ელგუჯა ხინთიბიძე
 

1611 წელს ინგლისში სამეფო დასისთვის ლიცენზირებული იქნა ფრენსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის პიესა "მეფე და არა მეფე", რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. იგი ინგლისის სცენაზე იყო ასი წლის მანძილზე, XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე თანამედროვენი ბომონტისა და ფლეტჩერის დრამატურგიას (და მათ შორის `მეფე და არა მეფეს~) შექსპირის შემოქმედების დონეზე აყენებდნენ.
ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში ეს პიესა მრავალმხრივი შესწავლის საგანია. ერთი უმთავრესი კუთხე ამ კვლევა-ძიებისა თხზულების უშუალო თუ არა უშუალო წყაროს ანუ ფაბულის ძირითადი ქარგის საკითხს ეხება. საქმე ისაა, რომ თხზულების თანახმად მოქმედება მიმდინარეობს იბერიაში, მაგრამ მასში მოთხრობილი ამბავი არც ავტორთა დროინდელ იბერიასთან ამყარებს რაიმე მიმართებას და არც ისტორიულ იბერიასთან. მეორე მხრივ, იმ დროის ევროპის და საკუთრივ ინგლისის ლიტერატურაში იბერიის თემის შემოტანა მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. პირიქით, სწორედ ამ პერიოდიდან, XVII საუკუნის დამდეგიდან, იწყება იბერიის გამოჩენა ინგლისურ ლიტერატურაში და მალე მთელი ევროპული ლიტერატურისათვის საქართველო, რომელსაც მაშინ იბერიის სახელით იცნობენ, აღმოსავლური ეგზოტიკის ერთ მიმზიდველ კუთხედ იქცევა. ამ თვალსაზრისით, "მეფე და არა მეფე" ერთ-ერთი უპირველესი თხზულებაა.
მიჩნეულია, რომ "მეფე და არა მეფის" ავტორები იცნობენ ზოგიერთ ბერძნულ და რომაულ საისტორიო წყაროს იბერიაზე და სომხეთზე, მაგრამ იყენებენ მათ ორიოდე შემთხვევაში თხზულების პერსონაჟთა მოაზრებისას, ასევე ამ ორი ქვეყნის სამხედრო დაპირისპირების ფაქტზე დაყრდნობისას. მაგრამ ამავე დროს ისიც აშკარად გამოჩნდა, რომ ბომონტისა და ფლეტჩერის იბერიის თემაზე გათამაშებული პიესის ფაბულის უშუალო წყარო უცნობად რჩება. ამდენად თვლიან, რომ, ალბათ, იგი მთლიანად ავტორების მიერაა მოფიქრებული.
ამავე დროს, საქმე გვაქვს XVI საუკუნის დასასრულის ევროპულ ლიტერატურულ სტილთან: ამდროინდელი ავტორი ეძებს თავისი ლიტერატურული ქმნილებისათვის ფაბულას, ძირითად ქარგას; გადაამუშავებს მას: ამბავს გადაიტანს სხვა ქვეყანაში, შეცვლის მოქმედ პირთა სახელებს, გადაასხვაფერებს სიუჟეტის განვითარების ხაზს, შეცვლის ფინალს და სხვა. მაგრამ მისი ნაწარმოების ფაბულას რაღაც წყარო აქვს; იგი თითქმის ყოველთვის რაღაც ამბიდან ამოდის. ხშირად ასეა შექსპირის პიესების შემთხვევაშიც. ესაა საზოგადოდ ძველი - ანტიკური და ადრინდელი შუასაუკუნეებიდან მომდინარე ლიტერატურული შემოქმედების სტილი: ავტორი თითქმის ყოველთვის გადაამუშავებს მითოსის, ძველი ეპიკური ტრადიციის, ძველი საისტორიო მოთხრობის თუ გადმოცემის რაღაც ეპიზოდს.
