იერუსალიმის მიდამოებში, ლაზთა მონასტრის მახლობლად, ისტორიის სიავეს გადაურჩა ერთი ქართული მონასტერი, რომელიც ვახტანგ გორგასალს დაუარსებია. XI საუკუნეში ეს მონასტერი აღადგინა ექვთიმე იბერიელის მოწაფემ გიორგი პროხორე შავშელმა და ეწოდა ჯვრის მონასტერი.
ჯვრის მონასტერი აღმოსავლეთში ითვლებოდა ქართული კულტურის ცენტრად. აქ მოდიოდა ქართველ მეფეთა შემოწირულობები (თამარ მეფისა და სხვათა), აქვე მოდიოდნენ ქართველი მოღვაწენი (გრიგოლ ჩახრუხაძე, შოთა რუსთაველი), აქ მოჰქონდათ ქართული კულტურის ძეგლები, აქ კრძალავდნენ საქართველოს დიდებულ პირთა ნეშთებს და სხვ. ამ მონასტრის კედელზე მოხატულია ქართველ დიდებულთა სურათები, მათ შორის მეფე მირიანის, ვახტანგ გორგასლის, პეტრე იბერიელის, იოანე ლაზის, ბაგრატ კურაპალატის, ექვთიმე და გრიგოლ მთაწმინდელების, შოთა რუსთაველის.
1845 წლის მაისში ეს მონასტერი ინახულა ნ. დ. ჩუბინაშვილმა (ცნობილი ლექსიკოგრაფის პროფ. დ. ჩუბინაშვილის ბიძამ, 1788- 1845წ.წ.), მან აღწერა და გადაიღო ეს სურათები და სამშობლოს შემოუნახა (სურათები დაცულია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში (ფონდი A - 1767). ჯვრის მონასტრის მხატვრობა თარიღდება 1643 წლით, საფიქრებელია, რომ მხატვრობა განახლებულ იქნა ამ წელს, ხოლო სურათები იხატებოდა "ჟამითიჟამად" VI-XV საუკუნეებში.
1960 წელს ქართულ მეცნიერთა ექსპედიციამ აკადემიკოსების ა. შანიძის, გ. წერეთლის, ი. აბაშიძის შემადგენლობით აქ გადაიღო შოთა რუსთაველის პორტრეტი და ჩამოუტანა ქართველ ხალხს.
გ. პატარაიამ იერუსალიმის ქართული ტაძარი იორდანის უდაბნოს მიდამოებში ინახულა 1966 წლის მაისში. მისი გადმოცემით, ქართული წარწერები უკვე აღარ არის თავის ადგილზე. ისინი გრუნტითურთ აუჭრიათ, შეუმაგრებიათ წიდახსნარით და ფილების სახით გადაუტანიათ იერუსალიმის მუზეუმში, ე.ი. მოძრავ ექსპონატებად უქცევიათ. ამით ჟამთა ვითარებაში იქმნება მათი დაკარგვის საშიშროება.

ვასილ ჩაჩანიძე
წიგნიდან, "პეტრე იბერიელი და ქართული მონასტრის
არქეოლოგიური გათხრები იერუსალიმში"
1974 წ.

 

WordPress plugin
 

ახლოს სანახავად ერთხელ დააწკაპუნეთ მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ  

იერუსალიმის ქართული სავანის — ჯვრის მონასტრის სიძველეთა შემსწავლელი პირველი სამეცნიერო ექსპედიცია 1960 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოეწყო ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძისა და გიორგი წერეთლის შემადგენლობით. ძველი ქართული წყაროების მონაცემებით, მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე გამოხატული უნდა ყოფილიყო შოთა რუსთაველის პორტრეტი. მანამდე არსებულ აღწერილობათა (ტიმოთე გაბაშვილის, ნიკო ჩუბინაშვილის, ალექსანდრე ცაგარელისა და სხვ.) მიხედვით ექსპედიციამ მიაგნო ფრესკის ადგილს, რომელიც მთლიანად შავი საღებავით იყო დაფარული. საღებავის ზემოთა ფენის მოშორების შემდეგ შესაძლებელი გახდა ფრესკის მთლიანად აღდგენა. მასზე გამოხატულია საერო ტანსაცმელში გამოწყობილი, ორი წმინდანის — იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის — წინაშე მუხლმოდრეკილი და ხელაპყრობილი შოთა რუსთაველი. აღდგა ფრესკის წარწერაც, რომელიც მანამდე წყაროებში ზუსტად არ იყო ფიქსირებული: "ამისა დამხატავსა შოთა(ს) შეუნდვნეს ღმერთმან, ამენ", პოეტის გამოსახულების ქვემოთ მინაწერია: "რუსთველი". სამეცნიერო ექსპედიციამ ფრესკის ფერად ფოტოებთან ერთად საქართველოში ჯვრის მონასტრის სხვა ფოტომასალაც ჩამოიტანა. შოთა რუსთაველის იერუსალიმური პორტრეტი თავისი სიძველითა და მნიშვნელობით უნიკალური მონაპოვარია პოეტის ბიოგრაფიისათვის~ – ასე ასახავს მოვლენას `ქართული საბჭოთა ენციკლოპედია~, მაგრამ მოდით, თვით ამ ექსპედიციის ხელმძღვანელს — ირაკლი აბაშიძეს მოვუსმინოთ:

