სესილი გოგიბერიძე

ქართველებს გვეამაყება, რომ "ვეფხისტყაოსნის" არაერთი თარგმანია შესრულებული მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ოთხი ინგლისური თარგმანია. საგულისხმოა ისიც, რომ მთარგმნელთაგან მხოლოდ ერთია ქართველი - ქალბატონი ვენერა ურუშაძე, დანარჩენები კი გახლავთ - ინგლისელები: მარჯორი უორდროპი და ქეთრინ ვივიენი და ამერიკელი რობერტ სტივენსონი. თვით ეს ფაქტიც მიუთითებს უცხოელთა დაინტერესებაზე ამ ნაწარმოების მიმართ.
ლიტერატურული თარგმანი არ არის მხოლოდ ამბის ერთი ენიდან მეორეზე გადატანა, ეს არის დიალოგი ენათა და კულტურათა შორის. სწორედ ამიტომ მთარგმნელი ზედმიწევნით კარგად უნდა ფლობდეს ორივე ენას, კარგად იცნობდეს ორივე ქვეყნის კულტურულ გარემოს და ჰქონდეს სათანადო ოსტატობა, ტექნიკა, რათა შეძლოს მაქსიმალურად ზუსტად გადმოსცეს სათარგმნი ნაწარმოების სულისკვეთება, სტილი და ესთეტიკა.
ინგლისელი მკითხველი კლასიკოსთა არაერთ ჩინებულ თარგმანს იცნობს, რომელთა შორისაა ჯორჯ ჩეპმენის მიერ მე-16 საუკუნეში თარგმნილი "ილიადა", რობერტ ფიტცჯერალდის მიერ ნათარგმნი "ოდისეა", კონსტანს გარნეტის მიერ ნათარგმნი ტოლსტოის, დოსტოევსკის, ჩეხოვის ნაწარმოებები. თითოეული მთარგმნელის წინაშე დგება საკითხი, რას მიანიჭოს უპირატესობა ტექსტისადმი ერთგულებას, თუ მკითხველის გემოვნებასა და აღქმის თავისებურებებს.
განსაკუთრებულ სირთულესთანაა დაკავშირებული პოეტური ნაწარმოების თარგმნა, მით უმეტეს მაშინ, თუკი ეს ნაწარმოები პოეტური ხელოვნების ისეთ მწვერვალს წარმოადგენს, როგორიცაა "ვეფხისტყაოსანი". ბრიტანელები ამბობენ, რომ ის, ვინც გაიგებს ჯეიმს ჯოისის "ულისეს", დალაშქრავს ლიტერატურის ჯომოლუნგმას. ანალოგიურად შეიძლება ითქვას, რომ "ვეფხისტყაოსანი" ის პიკია, რომელზე ასვლაც მთამსვლელის გამბედაობას, ოსტატობას და სიფრთხილეს მოითხოვს.
ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ მქონდა ბედნიერება, პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის რჩევით, დავინტერესებულიყავი "ვეფხისტყაოსნის" ინგლისური თარგმანებით და კრიტიკულად შემესწავლა ისინი. თავიდანვე მსურს აღვნიშნო, რომ ოთხივე მთარგმნელმა უზარმაზარი შრომა გასწია, რათა შეექმნათ ერთმანეთისგან განსხვავებული თარგმანები და ისინი ინგლისურენოვანი მკითხველის გულებამდე მიეტანათ.
ინგლისურ ლიტერატურაში პირველი ცნობები შოთა რუსთაველზე XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება. "ბრიტანიკის" მეცხრე გამოცემაში /ტ.X,1979./ ნახსენებია შოთა რუსთაველის პოემა. აქ იგი ასეა დასათაურებული: "ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სიყვარული, ანუ ვეფხის ტყავით შემოსილი ადამიანი". ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ შოთა რუსთაველის სახელი შევიდა ჩემბერსის ენციკლოპედიაშიც. 1930 წლის გამოცემაში შეტანილია პარაგრაფი რუსთაველის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ამჯერად პოემის სათაური მარჯორი უორდროპის თარგმანის მიხედვით არის მოტანილი.
