პარმენ მარგველაშვილი

"ვეფხისტყაოსნის"პროლოგში რუსთველი ბიბლიური ტექსტით გადმოცემულ ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს, როცა ამბობს:
"რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა, ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა."
და, თითქოს, პოეტი აქ ზედმიწევნით მისდევს წმიდა წიგნის ტექსტს, მაგრამ, სინამდვილეში, ამ სტროფით იგი არამარტო შეგვახსენებს წმიდა წიგნის პირველ თავს, არამედ ააშკარავებს და აცხადებს თავის განსაკუთრებულ, გამორჩეულ დამოკიდებულებას შესაქმის ორი მომენტისადმი - ერთი, რომ ღმერთმა, მისი კეთილი ნებით, `ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა~ და მეორე, რომ ხელმწიფობა, კვლავ ღვთიური ნებით, არის კაცთა შორის გამორჩეული კაცის ხვედრი, კერძოდ იმ კაცისა, რომელიც "მისგან არს .... სახითა მისმიერითა".
ცხადია, რუსთველი გულისხმობს, რომ "ვეფხისტყაოსნის" მკითხველმა კარგად იცის "ბიბლია", მაგრამ, მიუხედავად ამისა, წმიდა წიგნის მეტი გულისყურით შესწავლისაკენ და სათანადო სწავლებათა აქტიური გამოყენებისაკენ უბიძგებს მას.
"ვეფხისტყაოსანი" გვიდასტურებს, რომ თავად პოეტმა ბიბლია დაუდო პოემას საფუძვლად და პოემით წარმოაჩინა ქართული სააზროვნო სისტემის მიერ აქცენტირებული ის თვალსაზრისი, ქართულენოვანი ბიბლიის პირველივე წინადადებიდან რომ ამოიკითხება - წინ წამოსწია ღვთიური განზრახვა და მთელი შესაქმის ღვთიური მიზანდასახულება.
"ვეფხისტყაოსნის" უკლებლივ ყველა გმირის რწმენით, ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებული და ღვთის ყოველი ქმედება არის განზრახვითი ქმედება. მაგალითად, თავის ანდერძში ავთანდილი გვეუბნება:
"რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების"
ან კიდევ - უცხო მოყმესთან შეხვედრის გამო დანაღვლიანებულმა მეფე როსტევანმა
"ბრძანა: ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება, ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანავღლება, სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალუც განკურნება. მასვე მადლი, ესე იყო წადილი და მისი ნება."
თავის ბიძაშვილთა სიმუხთლის გამო გაგულისებული ფრიდონი ტარიელს ეუბნება:
"აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა!
ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!"
ამ სიტყვებში ხაზი იმას გვინდა გავუსვათ, რომ ფრიდონი თავის განზრახვას და მომავალ ქმედებას ცოცხალი ღმერთის თანადგომის იმედით, მის ნებასთან და წადილთან შეთანხმებულად წარმოიდგენს.
თავად ავტორი კი პროლოგში ასე შესთხოვს ღმერთს:
"ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება;"
ანუ რუსთველი ღმერთს ტარიელის შეწევნას კი არ სთხოვს, არამედ თავისთვის ევედრება შეწევნას, რომ პირადი აქტიური ქმედებით, მაგრამ ღმერთთან ერთად, შეეწიოს ტარიელს.
განსაკუთრებულად ღირებული რუსთველისათვის ის ღვთიური განგებულებაა, რომლის თანახმადაც ღმერთმა, ერთი მხრივ, "ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა" და, მეორე მხრივ, კაცთა შორის "მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა". და რახან რუსთველი გვინერგავს რწმენას, რომ ღმერთის ყველა ქმედება არის განზრახვითი ქმედება, ეს სწავლება უნდა ჩავთვალოთ ძალზე მნიშვნელოვან გაკვეთილად, ყური ვუგდოთ რუსთველის შეგონებას და ღვთის ყველა ქმედება საზოგადოდ გავიაზროთ, როგორც განზრახვით ქმედება.
ეს მიგვაჩნია იმ ერთ შესაძლო და აუცილებლად გასავლელ გზად, რომელიც მნიშვნელოვნად დაგვაახლოვებს რუსთველის მსოფლმხედველობის ძირებთან და მიგვიყვანს თავად ავტორის განზრახვასთან.