26 ოქტომბერი

"მე მონასტრის საყდრის ცენტრში ვდგავარ და ვათვალიერებ ირგვლივ ყოველივეს, ავცქერი გუმბათს, დავცქერი იატაკს, იატაკი მოფენილია მოზაიკითა, ანუ ფერადის მარმარილოთი, რომელზედაც შესავალთან სტოვაში ეკლესიის კარებწინ მოჩანან ცხადად შავი ნიშნები – ვითარცა კვალნი სისხლისა აქ მოწყვეტილთა ქრისტეს სარწმუნოებისათვის მონაზონთა სარკინოზთაგან", – მაგონდება ისევ...
აი ეს კვალიც, იატაკზე, მოზაიკის კენჭებში მტკიცედ ჩამხმარი ქართველთა სისხლის კვალი აქა-იქ ნისლებივით ჩანს. როდინდელია? ვისია? და ზედ ცენტრში, ამ უცნაური ნისლების შუაგულში იატაკში ჩაჭედილი ლითონის დისკო შევნიშნე ზედ ქართული ასომთავრული წარწერით. სწრაფად გავძახე კედლების წარწერებითა და ფრესკებით გართულ აკაკი შანიძეს და გიორგი წერეთელს, ისინიც მოვიდნენ, ამოვიკითხეთ: "დექით მტკიცედ და შეურყეველად". ჟრუანტელმა ამიტანა. ამ პატარა ლითონის დისკომ თითქოს ქვემოდან ამწია და ჰაერში შემისროლა. თითქოს იატაკიდან ამოვარდა გუგუნი თავგანწირულთა მოწოდებისა, თუ მახვილდაკრულთა ხმაჩახლეჩილი ძახილი სადღაც საუკუნეების გაღმიდან. 

 6 ნოემბერი, ნაშუადღევი

"ვაშა, გამოჩნდა, გამოჩნდა დიდებული სახე ბრძენი მოხუცისა, ამაყი, მაგრამ ღრმად კაეშნიანი... თითქოს ნაცნობი სახე. საოცრად ნაცნობი სახე. მთელ სვეტზე აღმართული წმინდანების: იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის ფერხთა შორის დგას იგი, ხელაპყრობილი... აგერ ბოროტთა ლექსთა მთქმელი შოთა რუსთაველი "მეჭურჭლეთუხუცესი"... როგორც ტიმოთე გაბაშვილი ამბობდა, რა დიდებული მხატვრობაა!"

პოეტი-აკადემიკოსის სიტყვებს ერთიც დავძინოთ – რას ნიშნავს, რომ წმინდანების ფერხთით არის გამოსახული შოთას მუხლმოდრეკილი ფიგურა (ვოტიური ფიგურა) ამგვარად გამოისახებოდნენ ქტიტორები (დიდი შემწირველები), ან ფრესკებზე გამოსახავდნენ მათ, ვისაც მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღოდა მონასტრის ისტორიაში.