ამ უკანასკნელის თარგმანზე მუშაობის შესახებ ცნობებს მისი ძმა ოლივერ უორდროპი გვაწვდის. "ვეფხისტყაოსნის" პირველი ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობაში ის აღნიშნავს, რომ მარჯორი ძალიან დიდხანს მუშაობდა ტექსტზე. თარგმნა 1891 წელს დაიწყო. "შემდეგ მრავალჯერ შეასწორა თარგმანი, მუშაობა არ შეუწყვეტია 1909 წლის დეკემბრამდე. ამდენი შრომა გასწია, მაგრამ კმაყოფილი მაინც არ იყო, თარგმანი უნაკლოდ მაინც არ ეჩვენებოდა. მისი აზრით, ათი წელი მაინც დასჭირდებოდა, რომ თარგმანს საბოლოო სახე მიეღო." (1)
"ვეფხისტყაოსნის" პირველი ინგლისური თარგმანის ავტორის მიზანი იყო დედნის ზუსტად, სიტყვა-სიტყვით ასახვა. ოლივერ უორდროპის თქმით, მარჯორი "ეცადა მკითხველისათვის გაეცნო ავტორის იდეა და მისი ენა - ამ იდეის გამოსათქმელად ნახმარი, ეცადა იმავე სისწორით, რა სისწორითაც ქართველ მკითხველს შეუძლია თვით დედანში გაიგოს როგორც ერთი, ისე მეორე." (2)
ქართული საზოგადოება იმთავითვე დიდად დაინტერესდა უორდროპების მოღვაწეობით. "ივერია" და "კვალი" სისტემატურად აშუქებდნენ მარჯორი უორდროპის საქართველოში მოგზაურობის ამბებს. 1896 წელს "კვალის" 26-ე ნომერში დაიბეჭდა ნინო ორბელიანის ლექსი, მიძღვნილი მარჯორი უორდროპისადმი.
მარჯორი უორდროპის მიერ ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი" რამდენიმეჯერ გამოიცა. პირველი გამომცემელი ოლივერ უორდროპი იყო. წიგნი ლონდონში გამოვიდა, 1912 წელს. თარგმანის მეორე გამოცემა 1938 წლით თარიღდება. იგი მოსკოვში, გ. ორბელიანისა და ს. იორდანიშვილის დამატებებითა და შესწორებებით დაისტამბა. 1966 წელს, შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისში გამოიცა მარჯორი უორდროპის თარგმანი ოლივერ უორდროპის წინასიტყვაობითა და XVII საუკუნის ხელნაწერის მამუკა თავაქარაშვილისეული ილუსტრაციებით. ამავე წელს მარჯორი უორდროპის თარგმანი ლონდონში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების მიერ გამოიცა. 1977 წელს მოსკოვის გამომცემლობა "პროგრესმა" თარგმანი ი. თოიძის ილუსტრაციებით დასტამბა.
უკვე აღვნიშნეთ, რომ მარჯორი უორდროპი განსაკუთრებულ ერთგულებას იჩენს დედნისადმი. იგი ცდილობს შეინარჩუნოს შინაარსიც და დაიცვას ფორმაც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან ინგლისურენოვანი მკითხველისათვის უცხოა რუსთაველის მხატვრული წარმოსახვა, უჩვეულოა პოეტური სახეები. ძნელია მკითხველმა რუსთაველის პოეტურ ხილვებში ზუსტ მნიშვნელობას მიაგნოს. ამავე დროს, მთარგმნელის მიერ ნაპოვნი თითქმის იდენტური ექვივალენტები გასაქანს აძლევს მკითხველის ფანტაზიას სხვადასხვაგვარ ასოციაციათა აღსაძვრელად:
"
მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არნადევრი..."(685)
"Bold sits the sun upon her throne, majestic, unconstrained..." (676)
ამ სტროფის თარგმანში არც ერთი სიტყვა არ არის დაკარგული, არც ერთი მეტაფორა არაა შეცვლილი. მკითხველმა თავად უნდა ამოიცნოს, თუ ვინ არის "მზე", "ედემში დარგული მშვენიერი ალვა".