"მეფე და არა მეფის" შემთხვევაში მოქმედება კონკრეტულად იბერიაში მიმდინარეობს, ხოლო პიესის ფაბულის წყარო არ ჩანს, რაც ფრ. ბომონტისა და ჯ. ფლეტჩერის შემოქმედებისათვის საზოგადოდ მოულოდნელია. მიჩნეულია, რომ ამბები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ თავიანთი პიესებისათვის, ალბათ არც ერთ შემთხვევაში არ იყო მათი ფანტაზიის ნაყოფი, ანუ მათ მიერ მოფიქრებული.
ჩემი დაკვირვებით, ბომონტისა და ფლეტჩერის პიესის ძირითადი ქარგა პროვოცირებულია საქართველოს ლიტერატურული ტრადიციის ყველაზე დიდი ძეგლით, XII საუკუნის დასასრულის ქართველი მწერლის შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსნით". "მეფე და არა მეფის" სიუჟეტის ძირითადი ხაზი - პრინცისა (მეფისა) და პრინცესის სასიყვარულო ინტრიგა საწყის იმპულსს იღებს ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის ისტორიიდან. თითქოს, ავტორებმა გადაამუშავეს და საკუთარი შემოქმედებითი პრინციპებით გარდაქმნეს "ვეფხისტყაოსნის" ინდოეთის სიუჟეტური ხაზიდან მომდინარე ძირითადი ქარგა.
ამავე დროს, რუსთველოლოგიური ლიტერატურის თანახმად, ყველაზე ძველ ფაქტად "ვეფხისტყაოსნის" ევროპულ სამყაროში შეღწევისა მიჩნეულია XIX საუკუნის დასაწყისში კიევის მიტროპოლიტის ევგენი ბოლხოვიტინოვის მიერ საქართველოზე დასტამბულ წიგნში რუსთველის პოემის პირველი სტროფის თარგმნა და პოემის შინაარსის მოთხრობა. ასე რომ, ჩემს მიერ შემოთავაზებული თვალსაზრისი ჩვენს წარმოდგენას ვეფხისტყაოსნის ევროპულ სამყაროში შეღწევაზე ორი საუკუნით წინ გადაიტანს. ჩემი არგუმენტები ბომონტისა და ფლეტჩერის პიესის "მეფე და არა მეფის" ფაბულის "ვეფხისტყაოსნის" ძირითადი ქარგიდან მომდინარე ამბავთან მიმართების თაობაზე შემდეგია.
1. ფრ. ბომონტისა და ჯ. ფლეტჩერის თხზულების შეყვარებული წყვილის რომანტიკული ინტრიგის ქარგის საყრდენი სიუჟეტური ფაქტები, დროული და სივრცული კოორდინატები ანუ კარკასი "ვეფხისტყაოსნისეული" ინდოეთის ამბავს ემთხვევა: პიესისეული იბერიის პრინცი (ახალგაზრდა მეფე), სახელად არბასესი, სინამდვილეში არაა მეფისა და დედოფლის შვილი, იგი შვილადაა აყვანილი იმ მიზნით, რომ სამეფოს მემკვიდრე ჰყოლოდა. მეფეს და დედოფალს ნამდვილი შვილი, ქალიშვილი, სახელად პანთეა, მოგვიანებით შეეძინათ. იბერიის სამეფოდ აყვანილ ვაჟიშვილს, პრინცს, და ჭეშმარიტ პრინცესას ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ამ ქარგას აქცევენ ბომონტი და ფლეტჩერი თავიანთი ტრაგიკომედიის საყრდენად - კარკასად. მასზე აგებენ პიესის სიუჟეტს საკუთარი შემოქმედებითი პრინციპებით - სიტუაციების სწრაფი ცვლილებებით, დრამატიზმის სწრაფი განტვირთვითა და ახალი დრამატიზმით; კონტრასტებით და მოულოდნელობებით; ბედნიერი დასასრულით. ბომონტისა და ფლეტჩერის პიესის ძირითადი
ქარგის ეს სამივე საყრდენი სიუჟეტური ფაქტი, დროული და სივრცული კორდინატი ზუსტად ემთხვევა "ვეფხისტყაოსნისეული" ინდოეთის სამეფო კარის დრამატული ისტორიის სამივე
საყრდენ სიუჟეტურ ფაქტს: ტახტის მემკვიდრედ ახალშობილი ტარიელის შვილად აყვანა; მოგვიანებით სამეფო კარზე ქალიშვილის - ნესტანის დაბადება; მემკვიდრე ვაჟისა და პრინცესის მიერ თავდავიწყებით ერთმანეთის შეყვარება.
