ყველამ იცით, რა არის კალეიდოსკოპი, რომლის სიღრმეში ერთი და იგივე ნაჭრებ-ნატეხებისაგან სდგება გასაოცრად სხვა და სხვაგვარი ლამაზი სურათი, როცა ოდნავ მოატრიალებ ღერძზედა. სწორედ ასეა "დონ-კიხოტსა" და "ვეფხისტყაოსანს" რომ შეადარებთ გულდასმით: ელემენტები სრულიად ერთნაირია და მთლიან სურათებს კი მივიღებთ სულ სხვადასხვანაირს. ორივე პოემაში ლაპარაკია სხვადასხვანაირ სიყვარულზე: მეგობრობა-დაძმობაზე; პოეზია-ლექსთა წყობაზე; მეფეთა სამსახურ-ერთგულებაზე; ბრძოლაზე მტრებთან, ქაჯებთან, დევებთან, მხეცებთან, მეკობრეებთან და სხვ.
ორივე ნაწარმოების გმირები ერთნაირი გაბედულობით გადალახავენ დაბრკოლებას და ესწრაფიან ქალის უწმინდეს სიყვარულს, რომლის დაბრკოლებას სიგიჟემდე მიჰყავს განმცდელნი მისნი...
ორივე სავსეა აფორიზმებით, ანდაზებით, სენტენციებით, გლოსებით "მაგარი" სიტყვებით და სხვ. მაგრამ რამდენად ზედმიწევნითაა შოთას ყოველი სიტყვა, ლექსიდან ერთი ასო ვერ ამოიგდების და რამდენად ტლანქია "დონ-კიხოტის" გრძელ-გრძელი მიმოხვრანი ენისა თუ ლექსისა!..
...ამრიგად, მანძილი ორ ნაწარმოებს შორის დიდია, უზარმაზარი და მაინცა ჰგვანან ერთმანეთს, როგორც სურათი და ნეგატივი - ესაა გასაკვირველი.

რევაზ გაბაშვილი

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.