ზოოლოგის თვალით გააზრებული "ვეფხისტყაოსანი", უწინარესად, თვით პოემის სათაურიდან გამომდინარეა საინტერესო. "ვეფხი" (ვეფხვი) თუ "ჯიქი"? რას გულისხმობდა შოთა რუსთაველი მსოფლიო მასშტაბის გენიალური ნაწარმოების შექმნისას, მისი სათაურის დარქმევისას? ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი პოლემიკა მიმდინარეობდა გასული საუკუნის რუსთველოლოგიაში. ყველაზე მკაფიოდ ეს დავა აისახა უცხო ენებზე ნათარგმნ პოემის დასათაურებებში. რიგ შემთხვევაში იგი ნათარგმნია როგორც "ვეფხვის" - ზოლებიანი მტაცებლის შესატყვისი, სხვა შემთხვევაში, როგორც "ჯიქი", ("ლეოპარდი") - ხალებიანი მტაცებელი.
პოემის სათაურში "ვეფხის" სახით რუსთაველს ნაგულისხმევი ჰყავს "პანთერა", რომლის თანამედროვე ქართული შესატყვისია "ჯიქი", ანუ საერთაშორისო ტერმინოლოგიით - "ლეოპარდი". ახლა, რაც შეეხება, "ვეფხისტყაოსნის" ტექსტში "ვეფხის" ერთგვარ ფენომენად ქცევას, მასზე აქცენტირებას, რუსთველოლოგები სამართლიანად მიუთითებენ, რომ პოემაში ესოდენ განუმეორებელ, უბადლო პოეტს მთავარი გმირი მანდილოსნის - ნესტანის სახე-სიმბოლოდ "ვეფხი" ("ლეოპარდი") ჰყავს გამოყენებული.
დიახ, ასეა ეს სათაურის მეტაფორული ხორცშესხმით დაწყებული, ვიდრე 
ვიდრე პოემის არაერთი ამაღლებული პასაჟით დამთავრებული.
"ვეფხვთან" (ზოლებიანი მხეცი) შედარებით ჯიქის, ამ ულამაზესი, შეუპოვარი, ცეცხლივით დაუდგრომელი მტაცებლის მსგავს ალეგორიად გამოყენება სრულიად გასაგებია. ბუნების მშვენიერი და მოხდენილი, ჯიუტი და ამპარტავანი შვილის მსგავსი ხატება იმდენად შთამბეჭდავი და მომნუსხველია, რომ ნესტანის მოუგერიებელი ხიბლით ტყვედქმნილი ტარიელი სწორედ ვეფხის, მტაცებლის ხალებიანი ტყავის სამოსითაა ველად გაჭრილი.
"რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს."
შოთა რუსთველს "ვეფხისტყაოსანში" 35 გარეული ცხოველი ჰყავს დასახელებული, მათ შორის 13 სახეობის ძუძუმწოვარი, 17 სახეობის ფრინველი, 3 სხვადასხვა ქვეწარმავალი, ერთი სახეობის მწერი და ერთიც - ზღვის ცხოველი - მარჯანი. შინაური ცხოველებიდან პოემაში მოყვანილია 12-14 დასახელების ცხოველი: ძაღლი, კატა, ცხენი, ჯორი, ვირი, ცხვარი, თხა, ზროხა (ხარი და ძროხა), საპალნე ხარი - აზავერი, ანდა, შესაძლებელია, საპალნედ მოშინაურებული იაკი (აზავერი), ღორი, აქლემი, სპილო (საბრძოლველი).  
არნოლდ გეგეჭკორი