ირაკლი აბაშიძის ქალიშვილის – ირინეს მოგონებები (ჩაწერილია 2008 წელს)

"მამას უნდოდა მსოფლიოსთვის დაენახვებინა, რომ საქართველო არის რუსთაველის ქვეყანა. აკაკი შანიძესთან და გიორგი წერეთელთან ერთად ექსპედიციის წევრები უნდა ყოფილიყვნენ შალვა ნუცუბიძე, გიორგი ჩუბინაშვილი (ან ვახტანგ ბერიძე), ლაპარაკი იყო გურამ თიკანაძის გამგზავრებაზეც, მაგრამ, მოგეხსენებათ, ეროვნულ პროექტებზე ლაპარაკი კრემლში ჭირდა, წასვლას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მახსოვს რა ბედნიერი იყო მამა, ფაქტობრივად, ეს იყო ქართველი საბჭოთა მეცნიერების პირველი გასვლა იერუსალიმში. თავის მოგონებებში მამა წერს: `სულგანაბული მივადექით გალავნის დაბალ, მაგრამ უზარმაზარ ქვებში მოთავსებულ რკინის კარებს. მე არ ვიცი, რომელი ჩვენთაგანი უფრო ვაჟკაცურად შევიდა მონასტრის გალავანში, შევედით კი სამივე... ესეც ჯვრის მონასტრის საყდარი!.. შევდგით შიგ ფეხი, სამასი წელი მაინც იქნება ქართველთაგან აქ არავის უგალობნია~. მამა მიამბობდა, რომ მონასტერში ისინი გალობით შევიდნენ. მამა მღეროდა, მე ასე ვიცი, რომ ბატონ აკაკისაც კარგი ხმა ჰქონდა. მამა იუმორით ამბობდა, გიორგიც, როგორც შეეძლო, წამოგვეშველაო. ქართველი ხალხისთვის შოთა რუსთაველის პორტრეტის აღმოჩენა ეროვნულ მოვლენად იქცა.
მას აქეთ ოთხი ათეული წელიწადი ნატრობდნენ ქართველი მეცნიერები სერიოზული ექსპედიციის მოწყობას წმინდა მიწაზე, ეს 2001 წლის დეკემბერში გახდა შესაძლებელი. 17 დეკემბერს წმინდა მიწას ოთხთვიანი ექსპედიციით ეწვია 12 კაციანი ჯგუფი. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პროფესორი თამილა მგალობლიშვილი, მის შემადგენლობაში იყვნენ სხვადასხვა პროფილის მეცნიერები და ორი მონაზონი. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ხელოვნებათმცოდნეები ცდილობდნენ ჯვრის მონასტრის მოხატულობის შესწავლას, მხატვრობაში სხვადასხვა ფენების გამოვლენასა და დათარიღებას, მართლაც შოთა რუსთაველის ფრესკაზე აღმოაჩინეს კიდეც მხატვრობის სამი ფენა, მაგრამ მასპინძელი მხარე, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო, კვლევების გაგრძელებას ყოველმხრივ შეეწინააღმდეგა...
2004 წლის ივლისში საქართველოში შეიტყვეს იმის თაობაზე, რომ იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში რუსთაველის ფრესკა განადგურდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა ამ ფაქტის გამო და სამ ივლისს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რივკა კოენს გადაეცა ნოტა, რომლითაც საქართველო ისრაელის მთავრობას არსებული ვითარების გარკვევას სთხოვდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ დაზიანებული ფრესკა ქართველი რესტავრატორების მონაწილეობის გარეშე აღადგინეს, თუმცა ქართველ მეცნიერთა მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე.
2005 წლის მაისში იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დაკვეთით იერუსალიმის სიძველეთა დეპარტამენტმა დაასრულა შოთა რუსთაველის ფრესკის აღდგენა. აღდგენაზე მუშაობდა ისრაელელი რესტავრატორი ხაიმ კაპშიცი. მან სამუშაო ძალზე კეთილსინდისიერად შეასრულა – მთლიანად გადაარჩინა ფრესკის შემორჩენილი ნაწილები და მხოლოდ ზემოდან გადაფარა ახალი ფენით. 2005 წლის ნოემბერში ხაიმ კაპშიცმა ქართველ მეცნიერებს სრულად გადასცა შესრულებული სამუშაოს მასალები. იგი ამ დროს ძალზე ავად იყო და ასეთი რამ თქვა: ჩემი ცხოვრება დაიწყო შოთა რუსთაველით და, როგორც ჩანს, შოთა რუსთაველით ვასრულებ სიცოცხლესო (ბავშვობაში მას თურმე თავისი რუსი დიდედა "ვეფხისტყაოსანს" ზღაპარივით უყვებოდა). ამდენად, რუსთაველის ფრესკა კვლავაც ელის მეცნიერ-რესტავრატორებს.

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.