისა და დასტურის მიმცემია შვილების თაობის სხვა წარმომადგენელი - მზეს აღმატებული თინათინი, რომელიც მეტ თეორიულ და პრაქტიკულ შორსმჭვრეტელობას ავლენს, ვიდრე მამამისი. იგი ჯერ სამყაროს რაობისა და ბოროტების უარსობის შესახებ ესაუბრება კაეშნით მოცულ მამა-პატრონს, შემდგომ კი მას საქმიან რჩევას შესთავაზებს, შიკრიკები გააგზავნოს ქვეყნის სხვადასხვა კიდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაბთა მეფის ასული საკუთარ სახლშივე აშუქებს ზნეობრივი და გონებრივი სინათლით. 
ესეცაა მიზეზი, რომ მოღარიბე ავთანდილს განუწყვეტლივ სახლისაკენ მიუწევს გული, მას ხომ შინ "ღმრთისა სწორნი" ეგულება, თან იგი, ველად გაჭრილი, უმეტესად ვერც იმის გვერდითაა, ვინც მისთვის გამხდარა "ძმა უმტკიცესი ძმობისა". მას არა მარტო მამულის, - სინათლისა და სითბოს მიზეზის მიტოვებაც მოუხდა:
"თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთარს გაგვამცივნებს,
მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამას რად არ ივნებს?"
ავთანდილი იტანჯება სამკვიდროს გარეთ ყოფნით, მაგრამ სურვილზე მაღლა მოვალეობა დაუყენებია, რადგან მას, თავდადებული სიყვარულის მოციქულს, სატრფოსა და მეგობრის წადილის ასრულება დაუსახავს მიზნად. ტარიელმა, ძმადნაფიცისაგან განსხვავებით, არ იცის სატრფოს ადგილ-სამყოფელი, შინ კი ნამდვილად არ ეგულება და გარეთ მყოფს იმედი უბჟუტავს, ვინძლო სადმე სატრფოს კვალს გადაეყაროს, - ამდენად, ინდოელი მოყმისათვის აუცილებლობით და არა არჩევანითაა განპირობებული სამკვიდროდან გადაკარგვა.
ინდოელი ამირბარიც, არაბი სპასპეტის მსგავსად, ძებნად გასულა გარეთ. მას ნესტანის საპოვნელად მიუტოვებია სახლ-კარი, მაგრამ ნელ-ნელა მისი ღარიბობა კარგავს კონკრეტულ შინარსს და უბრალოდ აღარც შინ დასაბრუნებელი და არც გარეთ ყოფნისათვის შინარსის მიცემის ძალა აღმოაჩნდება. თუ ავთანდილისათვის შეჩვეული გარემოს მიტოვება შინაურული ინერციის დაძლევის წარმატებული მცდელობაა, ტარიელის ტყეში, ნადირთა შორის ყოფნა სწორედ ინერციის დაუძლევლობაზე მეტყველებს.

 

ნოდარ დუმბაძე

მე არ მახსოვს, რამდენი წლისას მიკითხავდა დედა "ვეფხისტყაოსანს", ან ოდესმე ეთქვას ჩემთვის ეს ადგილი ზეპირად ისწავლეო. მე მახსოვს მხოლოდ ის, რომ მაშინ მე კითხვა არ ვიცოდი და ეს უზარმაზარი წიგნი, "ვეფხისტყაოსანი" რომ ერქვა, ჩემთვის მხოლოდ ლამაზი, ფერად-ფერად სურათებით გაწყობილი ყუთი იყო, რომლიდანაც ცისარტყელასავით ჭრელ, ლამაზ სიზმრებისა და ძილის მომგვრელ სიმღერებს
ალაგებდა, მიწყობდა სასთუმალს და, ალბათ, ისევ დედის გამოა, რომ ეს ლამაზი უკვდავი წიგნი დღემდე მიდევს სასთუმალთან, როგორც ავდმყოფს - წამალი, ხეიბარს - ყავარჯენი, მეომარს - იარაღი და მწერალს ქართული სიტყვის თვალმარგალიტით სავსე, აუწონელი საუნჯე და სალარო

დასასრული 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.