პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში (1804 წ.) გატარებულია აზრი, რომ "ქართველნი ვართ ნათესავნი მხნენი და მხედრობითა აღზრდილნი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი". მართლაც, წერილობითი წყაროებითა და ეთნოგრაფიული მონაცემებით დასტურდება, რომ საქართველოში ძველთაგანვე ყოფილა შემუშავებული საზოგადოების ყველა ფენის სამხედრო-ფიზიკური მომზადების (`მხედრობითა აღზრდის~) მწყობრი სისტემა, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად მხნე მოლაშქრეთა აღსაზრდელად.
სამხედრო-ფიზიკური მომზადებისა და წვრთნისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამეფო ნადირობა, ე.წ. "სანადიროდ გალაშქრება", რომლის არაერთი მაგალითია "ვეფხისტყაოსანში" მოყვანილი, რომელთაგანაც ერთის – "როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობის" – დასახელებაც საკმარისია. 

 
WordPress plugin
 

ახლოს სანახავად ერთელ დააწკაპუნეთ
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში
განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ 

ქართული სახელმწიფოებრიობის "ოქროს ხანაში" (შოთა რუსთაველის მოღვაწეობის პერიოდი) სამხედრო ორგანიზაცია უმაღლეს დონემდე ავიდა, რაც მნიშვნელოვან წილად აისახა კიდეც "ვეფხისტყაოსანში". პოემის მიხედვით, მებრძოლთა გაერთიანებას (ჯარს) ეწოდებოდა ლაშქარი "იყო არაბეთს როსტევან მეფე... ლაშქარ-მრავალი, ყმიანი..."; "დაიწყეს დგომა ლაშქარსა..." და სხვ; ლაშქრის მეთაურს კი – ამირსპასალარი – "თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა"; "ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირსპასალარისა" და სხვ. აქვე უნდა ითქვას, რომ ჯარის აღსანიშნავად საქართველოში სხვადასხვა დროს გამოყენებული ტერმინებია: ერი, მხედრობა, სპა, ლაშქარი და ჯარი, ამათგან პირველი ორი ქართული წარმომავლობისაა, დანარჩენი სამი კი – სპარსული ენიდან არის ნასესხები; ამირსპასალარის თანამდებობა (სახელო) კი დავით IV-ის (1089-1125 წწ.) დროს შეიქმნა. პოლიტიკური ზეობის ხანის საქართველოს ლაშქარი 6 უმთავრესი სამხედრო შენაერთისგან (პოემის მიხედვით თემ-თემისა და დას-დასისაგან – "დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დასდასებისა") შედგებოდა:
1. წინამებრძოლნი ან მეწინავენი – მეწინავე სადროშოს 
ჯარი, (პოემის მიხედვით – "ერთობ სრულად ამოვწყვიტე წინა კერძო რაზმი ორი");
2. მემარჯვენენი ან მემარჯვენე მიმსვლელ-მცემელნი-მემარჯვენე სადროშოს ჯარი;
3. მემარცხენენი ან მემარცხენე მიმსვლელ-მცემელნი-მემარცხენე სადროშოს ჯარი;
4. მეუკანენი ან "მეფის ალმის მპყრობელნი" – მეფის სადროშოს ჯარი (პოემის მიხედვით "უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა");
5. მონასპანი (ან სამეფო 
გვარდია) და ტაძრეულნი (მეფის ჯარის მსახურეულ პირთაგან შემდგარი რაზმი);
6. 
როქის სპანი (დაქირავებული ჯარი).
საბრძოლო ხელსაწყოთა ზოგადი ტერმინი საქართველოში საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა, ასე, მაგ. "საჭურველი"/"აბჯარი"/"იარაღი". ტერმინი "საჭურველი" "ვეფხისტყაოსანში" მხოლოდ ერთხელ გვხვდება – "უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ", ტერმინი "აბჯარი" კი – ხშირად: "მივეახლენით შეგვატყვეს მათ ტანთა აბჯარცმულობა"; "მას ყმასა შეხსნა, შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა" და სხვ. პოემის მიხედვით აბჯრის ნაკრებს "ტანი" ან "სრული აბჯარი" ეწოდებოდა: "კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი"; "სრული აბჯარი: საკაცო ქაფითა, საბარკულითა". სრული აბჯარი (ტანი) შედგებოდა ჯაჭვის, ხმლის, მუზარადის, საბარკულის, ქაფის, მშვილდ-ისრის, შუბის, ლახტისა და ლახვარისგან. არსებობდა აგრეთვე საკაცო და საცხენო აბჯარი. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანთ რამდენიმე ამონაწერს "ვეფხისტყაოსნიდან":
"...პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი,
რასაცა 
ვინ შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი:
ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი 
მგვანი";
"სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა";
"აბჯარსა ფხრეწდის, გაცუდდეს 
სიმაგრე ჯავშან ქაფისა";
"კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მათ ორნივე მიჰხდეს 
მზესა,
შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ ხმალო, ვინცა გლესა!";
"ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს";
"მათ მშვილდები დაიწვალეს, მეჯოგეთა 
გაეკიდნეს";
"რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა,
ადგა და ლახტი აიღო...";
"კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად".
ქართველთათვის ხმალი ერთ-ერთი მთავარი საბრძოლო იარაღი იყო. მეფეებს კურთხევის დროს ხმალს შემოაკრავდნენ ხოლმე. დავით აღმაშენებელმა თავის ვაჟს დემეტრე I-ს თვითონ "შეარტყა წელთა ძლიერთა მახვილი". ხმლის შემოკვრის რიტუალი ასახულია სოფელ ლატალის მაცხოვრის ეკლესიის ფრესკაზე. "ვეფხისტყაოსანში" მოცემულია, აგრეთვე, თავდასაცავი საბრძოლო საშუალებების სახეობანი. საცავი თავსაბურავებიდან მოხსენიებულია მუზარადი (ზარადები) და ჩაბალახი. პოემაში ვკითხულობთ:
"დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა";