ავაზა გავრცელებულია აფრიკაში. თითქმის საუკუნის წინათ ფართოდ იყო წარმოდგენილი წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში, დასავლეთ ინდოსტანში, მაგრამ ამჟამად აზიის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ამოწყვეტილია.
ავაზა აგებულების იშვიათი თავისებურებებით გამოირჩევა: სხეულის სიგრძეა 130 სმ, კუდისა – 75 სმ. აქვს მაღალი, კოხტა, ძლიერი ფეხები, პატარა თავი, ვიწრო, მაგრამ ძლიერი მკერდი, შეწეული მუცელი.
ნადირობს მეტწილად პატარა და საშუალო ზომის ანტილოპებზე, კურდღელზე, ფრინველებზე. აფრიკის სინამდვილეში მისი მთავარი სანადირო ჩლიქოსნებია – გრანტისა და ტომსონის გაზელები. ბუნებრივი გადარჩევით (ტრამალებში გაზელების დევნა), ავაზა ყველაზე მალემსრბოლელ მტაცებლად ჩამოყალიბდა, მოკლე მანძილზე (500 მ.) წარმოუდგენელ, 110 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს. ხმელეთის ცხოველებისთვის ეს რეკორდული სისწრაფეა. 
შუმერები ამ მტაცებელს სანადიროდ ჯერ კიდევ 3000 წლის წინათ იყენებდნენ. ბუნების მიერ შექმნილი "მწევარი" ნადირობისას მხარს უმშვენებდა ეგვიპტელებს, მოგვიანებით ინდოელ მაჰარაჯებს, ირანელ შაჰებს, ამიერკავკასიელ (ქართველ) არისტოკრატიას, თურქ სულთანებს, არაბ შეიხებს, მონღოლ მბრძანებლებს, ეთიოპიელ იმპერატორებს, XI საუკუნიდან – ფრანგ მეფეებს... განსაკუთრებით პოპულარული იყო ავაზებით ნადირობა ინდოეთში. არისტოკრატთა ეს სულისკვეთება სათანადოდ არის ასახული "ვეფხისტყაოსანში". როდესაც ხატაეთიდან დაბრუნებული ტარიელი მეფის ბრძანებით სანადიროდ გაემგზავრება, დარბაზს მისულს თვალწინ შემდეგი სურათი გადაეშლება:
"შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,
შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა".

სხვაგან, პირქუშად მჯდომი ნესტან-დარეჯანის უკარება სიმშვენიერის, პორტრეტის აღსაწერად პოეტი წერს:
"ვეფხი-ავაზა პირქუშად ზის, წყრომა ვერ უგრძენითა".

საქართველოში არწივის 7 სახეობა ბინადრობს. პოემის ცხოველთა მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მასში ასახულია არწივის ყველაზე დიდი, ძლიერი და ცნობილი სახეობა – მთის არწივი.
მთის არწივი გვხვდება ევროპაში, აზიის უმეტეს ნაწილში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, საქართველოში კი კავკასიონსა და მცირე კავკასიონზე.
სხეულის ზომაა 75-88 სმ, ფრთების შლილი – 204-220 სმ, წონა 3-6 კგ. თხემი და კისრის უკანა ნაწილი ოქროსფერია, სხეულის საერთო შეფერილობა მუქიმურაა. დედალი მამალზე რამდენადმე დიდია და მძიმე. გამოსცემს თავისებურ ბგერებს – ყაშყაშებს. ვეებერთელა ბუდეს იკეთებს ხეზე ან კლდის ამონაშვერზე. დებს 1-3 კვერცხს. წყვილები მთელი სიცოცხლის განმავლობაში განუყოფელია (მონოგამია). კრუხობს ორივე მშობელი (მეტწილად დედალი). მამლის მიერ მოტანილ საკვებს მართვეებს დედალი აჭმევს. თუ რაიმე მიზეზით დედალი დაიღუპა, მართვეც კვდება. არწივთა დაუწერელი კანონით, საკვები რომ თავზე საყრელად ჰქონდეთ, მამალი მართვეს ვერ გაზრდის. საკვების უკმარისობისას სხვა, არანაკლებ ტრაგიკულ შემთხვევას აქვს ადგილი – უფროძლიერი მართვე მშობლების დახმარებით კლავს და ჭამს უფრო სუსტს.
"ვეფხისტყაოსანში" არწივი, როგორც ფრინველებს შორის უძლიერესი, ორჯერ არის მოხსენებული. ავთანდილი კლდეზე გადასავარდნად გაქცეულ ასმათს შეიპყრობს, ქალი თავის გასათავისუფლებლად იბრძვის. ამ სიტუაციაში ავთანდილი ყოვლისშემძლე არწივია, ასმათი – კაკაბი:
"ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა";
პოემაში უტარიელოდ და უნესტანოდ დარჩენილი სამეფო უარწივოდ დარჩენილ ფრინველებთან არის შედარებული:
"დაიკარგენით, წახვედით თქვენ, წელნი მეათენია,
გახდეს ფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია".

