გუჩა კვარაცხელია

თუ მხედველობაში არ მივიღებთ პროვანსელ ტრუბადურებს, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანული ევროპის ისტორიაში ქალისა და მამაკაცის სიყვარულის თემა პირველად "ვეფხისტყაოსანში"
წარმოჩნდა.
"სიყვარულის საუკეთესო პოემა, რომელიც კი ოდესმე ევროპაში წარმოშობილა", - თქვა მასზე კ. ბალმონტმა. მან, როგორც მთარგმნელმა, ხელშესახებად იგრძნო რუსთაველის შემოქმედებითი ნოვატორობის ის მხარე, რომელიც ადამიანთა მრავალფეროვანი სულიერი განცდების მთელი ფსიქოლოგიური სიღრმითა და ზედმიწევნილობით წარმოსახვაში გამოიხატებოდა, რაც მსოფლიო ემოციური კულტურის ადრეულ და უმნიშვნელოვანეს შენაძენად უნდა ჩაითვალოს.
ადამიანის პიროვნული თვისებების, აზრებისა და გრძნობების გამოხატვა, ცხოვრებისეული ფაქტების გააზრება, რაც უცხო იყო ეპოსისა და სასულიერო ლიტერატურისათვის, რუსთაველს წარმოგვიდგენს იმ ჰუმანისტ მოაზროვნეთა წინამორბედად, რომლებიც მხოლოდ XV_XVI სს-დან გამოჩნდნენ ევროპაში (მაგალითად, იტალიელი მარსილიო ფიჩინო, ჰოლანდიელი ერაზმ როტერდამელი, ფრანგი მიშელ მონტენი) და რომელთაც, რუსთაველის მსგავსად, ადამიანი დააყენეს სამყაროს ცენტრში.
"ღრმად კაცად-კაცის მცოდნე რუსთაველიო", - ამბობდა ილია, რითიც გახაზავდა გენიალური პოეტის გენიალურ თვისებას. მართლაც, რუსთაველმა იცოდა ბევრი, მას ბევრი გაეგებოდა. არა, რუსთაველმა იცოდა ძალიან ბევრი, მას ძალიან ბევრი გაეგებოდა, უფრო სწორად კი - რუსთაველს გაეგებოდა ყველაფერი. მან ყველაფერი იცოდა ადამიანებზე. ჩვენ შესახებაც უფრო მეტი იცოდა, ვიდრე ჩვენ თავად ვიცით.
იქნებ ამიტომაც აღვიქვამთ ნესტანს ჩვენს თანამედროვედ? თითქოს პარადოქსი უნდა იყოს ჩვენი სიახლოვე ქაჯეთის ციხეში გამომწყვდეულ პერსონაჟთან, რომლისგანაც რვაასი წელი გვაშორებს. მაგრამ თუ ის ციხე ობიექტივირებული და დეტერმინირებული სამყაროა, მიჯნურთა მიმართ მარადიულად მტრული, ერთფეროვანი ყოველდღიურობითა და პირქუში კანონებით მაცხოვრებელი? ხოლო ნესტანი ის ქალია, რომელიც სხვა არავითარ კანონს არ ემორჩილება, სიყვარულის კანონის გარდა, სხვა არავითარ სიკეთეს არ ცნობს, სიყვარულის გარდა? თუ მისთვის სიყვარულზე უკეთესი მხოლოდ სიყვარულია და სხვა არაფერი, მაშინ ასეთი ნესტანი ჩემი, ჩვენი ნესტანია, რომელიც ტყვექმნილიც კი ჯიუტად ამბობს: "ვზი მზრდელად სიყვარულისაო", ამით თითქოს გარღვევა გადალახვა სურს ქაჯეთის ციხესიმაგრის, სადაც არაფერია წმინდა, უანგარო და სიყვარულიც უცხო შუქივით მოსულა აქ უცხო სამყაროდან. იქნებ ამიტომაც დეტერმინირებული "სამყაროს კლიმატი სიყვარულისათვის ხელშემწყობი არ არის" (ნ.ა. ბერდიაევი). სიყვარული თავისუფლებაა. თავისუფლებასა და დეტერმინაციას შორის კონფლიქტი გარდაუვალია. იერარქიულად ორგანიზებული და ავტორიტარული სოციუმი ყოველთვის ტანჯავდა და ასახიჩრებდა ადამიანის პიროვნებას. ეს სოციუმი სახელმწიფოც შეიძლება ყოფილიყო, ოჯახიცა და ადამიანთა რაღაც წრეც. ნესტანის სიყვარულს პირველი მამა აღუდგა წინ, როცა ხვარაზმშაზე მისი გათხოვება ისე გადაწყვიტა, რომ ქალიშვილისთვის არც უკითხავს. ტარიელის უსიტყვო დასტურიც მიიღო საჯაროდ.
