გიორგი ლეონიძე

წიგნიდან, "ლიტერატურული მემკვიდრეობა"; ტფილისი 1935 წ.  

დიდ სასიხარულო ამბავში ჩასათვალია "ვეფხისტყაოსნის" ახალი, ჯერ სრულიად გამოუკვლეველი და შეუსწავლელი ხელნაწერის რუსეთში გამოჩენა. იგი 1853 წ. გაუტანიათ საქართველოდან – მწერალს ალექსანდრეორბელიანს (1802 -1869) მაშინდელ მთავარმართებელ მ. ს. ვორონცოვისთვის ძღვნად მიურთმევია – ასე გვიამბობს მისი დროისათვის გამოცვლილი ყდის რუსული წარწერა პლატონ იოსელიანის (1809 - 1875) ხელით შესრულებული. ეტყობა, ალ. ორბელიანს იოსელიანის ხელით და შეიძლება მისსივე რჩევითაც, მიუძღვნია იგი ვორონცოვისათვის (პლატონ იოსელიანი ვორონცოვის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ ითვლებოდა. ალექსანდრე ორბელიანი კი დიდი პატრიოტი, 1832 წლის შეთქმულობის ლიდერი, რუსეთის ხელისუფლების სასტიკი მოძულე მწვავე განწყობილებაში იყო ვორონცოვთან, რომელიც ძველ შეთქმულს საიდუმლო მიმოწერას აბრალებდა შამილთან. შეშინებული ორბელიანი ყოველნაირად ცდილობდა ვორონცოვის რისხვის დაწყნარებას და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ხელნაწერი, სწორედ იმ ხანებში გასაჩუქრებული, ალექსანდრე. ორბელიანმა გულისმოსაგებად მიუძღვნა მთავარმართებელს. თავისი სიძველის მიხედვით ჩვენს ხელნაწერს ალექსანდრე ორბელიანზე ადრე სხვა პატრონებიც ჰყოლია.

*    *    *

როგორც პირველხარისხოვანი ძეგლი, იგი დიდი ინტერესების აღმძვრელია. ამჟამად ჩვენ სრულიად არ ვეხებით მის ტექსტოლოგიურ ანალიზს და ვერ ამოვსწურავთ მისს ღირსება–მნიშვნელობას, რადგან ხელნაწერის კვლევა-ძიება გრძელდება, ვიდრე კი ყურადღების მისაქცევია ის გარემოება, რომ იგი "ვეფხისტყაოსნის" პირველი გამომცემელის და რედაქტორის ვახტანგის ნაქონი, ანუ მისი სამუშაო ეგზემპლართაგანი ყოფილა, როგორც მემკვიდრეობით მისი მამის ლევანისგან მის ხელში გადმოსული. ზემოთმოყვანილ პლატონ იოსელიანის ტრადიციულ ცნობაში ნათქვამია, რომ ვახტანგს თავისი გამოცემის ბეჭვდის დროს ჩვენი ხელნაწერიდან უსარგებლია და თითქოს მისი ორთოგრაფიული შეცდომებიც კი გაუმეორებია. 
თუ იოსელიანის ცნობა ზედმიწევნითი გამოდგა და სანდო წყაროდან მომდინარე – მაშინ ხელნაწერში შენახულა ვახტანგის რედაქტორული მუშაობის კვალიც. ასე, აშიებზე უზის ჯვრები "ვეფხისტყაოსნის" დამატებათა იმ სტროფებს, რომელნიც ვახტანგს და მის კომისიას, საფიქრებელია, მიაჩნდა "ვეფხისტყაოსნის" ძირითად ტექსტის შემადგენელ ნაწილად. პლატონ იოსელიანის ცნობის სიმართლის შესამოწმებლად საჭიროა ჩვენი ხელნაწერის ტექსტის, მისი რიგის და ორთოგრაფიული შეცდომების ზუსტი შესწავლა და შედარება. ხოლო თუ საფუძვლიანმა ძიებამ იოსელიანის ტრადიციულ გადმოცემასთან ჩვენი წინასწარი დაკვირვებანიც გაამართლა, მაშინ თავისთავად გადაწყდება ერთი მნიშვნელოვანი და მეტად სადავო პრობლემა –  დაბეჭდა ვახტანგმა "ვეფხისტყაოსნის" უცვლელი ტექსტი, თუ მან რედაქტორული შემოკლებანი შეიტანა.
ზაზა ციციშვილისეულ ხელნაწერის ღირსება სხვათა შორის იმაშიც მდგომარეობს, რომ მან გაგვაცნო "ვეფხისტყაოსნის" ერთი ახალი ინტერპოლატორი  – იოსებ ტფილელი, რომელსაც რუსთველის ტექსტში საკუთარი ნაწარმოებიც ჩაურთავს – ანდერძები ავთანდილისა და ტარიელისა. დიდმოურავიანის ავტორი  – ბრწყინვალე პოეტი  – ლექსის მუსიკალობით, ხალხური სიტყვის ტენდენციით და ლაკონიზმით –  შესაფერად არ არის შეფასებული ჩვენს მწერლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ტფილელის დიდმოურავიანი ფართე მკითხველ მასებში თვით უკანასკნელ დრომდე საყვარელ წიგნად იყო მიღებული. ტფილელის პოეზიას მისი დაუნდობელი მტრებიც კი დიდად აფასებდნენ. 

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.