ნოდარ დუმბაძე
 

ნაწყვეტი წიგნიდან "ფრაგმენტები, შთაბეჭდილებები, გამოსვლები"; 1984 წ. 

არასოდეს ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ, "ვეფხისტყაოსნის" "პროლოგი" მისივე ავტორის დაწერილია, მაგრამ იმის ამოცნობა მუდამ მაწვალებდა და მაინტერესებდა, როდის და რატომ დაიწერა "ვეფხისტყაოსანის" "პროლოგი" და არის თუ არა იგი საერთოდ, "პროლოგი" "ვეფხისტყაოსნისა", თუ არის სულ სხვა რამ?!
ამ წერილმა, შეიძლება, უნდო, სკეპტიკური და ირონიული ღიმილი გამოიწვიოს სპეციალისტთა შორის, მაგრამ არ ვჩივი, მე ამ წერილს პოლემიკის წესით არ ვაქვეყნებ, არც რაიმე მეცნიერული კვლევისა და ნაშრომის პრეტენზიით, იგი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ინტუიციით ნაკარნახები მოსაზრებაა და თუ აქვს ამქვეყნად არსებობის უფლება, მხოლოდ და მხოლოდ როგორც ჰიპოთეზას.
დღეს აღარ არის სადავო, რომ "ვეფხისტყაოსანი’’ თამარის ეპოქაშია დაწერილი. "ვეფხისტყაოსნის" ცალკეულმა ფრაგმენტებმა თუ ხელნაწერებმა (ისიც დაზიანებული სახით), როგორც ეს დღეს გარკვეულია, ჩვენამდე მხოლოდ XV–XVI საუკუნიდან მოაღწიეს. გამოდის, რომ სამი თუ ოთხი საუკუნის მანძილზე იგი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. ზემოთ თქმულთან ერთად, მომდევნო საუკუნეებში "ვეფხისტყაოსნის" გარშემო ამტყდარი ეგზომ დიდი კამათი და დავიდარაბა მაფიქრებინებს, რომ "ვეფხისტყაოსანი" შოთას სიცოცხლეშივე იქნება დაგმობილი და უარყოფილი, როგორც მავნე, საერო, ამორალური, არასაღვთო და მეფის კარისთვის შეუფერებელი ნაწარმოები – სასახლის არისტოკრატიის და, შესაძლებელია, თვით თამარისა და მეფე დავითის მიერაც კი, რა თქმა უნდა, კლერიკალური ეკლესიის გავლენითა და დაბეზღებით, რომელთაც ბოლომდე ვერ გაშიფრეს პოემის ღრმა ფილოსოფიური აზრები.
უნდა ვივარაუდოთ, რომ, ყველა სიკეთესთან ერთად, თვით ავტორიც განკიცხულ და გაძევებულ იქნა სასახლის კარიდან.
თუ იმ საკითხების დებულებებისა და ცნებების მიხედვით ვიმსჯელებთ, რომლებსაც აშუქებს, იცავს და ამტკიცებს რუსთაველი ,,პროლოგში’’, ადვილი მისახვედრია, რომ მას ბრალად ედებოდა:
1. მრუშობისა და სიძვის აპოლოგია;
2. ლექსისა და შაირის დოგმების დარღვევა;
3. უღმერთობა;
და კიდევ ერთი ყველაზე დიდი ბრალდება: ნაცვლად იმისა, რომ ნაწარმოები უნდა ყოფილიყო ქებათა ქება თამარისა და დავითისა – არის უცხო ამბავი, რომელშიც თამარი და დავითი არათუ ხოტბა-შესხმული (ვგულისხმობ თვით პოემას), არამედ ნახსენებიც კი არ არიან.
სწორედ ამ სამმა თუ ოთხმა ბრალდებამ, რა თქმა უნდა, იმასთან ერთად, რომ ,,ვეფხისტყაოსანი’’ საერო ენით არის დაწერილი, განაპირობა მისი უარყოფა. ხოლო ის ფაქტი, რომ ,,ვეფხისტყაოსანი’’ ასე ზეპირად შემოინახა ქართველმა ხალხმა და, თავად რუსთველის თქმისა არ იყოს, ხელიხელსაგოგმანებელი გახადა, გარდა იმისა, რომ საერო ენით იყო დაწერილი, ალბათ იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ იგი აკრძალული იყო. კაცობრიობისათვის არ არის უცხო ლტოლვა ადამიანისა აკრძალული ხილისაკენ.