ბატის გვარში მრავალი სახეობაა გაერთიანებული. საერთო არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას. ტიპიური ადგილსამყოფელია მდინარისპირა ჭალები და ტბათა ხშირი ლერწმებით დაფარულ ნაპირები, დიდი მდორე მდინარეები, დელტები, ჭაობები, კულტივირებული ველები.
შინაური ბატის ზომისაა (75-90 სმ) და გარეგნულად მისი მსგავსი ფრინველია. გვხვდება წყვილებად და გუნდებად. დებს 4-10 კვერცხს. კრუხობს დედალი, მამალი მათ ყარაულობს. იკვებება მცენარეებით: ნიადაგზე, წყალში, ჭაობში, ასევე პურეული კულტურების თესლებით; ცხოველებიდან ჭამს ამფიბიებს.
რუსთაველს პოემაში მარგალიტი სიდიდით და ფერით ბატის კვერცხთან აქვს შედარებული. ფრიდონის სასახლეში ტარიელი ასეთ ძვირფას ქვებს უძღვნის ნესტან-დარეჯანს:
"მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა:
ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა".

გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. საქართველოში ჩვეულებრივი მობინადრე ფრინველია. ვხვდებით წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ტყე-სტეპებში.
საშუალო სიდიდის ბუა: სიგრძე – 40-45 სმ, ფრთების შლილი – 90-105 სმ, წონა 450-685 გრ. საქართველოში მოიპოვება 2 ძირითადი ტიპის – ქარცი და მურა-ყავისფერი შეფერილობის (ტყის) ბუ. ბუდეს იკეთებს ფუღუროში ან ხეზე, იშვიათად, სხვა ფრინველთა ძველ ბუდეში. გაზაფხულზე დებს 2-6 კვერცხს. კრუხობს დედალი, მამალი საკვებით ამარაგებს. იკვებებიან, პირველ რიგში, მღრღნელებით, იშვიათად, მცირე ზომის მგალობელი ფრინველებით.
რუსთველს ბუ ერთხელ ჰყავს მოყვანილი, როდესაც ავთანდილს უქებს სიმღერას:
"მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა". 

ფართოდაა გავრცელებული ევროპის, აზიის, აფრიკის (მათ შორის ტროპიკული ნაწილი) ქვეყნებში. საქართველოს ფარგლებში ვხვდებით ყველგან, როგორც მობუდარ ფრინველს. ბინადრობს ჭალებში, ტყეებში, ბუჩქნარებში, პარკებში, ზოგჯერ ეზოებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ან ბუჩქებზე, დებს 4-6 კვერცხს. იკვებება მწერებით, ობობებით, ჭიაყელებით, ჭამს მცენარის ნაყოფს, კენკრას.
დასავლეთ საქართველოში იადონს ზოგჯერ ბულბულს უწოდებენ. ამ ტერმინებს აიგივებს "ვეფხისტყაოსნის" ზოგიერთი მკვლევარი (იადონი ანუ ბულბული). ეს აზრი რომ მისაღებია, ჩანს პოემის ტექსტიდან, როცა ტარიელი გაკვირვებული ეკითხება ავთანდილს:
"მან მიუგო, უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი?
გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი";
ჩვეულებრივ, მეტყველებაში დამკვიდრდა "მგოსანი ბულბული", ვნახოთ "ვეფხისტყაოსანში":
"ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი."