2. "მეფე და არა მეფის" ფაბულის ძირითადი ქარგის საყრდენი სიუჟეტური ფაქტების თანხვედრას "ვეფხისტყაოსნის" ინდოეთის ამბის ფაბულის დროულ და სივრცულ კოორდინატებთან
შემდგომი მსგავსებებიც მოსდევს, უკვე პიესის სიუჟეტში. ინგლისური პიესის იბერიის სამეფო კარზე უფლისწულის - არბასესის შვილად აყვანიდან პრინცესის დაბადებამდე იმდენივე დრო გადის, რამდენიც - ინდოეთის სამეფო კარზე უფლისწულის - ტარიელის შვილად აყვანიდან ნესტანის დაბადებამდე. და რაც უფრო არსებითია, ორივე თხზულებაში ამ დროის ხანგრძლივობაზე მითითებულია. და თანაც ორივეში ერთნაირად: დაზუსტებულია რამდენი წლის იყო შვილად აყვანილი უფლისწული, როცა დედოფალი დაორსულდა.
3. იბერიის პრინცი და პრინცესა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში განაცალკევეს და, ისევე როგორც "ვეფხისტყაოსნის" ინდოეთში ტარიელმა და ნესტანმა, მხოლოდ დიდი ხნის დაშორების შემდეგ ნახეს ერთმანეთი. როგორც `ვეფხისტყაოსნის~ ინდოეთის, ასევე ინგლისური პიესის იბერიის ამბის დრამატული კვანძი აქ გაინასკვა: ტარიელს უზომოდ შეუყვარდა ნესტანი. ასევე ხდება ბომონტისა და ფლეტჩერის პიესაში. იბერიის მეფე უნუგეშოდ მოიხიბლა პრინცესის ხილვით - ტრაგიკული კვანძი შეიკრა.
4. მსგავსება უფრო ღრმად მიდის. უეცარი სიყვარულის სწრაფ და უზომო ემოციას იბერიის პრინცის ფიზიკური დაძაბუნება და გონების არევა მოჰყვა, რასაც დეტალურად აღწერენ ბომონტი და ფლეტჩერი: მას თითქოს მეტყველების ძალაც წაერთვაო. პრინცესა ევედრება: რამე თქვი, ხომ არ დამუნჯდიო. უახლოესი მრჩეველი და სარდალი ეუბნება: უპასუხე რაიმე, ხეც კი ამოიდგამდა ენას მისთვის (პრინცესისთვის) რომ ეპასუხაო. არბასესის ქცევა, შეკითხვები და მოთხოვნები სიტუაციის არა ადეკვატური გახდა. მის მხლებლებს ეშინიათ, ხომ არ გაგიჟდაო. გონს მოგებული არბასესი თვითონაც ამბობს, რომ იგი უკვე სხვაა, დაძაბუნდა, არ შეუძლია საკუთარი ტანის ზიდვა. უახლოესი მრჩეველი ევედრება: წადი, დაისვენეო. ასევე ხდება "ვეფხისტყაოსანში". სიყვარულის სწრაფმა ემოციამ ტარიელი ფიზიკურად დააძაბუნა და გონება დაუკარგა:
"დავეცი, დავბდნი წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა".
"რა სულად მოვე." – განაგრძობს იგი ამბის მბობას, –
"შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა".
ასე რომ, ინგლისური პიესის რომანტიკული ინტრიგის ქარგის არა მხოლოდ ძირითადი დროული და სივრცული კოორდინატები ემთხვევა "ვეფხისტყაოსნის" ინდოეთის ამბის სასიყვარულო ინტრიგის კარკასს, არამედ ორივე თხზულების დრამატული კვანძის განასკვა თითქმის აბსოლუტურად ერთნაირად ხდება.
