"ლეილმაჯნუნიანის", ისევე როგორც "ვეფხისტყაოსნის", სტილი მეტაფორულია. ნიზამისა და რუსთველის პოეტური მეტყველება უმთავრესად მეტაფორას ეყრდნობა, თუმცა ორივე პოეტის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს სხვა მხატვრული ხერხების (ეპითეტი, შედარება) გამოყენებას...
"ლეილმაჯნუნიანსა" და "ვეფხისტყაოსანში" ასტრალური სიმბოლიკის მხატვრულ საშუალებად გამოყენებაში მთავარი ადგილი უჭირავს მზისა და მთვარის მეტაფორას. ორივე პოემაში ხშირად გვხვდება ისეთი სახე, სადაც მზესა და მთვარეს დაკარგული აქვს საგნობრივი მნიშვნელობა და პერსონაჟთა სიმბოლოდ გვევლინება...
"ლეილმაჯნუნიანში", ისევე როგორც "ვეფხისტყაოსანში", უხვად გვხვდება ისეთი საყოველთაოდ ცნობილი მეტაფორული სახეები, როგორიცაა ვარდი, სარო, ალვა, ნარგისი, მარგალიტი და სხვა. ეს სიმბოლოები ორივე პოემაში მხატვრული მეტყველების ძირითად მასალას წარმოადგენს... პერსონაჟთა თვალების დასახასიათებლად ორივე პოემაში გვხვდება ნარგისი... ნიზამისთან არ გვხვდება ისეთი შედარება, როგორიცაა "მელნის ტბა", "მელნის მორევი". ასევე, რუსთველისათვის პერსონაჟთა თვალების დასახასიათებლად უცხოა ვარდი, სადაფი, მუშკი. თმების დასახასიათებლად რუსთველი შემდეგ სახეებს იყენებს: ყორან თმიანი, თმა გიშერი, ყორნის ბოლო, ყორნის ფრთა. ნიზამი კი – ზილფები, როგორც ღამე, ყვავის ბრჭყალები, ია, ჯაჭვები და ა.შ. რუსთველი ბაგე-კბილის აღწერისათვის მეტწილად მიმართავს ვარდს (ბაგე), მარგალიტს, ბროლს, სადაფს (კბილისათვის). ნიზამისთან ბაგე შედარებულია შაქართან, თაფლთან, ლალთან... რაც შეეხება გმირთა განცდების, სულიერი მდგომარეობის ასახვას, ამ შემთხვევაშიც, ორივე პოემაში თითქმის იდენტური სურათი გვაქვს. ნიზამისა და რუსთველის გმირები ძალიან ხშირად ტირიან ...აღსანიშნავია, რომ ორივე პოემაში ყველაზე ხშირად ცრემლის მეტაფორად გამოყენებულია მარგალიტი.
"ლეილმაჯნუნიანის", ისევე, როგორც "ვეფხისტყაოსნის" გმირებს მწუხარებისგან გული მისდით...
რუსთველიცა და ნიზამიც გმირთა განცდების, სულიერი მდგომარეობის ასახვისას ჰიპერბოლიზაციის ხერხს მიმართავენ. პერსონაჟთა მიერ დაღვრილი ცრემლები, ორივე პოემაში შედარებულია ზღვასთან, ტბასთან, მდინარესთან. ორივე ნაწარმოების მთავარ გმირებს მწუხარების ჟამს უსულო საგნებიც კი თანაუგრძნობენ... ორივე პოემის გმირები მწუხარებისაგან თავში ქვას იცემენ, სახეს იკაწრავენ, მუნჯდებიან... ...ნიზამის პერსონაჟები შედარებულია გველს, ჭიას, ჩანგს. მსგავსი სახეები "ვეფხისტყაოსანში" არ გვხვდება... საყურადღებოა დ. კობიძის შენიშვნა, რომ "ვეფხისტყაოსანში" იმ მეტაფორებსა და შედარებებს, რომელთაც კი შეიძლება რაიმე ნათესაობა აღმოაჩნდეთ საერთოდ სპარსულ პოეზიასთან და კერძოდ ნიზამის შემოქმედებასთან, სულ სხვა გააზრება და განლაგება აქვთ მიღებული, ვიდრე სპარსული პოეზიის ქმნილებაში". მართლაც, თვალსაჩინოა განსხვავება! "ლეილმაჯნუნიანიცა" და "ვეფხისტყაოსანიც" ინდივიდუალური პოეტური მეტყველებით ხასიათდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსთველისა და ნიზამის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება მსგავსი მხატვრული სახეები.

ნათია სვინტრაძე

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.