ჩემი ღრმა რწმენით, "პროლოგი’’ დაიწერა მას შემდეგ, რაც "ვეფხისტყაოსანი" უარყოფილ იქნა და დაიწერა არა როგორც "პროლოგი" და მხოლოდ "მოძღვრება შაირობასა და მიჯნურობაზე", არამედ როგორც, თუ თანამედროვე ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, განმარტება, საჩივარი, ბრალდების საბოლოო სიტყვა და ვედრება. მისი ადრესატია, ღმერთის გარდა, ან თვით თამარი, ან მეფე დავითი, ან ორივე ერთად, ან კიდევ ვიღაც მესამე უზენაეს ხელისუფალთა უახლოესი და მათ შემდეგ განუსაზღვრელ უფლებათა მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია უარყოფილი ნაწარმოებისა და ავტორის ბედის გადაწყვეტა.
"პროლოგი" დაწერილია, თუ აქაც თანამედროვე ტარმინს ვიხმართ, იმ "ჟიურის" იმ ხალხთა წრის, "ფრაქციის", თუ დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელთაც "დაასმინეს" რუსთაველი სასხლის კარზე, გააშავეს, გაწირეს და გაანადგურეს.
რუსთაველი წინასწარ გრძნობს, თუ რა დიდ ძალასთან მოუწევს შეჭიდება და, როგორც წესი, "ბრძოლის" წინ ღმერთს ახსენებს, მეორე სტროფში კი პირდაპირ ევედრება მას:
"ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმნე სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა!
მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა."
ეს სტროფიც ჰგავს ერთი წაკითხვით ღმერთისადმი მიმართულ ტრადიციულ თხოვნას, რომ სატანისგან დამიფარეო, იმ სატანისაგან, რომელმაც თავის დროზე ადამი და ევა შეაცდინა, მაგრამ აქ რუსთაველი მხოლოდ მფარველობას კი არა, სატანის დათრგუნვის ძალას თხოვს ღმერთს და ეს სატანა სწორედ ის ძალაა, რომელიც, ისევე როგორც ყოველ ადამიანს, ნიადაგ ებრძვის მას.
მესამე სტროფის საერთო აზრი ასეთია: ლომს, რომელსაც თამარის შუბისა და ფარის ხმარება შვენის, მას არც კი ვიცი, როგორი ხოტბა შევკადრო.
მის მჭვრეტელს, მისდამი ტკბილეულის (ანუ ყანდის) მირთმევა მმართებსო.
შოთას შუბი და ფარ-შიმშერი ხატოვნად აქვს ნათქვამი, იგი გადატანითი მნიშვნელობით სამეფო ხმალს, მეფის სტატუსს ნიშნავს.
რაღა თქმა უნდა, როდესაც თამარი თავის ქმარს, დავითს სალაშქროდ უშვებდა, საკუთარ, უზენაეს, შეუზღუდავ უფლებებს ანიჭებდა. ასე მაგალითად: ,,ლაშქრობდა დავით ბრძანებითა და გამორჩევითა თამარ სუეალექსანდრიანისაითა’’... ან: ბასიანის ბრძოლის წინ ,,მივიდა თამარ ვარძიას, ვარძიისა ღმრთისმშობლისა წინაშე და ცრემლით შევედრია დავით და სპა მისი; და დროშა მისი სვიანი და ბედნიერად მყოფი გაგზავნა ვარძიით’’.
ამრიგად, სტროფი:
,,ვის შვენის? _ ლომსა _ ხმარება შუბისა ფარ-შიმშერისა მეფისა მზის თამარისა’’... _ იმას კი არ ნიშნავს, რომ დავითი მეფე თამარის ლომია, არამედ იმას, რომ ლომს, ანუ დავითს შვენის თამარის ფარ-შიმშერის, ანუ სამეფო საჭურვლის, ძალაუფლების (ვიმეორებ, მხოლოდ ბრძოლის დროს) ხმარება, ტარება.
