და ყოველივე ეს თუ ასე არაა, როგორც მე ვკითხულობ, მაშინ გაუგებარია,  რამ აიძულა რუსთაველი მიჯნურობისა და შაირობის მოძღვრების, ტრაქტატის წერისას ასეთ დღეში ჩავარდნილიყო, ან ასეთი ტანჯვა-ვაება და მწუხარება ვინ მიაყენა მას შემოქმედებითს პროცესში? რაშია საქმე?..
პროლოგის მეთერთმეტე სტროფი სავსეა სარკაზმით იმ "არაკომპეტენტური ჟიურის” მიმართ, რომელმაც უარყო მისი ნაწარმოები.
სწორედ ამის გამო წერს რუსთაველი, ღმერთმა ყველას თავისი საქმე მიუჩინა და რაც ბედმა მისცა, იმით დაკმაყოფილდეს, მუშა მუდამ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს... სხვანაირად რომ ვთქვათ, სტროფის აზრია: ლექსის წერა ჩემი საქმეა და თქვენ, სხვები ისეთ საქმეში, რაც არ იცით, ნუ ერევითო.
"ვეფხისტყაოსნის" პროლოგში" რუსთაველი აშკარად დასცინის იმათ, ვისაც მონაწილეობა მიუღია "ვეფხისტყაოსნის" განქიქებაში, ან რამე უკეთური დასცდენიათ მის წინააღმდეგ. იგი დაუნდობლად დასცინის იმათ, ვისაც უცდია თავისი ნაცოდვილარი შეედარებინა ან დაეპირისპირებინა ,,ვეფხისტყაოსნისათვის”.
"მოშაირე არა ჰქვინა, თუ სადმე თქვას ერთი, ორი,
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კრგთა სწორი;
განღა ითქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შოი–შორი,
მაგრა იტყვის: "ჩემი სჯობსო", უცილობლობს ვითა ჯორი."
და სხვა უამრავი.
უკვე მოგახსენეთ და კვლავ შეგახსენებთ მეთორმეტე სტროფიდან იწყება აპოლოგია გრძელი შაირისა და იგი გრძელდება ვიდრე მეთვრამეტე სტროფამდე, და ეს სჭირდება რუსთაველს არა იმისთვის, რომ დამწყებ პოეტებს თუ ყმაწვილ მოლექსეებს ასწავლოს გრძელი და მოკლე შაირის რაობა, წერის ტექნიკა, რიტმი, რითმი და დინამიკა (მოძღვრება თუ გნებავთ, ასე უნდა იყოს თორემ შაირის სიგრძეზე და სიმოკლეზე ლაპარაკი რა მოძღვრებაა). არა, იგი ამკვიდრებს ქართულში ახალ ჟანრს, პოემას და ამით ამართლებს იმ საჭოჭმანო საქმეს, რომელიც ერთ-ერთ მძიმე ბრალდებად წაუყენეს მას.
მეცხრამეტე სტროფი სულ ცალკე დგას ,,პროლოგში. იგი ერთგვარი განმეორება და გამოძახილია მეოთხე სტროფისა (თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული, ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული..) და მას განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა ენიჭება, თუ ერთ ფრიად საყურადღებო დეტალს გავიხსენებთ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერების ისტორიიდან: "ანტონ კათალიკოსს თავის გრამატიკაში მოყვანილი ყავს ციტატი, როგორც ნიმუში ამაღლებული მაღალფარდოვანი სტილისა. ანტონი იქვე მიუთითებს, რომ მას ეს ციტატი აუღია ,,წერილთაგან შოთასთა, რომელ აღწერა ცხოვრებაი მეფის თამარისა".
თუ ეს მართლაც მართალია, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ შოთა მეოთხე სტროფშიც, და განსაკუთრებით კი მეცხრამეტეში სწორედ იმ ნაშრომს, მის მიერ დაწერილ თამარის ქებათა ქებას, ისტორიას გულისხმობს, რომელიც ადრე დაუწერია მას პროზად და არა ლექსად, რომელიც ხელთ ჰქონია ოდესღაც ანტონ კათალიკოსს და რომელიც ამჟამად დაკარგულია ჩვენდა საუბედუროდ.
აი, რას ამბობს შოთა: შეიტყვეთ ყველამ, რომ ამ პოემაში, კვლავ ვაქებ იმას, ვინც ადრე მიქია, და მიქია ისე, რომ თავი არ შემირცხვენია, რაც დიდ სახელად მიმაჩნია. და რაც შეეხება იმ ბრალდებას, თითქოს თამარს არ ვაქებდე, ტყუილია, რადგან, ვინც გულდასმით წაიკითხავს ჩემს ნაწარმოებს, მიხვდება, რომ მისი სახელი ქვემორე, ანუ პოემაში შეფარვით მაქვს ნათქვამი და ვაქებო.