სწორედ ამიტომ უფროა შეურაცხყოფილი და განრისხებული ნესტანი, რომ მისმა სატრფომ წინააღმდეგობა არ გაუწია მეფის გადაწყვეტილებას. ნესტანი ძუ ვეფხვივით დააცხრა "ფიცის გამტეხსა" და "მოღალატეს" ნამდვილ ერინიად, ფურიად (მიწისქვეშა დემონად) იქცა, ფიცისგამტეხებს რომ განუწყვეტლივ და უწყალოდ სდევნის. მის მამხილებელსა და მრისხანე სიტყვებში ყველაფერი გამოჩნდა: ქალური სიამაყე, მეფური გულზვიადობა, უარყოფილის შურისმაძიებლობაცა და უფლებისმოყვარეობა - ყველაფერი, ტარიელის სიყვარულის გარდა. სინამდვილეში კი სწორედ ამ სიყვარულს იცავდა ნესტანი, ტარიელმა ეს მაშინვე იგრძნო და იმედი მიეცა, ნესტანი მას არ დათმობდა.
რადგან სიყვარული ბრძოლაა და ამასთანავე არჩევანიც არის, ნესტანი საკუთარი არჩევანის თავისუფლებისთვის იბრძვის. მისი სიყვარული მიმართულია განუმეორებელ ინდივიდუალურ არსებაზე. შეუძლებელია ამ სიყვარულში ჩანაცვლება, თუნდაც ამას ინდოეთის სახელმწიფოს ინტერესი შეეწიროს. ნესტანის სიყვარულმა განსაზღვრა და ამოიცნო პიროვნება, რომელიც მან უცვლელი და მარადიული გახადა. ასეთი ნესტანი არჩევანშიც და სიყვარულშიც მამაკაცის თანასწორია. გავიხსენოთ, რომ სქესთა თანასწორობის, სიყვარულზე ორივე მხარის თანაბარი უფლების შესახებ ლაპარაკი ევროპაში მხოლოდ XVII_XVIII საუკუნეებში დაიწყო, თუმცა არცთუ ყველა დადგა მაშინ პროგრესულ აზრზე: ქალს სიყვარულში პასიურ როლს ანიჭებდა მონტესკიე, ასევე ლამეტრიც. რუსომაც კი ვერ შეძლო ყველაფერში გაეთანაბრებინა ქალი და მამაკაცი, თუმცა სიყვარულში ისინი თანასწორად ცნო.
