რუსთველი ბრძანებს:
"ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა."
და ამ სიტყვებით მიჯნურობა განიმარტება, როგორც საქმე, კერძოდ, "საქმე საზეო", ანუ ღვთის მიერ დაბადებული
მიჯნურობა არის ადამიანთა საქმიანობის ერთი სახეთაგანი, მეომრობისა და მუშაკობის დარად.
ისმის კითხვა: ადამიანის საქმიანობის სახეობათა ნაირგვარობა (მუშაკობა, მეომრობა და მიჯნურობა) ჯგუფებად ხომ არ ყოფს ადამიანთა სიმრავლეს? ერთი კაცი შეიძლება ვერ იქნეს მეომარიცა და მუშაც, მაგრამ შეიძლება თუ არა კაცი ერთდროულად იყოს
მიჯნურიც და მუშაც, ან მიჯნური და მეომარი, ან მიჯნური და პოეტი და საქმიანობდეს ორივე სფეროში?
და მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვაზე დადებით პასუხს გვაძლევს, პირველ ყოვლისა, თავად რუსთველის საქმიანობის ხილული შედეგი "ვეფხისტყაოსანი", რადგან პოემა, ერთი მხრივ, ადასტურებს, რომ რუსთველს, სოფლად საქმიანობის თვალსაზრისით, ბედით ერგო მელექსეობა. მეორე მხრივ კი, რუსთველი ხაზგასმით გვეუბნება, რომ ის არის მიჯნური:
"მე, რუსთველი, ხელობითა ვიქ საქმესა ამა დარი;
ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი!"
რუსთველი თავისი პირადი მაგალითით გვარწმუნებს, რომ ყოველი ადამიანი, მუშა იქნება ის, თუ მეომარი, შეიძლება იმავდროულად იყოს მიჯნურიც.
და, თუკი ეს დებულება მისაღებია, მაშინ დღის წესრიგში დგება საკითხი: გაირკვეს, რამდენად ხერხდება ამქვეყნად ბედით რგებულ საქმესთან, მეომრის, მელექსის, მხატვრის, თერძის, ხუროს თუ სხვათა საქმესთან, საქმე საზეოს, ანუ პირველი მიჯნურობის გაერთიანება და შერწყმა? შეიძლება თუ არა ამქვეყნიურ "საქმეში საზეო" საქმეც გამოვლინდეს?
შაირობისა და მიჯნურობის ხარისხთა შეფასების მთელ სისტემას სწორედ ამ საკითხებში გარკვევის მიზნით იძლევა რუსთველი და, ერთი მხრივ, თვით პოემისა და, მეორე მხრივ, პოემით გამოვლენილი მიჯნურობის ხარისხის შეფასებისაკენ, პოემის კრიტიკული კითხვისაკენ სწორედ ამიტომ უბიძგებს იგი მკითხველს - მკითხველმა თუ მსმენელმა, რუსთველის მიერ მოცემული კრიტერიუმით უნდა შეაფასოს მელექსის შაირის ხარისხიც და შაირით გამოვლენილი მიჯნურობის ხარისხიც.
მელექსის შეფასების რუსთველური კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, მოითხოვს მოშაირის პოეტური ოსტატობის შეფასებას. ის, მაგალითად, გვეუბნება:
"ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა"...
.   .   .
"მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად".
და, სთავაზობს რა მკითხველს თავის პოეტურ ქმნილებას, რუსთველი მისგან მოითხოვს კიდეც ლექსის გრძლად თქმის ხარისხის შეფასებას. შაირის ამ მაჩვენებლით შეფასება შედარებით ადვილი საქმეა, რადგან ლექსის გულდასმით წაკითხვაც კი არ არის აუცილებელი, აღიარო, რომ "ვეფხისტყაოსნის" მინიმუმ 1600 რუსთველური სტროფი ნამდვილად არის გრძლად თქმული ლექსის ნიმუში და, რომ პოეტს, მართლაც, ძალუძს გრძელ ლექსთა თქმა, მაგრამ, რუსთველისვე განმარტებით, "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი", და, ცხადია, შაირობის ხარისხის შეფასებისათვის ეს მახასიათებელიც აუცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანია.
ის ფაქტი, რომ პოემის არაერთი წინადადება აფორიზმადაა ქცეული და ზეპირად იცის ყველა ქართველმა, უდაოდ ადასტურებს რუსთველის, როგორც მელექსის მაღალ ღირსებებს - გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის ხელოვნებაც რუსთველთან უმაღლეს ხარისხშია აყვანილი.