ქართულენოვანი ბიბლიის პირველი მუხლი ასე იკითხება:
"დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცა და ქუეყანა".
და, როგორც აღვნიშნეთ, ამ წინადადებით არის გამხელილი ღვთიური განზრახვა: - იგი გვატყობინებს, რომ ღმერთმა ცა და ქვეყანა არა უბრალოდ ყველაზე უწინარეს, ყველაზე ადრე, თუ თავდაპირველად, არამედ გარკვეული მიზნით, ფუნქციით თუ დანიშნულებით, კერძოდ, დასაბამად, საწყისად, ამოსავლად, წყაროდ, თუ საფუძვლად შექმნა.
ეს აღიარება ბუნებრივად ბადებს კითხვას: რის დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა?
საბედნიეროდ, შორს წასვლა არაა საჭირო, კითხვის პასუხს შესაქმის პირველივე თავი შეიცავს.
პირველი თავის პირველი მუხლი, როგორც აღვნიშნეთ, ღმერთის ზოგად განზრახულებას გვიმხელს, უკვე მეორე მუხლიკი გვაკვალიანებს, რომ "ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი იყო ზედა უფსკრულთა და სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალსა".
ანუ, მეორე მუხლით ვიგებთ, რომ დასაბამად შექმნილი ქვეყანა (მაგრამ არა ცა - და ამას საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი) დასაწყისში იყო უხილავი და განუმზადებელი და მისი სიღრმეები იყო ბნელი და წყლის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ზედაპირზე ღმრთის სული ტრიალებდა და, როგორც ჩანს, ამზადებდა მას იმ ძირითადი ამოცანისათვის, რისთვისაც განიზრახა კიდეც მისი შექმნა.
ამრიგად, მეორე მუხლი გვაძლევს ღვთიური განზრახვის გასრულების გეზს, კერძოდ, ის გვეუბნება, რომ აუცილებელია სრულიქმნას და გამზადდეს ქვეყანა, რათა მან, ცასთან ერთად, სათანადოდ შეასრულოს ძირითადი ღვთიური განზრახულებით მინიჭებული დასაბამის ფუნქცია თუ დანიშნულება.
"ბიბლიის" პირველი თავის დანარჩენ მუხლებში ცხრაჯერ არის მოტანილი სიტყვები: "და თქუა ღმერთმან" და ცხრაჯერვე მას მოსდევს მკაფიოდ ფორმულირებული, კონკრეტული მოწოდებები თუ გამხელილი ღვთიური განზრახვები:
I. "იქმენინ ნათელი!"
II. "იქმენინ სამყარო ..."
III. "შეკერბიდ წყალი .."
IV. "ქუეყანამან გამოიღედ ..."
V. "იქმნნედ მნათობნი ..."
VI. "გამოიღედ წყალთა ..."
VII. "გამოიღედ ქუეყანამან ..."
VIII. "ვქმნეთ კაცი ..."
IX. "აჰა მიგეც თქუენ ..."
და ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ასეთ ღვთიურ მოწოდებებს, თუ გამხელილ ღვთიურ სურვილებს, რვა შემთხვევაში მოსდევს, ღვთის მიერვე უკვე სრულქმნილი განზრახვის ხილვისა და შეფასების ერთიდაიგივე ფორმულა: "და იხილა ღმერ-თმან, რამეთუ კეთილ". ცხრიდან ერთი, რიგით მერვე მოწოდება კი გამონაკლისს წარმოადგენს.
მოვიტანოთ ამ განსაკუთრებული შემთხვევის, კაცის შექმნასთან დაკავშირებული ღვთიური განზრახვის, სრული ტექსტი:
I.26. "და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვსათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქუეყანასა ზედა".
ამ ღვთიურ წადილს მოსდევს მომდევნო 1.27 მუხლი, რომელიც გვამცნობს საკუთრივ ღვთის მიერ განხორციელებულ ქმედებას:
I.27. "და შექმნა ღმერთმან კაცი. ხატებად ღმრთისა შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი", და, როგორც ვხედავთ, ამ მუხლში არაფერია თქმული იმაზე სრულიქმნა თუ არა კაცის "მსგავსებისაებრ" შექმნის ღვთიური მოწოდება.