ღრმა, ძლიერი და თავგანწირულია ნესტანის სიყვარული:
"შენმა მზემან, უშენოსა ვერვის მიჰხვდეს მთვარე შენი", - სწერს იგი ტარიელს, რომელიც თავზე მეტად უყვარს. თვითონ განსაცდელში ჩავარდნილი, მხოლოდ ტარიელის სიცოცხლეზე ფიქრობს: "შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა", "შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად". ნესტანი არ მალავს ტარიელთან თავისი გრძნობის სიმძაფრეს, ამავე დროს მას სიამოვნებასა და სიამაყეს ანიჭებს სატრფოს უპირატესობის აღიარება, უფრო ზუსტად, იმის თქმა ტარიელისთვის, რომ იგი მას სჯობია: "შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა, აგინებენ არ
იდენო". ემოციითა და გონიერებით შეუდარებელია ნესტანის წერილი ქაჯეთის ციხიდან. შეყვარებული ქალის სულის მოძრაობის იმდენი დახვეწილი ნიუანსია მასში, რომ ძნელად თუ მოიძებნება სიყვარულის აღსარების ასეთი ჩანაწერი მსოფლიო ლიტერატურაში. გრძნობისა და ინტელექტის ძლიერებით მას მხოლოდ პიერ აბელარისადმი ელოიზის საქვეყნოდ ცნობილი წერილები (1132-1135წწ) თუ შეედრება.
გამიჯნურებული ყმაწვილი ქალი, თითქმის ნესტანის ასაკისა, იმავე მე-12 საუკუნეში ისევე სულისშემძვრელად სწერს თავის უსაყვარლეს აბელარს, ვისთვისაც მონაზვნად აღიკვეცა: მე ყოველთვის უსაზღვრო სიყვარულით მიყვარდი. შენ ერთადერთი იყავი ჩემი მწუხარებისა და სიყვარულის წყაროო. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს წერილები რეალური ქალის დაწერილია და ისინი ეპისტოლეთა ჟანრს განეკუთვნება. ნესტანის წერილებს კი პოეტი წერს, უფრო სწორად, თხზავს, მაგარამ ისეთი დამაჯერებლობითა და ფსიქოლოგიური სიზუსტით, რომ რამდენჯერაც კითხულობ, ყოველ ჯერზე ხელახლა გიკვირს და ფიქრობ, ღმერთო, ქალის დაწერილი ხომ არ არის ეს ყველაფერი?
მუდმივი კავშირია ნესტანის ზღვრამდე მისულ სიყვარულსა და სიკვდილს შორის. პრუდონს უთქვამს, რომ სიყვარული სიკვდილიაო. მარტო მდიდარი ესპანური ლიტერატურის ისტორია კმარა ამის მოწმედ და დასტურად: იქ ყველგან, სადაც სიყვარულია, სიკვდილიც არის და რაც უფრო მძაფრი და ექსტეტიურია ეს გრძნობა, მით უფრო დიდია სიკვდილის რისკი და ალბათობა (ასევეა ალ. ყაზბეგთანაც). "სიყვარულის ექსტაზის მწვერვალზე ხდება სიკვდილის ექსტაზთან შეხება", - წერს ბერდიაევი. იგი ადამიანის არსებობის პარადოქსად მიიჩნევს იმ ვითარებას, რომ სიყვარული, რომელიც ბრძოლაა უკვდავებისთვის, ამავე დროს სასიკვდილო ნესტრის მატარებელიცაა. ტრისტანისა და იზოლდას, რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულს დაღუპვა მოსდევს. ძველმა ბერძნებმა იცოდნენ, რომ ეროსის მშვილდიდან ნასროლ ოქროს ისარს დიდ სიხარულთან ერთად დიდი ტკივილი და ზოგჯერ სიკვდილიც ახლავს.
"ვეფხისტყაოსანში" ტრფობის გამო თითქოს არავინ კვდება. მოკლულმა ხვარაზმშამ შეყვარება ვერც მოასწრო და, საერთოდ, საქმის ვითარებაში გაურკვევლად დაიღუპა. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის შეყვარებულმა ნესტანმა არასასურველი ქორწინების თავიდან ასაცილებლად სატრფოს მოაკვლევინა.
