თამარ ბარბაქაძე
 

XX საუკუნის 30-იან წლებში, ვიდრე კონსტანტინე გამსახურდია "დიდოსტატის მარჯვენის" ბეჭდვას შეუდგებოდა (1938 წ.), იგი ბევრს ფიქრობდა "ვეფხისტყაოსნის" პოეტიკის საკითხებზე. ამის დასტურია მისი "აპოლოგია რუსთაველისა" და "ვეფხისტყაოსნის ტექსტის ფინალისათვის" (1934 წ.). შემთხვევითი არც ის არის, რომ კონსტანტინე გამსახურდია "დიდოსტატის მარჯვენას" "სარაინდო რომანს" უწოდებს. შესაძლოა, რომ თხზულების წერის დროს მას გაეთვალისწინებინა "ქართული საგმირო რომანის იდეალის" (კ. გამსახურდია) – "ვეფხისტყაოსნის" კომპოზიცია.
"დიდოსტატის მარჯვენის" თავების რაოდენობა თითქმის ემთხვევა "ვეფხისტყაოსნის" მოცულობას (61 თავისაგან შედგება "დიდოსტატის მარჯვენა", ხოლო "ვეფხისტყაოსანი" 63 თავს აერთიანებს). პოემის მსგავსად, კ. გამსახურდია თავის თხზულებას ურთავს პროლოგსა და ეპილოგს, სადაც თავის შეხედულებებს გვთავაზობს რომანის პერსონაჟებზე, მწერლის დანიშნულებასა და სხვა
საკითხებზე.
კომპოზიციის საფუძველს ეპოსსა და დრამაში, როგორც ცნობილია,
სიუჟეტი წარმოადგენს.
"ვეფხისტყაოსნის" კომპოზიციური საყრდენია ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სიყვარული, რომელიც ეფუძნება შემდეგ სიუჟეტურ ქარგას: დაკარგვა-ძიება-პოვნა. კონსტანტინე გამსახურდია
"ვეფხისტყაოსნის" დინამიკის სათავედ თვლის "ვეიკოს" ანუ წაკიდებას, ჩხუბს, რომელიც ბოლოს დასრულდება "სპაიროსით" (გაერთიანებით, შერიგებით).
თუ გავითვალისწინებთ რუსთველოლოგიაში არსებულ შეხედულებებს "ვეფხისტყაოსნის" ორღერძიანი კომპოზიციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მას ორი თანაბარუფლებიანი მთავარი გმირი ჰყავს – ტარიელი და ავთანდილი – კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაშიც" ორი მთავარი გმირია – გიორგი I და კონსტანტინე არსაკიძე.
"ვეფხისტყაოსნის" დასაწყისი თავები: როსტევან მეფის სასახლეში, ნადირობა, უცხო მოყმის გაუჩინარების გამო ავთანდილის მოგზაურობა და ა.შ. ერთგვარად ანალოგიას პოულობს "დიდოსტატის მარჯვენის" შესაბამის თავებთან: გიორგი მეფის სასახლეში, მამამზე ერისთავისა და გიორგი მეფის ნადირობა, მამამზეს გაუჩინარება დათვთან შებრძოლების შემდეგ, ფხოველთა ამბოხის გამო მეფის დამწუხრება, კათოლიკოსის მოგზაურობა ფხოვში და ა.შ.
"
დიდოსტატის მარჯვენის" ერთ-ერთი ეგზოტიკური ეპიზოდია ავაზებით ნადირობა და ქალის ალეგორიული წარმოსახვა ავაზის მხატვრული სახის მეშვეობით; ამ მხრივაც საგულისხმო პარალელის გავლება შეიძლება "ვეფხისტყაოსანში" აღწერილ ნადირობის სცენასთან, როდესაც ფარსმან მეფე იწვევს ხატაელებთან გამარჯვებულ ტარიელს ავაზებით სანადიროდ; ნესტან დარეჯანის სიმბოლურ – ალეგორიული წარმოდგენა ვეფხის, ავაზის მეშვეობით, უნდა გამხდარიყო საფუძველი შორენას მსგავსებისა ავაზასა და ნებიერასთან.
საგულისხმოა უცხო მოყმისა და არსაკიძის პირველი გამოჩენის ეპიზოდების მსგავსება და საყვარელი ქალის მოპოვებისათვის უდანაშაულო მსხვერპლშეწირვის აუცილებელი რიტუალი ორივე ნაწარმოებში.
მცხეთაში მოპატიჟებული, საცოლესთან ჩამოსული გირშელი ჯვარის დასაწერად ემზადებოდა, მაგრამ ფხოველთა ამბოხების ჩახშობისას გაიწირა იგი მეფე – რაყიფის მიერ ისევე, როგორც ინდოეთში მიწვეული ხვარაზმელი სასიძო – ტარიელის მიერ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გვეჩვენება ორივე ეპიკური ქმნილების ფინალი. პოემის ოპტიმისტური ფინალის ნაცვლად, "დიდოსტატის მარჯვენის" ბოლო თავები რომანის გმირთა აღსასრულის ამსახველია. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან, კ. გამსახურდია XX ს. 30-იან წლებში, ქვეყანაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე, ქმნიდა რომანს.
"ვეფხისტყაოსანში" ბოროტება ქაჯეთის ციხის მხატვრული სახით არის დაკონკრეტებული, რომლის დამარცხება რაინდს პირდაპირი იერიშით შეეძლო, "დიდოსტატის მარჯვენაში" კი, ეპოქის
შესაბამისად, ფარსმანის ბეზღობასა და ცილისწამებას პირიქით, რაინდობა ეწირება.
პოემის ფინალურ თავებს წინ უსწრებს ქაჯეთის აღება. "დიდოსტატის მარჯვენაში" ბოროტების სიმბოლოს დამარცხების სცენად წარმოგვიდგება ქორსატეველას ციხის აღება, რომლის დამხობა დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაინც, საქართველოს გაერთიანების დასაწყისად აღიქმება.

 
ნიკოლოზ ტიხონოვი

შოთა რუსთაველის დიდებულმა ქმნილებამ "ვეფხისტყაოსანმა" დიდი ხანია მოიარა მთელი მსოფლიო, გაეცნო ახლობელ
და შორეულ ქვეყნებს ისევე,
როგორც მისი გმირები. თავის
სამშობლოში იგი შეუსისხლხორცდა ხალხის ცხოვრებას, მოეფინა ანდაზებად,
თქმებად, ბრძნულ აფორიზმებად,
შევიდა თვითეულ სახლში, თან ახლდა ქართველს ბავშვობაში წაკითხული პირველი ფურცლებიდან
ღრმა მოხუცებულობამდე

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.