მაგრამ, კიდევ მეტი და უფრო მნიშვნელოვანი აშკარავდება – შესაქმის ამ ნაწილს არ მოსდევს ღვთის მიერ ხილვისა და შეფასების ტრადიციული ფორმულა, არ არის თქმული "და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ".
შესაქმის ეს ნაწილი მხოლოდ ასეთი ღვთიური კურთხევით მთავრდება:
I.28. "და აკურთხა იგინი ღმერთმან, მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას და მთავრობდით თევზთა ზღვსათა და მფრინველთა ცისათა და ყოველთა პირუტყუთა და ყოველსა ქუეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქუეყანასა ზედა".
კაცის შესაქმესთან დაკავშირებული ეს ფაქტი შესაქმის ყველაზე არსებითი გაკვეთილია და გვარწმუნებს, რომ ღვთიური განზრახვის მნიშვნელოვანი ნაწილი, კაცის შესაქმე, ღვთისავე ნებით, არ არის სრულქმნილი.
– შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ღმერთის განზრახვითი ქმედების ძირითადი მიზანი არის კაცის შექმნა ხატად და მსგავსად ღმრთისად. ამ მიზანს ემსახურება მთელი "ბიბლიური" შესაქმე, ამ მიზნით შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა იმ რეალობად, სადაც იძერწება ღმრთის ხატი და იწყება ღმრთის ხატად შექმნილი კაცის ღმერთთან მსგავსობისაკენ სვლის დროში განფენილი უწყვეტი პროცესი. ცა და ქვეყანა არის კაცის ღვთის მიერ "ხატებად ღმრთისა" შექმნისა და, შემდეგ, მისი ღმერთთან მსგავსობისაკენ სვლის პროცესის დასაბამი, სათავე, წყარო და, გარკვეული ვადით, გარემო თუ ასპარეზიც..
და თუ ვირწმუნეთ, რომ ღვთის წადილი, ნება და სურვილი, ანუ მისი განზრახვითი ქმედების ძირითადი მიზანი, არის კაცის შექმნა მსგავსად ღმრთისა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ კაცთა შორის როგორი კაცი არის მსგავსი ღმრთისა? მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე, თუ რა ნიშნით უნდა შევადაროთ კაცი და ღმერთი, მათს მსგავსებაზე რომ ვისაუბროთ?
ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას, პირველყოვლისა, კვლავ შესაქმის ტექსტს მივმართოთ და ვნახოთ, აქაც ხომ არ გვშველის და ხომ არ გვკარნახობს იგი კაცის ღმერთთან მსგავსების ნიშნებსაც?
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსეს წმიდა წიგნის ტექსტი, როგორც თვითკმარი რეალობა, არა თუ შეიცავს, არამედ აშკარად წარმოაჩენს ღმერთისა და კაცის მსგავსების დადგენის გზას (!).
ერთი შეხედვით შეიძლება ბუნებრივი მოგვეჩვენოს ასეთი მსჯელობა: რადგან, "დაბადების" ტექსტის თანახმად, კაცი, მოცემული გარეგნობისა და თვისებების მქონედ არის "ხატებად ღვთისა" შექმნილი, ღვთისავე ნიშნების მატარებელი და ღვთის მსგავსი უნდა იყოს კიდეც. და მართლაც, კაცთა გარეგნული სახე ძირითადად ერთმანეთის მსგავსი და ერთგვაროვანია, ის არსებითად იმეორებს ქვეყნად მოვლენილი, განკაცებული ძე ღმერთისას გარეგნულ სახეს, მაგრამ სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტი არ გვაძლევს უფლებას ვამტკიცოთ, რომ ღმერთთან მსგავსების არსებითი მახასიათებელი ამოიკითხება კაცის გარეგნულ, ფიზიკურ სახეში, მის ხატში.
უდავოა, რომ ღმერთისა და კაცის მსგავსების ძიებისას უნდა დავადგეთ სხვა გზას, სხვა ლოგიკურ სქემას. კერძოდ, უნდა ვეძიოთ და ერთმანეთს შევადაროთ ის, ხატებისაგან განსხვავებული რაღაც, რაც ასევე ერთნაირად ხილული შეიძლება იყოს ღმერთისა და კაცის მახასიათებელში.