ნამდვილად სიკვდილის პირსაა მისული მოქმედების უნარწართმეული, ხანგრძლივ პროსტრაციაში მყოფი (სხვას ვერაფერს დაარქმევ მის მდგომარეობას) ტარიელი. მიჯნურის უიმედოდ დაკარგვის გამო დარდისაგან სულიერად დაძაბუნებული, "იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა". ნესტანიც მზადაა სიკვდილისათვის: "არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა, ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა". "უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა", - ამბობს იგი. და თუ მაინც ბედნიერად სრულდება შეყვარებულთა ამბები (ნესტანისა და ტარიელის, თინათინისა და ავთანდილის), ამაში პოემის ავტორის ოპტიმისტური ჰუმანიზმი ("სუყველაფერი კარგად იქნება") უფრო უნდა დავინახოთ, ვიდრე მიჯნურთადმი სამყაროს კეთილგანწყობა.
"ნესტანი მშვენიერია, ნესტანი სიკეთით სავსეა, მაგრამ ნესტანი საშიშია. ტარიელი პოემის ყველა ეპიზოდში ცოტათი უფრთხის ნესტანს... ნესტანი დემონურ საწყისთანაც არის წილნაყარი", - ამბობს დ. წერედიანი.
იქნებ იმიტომ არის ნესტანი საშიში, რომ მას საშინლად უყვარს? (სხვათა შორის, სიტყვა "საშინელი" "ვეფხისტყაოსანში", მეტად დიდს ნიშნავს). ტარიელიც ამის გამო ხომ არ უფრთხის ცოტათი მას? დიდი გრძნობისა ხომ არ ეშინია, რომელიც დიდ ბედნიერებასთან ერთად შიშის ზარის დამცემიც არის? მით უფრო, თუ ამ შიშს ორი წყარო შეიძლება ჰქონდეს: სოციალური-საზოგადოებრივი დესპოტიზმით გამოწვეული და მეტაფიზიკური, რომელსაც პიროვნების იდუმალება, მამაკაცისა და ქალის ბუნებას შორის არსებული ღრმა განსხვავება უკავშირდება. ქალის ძლიერი სიყვარული ხშირად დესპოტურია. შიშის მეტაფიზიკური წყარო ამ სამყაროში დაუძლეველია.
ნესტანის "წილნაყარობაც დემონურ საწყისთან", ვფიქრობთ, ასევე, ტარიელისადმი მისი დიდი გრძნობით უნდა აიხსნას. ეროსი-სიყვარული ხომ დემონიც არის, რომელსაც ადამიანის მოჯადოება
შეუძლია და ამ გზით მისი პიროვნული სრულყოფისაკენ აღმასვლაც. აპულეუსის (II ს.) ერთი მოთხრობის ფილოსოფიური აზრი სწორედ ის არის, რომ ეროსი დიადი სულია (დემონია),
რომელიც ადამიანებში სიკეთეს ზრდის და ამით უძღვება მათ ნეტარებისაკენ, სხვას არაფერს ნიშნავს გოეთეს სიტყვებიც "მარადიული ქალურობის" (Ewig-Weibliche) შესახებ, რომელიც "მაღლა გვეწევა", აგრეთვე - ბეატრიჩეს სიმაღლეებისაკენ მიპყრობილი მზერა...
როგორც ჩანს, დემონურია სიყვარულის ქალური სტიქია, რომელსაც მამაკაცი მშვენიერების, სიკეთისა და ჭეშმარიტების მარადიული იდეებისკენ მიჰყავს.
ამ მნიშვნელობით დემონურია შეყვარებული ნესტანიც.

 

ალექსანდრე ბარამიძე

XII საუკუნეში რუსთაველმა
მკაფიოდ და ნათლად წარმოაჩინა
ის ჰუმანისტური იდეური
მიდრეკილებანი, რაც ევროპული
აღორძინების ნიშან-თვისებად
ითვლება ხოლმე ჩვეულებრივ.
რუსთაველი ადრეული რენესანსის
მებაირახტრეა დასავლური
აზროვნების ისტორიაში

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.