იცავს რა რუსთაველის ესთეტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს, - "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის", - მთარგმნელი საოცრად ლაკონურ გამოთქმებში ათავსებს რუსთაველის აფორიზმებს:
"რა უარეა მამაცსა..." (790) "
What a worse than a man…" (780)
ან
"ვერ დაიჭირავს სიკვდილსა (791) "
A narrow road cannot keep back death…" (781)
ისევე, როგორც წინათ განხილულ სტროფში, აქაც ერთი სიტყვაც კი არ იცვლება, არც შინაარსის და არც გამოხატვის პლანში. რასაკვირველია, მუსიკალური ჟღერადობა ოდნავადაც ვერ უახლოვდება ორიგინალს, მაგრამ ეს არც არის მთარგმნელის მიზანი. თხრობის ფორმის შერჩევით მან უკვე გააკეთა არჩევანი – უარი თქვა მუსიკალურ ეფექტზე, თუმცა შესაძლებელ სიტუაციაში მუსიკალურ ხერხებზეც როდი ამბობს უარს.
მარჯორი უორდროპის შემდეგ დიდხანს არავის უცდია "ვეფხისტყაოსნის" ინგლისურ ენაზე თარგმნა. XX საუკუნის 60-იან წლებში ინგლისური ენის ჩინებულმა მცოდნემ, ქალბატონმა ვენერა ურუშაძემ მოჰკიდა ხელი "ვეფხისტყაოსნის" პოეტურ თარგმანს. იგი ბევრს მუშაობდა დედანზე. მისთვის მთავარი იყო სწორად შეერჩია სალექსო საზომი. მთარგმნელის აზრით, "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი თვისება მისი მეტრის თავისებურებაა. სწორედ მეტრის ეს თავისებურება ქმნის დიდ დაბრკოლებას პოემის უცხო ენაზე თარგმნისას. ვენერა ურუშაძე იდგა არჩევნის წინაშე: მას შეეძლო ეთარგმნა შექსპირის ლექსით ან გაჰყოლოდა იმ გზას, რომლითაც ჯორჯ ჩეპმენმა მე-16 საუკუნეში "ილიადა" თარგმნა (აღსანიშნავია, რომ ამ თარგმანით აღფრთოვანებულმა პოეტმა ჯონ კიტსმა მას შემდეგ, რაც მთელი ღამე გაათენა კითხვაში, შესანიშნავი სონეტი უძღვნა მას "On First Looking into Chapman’s Homer").
ვენერა ურუშაძემ გადაწყვიტა, რომ სალექსო საზომად ჰეგზამეტრი გამოეყენებინა. იგი თავად წერს: "მე მსურდა ინგლისელ მკითხველს ჰქონოდა მცირეოდენი წარმოდგენა ორიგინალის მშვენიერებაზე, მსურდა მას გაეგონა დიადი პოემის სულისა და მელოდიის ექო, რომელიც ასე ახლოს იდგა ერის გულთან რვაასზე მეტი წლის განმავლობაში და, თუმცა, მე ვიცოდი, რომ შეიძლებოდა დამეკარგა ზოგიერთი მკითხველი თავისუფალი ლექსის და პროზაული თარგმანის იდეების უარყოფით, მე მაინც ავირჩიე თეთრი ლექსის ჰეგზამეტრი. მე ვთვლიდი, რომ პოემის გაგებას არაფერს შემატებდა პროზაული ვერსიის ცდა, რადგანაც პროზაული თარგმანი უკვე შთამბეჭდავად იყო შესრულებული მარჯორი უორდროპის მიერ". (3)
ვენერა ურუშაძის თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" პირველად 1968 წელს თბილისში გამომცემლობა "საბჭოთა საქართველომ" გამოსცა. წიგნს დართული აქვს ზურაბ კაპანაძის ილუსტრაციები. გამოცემა განმეორდა 1971, 1979, 1986 წლებში.
