თუკი შევადარებთ რუსთაველის პოემისა და "ვისრამიანის" გმირებს, ე.ი. ადამიანებს, რომლებიც იმავე არისტოკრატიული წრის წარმომადგენლები არიან, რომელსაც ეკუთვნიან თინათინი და ავთანდილი, ნესტანი და ტარიელი, ადვილად დავრწმუნდებით, რომ "ვეფხისტყაოსნის" იდეალიზებული სახეები გურგანის (ფახრ უდ-დინ ასად გურგანის) პოემის გმირთა სრული ანტიპოდები არიან. რუსთაველი უმღერის წმინდა, ამაღლებულ სიყვარულს, სრულყოფილი ადამიანის საუკეთესო თვისებებს: ერთგულებას სიყვარულსა და მეგობრობაში, მეგობრისათვის თავდადებას. მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო რამ ხდება გურგანთან. მისი გმირები გაცილებით უფრო "მიწიერნი" არიან. ისინი იბრძვიან თავიანთი გრძნობების დაკმაყოფილებისათვის და არ ერიდებიან ტრადიციული მორალის დარღვევასაც. თავიანთი ფლიდობითა და ეშმაკობით შეუძლიათ შეედავონ და კიდევაც დაჩაგრონ ბოკაჩოს ყველაზე უფრო მოხერხებული და გაქნილი გმირებიც.

სოლომონ იორდანიშვილი


"ვეფხისტყაოსანი" და სპარსული ლიტერატურა

რუსთველის მხრივ სპარსული ლიტერატურის ნაცნობობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მის პოემაში სპარსული ლიტერატურული თხზულებების გმირები იხსენიება; მაგალითად, ფირდოუსის "შაჰ-ნამედან" მოხსენიებულია რ ო ს ტ ო მ ი, ნიზამის "ლეილმაჯნუნიანიდან"
ყ ა ი ს ი (კაენ), გორგანის "ვის ო რამინიდან" ვ ი ს ი  დ ა  რ ა მ ი ნ ი და უცნობი ავტორის "სალამანიდან" ს ა ლ ა მ ა ნ.

*  *  *

"ვისრამიანი" და "ვეფხისტყაოსანი" ერთი ეპოქის ძეგლებია. "ვისრამიანი"... რამდენიმე ათეული წლით მაინც უსწრებს წინ დიდი რუსთაველის ქმნილებას. მათ შორის ბევრია საერთო ლექსიკის, ცალკეული გამოთქმების და სხვა ენობრივი მონაცემების თვალსაზრისით. ნათქვამი იმას არ ნიშნავს, რომ "ვეფხისტყაოსანის" ავტორი "ვისრამიანის" მთარგმნელსაა დასესხებული... საკითხი: იცნობდა თუ არა რუსთაველი "ვისრამიანის" ქართულ თარგმანს, არც ისე ადვილად გადასაწყვეტია... როგორადაც არ უნდა ვიფიქროთ, ერთი რამ ცხადია: "ვისრამიანისა" და "ვეფხისტყაოსნის", როგორც ერთ ეპოქაში წარმოშობილი თხზულებების, ლექსიკის საკითხების კვლევა ერთმანეთს უკავშირდება.

დავით კობიძე

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.