მესამე სტროფის მეოთხე ტაეპი ცოტათი მოულოდნელია, ასეთი ეპითეტების შემდეგ ლომს, მეფეს, ფარისა და ხმლის მატარებელს, და მეფის გვირგვინით თავდამშვენებულ ვაჟკაცს უცებ რაღაც ყანდი უნდა მიერთვას, მაგრამ თუ ამ სტროფს და საერთოდ ;;პროლოგს’’ იმ თვალითა და განწყობილებით წავიკითხავთ, როგორითაც მე ვკითხულობ, ყველაფერი მზესავით ნათელი გახდება, კერძოდ - თამარის ლომს, რომელსაც თამარის ხმლისა და ფარის ხმარება შვენის, რომელიც არც კი ვიცი, როგორი ხოტბის ღირსია. მის მჭვრეტელს ასეთი მწუხარე, სასმენად მწარე ამბის, შემაწუხებელი ამბის, საჩივრის მიტანა კი არა, ტკბილის, ყანდის მითმევა (აღმოსავლური ,,თავაზას’’ მიხედვით), ანუ ტკბილი ამბის მოყოლა მმართებსო. ხოლო მეოთხე სტროფში რუსთაველი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ მთელი ,,ვეფხისტყაოსანი’’ მან მხოლოდ და მხოლოდ თამარის მშვენების შთაგონებით შექმნა:
"თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული.
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არავად გამორჩეული
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული,
ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული."
ცხადია, ეს სტროფი თავის მართლებაა იმ ბრალდებისაგან, თითქოს "ვეფხისტყაოსანში" არ იყოს თამარის ქება.
მეხუთე სტროფში რუსთაველი ყოველგვარი მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკის გარეშე წერს:
"მიბრძანეს მათად საქაბრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე–კბილისა,
ბროლ–ბალახშისა თლილისა, მას მიჯრით მიწყობილისა,
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა."
ესე იგი, მიბრძანეს, ანუ მთხოვეს, დამავალეს თამარის ქება ლექსად მეთქვაო.
როგორც მეხუთე სტროფის მეოთხე ტაეპიდან ირკვევა, რუსთაველს დიდხანს სთხოვდნენ დაეწერა ქებათა ქება თამარისა ლექსად. მე ხაზს ვუსვამ სიტყვას ლექსად. და იგი დიდხანს ყოფილა უარზედ, შემდეგ კი, როგორც იქნა, დათანხმებულა და აკი წერს კიდევაც ,,გასტეხს ქვასაცა მაგარსა, გვრდემლი ტყვიისა ლბილისა’’.
როგორც ჩანს, სულ ბოლოს რუსთაველისათვის თვით თამარს უთხოვია, ან დავითს. ამიტომ დასჭირდა რუსთაველს ეს გენიალური მეტაფორა, რომელიც, სხვათა შორის, იდენტურია ტაეპისა:
"გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი."
მოგეხსენებათ, ყველაზე მაგარ ქვას დედამიწაზე, ალმასს ყველაზე რბილი ლითონით, ტყვიის უროებით ამუშავებენ, რათა წახნაგები არ დაუზიანონ. რუსთაველს სწორედ ამის თქმა უნდა ამ მეტაფორით. უარი არ გამოვიდა, გამტეხა ბოლოს ბრძანებამ, თხოვნამ და დავთანხმდიო.
მხოლოდ ასე უნდა წავიკითხოთ, მეხუთე სტროფი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩვეულებრივ ხალხურ ლექსს დაემსგავსებოდა, სადაც წინა ორ ტაეპს არავითარი ლოგიკური კავშირი არა აქვს მომდევნო ორთან. ამით რუსთაველი ძალიან მორიდებით ამბობს, რომ მე ჩემი ნებით არ დამიწერია ეს ნაწარმოები, თქვენი სურვილითა და ნებით დავწერეო...