1977 წელს გამოვიდა ორი ახალი ინგლისური თარგმანი. ერთი მათგანი ეკუთვნის ქეთრინ ვივიენს, ხოლო მეორე – რობერტ სტივენსონს. ცნობილმა ქართველოლოგმა რობერტ სტივენსონმა ჯერ კიდევ 1960 წელს გამოაქვეყნა სტატია "რუსთაველის თარგმნისათვის". ამ სტატიაში მთარგმნელი აყენებს საკითხს, თუ როგორ უნდა ითარგმნოს "ვეფხისტყაოსანი" – პროზით თუ ლექსად. რობერტ სტივენსონი გადაჭრით უარყოფს იმ აზრს, რომ ლექსად რუსთაველის პოემის თარგმნა შესაძლებელია. მისი თვალსაზრისით, ლექსად მთარგმნელი ყოველთვის შეეცდება ისეთი გზით იაროს, რომ გაამართლოს თავისი ნამუშევარი. პროზაულად თარგმნამ კი "ცხადია, შეიძლება, მსხვერპლად შეიწიროს ფორმის მთელი სიმშვენიერე, სამაგიეროდ, ძალა შესწევს შეინარჩუნოს შაირების იდენტურობა იმ შემთხვევაში, როდესაც ეს სასურველია. ამასთან, შინაარსი იმდენად უნდა დაიცვას, რომ ამით თავისი განზრახვა გაამართლოს." (4)
რობერტ სტივენსონმა პროზად თარგმნა პოემა და მას საინტერესო კომენტარებიც დაურთო. მთარგმნელმა გამოაქვეყნა, აგრეთვე, რამდენიმე გამოკვლევა "ვეფხისტყაოსნის" პრობლემატიკაზე, რომელთაგან ზოგიერთი შეტანილია მისი თარგმანის გამოცემაში, რომელიც 1977 წელს ნიუ-იორკში გამოიცა.
"
ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელების მიდგომა თარგმანისადმი კონცეპტუალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. რობერტ სტივენსონისა და ქეთრინ ვივიენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება აუდიტორიას, მკითხველს. მათი აზრით, ტექსტი უნდა იყოს მკითხველისათვის მისაწვდომი, იოლად აღსაქმელი. ასეთი თარგმანის დროს გამოთქმის საშუალებები აბსოლუტურად ბუნებრივია და ამდენად მკითხველს ორიგინალის ენის კულტურული ფონის გაუთვალისწინებლობა ხელს არ უშლის. ასეთი მეთოდით მთარგმნელები ცდილობენ, არა ფორმალური ექვივალენტურობის მიღწევას თარგმანში, არამედ ინფორმაციასა და მკითხველს შორის დინამიკური კავშირის დამყარებას. ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება თანამედროვე თარგმანში, რადგან არსებობს აზრი, რომ თარგმანში გათვალისწინებული უნდა იქნას მიმღები კულტურის გემოვნებაცა და მგრძნობელობაც.
ასეთი თარგმანის წინააღმდეგ კატეგორიულად ილაშქრებს ვლადიმერ ნაბოკოვი, რომელმაც თავად დიდი სიზუსტით თარგმნა პუშკინის "ევგენი ონეგინი". მას მიაჩნია, რომ "მთარგმნელები, რომლებიც აპრიალებენ, აუთოვებენ და ალამაზებენ თარგმანს, რათა მკითხველის სტერეოტიპებს მოერგონ, დამნაშავეები არიან და ისე უნდა დაისაჯონ, როგორც პლაგიატი ისჯება". (5)
მართლაც, გადაჭრით არ შეიძლება ითქვას, რომ დინამიკური ეკვივალენტურობის პრინციპი ნებისმიერ შემთხვევაშია მისაღები. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როცა საქმე ეხება ანტიკური ან მედიევალური კულტურის ძეგლებს. ამავე დროს, არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ტექსტის ერთგულების პრინციპის განუხრელი დაცვა ზოგ შემთხვევაში, სათანადო ეფექტის ნაცვლად, უკუშედეგებს იძლევა (თავად ნაბოკოვსაც აკრიტიკებენ, რომ "ევგენი ონეგინის" თარგმანში მან სიზუსტეს შესწირა რითმა, რიტმი და პოემის კითხვადობა). (6)
"ვეფხისტყაოსნის" თარგმანთა შესწავლისას ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ მარჯორი უორდროპი ცდილობს ზედმიწევნით მიჰყვეს ტექსტს, ინგლისურ ენაზე უცვლელად გადაიღოს შინაარსი, გარკვეულად შეინარჩუნოს ნაწარმოების მხატვრული ინდივიდუალობა. მარჯორი უორდროპის შემდეგ სამივე თარგმანში ხორციელდება ევოლუცია დინამიკური ეკქვივალენტურობის პრინციპის სასარგებლოდ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ბოლო – ქეთრინ ვივიენის თარგმანში. ქვესათაურშივე ჩანს მთარგმნელის პოზიცია. მისი თარგმანი არის "თავისუფალი თარგმანი პროზად".