იგივე – ბარი. გავრცელებულია ევროპაში, თურქეთში, ერაყში, შუა აზიასა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში გავაზის პოპულაცია ძალიან შემცირდა. ბუდობს სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში.
შავარდნების გვარში ყველაზე პატარაა, სხეულის ზომაა 45-55 სმ, შლილი ფრთების – 102-106 სმ, წონა – 730-1300 გრ. გარეგნულად მიმინოს ჰგავს. ფრინველი ზურგის მხარეს შემოსილია ჟანგისფრად, ღია თავი კონტრასტს ქმნის სხეულთან. დაფრინავს დაბალ სიმაღლეზე, მსხვერპლს თავს ესხმის მიწაზე. იკვებება მცირე ზომის ცხოველებით. ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალებში, ხეებზედაც – სხვის ბუდეებში. დედალი დებს 3-5 კვერცხს.
"ვეფხისტყაოსნის" ავტორი იცნობს რა გავაზის ფრენის სისწრაფეს, მანერას, ბუნების ამ შვილს შედარებისთვის იყენებს თავისი გმირის – ავთანდილის მორიგ დრამატულ სიტუაციაში დასახასიათებლად:
"ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,
ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა".

იგივე – შავმუცელა გვრიტჩიტა. გვხვდება პირენეის ნახევარკუნძულზე, აზიის მრავალ ადგილას, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთი ადგილისათვის ცნობილია, როგორც იშვიათი შემომფრენი ფრინველი. მტრედისოდენაა – სხეულის სიგრძეა 33-36 სმ, ფრთების შლილი – 70-71 სმ. სხეულის საერთო შეფერილობა ქვიშისფერ-თიხისფერია, ზურგზე წვრილი შავი წინწკლებით. მუცელზე აქვს შავი ლაქა. დედალი მამალთან შედარებით ერთფეროვანია. აპრილში დებს 2-3 კვერცხს მიწაზე. კრუხობს ორივე მშობელი, ძველად ამ ფრინველს "ყატა", ანუ "კატა" რქმევია.
რუსთაველი ტარიელს ალაპარაკებს:
"ვბურთაობდი, ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა."
გულისხმობს სწორედ გვრიტჩიტას და არა ძუძუმწოვარ კატას.

იგივე – გლონი. გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ აზიაში. ბინადრობს საქართველოში. სახლობს მინდვრებში, მდელოებზე, ველებზე, მთების მშრალ კალთებზე, სუბალპურ მდელოებზე, ზოგჯერ მინდორსაცავი ტყის ზოლებში. სიგრძე აღწევს 35 სმ-ს, წონა – 600 გრ-მდე. შეფერილობა მონაცრისფროა წვრილზოლიანი ნახატით. მამლებს, იშვიათად დედლებსაც, თეთრ მუცელზე ნალისებრი (მუქი მურა) ხალი აქვთ. იკვებება ბალახოვანი მცენარეების ნაწილებით, მწერებით. გვხვდება წყვილების ან გუნდების (შემოდგომით) სახით. ბუდობს მიწაზე, აკეთებს პატარა ორმოს. მასში დებს 15-24 კვერცხს. კრუხობს დედალი, ამ დროს მამალი ახლო-მახლო დადის. პოემაში გნოლი მოხსენებულია, როგორც ქორის მსხვერპლი"
"შიგან ასრე გავერივნე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი".

ბინადრობს კვიპროსზე, მცირე აზიაში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, თურქმენეთში, სირიაში, ირანში, ინდოეთში. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე რაოდენობით გვხვდება (მათმა რიცხოვნობამ კატასტროფულად იკლო), ცხოვრობს ველზე, მინდვრებში, ყანებში, ბუჩქნარებსა და მაყვლის ბარდებში.
სხეულის სიგრძე აღწევს 35 სმ-მდე, წონა 406-500 გრ. სხვა ქათმისნაირებისაგან განსხვავდება შეფერილობით. ბუმბული ჭრელია, მუქი ლაქებით. მამალს სხეულის ქვედა მხარე შავი აქვს, თეთრი ხალებითა და თეთრივე ლოყებით. კისერზე ჟანგისფერი ლაქა გააჩნია. მიწაზე მშვენივრად დადის. საფრთხის მიახლოებისთანავე ჯერ გარბის, შემდეგ ხმაურით ვერტიკალურად იჭრება ცაში, გაიფრენს რამდენიმე მეტრს, შემდეგ ხმაურით პლანირებით ეშვება მიწაზე და კვლავ გარბის. მონოგამური ფრინველია – ქმნის ხანგრძლივ წყვილებს. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყალთან ახლოს, დებს 6-10 კვერცხს, კრუხობს დედალი. იკვებება მცენარის ნაწილებით, მწერებით, ჭიაყელებით. უნაზესი და უგემრიელესი ხორცის გამო, "ვეფხისტყაოსანზე" დაწერილი შრომების ზოგიერთ ავტორს მიაჩნია, რომ პოეტის გმირები ნადირობენ სწორედ დურაჯზე (ნახსენებია ოთხჯერ) და არა ხოხობზე. მეფე ტარიელს, სანამ იგი ნესტანს პირველად შეხვდებოდა, სანადიროდ წასვლას უბრძანებს:
"მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა"
სხვაგან:
"შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა."