"ესე ამბავი სპარსული" რომ არა სპარსულ ამბავს, არამედ სპარსულ სიუჟეტურ ქარგას ნიშნავს, ყველასათვის ცნობილი და გასაგებია, რადგან იმ დროისათვის მთელ აღმოსავლეთში და, კერძოდ, წინა აზიაში ამბის თხრობის რამდენიმე მოდელი არსებობდა, ერთ-ერთი მათგანი ასეთი იყო - ნადირობის დროს მონადირენი ნახავდნენ უცხო მოყმეს, ან უცხო რა წარწერას, ან წააწყდებოდნენ ვიღაცის კვალს, გამოეკიდებოდნენ მას და შემდგომ ამისა იწყებოდა გმირთა თავგადასავალი. და ასე იყო არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ მუსიკაშიც. აღმოსავლეთში არსებობდა და ახლაც არსებობს რამდენიმე მუსიკალური მუღამი და თითქმის ყველა დანარჩენი მელოდიები ამ მუღამების ვარიაციებია, ამ მუღამებში ტრიალებენ. ამიტომ გვანან აღმოსავლური სიმღერები ასე ერთმანეთს, მაგრამ არავის აზრადაც არ მოსვლია ესა თუ ის სიმღერა სხვა რომელიმე სიმღერიდან გადმოწერილ, მოპარულ ან ნასესხებ სიმღერად ჩაეთვალა, ასე რომ "სპარსული ამბავი" სწორედ ერთ-ერთი ასეთი მუსიკალური მუღამი, ანუ მოდელია.
დღემდე გაუგებრობას იწვევს მომდევნო ტაეპი:
"ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები..."
მე მუდამ მანცვიფრებდა ეს ტაეპი და კიდევ ერთი რამ: რაშია საქმე? ვინ აუკრძალა რუსთაველს ლექსის წერა? აკი თვითონ ამბობს: "მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა’"? ან, რატომ ჩაიდინა მან, რუსთაველმა, საჭოჭმანები საქმე თუნდაც იმით, რომ გალექსა მანამდე პროზად ნათქვამი. განა თარგმნილი არ იყო იმ დროს "ვისრამიანი"? ან, თუნდაც თარგმნა მაშინ აკრძალული იყო? ან რისთვის ან ვისთვის სჭირდებოდა რუსთაველს მოკლე და გრძელი შაირის დაპირისპირება? ერთი მხრივ ქება და დიდება მოკლე შაირისა, მეორე მხრივ კი, ერთი შეხედვით, ყოველივე ამის გვერდით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია მტკიცება გრძელი შაირის უპირატესობისა?
საქმე ისაა, რომ იმდროინდელ საქართველოში გრძელი ლექსი, გრძელი შაირი, ამბავი, ისტორია და რომანი ლექსად არათუ არ იწერებოდა, საერთოდ არ არსებობდა და უცხო იყო ქართული ლიტერატურისათვის და ეს იმდენად ბუნებრივი იყო, რომ თვით "ვისრამიანიც" კი, რომელიც დედანში ლექსადაა წარმოდგენილი, პროზად გახლდათ "ნათარგმნები’". ის ფაქტი, რომ ქართულ ლიტერატურაში რუსთაველამდე პოემა არ არსებობს, არ არის შემთხვევითი. საქართველოსათვისაც და რუსთაველისათვისაც "ვეფხისტყაოსანი" პირველი ქართული პოემაა. აი, რატომ ჩაიდინა თურმე რუსთაველმა საჭოჭმანები საქმე. აი, რისი შიში აქვს მას, შიში, რომელიც, ჩვენდა საუბედუროდ, გამართლდა. რუსთაველი "ვეფხისტყაოსნით" საქართველოში ახალ ლიტერატურულ ჟანრს ამკვიდრებდა, იგი ნოვატორია, ახალი ლიტერატურული ჟანრის შემომტანი. დამნერგავი, შემქმნელი და არ არის გასაკვირი, რომ მას, ისევე როგორც ყველა ნოვატორს, ყველა ეპოქასა და ყველა დროში, ებრძოდნენ და უკან ეწეოდნენ. ამ სტროფის და ტაეპის მხოლოდ ასე წაკითხვის შემდეგ გახდა ჩემთვის ნათელი და გასაგები, ადრე ასევე გაუგებარი და ბუნდოვანი ტაეპი:
"ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები."