"დაბადების" პირველ თავის ტექსტი იძლევა ღმერთის იმ მახასიათებელ ნიშნებს, რომლებიც ხილულია და, ღმერ- თისა და კაცის შედარებისას, მსგავსობის არსებით ნიშნებად უნდა გამოვიყენოთ. კერძოდ, ბიბლიური ტექსტის თანახმად, განირჩევა ღმერთის სამი არსებითი ხილული მახასიათებელი:
1. ღმერთი არის გარკვეული განზრახვით მოქმედი და განზრახვის სისრულეში მომყვანი შემოქმედი.
2. ღმერთი მოქმედებს თავისუფალი, დამოუკიდებელი ნებით.
3. ყველაფერი, რაც ღმერთმა განიზრახა, შექმნა და განასრულა, არის "კეთილ ფრიად".
ანუ, წმიდა წიგნის მიხედვით, ღვთის მიერ თავისუფალი ნებით არჩეული და ხორცშესხმული განზრახვითი ქმედება არის "კეთილ ფრიად", როგორც თავდაპირველი ჩანაფიქრის, ისე გასრულებული და ხილული შედეგის თვალსაზრისით.
და, თუ გვინდა ვისაუბროთ ადამიანის ღმერთთან მსგავსების შესახებ, უნდა ვეძიოთ და შევაფასოთ ადამიანის მიერ გამოვლენილი ხილული, რეალური საქმე – აი, ამ საქმის, კაცის თავისუფალი ნებით არჩეული და შემდგომ სრულქმნილი განზრახვითი ქმედების ხილული შედეგის "კეთილობა" არის ღმერთთან მსგავსების არსებითი ნიშანი.
ბიბლიის პირველი თავის ტექსტი მნიშვნელოვან გაკვეთილად იმ ფაქტსაც შეიცავს, რომ ღმერთი თავისი განზრახვითი ქმედების სრულქმნის პროცესს დამოუკიდებლად არ ახორციელებს არა იმიტომ, რომ არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის მისი ნება და ეს გარემოება მიგვანიშნებს, რომ კაცმაც თავისი კეთილი განზრახვითი ქმედება, ყოველ შემთხვევაში, ღმერთის გარეშე მაინც არ უნდა წარმართოს, თუკი ის ღვთის მსგავსებას ეშურება.
რადგან ღვთის ქმნილთაგან მხოლოდ კაცი შეიძლება ემსგავსოს ღმერთს და, რადგან ამ მიზნით მხოლოდ კაცს – ღმრთის ხატს აქვს მინიჭებული თავისუფალი ნება, მხოლოდ მას ევალება იზრუნოს თავისი განზრახვითი ქმედების კეთილობაზე,  – და აშკარაა, ღვთის მსგავსებისაკენ სვლის მოსურნე ყოველი კაცი უნდა ემორჩილებოდეს და მისდევდეს ღმერთს იმიტომ, რომ მისი განზრახვითი ქმედება ვერ იქნება კეთილი, თუკი ის არ ემორჩილება, ან, უფრო უარესი, თუკი ის უპირისპირდება ღვთის განზრახვით ქმედებას, რომელიც განმარტებით არის კეთილი..
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: ღვთის მსგავსების მოსურნე ადამიანის განზრახვითი ქმედების თავისუფლება არ არის უსაზღვრო, იგი იზღუდება განზრახვითი ქმედების კეთილობისა და მისი ღვთის განზრახვით ქმედებებთან შეთანხმებულობის მოთხოვნით.
დავუბრუნდეთ ახლა "ვეფხისტყაოსანს" და რუსთველის განზრახვითი ქმედების ხილულ შედეგს შევხედოთ ბიბლიური თვალთახედვით, რამეთუ ამის შესაძლებლობას თავად პოემა იძლევა, რადგან, მოსეს წმიდა წიგნის მსგავსად, "ვეფხისტყაოსანშიაც" პროლოგშივეა გამხელილი პოეტის ძირითადი განზრახვაც და განზრახვითი ქმედების ხილული შედეგის შეფასების კრიტერიუმებიც.