დაინტერესებული და გულისყურიანი მკითხველი კი ადვილად და სწრაფად მიდის დასკვნამდე, რომ პოეტის საქმიანობის შედეგის შეფასებისათვის ჩამოთვლილ კრიტერიუმებზე უფრო მნიშვნელოვანი და არსებითია ის, რომ
"შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,"
ანუ მკითხველისათვის ნათელია, რომ შაირი, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს მისი საღმრთოობისა და მსმენელისათვის მარგებლობის ნიშნით და სწორედ ამის საფუძველზე გაკეთდეს დასკვნა მელექსის მიჯნურობის ხარისხზე, ანუ ასეთი შეფასების შედეგად გაირკვეს, არის თუ არა თავად მელექსის მიჯნურობა ნამდვილად საზეო საქმე და მისი შაირი - "საღვთო" და "საღვთოდ გასაგონი".
მას შემდეგ კი, რაც მსმენელი, ან მკითხველი პოემის შეფასებისას დარწმუნდება, რომ მელექსის შრომის შედეგით ხილულად არის გამოვლენილი "საქმე საზეო" და შაირი მარ- თლაც საღმრთოა, მაშინ ერთი ნაბიჯია იმის რწმენამდე, რომ საზოგადოდაც ადამიანის საქმიანობა მართლაც შეიძლება ისე შეერწყას საზეო საქმეს, რომ იგი ღვთისათვის სათნო შედეგით, საღმრთოდ ამქვეყნადვე ხილულად გამოვლინდეს.
მიჯნურობის შეფასების რუსთველური სისტემით ვიცით, რომ მიჯნურობის ხარისხთაგან უმაღლესი, ანუ პირველი მიჯნურობა არის აღმაფრენათა მომცემი საღმრთო სიახლე - "საზეო საქმე" და, რადგან, კვლავ რუსთველური შეფასებითი სისტემით, შაირობა, თავისი დანიშნულებით, არის "საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი" საქმე, გვეძლევა პრინციპული მნიშვნელობის დასკვნა თუ სწავლება:
ადამიანის საქმიანობის ორი სფერო: ერთი - სოფლად ბედით რგებული საქმიანობა და მეორე - მიჯნურობის უმაღლესი სახე, "საქმე საზეო", შეიძლება გაერთიანდეს, გამთლიანდეს და გამოვლინდეს ერთი პიროვნების საქმიანობის შედეგით მიუხედავად იმისა, მუშის, მეომრის, მელექსის თუ მეფის ფუნქცია არგუნა კაცს ბედმა. და ესაა რუსთველის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი დასკვნა.
თავისი შემოქმედების შედეგით პოეტი არაპოეტებსაც არწმუნებს, რომ ყოველი ადამიანის საქმიანობის ხილული შედეგით გამომჟღავნდება მისი მიჯნურობის ხარისხი. მიჯნურობის ხარისხით კი საზოგადოდ უნდა შეფასდეს ყოველი კაცი მიუხედავად იმისა, მეომრის საქმე არგუნა მას ბედმა, მელექსის თუ მუშისა. რუსთველი "ვეფხისტყაოსნით" იძლევა იმ თეორიული დასკვნის ექსპერიმენტულ საფუძველს, რომ ამქვეყნიური საქმით ნამდვილად არის შესაძლებელი საზეო საქმის ხორცშესხმა და გამოვლენა. ამ დასკვნას მკითხველი უკვე პოემიდან ამოკრეფილი მაგალითების საფუძველზე აკეთებს, პირველ ყოვლისა, ავთანდილის მაგალითის საფუძველზე, რომელიც არის როგორც სანიმუშო მეომარი, ასევე სანიმუშო მიჯნური, მიჯნური რომლის მიჯნურობის ხარისხის ზრდა სიუჟეტის დონეზე ყველასთვის ხელშესახებად, თვალნათლივ აშკარავდება.