ეს სტროფი იმ ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც რუსთაველს ეს საქმე დანაშაულად ჩაუთვალა, მაგრამ რუსთაველი არ ღებულობს მათგან ბრალდებას მათი არაკომპეტენტურობის გამო,  მხოლოდ თამარისაგან, ანუ მისი ხელ-მქმნელისაგან, მოითხოვს სასჯელს, იგი მხოლოდ მის ნებას დაემორჩილება და მოიქცევა ისე, როგორც თამარის ნება იქნება, ანუ როგორც თამარს ენებოსო.
რაც შეეხება მერვე სტროფს, არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე მეცხრე. რუსთაველი ამ სტროფში აშკარად ჩივის უზენაესთან, რომ იგი, რუსთაველი, ხელობით, ანუ სიშმაგით ამიტომ სჩადის ამ საქმეს და იმიტომ ხელობს იმისათვის, ვისაც ჯარი სპათა ჰმორჩილებს, ანუ იმიტომ აწუხებს მას, რომ დაუძლურდა ამდენ ბრძოლაში, მისთვის, გამიჯნურებულისთვის წამალი არსით არი, და მან, ანუ თამარმა, ან მისცეს განკურნება, ესე იგი, ან უშველოს, ან მოკლას, დაამიწოს და დაასამაროს მისივე ხელით...
სხვათა შორის, პირველი ტაეპის ბოლო ფრაზა, ჩემი აზრით ამა დარი არავითარ ლიცენციას არ წარმოადგენს სიტყვისას ამა დარსა. ეს გადამწერის უბრალო შეცდომაა და იგი ასე უნდა იკითხებოდეს – ამად არი, ანუ – (ამიტომ) და თუ ამ ტაეპს ასე წავიკითხავთ ყველაფერი გასაგები გახდება.
მე, რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამად არის, ანუ, მე რუსთველი ხელობითა, სიშმაგითა ამიტომ ვიქმ საქმესო.
მეათე სტროფი "პროლოგში" არის ვედრების აპოთეოზი. ეს გახლავთ მზე – ჩამქრალი, განწირული, გაუბედურებული, გაძევებული, უპატრონოდ დარჩენილი და მეფე ლირივით ყველასაგან მიტოვებული კაცის გოდება:
"თვალთა , მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა, გული გამიჯნურდა, მიხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა კმარის, მოსცეს სულთა ლხენა,
სამთა ფერთ საქაბელთა, ლამის ლექსთა უნდა ლევნა."
ესე იგი, ჩემს თვალებს, მისგან თამარისაგან, ანუ მისი უყურადღებობისაგან სინათლედაკარგულებს, მოენატრათ (ენატრამცა) და არა ინატრონ, ახლად ჩენა, ანუ კვლავ ახელა, სინათლის დაბრუნება. აჰა, გამიჯნურებულ, ანუ გაშმაგებულ გულს ველად გაჭრა ხვდომია წილად, მეაჯეთ ვინმე, ვინმემ შემიწყალოს, გამომექომაგოს! მაკმაროს ხორცთა დაწვა და მისცეს სულს ჩემსას ლხენა! დროა ჩემს სამხმოვან სიმღერას (აქ ან სამებაა ნაგულისხმები, ან ტარიელი, ფრიდონი და ავთანდილი) ჰიმნს, საგალობელს თავისი ადგილი მიუჩინოს, ანუ გამოავლინოს მისი ღირსებაო. ეს ვლენა მოწოდებას კი არა გამოვლენას, გამოჩენას გულისხმობს. 

დასასრული 

 
კონსტანტინე გამსახურდია

"ვეფხისტყაოსანი" ერთადერთი ქმნილებაა, რომელშიაც ქართული სული სავსებით განსახიერდა — აქილევსის ფარი, რომელზედაც მთელი მისი თანამედროვე კულტურის სახე მინიატურულადაა ჰეფესტოს ოსტატური ხელით გადმოცემული; ეს დიადი სარკეც ქართული კულტურისა ისეთივე სინთეზია, როგორიც გოეტეს "ფაუსტი" ელლინიზმისა და ქრისტიანიზმისა. "ვეფხისტყაოსანში" იპოვით, როგორც წმინდა უპანიშიდების, ვედანტა ფილოსოფიისა, საკუნტალას, მაჰაბჰარატას, სპარსული პოეზიის, ისე ნეოპლატონიკოსების, ჰომეროსისა და ღვთაებრივ პლატოს სუნთქვას

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.