არც ისე შორეულ წარსულში ვეფხვი გავრცელებული იყო აზიაში, აღმოსავლეთ კასპიის ზღვის ორივე – ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროებთან. საცხოვრებლად ირჩევს მთისა და დაბლობების ნოტიო ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებს, ბარდნარითა და ჩალამ-კალამით დაფარულ გაუვალ რაყებს და სხვა, ადამიანისთვის ძნელად ხელმისაწვდომ ადგილებს.
სხეულის სიგრძე 180-280 სმ-ია, კუდისა – 105 სმ-მდე, წონა – 227-272 კგ. მიუხედავად უზარმაზარი და ესოდენ ძლიერი სხეულისა, ბუნებაში მისი მოძრაობა იშვიათი სიმსუბუქითა და მოქნილობით გამოირჩევა. საზარელი ეშვებითა და ვეებერთელა ბრჭყალებით შეიარაღებული ვეფხვი სწორუპოვარი მტაცებელია. კოლოსალური ძალის მტაცებელს შეუძლია ათობით მეტრზე, კილომეტრებზეც კი ათრიოს ზურგზე მოკიდებული გარეული კამეჩი, შინაური ცხენი, ირემი. ნადირობს მიპარვითა და ჩასაფრებით, შეუძლია ხუთ-ექვს მეტრიანი ნახტომის. ადვილად გადაცურავს არა მხოლოდ დიდ მდინარეებს, არამედ ზღვის ყურეებს.
რუსთაველი პროლოგში თავის შთაგონების წყაროზე – ნესტან-დარეჯანზე ამბობს:
"იგია ჩემი სიცოცხლე‚ უწყალო ვითა ჯიქია"
ანუ, თანამედროვე გაგებით – ვეფხვი.

საქართველოს ფაუნის რამდენიმე წარმომადგენილი: ჯიხვი (2 სახეობა), ნიამორი და არჩვი თხებს მიეკუთვნებიან. "ვეფხისტყაოსანში" მოხსენიებული თხა ("მინდორს თხა მოკლეს, სადაცა ადგილი დაჰხვდის კლდიანი"), სპეციალისტთა სამართლიანი დასკვნით, ნიამორი უნდა იყოს. აქ გათვალისწინებულია ნიამორის ადგილსამყოფელი – "კლდიანი" და "მინდორთან" ასეთი "კლდიანი" ადგილის სიახლოვე. ნიამორს ვხვდებით საბერძნეთის არქიპელაგზე, კავკასიაში, მცირე აზიაში, წინა აზიაში, შუა აზიის მთებში. საქართველოში ბინადრობს: თუშეთში, პირიქითა ხევსურეთში და შესაძლებელია აჭარაშიც (ხიხანის მთები). ვაცის სიგრძე 100-150 სმ-ია, მდედრისა – 20-30 სმ. თავზე გააჩნია გრძელი წვერი, კუდი მოკლე და ბრტყელია, რქები აქვთ ორივე სქესის ინდივიდებს: ვაცისა აღწევს 100-110 სმ., მდედრის – 20-30 სმ. რქა ბრტყელია, ზემოთ აღმართული და უკან გადაღუნული. რქას წინა მხარეზე გააჩნია რკალური ბორცვები. გვიან შემოდგომაზე წყვილდებიან, შობს ერთ (იშვიათად 2,3) ციკანს. ნიამორი იკვებება ბალახოვანი მცენარეებით, ბუჩქების ფოთლებითა და ყლორტებით. აუცილებელია ბუნებრივი მარილი. მტრობს მგელი, დათვი, ფოცხვერი; ციკანს – მთის არწივი.
პოემაში "თხა" რვაჯერ არის ნახსენები, აქედან, ორჯერ – ნადირობისას:
"თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა";
პოეტური შედარებისათვის ავთანდილზე რუსთაველს ასე აქვს ნათქვამი:
"მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა".

გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში შემორჩა რამდენიმე ნაკრძალში. ხარირმის სხეულის სიგრძე 240 სმ-მდე აღწევს, წონა 300 კგ-მდე, ფური უფრო პატარაა. ხარირმისათვის დამახასიათებელია გრძელი, დატოტვილი (12-16 ტოტი) და მასიური (იწონის 15-18 კგ-ს) რქები. რქებს ყოველწლიურად იცვლის (ყრის ადრე გაზაფხულზე). მის ნაცვლად ივნის-ივლისისათვის ფორმირდება ახალი რქები. ფურები ურქოა. გავაზე, კუდის ირგვლივ გააჩნიათ "სარკე" მოყვითალოდ (თეთრნარევი) შეფერილი ბეწვების გროვა. "სარკეს~ ზამთარში ცხოველთა გადაადგილებისას სასიგნალო დანიშნულება აქვს. აქტიურია საღამოდან დილამდე, ზამთარში – დღისითაც. ჯოგი აერთიანებს 3-8 ინდივიდს, ზამთარში დიდ ჯოგებად ერთიანდებიან. ხურაობა (შეწყვილება) აგვისტოს ბოლოდან თებერვლამდე გრძელდება, ძირითადად სექტემბერ-ოქტომბერში. ამ დროს ხარები ფურისთვის ერთმანეთს ერკინებიან. ხარი ხარს საბრძოლველად ბღავილით უხმობს (ირმის ყვირილობა, ანუ მყვირალობა). ნუკრი ძირითადად აპრილ-მაისში ჩნდება. მდედრი შობს ერთ ნაშიერს. იკვებება მცენარეულობით, ზამთარში – ხის ქერქითაც. აქვს მარილის დიდი მოთხოვნილება, ლოკავს დამლაშებულ ნიადაგს.
ირემი "ვეფხისტყაოსანში" შვიდჯერ არის ნახსენები. ძირითადად, ადამიანის წყურვილი შედარებულია ირმის წყურვილთან. ფრიდონი ეუბნება ტარიელს:
"თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა".
ავთანდილი ქვაბში მეორედ მისვლისას ასმათს ეუბნება:
"გამოვჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად". 

გვხვდება ევრაზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შინაური იხვის მსგავსი, მსხვილი იხვია (50-65 სმ). გვხვდება ცალად, ასევე, წყვილებისა და გუნდების სახით.
მამალს აქვს მწვანე თავი (მომწვანო ბზინვარებით), თეთრი საყელო, დანარჩენი სხეული ნაცრისფერია. დედალი თვალში ნაკლებად საცემია – ძირითადად ყავისფერია.
ბუდობს ტყისპირებში, ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყალსაცავის მახლობლად. დებს 6-14 კვერცხს.
იკვებება ბალახოვან მცენარეთა ნაწილებით, უხერხემლო ცხოველებით. აქვს სარეწაო მნიშვნელობა.
"ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა". 

გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში, მცირე, წინა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში მობინადრეა, ვხვდებით მრავალ ადგილას. ძალიან ლამაზია. შეფერილობა ნაცრისფერია, მოვარდისფრო ელფერით. ყელზე აქვს შავი ხაზით შემოვლებული ღია ფერის ლაქა. ნისკარტი და ფეხები წითელია. დედალი უფრო პატარა და უდეზებოა, გამოსცემს ქათმის კრიახივით ხმამაღალ ბგერებს. მიწაზე შესანიშნავად დარბის. შემოდგომობით ერთიანდებიან, ქმნიან 30-40 და მეტი სულისაგან შემდგარ გუნდს. ბუდობს მიწაზე, პატარა ორმოში დებს 10-24 კვერცხს, კრუხობს დედალი. 
რუსთაველს კაკაბი ორჯერ და ფრიად სახასიათო კონტექსტში ჰყავს ნახსენები. მაგალითდ:
"მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,
ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა".

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.