ქართულ, ზოოლოგიურ ლიტერატურაში დამკვიდრებულია კანჯარის შესატყვისი ორი ტერმინი – კულანი და ონაგრი. ხშირად მას გარეულ ვირს მიაკუთვნებენ, სინამდვილეში პრიმიტიული გარეული ცხენია, ბინადრობს შუა აზიაში (თურქმენეთი, ირანი, ავღანეთი, მონღოლეთი, ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, ტიბეტი, ნეპალი და დასავლეთი ინდოეთი).
საქართველოში მისი არსებობა მითითებულია XII-XIII საუკუნეებამდე. სხეულის სიგრძე 2 მეტრს აღწევს, წონა 120-127 კილოგრამს, აქვს მოყვითალო ზურგი, თეთრი მუცელი, ხერხემლის გასწვრივ შავი ზოლი გასდევს. ფაფარი მოკლე აქვს. სწრაფად დარბის (70 კმ-მდე საათში), ძალზე ამტანი ცხოველია. შობს ერთ კვიცს. იკვებება 100 სახეობამდე ბალახოვანი მცენარით. ცხოვრობს ოჯახების სახით. საშუალოდ ჩლიქოსანთა მსგავს გაერთიანებებში 5-11 ცხოველია, ზოგჯერ მეტიც. შემოდგომაზე და ზამთარში ერთიანდებიან რემებად, სადაც თავმოყრილია 100 და მეტი ინდივიდი.
რუსთაველს პოემაში კანჯარი ერთხელ ჰყავს ნახსენები: "ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხლტომელი."

 

ლომი გავრცელებულია ცენტრალურ აფრიკაში (ფართოდ), ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთში (ლოკალურად). მხეცის არეალი ისტორულ წარსულში მოიცავდა აფროევრაზიის დიდ სივრცეს. ლომი ძალიან დიდი მტაცებელია – ხვადი სიგრძეში აღწევს 180-240 სმ., კუდის (60-90 სმ.) გარეშე. იწონის 180-227 კგ. მიუხედავად ვეებერთელა სხეულისა, კოხტა აგებულებისაა. თავი ძალიან მასიურია, გრძელი დრუნჩით. კიდურები არ არის მაღალი. გრძელი კუდის წვეროში ფუნჯია. ხვადისთვის ფრიად დამახასიათებელია გრძელი ფაფარი. იგი ფარავს სხეულის კისერს, მხრებსა და მკერდს, დანარჩენ სხეულზე ბალნის საფარი მოკლეა, თაფლისფერი. ფაფარი გაცილებით მუქია. ყველა ამ თვისების გამო ლომს დამსახურებული ეპითეტი – ნადირთა მეფე უწოდეს. ლომი, უწინარეს ყოვლისა, გარეგნული იერითაა მეფე, ზვიადია მისი გამოხედვა, იყურება მაღლა, თითქოს არავინ ჭაჭანებდეს დედამიწაზე, დიდებული და კონცენტრირებულია მხეცის სახის გამომეტყველება. მის მზერაში ყოველთვის რაღაც აზრია ჩადებული. ლომის "პორტრეტის" მსგავსი დახასიათებისას, არ შეიძლება პარალელი არ გავავლოთ "ვეფხისტყაოსნის" ტექსტთან, გავიხსენოთ ტარიელის სიტყვები: "მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა – ნაკვთად". სხვაგან: "ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა". ხვადსა და ძუს შორის აშკარად არის გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი, უკანასკნელი გაცილებით პატარაა ზომებში და ფაფარს მოკლებული.

