"ვეფხისტყაოსანი" უკვე დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს და მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა შორის საპატიო ადგილი დაიმკვიდრა.
1802 წელს ევგენი ბოლხოვიტინოვმა სანკტ პეტერბურგში რუსულად თარგმნა პოემის შესავლის ერთი სტროფი. აქვეა მოცემული ცნობები რუსთაველზე და მის პოემაზე. 1845 წელს "ვეფხისტყაოსნის" არასრული თარგმანი რუსულ ენაზე განახორციელა რუსმა პოეტმა იპოლიტ ბარდინსკიმ. ხოლო "ვეფხისტყაოსნის" პირველი პოეტური თარგმანი რუსულ ენაზე გამოჩენილ რუს პოეტ კონსტანტინე ბალმონტს ეკუთვნის. ქართულ პოემას იგი ასე გაეცნო: საოკეანო ხომალდით მოგზაურობისას კ. ბალმონტი შეხვდა მარჯორი უორდროპის ძმას – დიპლომატ ოლივერ უორდროპს, რომელიც კითხულობდა თავის ძმის მიერ ინგლისურად თარგმნილ "ვეფხისტყაოსანს". ბალმონტი იმდენად დაინტერესდა პოემით, რომ გადაწყვიტა შესდგომოდა მის თარგმნას. გამოჩენილი მეცნიერი პროფესორი შალვა ნუცუბიძე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა "ვეფხისტყაოსნის" რუსულ თარგმანზე, რომელიც 1940 წელს დაასრულა. თარგმანს ლიტერატურული რედაქცია გაუკეთა პოეტმა ს. გოროდეცკიმ. ეს გამოცემა მნიშვნელოვანია იმი- თაც, რომ პოემის ერთი სტროფი თარგმნა იოსებ სტალინმა. ეს ნათარგმნი სტროფი შ. ნუცუბიძის თარგმანში 1416-ე სტროფად არის შესული:
"ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი.
რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი.
სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი,
იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი"
"Вдруг коней вперед рванули, засвистели плети мигом,
Кони врезались, весь город огласился воем, визгом.
С трех сторон втроем ворвались, понеслися буйно, с гиком,
Гром атаки, бой литавров вмиг смешались с воплем, криком."
ფრანგულ ენაზე პოემის ჩინებული თარგმანი შეასრულა ქართველი ხალხის დიდმა მეგობარმა და მისი კულტურის პატივისმცემელმა მარი ფელისიტე-ქსავიე ბროსემ. 1828 წელს მან შეასრულა "ვეფხისტყაოსნის" ფრაგმენტების პროზაული თარგმანი, ხოლო მოგვიანებით მისი სრული თარგმანიც განახორციელა, რომელიც არ გამოცემულა, უნდა ინახებოდეს პოეტის პირად არქივში. ერთხანს "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ თარგმანზე მუშაობდა ელისაბედ ორბელიანიც, მან განათლება სორბონის უნივერსიტეტში მიიღო და 1918 წელს მიიწვიეს ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტის ლექტორად. ელისაბედ ორბელიანი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ლექტორი ქალი, სტუდენტებს ასწავლიდა ფრანგულ და ინგლისურ ენებს. "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ თარგმანზე ის წელიწადნახევარი მუშაობდა. იმდროინდელი პრესის ერთსულოვანი აზრით, ელისაბედ ორბელიანის თარგმანი რუსთაველის მხატვრული სახეებისა და აფორიზმების ზუსტი გადმოცემით გამოირჩეოდა.
საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი მწერალი ალექსანდრე ხოძკო დაუახლოვდა ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებს: ნ. ბარათაშვილს, ალ. ჭავჭავაძეს, ს. დოდაშვილს, გ. ერისთავს, გრ. ორბელიანს, მ. თუმანიშვილსა და სხვებს. მან XIX საუკუნის 30-იან წლებში პირველად გააცნო პოლონელ ხალხს შოთა რუსთაველის შემოქმედება. პოლონურ ენაზე "ვეფხისტყაოსნის" მეორე მთარგმნელი იყო საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი ინჟინერი კაზიმირ ლაპჩინსკი. იგი თბილისში 1847 წლიდან ცხოვრობდა და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ მწერალთან, ქართული თეატრის ფუძემდებელ გიორგი ერისთავთან. პოლონელმა მკითხველმა 1863 წელს იხილა "ვეფხისტყაოსნის" მეორე პროზაული თარგმანი.
XIX საუკუნის ოთხმოციან წლებში გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა მეცნიერი და მწერალი არტურ ლაისტი, რომელიც შეუდგა ქართული კულტურის, უპირველესად კი - "ვეფხისტყაოსნის" შესწავლას. რუსთაველის პოემით მოხიბლული ა. ლაისტი შეუდგა მის თარგმნას გერმანულ ენაზე და 1889 წელს დრეზდენში გამოსცა კიდეც. მისი მეორე გამოცემა გამოვიდა 1938 წელს ლაიფციგში. სიცოცხლის ბოლო წლები მან საქართველოში გაატარა, დაკრძალულია საქართველოში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. "ვეფხისტყაოსნის" თარგმნა გერმანულ ენაზე სცადეს ცნობილმა ავსტრიელმა საზოგადო მოღვაწემ და ლიტერატორმა ქალმა - ბერტა ფონ ზუტნერმა და მისმა მეუღლემ არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერმა, რომლებიც სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მიწვევით XIX საუკუნის 80-იან წლებში ცხოვრობდნენ ზუგდიდსა და გორდაში. მათ იონა მეუნარგიას დახმარებით თარგმნეს პოემის დიდი ნაწილი. სამწუხაროდ, თარგმანი დაკარგულად ითვლება და მისი გამოცემა ვერ მოხერხდა.
ინგლისურ ენაზე რუსთაველის უკვდავი პოემა, ილია ჭავ- ჭავაძის კონსულტაციითა და დახმარებით, თარგმნა მწერალმა ქალმა მარჯორი სკოტ უორდროპმა. 1938 წელს მოსკოვში გამოვიდა ამ თარგმანის მეორე გამოცემა, რომელსაც დართული აქვს ელ. ორბელიანისა და ს. იორდანაშვილის შენიშვნები და კომენტარები. 1938 წელსვე მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი ტექსტის მიხედვით გალექსილი "ვეფხისტყაოსანი" გამოიცა ნიუ-იორკში.
1964 წელს ჩილეს დედაქალაქ სანტ-იაგოში გამოვიდა "ვეფხისტყაოსნის" სრული პროზაული თარგმანი. იგი ჩილელმა ლიტერატურულმა მოღვაწემ, ადვოკატმა გუსტავო ალფრედო დე ლა ტორე ბოტარომ თარგმნა. თარგმანს წამძღვარებული აქვს პროფესორ გაიოზ იმედაშვილის წინასიტყვაობა.


ვასილ ჩაჩანიძე,
წიგნიდან, "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიოს ხალხთა ენებზე, 1980 წ.

ნუცუბიძისეული გამოცემა სტალინის მინაწერებით.
მასალა მოგვაწოდა ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმმა
ახლოს სანახავად, ერთელ დააწკაპუნეთ 

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.