მიმოიხილავს რა იმ კულტურულ ფონს, რომელზეც იქმნებოდა "ვეფხისტყაოსანი", ვივიენი წერს: "პოემის ახალი ვერსიის ფორმა შერჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე მკითხველის ფოკუსში გარდატყდეს შორეული წარსული და თან შეინარჩუნოს ის აქტუალობის გრძნობა, რაც პოემას უნდა ჰქონოდა თავის დროზე". (7)
ქეთრინ ვივიენის პოზიცია სრულიად ნათელია. მისი აზრით, თარგმანი ისეთი უნდა იყოს, მკითხველს ავიწყდებოდეს, რომ მის წინაშე თარგმანია და ამავე დროს, ისე მწვავედ აღიქვამდეს მას, როგორც ეს შეიძლება მოხდეს თანამედროვე ავტორის კითხვისას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ვეფხისტყაოსნის" ინგლისური თარგმანის განვითარება დინამიკური ეკვივალენტურობის პრინციპის სასარგებლოდ მიმდინარეობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კატეგორიულად მაინც ვერ განვაცხადებთ, თითქოს რომელიმე თარგმანი თავიდან ბოლომდე ამა თუ იმ პრინციპის განუხრელი დაცვითაა შესრულებული. ამის ერთერთი მიზეზი ისაა, რომ "ვეფხისტყაოსანი" არ მიეკუთვნება ადვილად სათარგმნ ნაწარმოებთა რიცხვს. ეს ის შემთხვევაა, როცა ავტორის სტილი აღბეჭდილია ენის შემოქმედებითი გენიით. ასეთი ნაწარმოების თარგმანის შესრულებისას მთარგმნელი სტანდარტული მიდგომით ვერ შემოიფარგლება და სხვადასხვაგვარად ცდილობს ორიგინალთან მეტ-ნაკლებად დაახლოებული ექვივალენტური ღირებულებების შექმნას.
საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ არსებობს "ილიადას" 70-მდე და "ოდისეას" ამდენივე ინგლისურენოვანი თარგმანი. სხვა დიდი ნაწარმოებებიც მუდამ იპყრობდა მთარგმნელთა ყურადღებას, მათ შორის – "ვეფხისტყაოსანიც". ეს უკვდავი ქმნილება საქართველოს არა მხოლოდ რელიქვია, არამედ "სავიზიტო ბარათი"~ გახლავთ. ამიტომ მისი თარგმანი და მასთან დაკავშირებული შემოქმედებითი ძიება უწყვეტ პროცესად უნდა იქცეს.

ახლოს სანახავად, ერთხელ დააწკაპუნეთ 

1 – ოლივერ უორდროპი  –  "ვეფხისტყაოსნის" ინგლისური თარგმანის წინასიტყვაობა.  – "რუსთაველი მსოფლიო ლიტერატურაში", თბილისი, 1976, ტ. I, გვ. 343. 
2 – იქვე
3 – Shota Rustaveli, თბილისი, 1968, p. 7 (თარგმანი – ს. გ.).
4 – რ. სტივენსონი "რუსთაველის თარგმანისათვის" – "რუსთაველი მსოფლიო ლიტერატურაში", თბილისი, 1976. გვ. 379.
5 –  Vladimir Nabokov, "The Art Of Translation", in Lectures on Russian Literature, edited and with an introduction by Fredson Bowers (Harcourt, 1981), p. 315
6 – Orlando Figes – "Tolstoy’s Real Hero", The New York Review of Books, Volume 54, N 18, 2007
7 – Shota Rustaveli "The Knight in Panther Skin", p. 31


 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.