განსხვავებით ჯიქისაგან, ლომი (ასევე ვეფხვიც) ხეზე ვერ გადის. ცხოვრობენ პატარ-პატარა ოჯახებად, რასაც პრაიდს უწოდებენ. ოჯახში შედის ერთი ან ორი ზრდასრული ხვადი, რამდენიმე ძუ და სხვადასხვა ასაკის ბოკვერები. სულ ოჯახში გაერთიანებულია 7-10 ან უფრო მეტი ინდივიდი (იშვიათად ოცდაათამდე). ბოკვერი იბადება თვალხილული, იზრდება ნელა და მხოლოდ ხუთი- ექვსი წლის ასაკში აღწევს ზრდასრულ ფაზას. ამიტომ არის, რომ მტაცებლები ერთ ოჯახად ცხოვრობენ. ნადირობენ საღამოს, უფრო იშვიათად ღამით, დღისით ისვენებენ. თავის სარჩენად ლომს წელიწადში ასი მსხვილი ნადირი სჭირდება. მათზე ნადირობა თვით მსგავსი მტაცებლისთვისაც არ არის იოლი საქმე. ჩლიქოსნები ხშირად უსხლტებიან დადევნებული მტრის ვეებერთელა ტორებსა და ბასრ ეშვებს. ამიტომ ძუ ლომთა რამდენიმე ინდივიდი ჩასაფრებითა და მირეკვით ნადირობს. ხვადის როლი მთელი ამ ზაკვახიმანდრული ფანდებით აღსავსე თავდასხმაში, ბრდღვინვა–ღრიალია. ამ დროს ფეხზე მდგომი მხეცი თავს რამდენადმე ქვემოთ სწევს, გვერდებს შეზნიქავს, მკერდს მაქსიმალურად შლის და  "ჭექაქუხილიც" იწყება. თავზარდამცემი ხმა სავანის ტრიალ სივრცეში შვიდ-რვა კილომეტრზე ისმის, შიშისაგან ყველა სულიერი ან ადგილზე ქვავდება, ანდა უთავბოლოდ გარბის. ლომის ეს კოლოსალური ფიზიკური მონაცემები შესატყვისი ექსპრესიით აქვს შოთა რუსთაველს გადატანილი თავის გმირებზე. ტარიელზე: "ასრე უჩს მოკვლა ლომისა, მართ ვითა ლომსა – ვაცისა"... ანდა, "გარდახდა და თაყვანისცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა";

რუხი, ანუ ჩვეულებრივი. გვხვდება ევროპაში, აზიაში (გარდა ტროპიკული განედებისა) და ჩრდილოეთ ამერიკაში, კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში. ხასიათდება დიდი ეკოლოგიური პლასტიკურობით, ცხოვრობს სხვადასხვა ლანდშაფტში. მთაში ვრცელდებიან სუბალპური და ალპური სარტყლების ჩათვლით. გამრავლების პერიოდში წყვილ-წყვილად ცხოვრობენ, შემოდგომასა და ზამთარში – ხროვებად. მძუნაობს ზამთრის მიწურულს, ყრის 3-13 (ხშირად 9) ლეკვს; მონოგამია, ამიტომ, როცა ძუ მგელი ორ თვეს ლეკვებს უვლის, მამა მგელს საჭმელი მოაქვს. ცოცხლობს 5-6 წელს, სქესობრივ სიმწიფეს აღწევს ერთი წლის ასაკში. აქტიურია დღისით და ღამით. იკვებება ჩლიქოსნებით, კურდღლებით, მღრღნელებით, ხშირად ჭამს ნაყოფს და კენკრას. ნადირობს ძირითადად მიპარვით და დევნით. თავს ესხმის შინაურ ცხოველებსაც.
"ვეფხისტყაოსანში" ნახსენებია მგლის მტაცებლური ბუნება. როცა ტარიელმა შემუსრა ხატაელები, მათ გადაწყვიტეს მლიქვნელობით მოეგოთ მისი გული: "ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა თხანია". სხვაგან გამოყენებულია მგლისა და ბატკნის თანაცხოვრების ბიბლიური მეტაფორები: "შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს"

გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა ტროპიკული ნაწილისა), ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ვხვდებით ყველგან – ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში, მთაში აღწევს სუბალპურსა და ალპურ სარტყლებს, სახლობს კულტურულ ლანდშაფტებშიც. საშუალო ზომის ცხოველია (სხეულის სიგრძე 60-90 სმ, კუდისა – 40-60 სმ, წონა 5-10 კგ). გრძელი კუდი ფაფუკია და სწრაფი სირბილის დროს ნადირი მას დასაბალანსებლად იყენებს. ფეხები შედარებით მოკლეა, ყურები – დაცქვეტილი. იკვებება ძირითადად ცხოველებით, ასევე მცენარეულითაც. მეტწილად ნადირობს მღრღნელებზე. ხელიდან არ უშვებს ფრინველებზე თავდასხმის საშუალებას. საკვებით ნაკლულ წლებში ეტანება ლეშს. მრავლდება წელიწადში ერთხელ. ნაყარში 3-6 ლეკვია, იშვიათად – 12-მდე. აქტიურია ადრე დილით და გვიან საღამოს, ზაფხულობით კი დღე-ღამის განმავლობაში.
"ვეფხისტყაოსანში" ორჯერ არის ნახსენები, ორივეჯერ ხაზგასმულია ამ ცხოველისთვის ჩვეული ქცევები. მაგალითდ, როსტევანის ვაზირის მეფის სასახლიდან გაპარვას რუსთველი ასე აღწერს: "გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს"

მტრედის გვარიდან საქართველოში გავრცელებული სახეობებია გვიძინი, ქედანი და ვეჟანი მტრედი. ჩვენს ქვეყანაში ეს უკანასკნელი ფართოდ არის გავრცელებული, მათ შორის ადამიანის სამოსახლოსთან. სწორედ გარეული, ანუ ვეჟანი მტრედია შინაური მტრედების (450-მდე ჯიში) წინამორბედი. ბუდობს კლდეების ნაპრალებში, ნაგებობებში, გამოქვაბულებში. კვერცხდება აპრილსა და ივნისში. ერთ ჯერზე დებს თითო კვერცხს. კრუხად მორიგეობით ორივე ფრინველი ჯდება. საკვებს შეადგენს კულტურული მარცვლოვნები (მეტწილად ხორბალი - კენკავს მიწიდან), ჭამს სარეველი მცენარეთა თესლს. პოემაში პოეტს მარგალიტთან მტრედის კვერცხიც აქვს შედარებული: "კვლა მარგალიტი ათასი, მართვ ვითა კვერცხი ტრედისა;" სხვაგან ნესტანის ფიქრები პოეტს მტრედის ფრენას აგონებს: "სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი";

გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ცენტრალურ აზიაში, ირანში, ავღანეთში, ბელუჯეთში, ჩრდილოდასავლეთ ინდოეთში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში. საქართველოში, როგორც მობუდარი ფრინველი თითქმის ყველგან ვრცელდება. სხეულის სიგრძე აღწევს 95-105 სმ-ს, ფრთების შლილი - 240-280 სმ-ს, იწონის 6,5-11,2 კგს. თავი და კისერი მკერდამდე ღინღლით არის დაფარული. ზრდასრულს აქვს თეთრი "საყელო". შეფერილობა თიხისებრ-მურაა, ფრთები - ღია-მურა. გვხვდება პატარა გუნდებად. იკვებება მსხვილი ცხოველების მძორით (ლეშით). ორბის გაუმაძღრობა მეტაფორად იქცა, ჯერ მსხვერპლის შიგნეულობას შეექცევა, შემდეგ - დანარჩენს. კვერცხდება ხდება მარტში, დებს ერთ კვერცხს. კრუხობს მონაცვლეობით ორივე მშობელი. მშობლები მართვეებს ამონანთხევით კვებავენ. ორბი პოემაში ერთხელ არის მოხსენებული. ცხენზე ამხედრებული ავთანდილი ისრით ჩამოაგდებს ცაში მფრინავ ორბს. ავთანდილის ცხენიდან ჩამოხტომა და ორბის ფრთების დაჭრა განპირობებულია ორბის მძვინვარე ხასიათით, რომელსაც შეუძლია სახიფათოდ შეუტიოს მტერს. ამგვარად, რუსთაველმა იცის მტაცებელთა ქცევები, თვისებები და ხშირად რეალურად აღწერს მათ. აი, ეს სიუჟეტიც:

"მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა,
ყმამან ცხენი შეუტევა, გაამაყდა, არ შეშინდა,
შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა.
გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა"

ვხვდებით ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მაროკოს ჩრდილოეთში. საქართველოში, როგორც მობინადრე ფრინველი, გვხვდება ყველგან. საშუალო ზომის მტაცებელია: სხეულის სიგრძეა 48-62 სმ, ფრთების შლილი - 90-120 სმ, წონა 600-1100 გრ. დედალი მამალზე დიდია. ქორის სხეული ზემოდან მორუხო-ვეჟანია, სხეულის ქვედა ნაწილი მონაცრისფრო-თეთრია, წვრილი, გარდიგარდმო ზოლებით. ფრთხილია, გვხვდება ცალად ინდივიდებად. ბუდეს მაღალ ხეზე იკეთებს, გაზაფხულზე დებს 3-4 კვერცხს, კრუხობს მეტწილად დედალი. იკვებება საშუალო და მცირე ზომის ფრინველებით, მღრღნელებით. ფრინველებს ჰაერში ფრენისას აიძულებს ხეზე ან მიწაზე დასხდომას, შემდეგ ბრჭყალებით იჭერს და შეექცევა.
შოთა რუსთაველს პოემაში ქორი სამჯერ ჰყავს ნახსენები. ტარიელის მიერ ხატაელების დალაშქვრას რუსთაველი ქორის მიერ გნოლების დაწიოკებას ადარებს:

"შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
კაცი კაცსა შემოვსტყორცნე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;"

სხვაგან, ფრიდონი ტარიელს გაცნობისას შემდეგ უამბობს:

"დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე,
ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე".

ყარყუმი გარეგნულად ჰგავს ამავე ოჯახში გაერთიანებულ, საქართველოში მობინადრე მტაცებელს – დედოფალას, მაგრამ ამ უკანასკნელზე დიდია. ტყის ცხოველია, ბინადრობს ტაიგის წიწვოვან ტყეებში, უფრო სამხრეთით – შერეულ ტყეებში, იჭრება ტყე-სტეპებშიაც. დედოფალასავით სისხლის მსმელი არ არის, მაგრამ აგრესიული მტაცებელია. იკვებება თაგვისებური მღრღნელებით, წყალსატევებში იჭერს ბაყაყებს, ადვილად უსწორდება გველსა და ხვლიკებს. ზოგიერთ წელიწადს, როცა მღრღნელების პოპულაცია მცირდება, ნადირობს ფრინველებზე. შესანიშნავად დარბის ხეებზე, მაგრამ მსხვერპლს ეძებს ნიადაგზე. აქტიურია დღისით და ღამით, ზაფხულში და თვით ციმბირულ ზამთარშიაც. სხეულის ზომა 26 სმ-ია (დედოფალასი – 20 სმ-მდე). წელიწადში ერთხელ მრავლდება, შობს 3-5, ზოგჯერ 8-10 ნაშიერს. ყარყუმის ბეწვი ძვირფასია, იყენებენ ტანსაცმლის მოსართავად.
ძველად მისი ტყავიდან ქალის ტანსაცმელს კერავდნენ. თინათინის წინაშე წარმდგარმა ავთანდილმა სწორედ ასეთ სამოსში იხილა თავისი სატრფო:

"გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმი უსაპირონი".