და მართლაც, ნესტან-დარეჯანი ვიღა არის, თუ არა თამარი? ან თინათინი ვიღა არის, თუ არა თამარი?
მე მგონი, ყველაფერი კვლავ მზესავით ნათელი ხდება.
მეოცე სტროფიდან რუსთაველი იწყებს და ბოლო სტროფამდე ცდილობს მისადმი წაყენებულ ყველაზე მძიმე დანაშაულის გაბათილებას, კერძოდ, იმ ბრალდებისას, რომ ,,ვეფხისტყაოსანი’’ არის თხზულება მრუშობასა და სიძვაზე. როგორც ჩანს, რუსთაველის ეპოქაში და ცოტათი მოგვიანებითაც, საქართველოში სიტყვა ,,მიჯნური’’ გაიგივებული იყო სიძვასთან, მეძავეობასთან, ისევე როგორც სიტყვა ბოზი ,,ლამაზი’’ დღემდე მეძავის სინონიმია ჩვენში. ალბათ ამიტომ დასჭირდა რუსთაველს, უმეცართათვის არათუ აეხსნა რაა მიჯნურობა, არამედ ლექსიკონური განმარტებაც კი მიეცა ამ სიტყვისა.
გულუბრყვილობა იქნებოდა ჩვენგან იმის ფიქრი, რომ რუსთაველი ქართველ ხალხს და მკითხველს უმიზეზოდ განუმარტავდა მიჯნურობის არსს. თუ არადა, მაშინ უნდა ვიფიქროთ (ღმართმა დაიფაროს), რომ მთელი საქართველო შოთას დროს სიძვისა და მრუშობის ჭაობში იყო ჩაფლული და იგი მუხლზე დაცემული და ხელაპყრობილი ევედრება მათ:
"იგი სხვაა,სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმათ ჩემი ნაუბარი?"
ეჭვგარეაშეა, რომ შოთა ამას სწორედ იმათ ეუბნება, ვინც "ვეფხისტყაოსანი" მრუშობისა და გარყვნილების აპოლოგიად მიიჩნია. ზემოთაც ვთქვი და ვიმეორებ, მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს ,,ვეფხისტყაოსანის’’ პროლოგი მოძღვრებაა მხოლოდ შაირობასა და მიჯნურობაზე სწორი არ გახლავთ. ეს ფუნქცია და შინაარსი მას მხოლოდ მადლიერი შთამომავლობის მიერ დაეკისრა და ,,დაბრალდა’’ მისი, ანუ პროლოგისა და თვით პოემის აღმოჩენისა და აღიარების შემდეგ, და ,,დაბრალდა’’ სრულიად დამსახურებულად, რადგან მართლაც ძნელია წარმოიდგინოს ადამიანმა, უფრო გენიალური, უფრო ამაღლებული მოძღვრება ლექსისა და მიჯნურობის შესახებ.
ამრიგად, ჩემი ღრმა რწმენით, "ვეფხისტყაოსნის" "პროლოგი" ანუ დასაწყისი’, სულ ბოლოს, ანუ მას შემდეგ, დაიწერა, რაც "ვეფხისტყაოსანი" უარყოფილ, დაგმობილ და განკიცხულ იქნა და დაიწერა არა როგორც დასაწყისი, შესავალი, წინასიტყვაობა, პროლოგი ან მოძღვრება შაირობასა და მიჯნურობაზე, არამედ დაიწერა როგორც ცამდე მართალი, მაგრამ მაინც ბრალდებული კაცის საბოლოო სიტყვა, კლერიკალური ეკლესიისა და სამეფო კარის გონებადახშულ მოხელეთა, კარიერისტთა და ფარისეველთა მიერ შეუცნობელი, ან განგებ შეუცნობელი გენიოსის, უდიდესი ხელოვანის, ნოვატორის ღაღადისი უზენაესის წინაშე. ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ეს გახლდათ მიზეზი რუსთაველის პალესტინაში გარდახვეწისა. სწორედ ამიტომ არის, იგი მუხლმოდრეკილი და ცისკენ ხელაპყრობილად გამოსახული ჯვრის მონასტრის კედელზე, ვითარცა უდიდეს ცოდვათა მონანიების მთხოვნელი.

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.