პროლოგში გვაქვს ნამდვილად რუსთველური სტროფი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ეხება და რომელშიაც მოკლედ არის თქმული "გრძელი სიტყვა" – ავტორის მეტად მნიშვნელოვანი ზოგადი თვალსაზრისი:
"რაცა ვისცა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს; 
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს
არცა ვისგან დაეწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს."
ამ სიტყვებით რუსთველი დაბეჯითებით გვარწმუნებს, რომ ადამიანი უნდა დასჯერდეს მისთვის ბედით განსაზღვრულ საქმიანობას და ერთგულად თუ გულმოდგინედ ასრულებდეს მას. მაგრამ ის ასევე დაბეჯითებით გვარწმუნებს, რომ მიჯნურის მდგომარეობა არის გამორჩეული და განსაკუთრებული.
რუსთველი მიჯნურს მოუწოდებს: უყვარდეს მიჯნურობა და გაერკვეს მიჯნურობაში; შეეცადოს გამოიცნოს საკუთრივ მიჯნურობა და თავი შეიკავოს სხვათა შეფასების დაწუნებისაგან.
ცხადია, "ვეფხისტყაოსანში" მიჯნურობის ცნება ცენტრალურია, ამიტომ რუსთველის ძირითადი განზრახვის ამოსაკითხად აუცილებელია, პირველყოვლისა, მოვიმარჯვოთ მიჯნურობის რუსთველისებური გაგება.
ავთანდილის ლოცვის სიტყვები, რომლებიც მიჯნურობასთან ღმერთის მიმართებას გამოხატავს:
"ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქუენათ ზესა,
შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა..."
პრინციპულ დებულებას გადმოგვცემს და ცხადყოფს, რომ მიჯნურობა განსაკუთრებული და გამორჩეულია იმიტომ, რომ ის დაბადა ღმერთმა და მანვე დააწესა მისი წესი.
პროლოგის კიდევ ერთი სტროფით კი პოეტი მკაცრად გვაფრთხილებს და გვთხოვს შევისმინოთ მისი ნაუბარი:
"მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გარევთ ერთმანერთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?"
რუსთველის ეს თხოვნა და გაფრთხილება ხაზს უსვამს მიჯნურისგან მიჯნურობის გამოცნობის სირთულეს და ამძაფრებს მეცამეტე სტროფით გამოთქმულ პოეტის მოწოდებას:
"კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს".
რუსთველი გვარწმუნებს: მართალია, ადამიანი უნდა შეურიგდეს და დასჯერდეს სოფლად საქმიანობის იმ სახეს, რომელსაც მას ბედი არგუნებს, მაგრამ, თუკი, ღვთის წყალობით, ის მიჯნურია, მაშინ მას ევალება არა სიძვის, არამედ ღვთის მიერ დაბადებული მიჯნურობის სიყვარული და ღვთის მიერვე დაწესებული მიჯნურობის წესის გამოცნობა.

დასასრული 

 
არტურ ზუტნერი

"ვეფხისტყაოსანმა" ჩემზე მეტად თავისუფალი და განუმეორებელი, მაღალმხატვრული ნაწარმოების შთაბეჭდილება მოახდინა, მასში არც ერთ ისეთ ადგილს არ შევხვედრივარ, სადაც შეიძლებოდა ადრე არსებული პოეტების მიბაძვა გვევარაუდებინა. თუ პოემაში ალაგ-ალაგ გვხვდება ძველ ფილოსოფოსთა ციტატები, ეს სულაც არ მიუთითებს, რომ პოეტმა რომაელი და ბერძენი მწერლების ასლი გადმოიღო. ეს გარემოება მხოლოდმის მაღალ გონებრივ კულტურაზე მეტყველებს.
რაც შეეხება შესრულების სიფაქიზეს, გრძნობათა კეთილშობილებას, აზრის აღმაფრენას,
– ქართველებს შუძლიათ სრული სიამაყით თქვან, რომ მათი პოემა არ ბაძავს არც ჰომეროსს და არც ვერგილიუსს: პირველიდან უკანასკნელ გვერდამდე ის არის რუსთველური და მხოლოდ რუსთველური. 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.