გავრცელებულია ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, ეგვიპტეში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი. ცხოვრობენ წყვილად და გუნდების სახით ხეებზე, მიწაზე. გამრავლებას იწყებს მარტში. ბუდეს აკეთებს მამალი და დედალი მაღალ ხეებზე, დებს 4-5 კვერცხს, კრუხობს ძირითადად დედალი, ბახალებისთვის საკვები მოაქვს მამალს, მოგვიანებით – დედალსაც. ყველაფრისმჭამელია – ნადირობს უხერხემლო ცხოველებზე, ბარტყებზე, კვერცხებზე, ქათმის წიწილებზე, ეტანება მცენარეულ საკვებს; ზამთარში, დასახლებულ ადგილებში, თავი გააქვს საკვების ნებისმიერი ნარჩენით.
პოემაში ყვავი ადამიანის უარყოფითი ქცევის, თვისებების მეტაფორად არის გამოყენებული. როცა ავთანდილი წაიკითხავს ფატმანისაგან მიწერილ სამიჯნურო წერილს, გაკვირვებული ამბობს:

"თქვა: ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია";

ავთანდილი თავს არ პატიობს ფატმანთან დროებით გამიჯნურებას, იგონებს რა თინათინს, იგი თავის თავს ლანძღავს:

"უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!"

ფრიად სახასიათოა ვაჭარ უსენზე ფატმანის სიტყვები:

"მართლად თქმულა: არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი."

ბუდობის არეალი ვრცელია, მოიცავს ევრაზიასა და ამერიკას (ტუნდრიდან ნოტიო ტროპიკულ ტყეებამდე). საქართველოში ყველგან გავრცელებული მობინადრე ფრინველია. ბეღურასნაირთა რიგის ყველაზე დიდი ზომის ფრინველია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 სმ-მდე, წონა 1,6 კგ-მდე. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. ბუმბული შავია, ასევე შავია ნისკარტი და ფეხებიც. ახასიათებს დაბალი ტონალობის ყრანტალი. მონოგამიური ფრინველია – წყვილი სიცოცხლის ბოლომდე ერთად ცხოვრობს. ბუდობს მაღალ ხეებზე, შენობებზე. მარტში დებს 4-7 კვერცხს. შთამომავლობას ორივე მშობელი კვებავს. ყველაფრისმჭამელია, მაგრამ ძირითადად ლეშით იკვებება, თავს ესხმის ასევე მღრღნელებს, ბარტყებს, კვერცხებს, თევზებს, მწერებს; ეტანება მარცვლოვან ბალახთა თესლს.
რუსთაველს ყორანი რვაჯერ აქვს მოხსენებული. ფრიად დრამატულია ნესტანის თხოვნა ტარიელისადმი – არ დაივიწყოს, რამეთუ ვეღარ იცოცხლებს და გახდება ყორანთა დასახივარი:

"შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასახივარად". 

არეალი მოიცავს ყველა კონტინენტს; აღნიშნულია 20-ზე მეტი ქვესახეობა. საქართველოში მობინადრეა და ფართოდ გავრცელებული. სხეულის სიგრძეა 36-48 სმ, ფრთების შლილი - 95-110 სმ, წონა 445-920 გრ. დედალი შესამჩნევად დიდია მამალზე. სხეულის ზედა მხარე შეფერილია მუქი ცისფერიდან მუქმურამდე, სხეულის ქვედა მხარე ღიაა - თეთრი ან მოყვითალო, დაფარული მუქი განივი ხაზებით. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ფერდზე, იშვიათად - მიწაზე. გაზაფხულზე დებს 3-4 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი (მეტწილად დედალი). მართვეებს კვებავს მამალი, დედალი ნანადირევს გლეჯს და ასე სთავაზობს შთამომავლობას. ნადირობს სხვადასხვა ფრინველზე (მტრედი, გნოლი, იხვი, ბეღურასნაირნი). მსხვერპლს ჰაერში ბრჭყალებით ესხმის თავს. ნადავლის მოსაპოვებლად, პიკირებისას, ფრინველებს შორის ავითარებს რეკორდულ სიჩქარეს - 100 მეტრს წამში. ჩვეულებრივ ფრენს ფრთხიალით და ხშირი ლივლივით. შავარდენს სანადიროდ ჩვენს ერამდე წვრთნიდნენ ჩინეთსა და ინდოეთში. პოემაში ეს მტაცებელი ფრინველი სამჯერ არის ნახსენები, ორჯერ ნადირობისას, ერთხელ გამოყენებულია შედარებისათვის. შავარდენი ყველაზე სწრაფი ფრინველია. იცის რა ეს რუსთაველმა, ფრიდონს თავის ცხენს ამ მტაცებელს შეადარებინებს:

"ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა".