კერძოდ, პოემა მიგვითითებს, რომ ავთანდილში მიჯნურობის ზრდის დაწყებას სათანადო ძალისა და მიმართულების ბიძგი დასჭირდა და ასეთი ბიძგი აღმოჩნდა ავთანდილის გაგზავნა მეფისა და მიჯნურის, თინათინის დადაგული გულის წამლის საძიებლად. და მას შემდეგ, რაც თინათინმა თვალნათლივ იხილა ავთანდილში მის მიერ დანერგილი სიყვარულის ზრდის ფაქტი, ის კმაყოფილი მიმართავს დაბრუნებულ მიჯნურს:
"მზე ეტყვის: მომხუდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:
პირველ, შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა,
მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა,
ვჰპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!"
და, რადგან პოეტი პროლოგში გვიმხელს:
"დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი",
არ შეიძლება გაუძლო ცდუნებას და არ აღიარო, რომ რუსთველიც დადაგული გულის წამლის ძიებაშია, და, ვფიქრობ, რომ რუსთველის აღიარებასა და თინათინის სიტყვებს შორის კავშირი უფრო ხელშესახებად წარმოაჩენს პოეტის განზრახვითი ქმედების იმ ძირითად მიზანს, პროლოგშივე მოტანილი სხვა სტროფებით რომ ხდება ნათელი და რომელთა საფუძველზეც ვასკვნით, რომ მსმენელში მიჯნურობის ზრდისაკენ ბიძგის მიცემა არის რუსთველის მთელი განზრახვითი ქმედების ძირითადი მიზანი.
როცა ავტორი თავის ნაწარმოებს თან ურთავს რაიმე შეფასებითს სისტემას, მაშინ იგი, ალბათ, ვარაუდობს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მკითხველი მის ტექსტს ამ სისტემით შეაფასებს. მაგრამ თუკი, დამატებით, ავტორი მკითხველს ტექსტის შეფასებისაკენ აშკარად მოუწოდებს, მაშინ საფიქრებელია, რომ ამ გამჟღავნებული წადილის ასრულება ავტორის ძირითადი მიზნის მიღწევისათვის უნდა იყოს აუცილებელი. და სწორედ ასეთი ვითარებაა აღბეჭდილი "ვეფხისტყაოსანში".
რუსთველური მოწოდება:
"მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი",
ან მსმენელის საყურადღებოდ გამოთქმული პოეტის აღიარება:
"მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა"
და ამავე დროს მოტანილი მისი სიტყვები:
"ჩემი აწ სცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია",
ან წამაქეზებელი სიტყვები:
"ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული",
ან სხვა მსგავსი გამოთქმები, იმის უტყუარი დასტურია, რომ რუსთველი მსმენელსა თუ მკითხველს პოემის ტექსტისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისაკენ ღიად და აშკარად უბიძგებს. ეს პრინციპული მნიშვნელობის ფაქტი კი უდავოდ მოწმობს, რომ პოეტის ძალისხმევა არის მიზანმიმართული საქმე და მის მიერ არჩეული მიზნის მიღწევისათვის მსმენელის თანამონაწილეობა არის აუცილებელი.
ასე რომ, ერთი მხრივ, პოეტის მიზანია საღმრთო შაირით არგოს მსმენელს, კერძოდ ხელი შეუწყოს მასში სიყვარულის ზრდას და საზეო მიჯნურობისაკენ მის სწრაფვას. ხელი ისე შეუწყოს "კაცი ვარგის" სოფლად საქმიანობას, რომ ყოველი მისი განზრახვითი ქმედება, თუ მისი ცხოვრების წესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს, დაემორჩილოს და შეერწყას ღვთის ნებას (თავისი დანიშნულებით, ფუნქციითა და შედეგით) და ხილული გახდეს კაცის ღმერთის მსგავსობისაკენ სწრაფვა.
მეორე მხრივ, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შაირმა ამგვარი სარგებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოუტანოს მსმენელს, თუკი თვით მსმენელი დაუახლოვდება და დაემოწაფება პოეტს. აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პოეტისა და მსმენელის ერთად ყოფნა, ერთად "დასხდომა" და ტარიელისათვის ცრემლის ღვრა, მარგალიტად წყობილი გრძელი ლექსის მოსმენისა და გააზრების გრძელ გზაზე. პოეტის ამოცანა საღმრთო და ამავდროულად მეტად რთული სწორედ იმიტომ არის, რომ მისი განზრახვითი ქმედების სრულქმნა მის ძალმოსილებას სცილდება და მსმენელთან ერთად, მხოლოდ მსმენელის თანხმობითა და თანადგომით, ღვთის შეწევნით შეიძლება გასრულდეს.

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.