სახეობანი. საცავი თავსაბურავებიდან მოხსენიებულია მუზარადი (ზარადები) და ჩაბალახი. პოემაში ვკითხულობთ:
"დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა";
"რა ტარიელ ფრიდონ იცნა: "აწ ვნახეო ვინცა მინა,//მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა";
"მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა".
გულმკერდის საცავ ჯავშანთაგან პოემაში დასახელებულია ჯაჭვი: "ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა განა"; "დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა";
ხოლო სხეულის ქვედა ნაწილის საცავად – საბარკული:
"რასაცა ვინ შეიმოსავს მეომარნი სამნი ყმანი,
ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი მგვანი".

საინტერესოა, რომ საბარკული ტერმინით "საჩერნე" ბოლო დრომდე შემორჩა ხევსურეთში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბრძოლო საცავ საშუალებას, ქართული ზეპირსიტყვიერებით ტყავ-კაბა წარმოადგენდა. მაგ. ხევსურული პოეზიის მიხედვით, "როშკას – გორელთა ციხელთა ჩაიცვეს მიგრის ტყავია" (მიგრს მთიულეთში ფოცხვერს უწოდებდნენ), ბრძოლის დროს ზურაბ ერისთავსაც ტყავ-კაბა სცმია, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ საგინაშვილს რგებია.
ისტორიული წყაროებდან ცნობილია, რომ ჩვენს წინაპრებს მტრის შემოსევების დროს საჭურველი მიუვალ საგანძურებში გადაჰქონდათ. მაგ. ხვამლის კლდეში, რომელსაც ვახუშტი "მტრისგან შეუვალ, მეფეთა საგანძურთა საგებს" უწოდებს, დაცული ყოფილა ვახტანგ გორგასლის ჩაბალახი და ჯაჭვი. გამოქვაბულში საჭურველის შენახვის წესი ასახულია "ვეფხისტყაოსანშიც". ტარიელი ეუბნება ავთანდილს:
"მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები". პოემის მიხედვით, აბჯრის შესანახ სპეციალურ ადგილს ზარადხანა ეწოდებოდა:
"პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი".
"ვეფხისტყაოსნის" მიხედვით, ომის დროს გამოყენებული ყოფილა მუსიკალური საკრავები: ბუკი, ნობი და დაბდაბი. პოემაში ვკითხულობთ:
"გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გაიზიარა";
"ლილასა შევჯე, უბრძანე: "ჰკარით ბუკსა და ნობასა";
"იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი" და სხვ.
აღნიშნული ინსტრუმენტები გამოიყენებოდა, როგორც საქართველოში, ასევე არაბეთსა და ირანში, ძირითადად, ლაშქრობისას, აგრეთვე, დიდი დღესასწაულების დროს: მეფედ კურთხევისას, მეფის ან საპატიო სტუმრის დახვედრისას და რელიგიურ რიტუალებზე.
მაგალითად, "ისტორიანი და აზმანის" მონაცემებით, ირანიდან დაბრუნებულ გამარჯვებულ ლაშქარს თამარ მეფე "გაეგება ზეიმითა დიდებით: იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა". ამავე თხზულებაში მოხენიებულია დაბდაბიც – ლაშქრის მოახლოებისთანავე "ვითარცა გათენდა, ჰკრეს ბუკთა და დაბდაბთაო".
სულხან-საბას განმარტებით ბუკი "საყვირია დიდი", ნობა – "საყვირ-დაფდაფნი", ნობათი – "საყვირ-დაფი", ტაბლაკი – "მცირე ნაღარა", ხოლო ტაბლი – "საქორე ნაღარა". სულხან-საბას მიხედვითვე დუმბულიც "მცირე ნაღარა" ყოფილა. როგორც ჩანს, სამხედრო საკრავების ერთ-ერთ ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა ლაშქრისთვის ბრძოლის დაწყება-დამთავრების შეტყობინება. კერძოდ, არსებობდა ლაშქრის აყრა-გამგზავრების მაუწყებელი ჰანგი – ასაყარი. მაგ. "ვისრამიანში" ვკითხულობთ: "ლაშქართა აცნობა, წასავლად კუალად აწვივნა, კაზმა დაიწყო - ასაყარსა ჰკრეს: დიდებულთა და ლაშქართა შეიგნეს გზასა წასულა". პოემაში მოცემული საჭურველისა (ჯავშნის) და მის სახეობათა არსებობა საქართველოში მოწმდება ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, რის გამოც თავად "ვეფხისტყაოსანი", მიუხედავად მისი განზოგადებულობისა, შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ სამხედრო ისტორიის შესასწავლად.   

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.