შვლის არეალი მოიცავს ევროპას, მცირე აზიას, კავკასიას. საქართველოში გარდა უდაბური ტრამალებისა, თითქმის ყველგან არის გავრცელებული. ვაცის სხეულის სიგრძე 110-130 სმ-ია, წონა 20-26 კგ. მამრს მომცრო რქები აქვს, 3-5 შტოიანი. რქებს იცვლის ოქტომბერ-დეკემბერში. ბალნის საფარი ზაფხულობით მოყვითალომოოქროსფრო- წითურია, მუცელი – ღია ფერის, ზამთარში – მურა-ნაცრისფერი ხდება. ნუკრი პირველ განგურამდე ხალებიანია. სხეულზე თეთრი ხალები სწორხაზოვნად არის განლაგებული. აქტიურია საღამოთი და ადრე დილით, ზამთარში – დღის საათებშიაც. ზაფხულობით განმარტოებით ცხოვრობს, ზამთარში ჯოგებად (20-30 სული) იკრიბება. ხურაობა ივლისაგვისტოშია. ფურისთვის ვაცებში ურთიერთჭიდილი იმართება. მდედრი შობს ერთ-ორ ნუკრს, იშვიათად სამ-ოთხსაც.
პოემაში შველი შედარებისათვის არის გამოყენებული. როდესაც სამი რაინდი ქაჯეთის ციხიდან ნესტან-დარეჯანს იხსნის, ნაწარმოებში ნათქვამია:

"თავნი მათნი გაალომნეს, მათნი ბრძოლნი იშვლეს, ითხეს".

იქგივე ქურციკი. მისიარეალია: არაბეთის ნახევარკუნძული, ირანი, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი (გადაშენებულია), აზერბაიჯანი, შუა აზია, ავღანეთი, პაკისტანი. ეტანება მყარგრუნტიან (თიხიან, ქვიან) უდაბნოებს, ქვიშნარ უდაბნოებში ზამთარში მიგრირებს. სხეულის სიგრძე 70-115 სმ-ია, წონა – 18-33 კგ; აქვს საკმაოდ გრძელი კუდი – 15-20 სმ. რქები მხოლოდ მამრებს გააჩნიათ, სიგრძით 25-43 სმ, იშვიათად, გაცილებით მოკლე (5 სმ-მდე). სხეულის ზურგი და გვერდები ქვიშისფრად არის შეფერილი. მუცელი, კისერი და კიდურების შიგნითა ნაწილი – თეთრია. ჩამოშვებული კუდი უკანა ტანის თეთრ "სარკეს" შუაზე ჰყოფს. მდედრები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 9 თვის, მამრები – 18 თვის ასაკში. ქურციკი აჩენს 1-2, იშვიათად 3-4 ციკანს (ლიკლიკას). ცოცხლობს 10-12 წელს. ზაფხულში ცხოვრობენ ოჯახებად (10-15 ინდივიდია), ზამთარში ერთიანდებიან ფარებად (რამდენიმე ასეული). 100 წლის წინათ ქურციკი სამხრეთ კავკასიაში იყო გავრცელებული, თბილისიდან ბაქომდე არსებულ ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. საქართველოს ფარგლებში, უმთავრესად, შირაქ-ელდარსა და ივრის ზეგანზე გვხვდებოდა, აქ ასეულობით სული ჯეირანი ძოვდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ცხოველის საქართველოს ტერიტორიაზე მობინადრე პოპულაცია განადგურდა, აზერბაიჯანიდან შემოსულ თითო-ოროლა ინდივიდს კი ბრაკონიერები უღებდნენ ბოლოს.
"ვეფხისტყაოსანში" ქურციკზე არაერთხელ არის ნათქვამი:

"...ქურციკი მაღლად მხლტომელი".

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.