სწორედ ეს პიესაა მიჩნეული ბომონტისა და ფლეტჩერის ტრაგიკომედიების ერთ-ერთ კლასიკურ ნიმუშად. ინგლისელი ავტორები ამ პიესაშიც მიდიან მათთვის ჩვეული, ტიპური გზით: ეძებენ და ირჩევენ არატიპურ სიტუაციებს, ნაკლებად დასაჯერებელ ამბავს. სამეფო კარის ორ მემკვიდრეს ერთმანეთი შეუყვარდებათ; მოსალოდნელი იყო პირიქით (რომ ისინი ერთმანეთის მტრები გამხდარიყვნენ). მოულოდნელ სიტუაციას ტრაგიზმისკენ სვლა სჭირდება და ავტორები თემას ტრაგიზმისათვის ხედავენ მათი შემოქმედებისათვის ნაცნობ სისხლისაღრევის ცოდვის ღრმა ფსიქოლოგიური განცდის დამუშავებაში. ამისთვის მათ სჭირდებათ, რომ ტახტის მემკვიდრეებმა არ იცოდნენ, რომ ისინი არ არიან ჭეშმარიტი და-ძმანი. არბასესის ჭეშმარიტი მამა, ერთხანს ქვეყნის ყოფილი გამგებელი და ამჯერად მეფის მრჩეველი, და დედოფალი სიმართლეს უამბობენ ახალგაზრდა მეფეს, აღმოჩნდება, რომ მეფე არ არის მეფე. ეს ამბავი, რაც არბასესის მეგობრებს და
სარდლებს აწუხებთ, არბასესს ახარებს: ყველაფერი მზადაა მეფის და პრინცესის შესაუღლებლად.
"ვეფხისტყაოსნის" ინდოეთის ფაბულის მსგავს დროულ და სივრცულ კოორდინატებზე აგებული სიუჟეტი იქცა ბომონტისა და ფლეტჩერის სტილის ტიპურ ტრაგიკომედიად.
ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ამ ტრაგიკომედიის უკვე დამოუკიდებელ სიუჟეტში, თითქოსდა, შიგა და შიგ ისევ გვხვდება "ვეფხისტყაოსნის" მხატვრული სიუჟეტური ფაქტები. თითქოს რუსთველისეული ინდოეთის მხატვრული სივრციდან შემდგომი რემინისცენციებიც აშკარააო.
ახალგაზრდა მეფისა და პრინცესის სიყვარულის გაცხადება ამ უკანასკნელისგან იწყება. საომრად დიდი ხნით წასულ მეფეს დაჟინებით უთვლიან მისი დის მშვენიერებაზე და მისდამი კეთილგანწყობაზე. პრინცესაც პირველი შეხვედრისთანავე დიდ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს არბასესს და თითქოს პასუხსაც სთხოვს. ნესტანის და ტარიელის სიყვარულის გაცხადებაც ხომ ნესტანისგან იწყება.
არბასესისა და პანთეას სიყვარულში ფიგურირებს ქალის წერილი. არბასესის მრჩეველი, იგივე ქვეყნის დროებითი მმართველი, რომელსაც პრინცესას დაცვაც აქვს მინდობილი - გობრიასი (აღმოჩნდება, რომ იგია მეფის ნამდვილი მამა) ქალს არბასესისადმი წერილის მიწერას ურჩევს და თვითონვე მიართმევს ამ წერილს მეფეს. `ვეფხისტყაოსნის~ ინდოეთის წყვილის რომანში ქალის წერილებს, და იქაც სასიყვარულო ინტრიგის დარგში, პრინციპული დატვირთვა აქვს. ბომონტისა და ფლეტჩერის პიესის მიხედვით პრინცესის საქმრო, მეზობელი ქვეყნის ახალგაზრდა მეფე, იბერიის სამეფო კარზე არბასესს შემოჰყავს, იგი იწყებს საქორწილო სამზადისს და ამ ამბავს სასახლეს აცნობებს. მაგრამ მასვე უმალვე მოუხდება ამ სატრფოს გზიდან ჩამოშორება და ციხეში გაგზავნა. ანალოგიური სიტუაციაა, მხოლოდ თავისი სპეციფიკით, "ვეფხისტყაოსნის" ინდოეთშიც: ნესტანის საქმროდ მოწვეულ მეზობელი ქვეყნის უფლისწულს სამეფო მიღებას ტარიელი უწყობს. მასაც სასწრაფოდ მოუხდება მეტოქის ჩამოშორება და მოკვლა. პიესის მეფის საბრძოლო შემართების ზოგიერთი ეპიზოდი "ვეფხისტყაოსნის" ტარიელის გმირობის ეპიზოდების რემინისცენციას იწვევს. კერძოდ: სომხეთზე ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ არბასესის დამარცხებული მეფითურთ იბერიაში შემოსვლის ინფორმირება მოგაგონებთ ტარიელის ხატაეთის დამარცხების შემდეგ ხატაელთა დატყვევებული მეფით ინდოეთში დიდებულ შემოსვლას. არბასესის უახლოესი მეგობარი და სარდალი, როცა სიყვარულით გონება დაბინდულ და დაუძლურებულ მეფეს უცქერის, რამდენიმე დღის წინ ამ მეფის უთანასწორო ომში შესვლას ამგვარად იხსენებს: "ის, ვინც ორიოდე დღის წინ იხილა ამ გმირი მოყმის შემართებით შევარდნა შუბების ტყეში და
ახლაც უცქერის მას, საკუთარ თვალებს კვლავ აღარასოდეს დაუჯერებს". "ვეფხისტყაოსნის" მცოდნეს უთუოდ მოაგონდება ტარიელის უთანასწორო ომი ხატაელთა ლაშქრის წინააღმდეგ:
"ახლოს მივე, შემომხედნეს, "შმაგიაო" ესე თქვესა,
მუნ მივმართე მკლავმაგარმან სად უფროსი ჯარი დგესა;
კაცს შუბი ვკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიხდეს მზესა;
შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ "ვაქებ ხმალო ვინცა გლესა".
"შიგან ასრე გავერიე, გლონის ჯოგსა ვითა ქორი;
კაცი კაცსა შემოვტყორცი, ცხენ–კაცისა დადგი გორი;
კაცი ჩემგან განატყორცნი ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
ერთობ სრულად ამოვსწყვიტე წინაკერძი რაზმი ორი."
"მეფე და არა მეფის" ფინალი, თანახმად ბომონტისა და ფლეტჩერის ჩვეული სტილისა, ბედნიერია. მაგრამ ფინალს მაინც აქვს სპეციფიკა: სცენიდან საქორწინოდ გამზადებული ხელი-ხელ ჩაკიდებული ორი ბედნიერი წყვილი გადის - იბერიის სამეფოდ გაზრდილი არბასესი და ნამდვილი პრინცესა პანთეა; სომხეთის მეფე ტიგრანესი და მისი ერთგული საცოლე - სპაკონია. "ვეფხისტყაოსნის" ფინალშიც ხომ ორი ბედნიერი წყვილის ქორწილია - ინდოეთის სამეფოდ გაზრდილის და ნამდვილი პრინცესისა და არაბეთის სამეფო წყვილისა.

 
დევიდ ლანგი

"ვეფხისტყაოსანი" მხოლოდ
სასიყვარულო ამბავი არ გახლავთ.
ეს არის ჰიმნი მეგობრობისა, ერთგულებისა, მაღალი მისწრაფებებისა. ძალიან იშვიათად არის ხოლმე პოეტური ხედვა ასე ფართო, ყოვლისმომცველი და მშფოთვარე,
იმდენად აბობოქრებული, რომ თითქოს ეს-ეს არის სამყარო უნდა შეეჯახოს რაღაცას, აღრიოს იგი პირველყოფილ ქაოსში. მაგრამ დიადი პოეტის შემოქმედებითი სუნთქვა აშოშმინებს ამ აზავთებას, დაჰყავს იგი მკაცრ ჰარმონიულობამდე

დასასრული

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.