თამარ შარაბიძე

პოემის სახელწოდება მისი ერთ-ერთი მთავარი გმირის – ტარიელის სამოსელმა განაპირობა: "მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა", რის მიზეზადაც თავად ტარიელი ნესტანს ასახელებს:
"რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს".
ჩვენ გვჯერა მისი, როგორც მიჯნურისა, რომელიც გულღიად გამოხატავს თავის გრძნობას ჩაცმულობის სიმბოლიკის ახსნისას, მაგრამ, ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავტორს უთუოდ ეცოდინებოდა იმდროინდელი სამეფო კარის წეს-ჩვეულებანი, მითები და შესაბამის ჩაცმულობათა რიტუალური დანიშნულებანი, რომელთა პოეტურად გააზრებითაც "ვეფხისტყაოსნის" სიმბოლიკა – ტარიელის სამოსი და ნესტანის ვეფხვის სახე (და აქედან გამომდინარე – პოემის სახელწოდება) უძველესი მითების ლიტერატურულ წარმოსახვად წარმოგვიდგება.
კერძოდ, ქართული მითებისა და ზღაპრების მიხედვით, მეფე ან გმირი, ნადირობისას, მრავალი დაბრკოლების გადალახვით, ქვესკნელში, თუ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, დევების, ურჩხულებისა და გველეშაპების დამარცხების შემდეგ, გარე სამყაროში შეხვედრილ მზეთუნახავზე ან ქალღვთაებაზე დაქორწინების უფლებას მოიპოვებს. ნადირობა, ცხადია, მხოლოდ გარე სამყაროში იყო შესაძლებელი, გარე სამყარო კი ქალურ სამფლობელოდ აღიქმებოდა (კაცი – სინათლე, სამზეო, "მზეშინა", ქალი – სიბნელე, საიქიო, "მზეგარეთა"). მითოსური კონცეფცია – საქორწინო კავშირი გარესამყაროში არსებულ ქალღვთაებასთან (მზეთუნახავთან), ასახულია ქართულ საისტორიო ლიტერატურაში ქართველ მეფეთა ქორწინების გადმოცემისას – საქართველოს ისტორიის უძველეს პერიოდში ქართველთა ყველა დედოფალი უცხოელია, მოგვიანებით იყო გამონაკლისებიც, მაგრამ ეკლესიისა და წარჩინებულთა წრისგან მიუღებელი.
ამასთან, ზოგადად, მეფე, რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, ყველა კულტურულ სივრცეში და, ცხადია, საქართველოშიც, ღვთაებრივი წარმოშობისაა, რის გამოც, ყოველი ახალი დინასტიის პირველი მეფის ან მეფის არაპირდაპირი მემკვიდრის შესახებ იქმნებოდა მითები ამა  თუ იმ ფორმით მათი ღვთაებასთან კავშირის შესახებ – მათი ღვთაებრივი წარმოშობის და შესაძლებლობის დასამტკიცებლად (მაგ. ფარნავაზი – ძვ.წ. IV-III ს; მირიანი _ IV ს. I ნახ., თამარი – 1184-1213წ.წ.). ტარიელიც, მართალია, "მეფის სწორია", მაგრამ ის მეფის პირდაპირი მემკვიდრე არ არის, ამიტომ გასამეფებლად ღვთაებრივი ნიჭი უნდა გამოავლინოს და ავლენს კიდეც – ფიზიკური ძალით, გაუჩინარებით, ქაჯებთან – გარე სამყაროს ბნელ ძალებთან ბრძოლით და ქალღვთაების/ვეფხვის გამოხსნით.საერთოდ, მითოსურ-რელიგიური კონცეფციის მიხედვით, არა მხოლოდ ქართველთა, არამედ მთელი კავკასიის, წინა აზიის, ეგეოსის ზღვის აუზისა და აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა ყოფასა თუ ზეპირსიტყვიერებაში არსებული წარმოდგენებითა და არქეოლოგიური მონაცემებით (VIII–III ათასწლეულებიდან) ცხოველის ტყავი გამოიყენებოდა რიტუალებში "გარეთმის" სახით, როგორც ნაყოფიერების ქალღვთაების სიმბოლო. ამას გარდა, ვეფხვის ტყავი წარმოადგენდა ქალღვთაების რჩეულის, მონადირის, მეფისა და ქურუმის სამოსელს. ვფიქრობთ, ტარიელის სამოსელსაც მსგავსი საფუძველი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ტყავი, გარეთმის სახით, როგორც მეტაფორა განაყოფიერებული, აყვავებული მიწისა (მიწა – სხეული, მცენარე – ბეწვი) ეცვათ ყოფასა და ბოლოდრომდე შემორჩენილ საქორწილო და "ბერიკაობა–ყეენობის" რიტუალებში გუთნისდედებს, მექორწილეებს, "ბერიკებსა" და "ყეენებს", რომლებიც ქალღვთაებისა და მეფის ქორწინების მითოსურ სცენებს თამაშობდნენ ქალღვთაების მოტაცება-დაბრუნების სიუჟეტებში, რაც ნაყოფიერებისთვის განკუთვნილ საგაზაფხულო რიტუალებში ბუნების კვდომა – აღდგომას გამოხატავდა, მსგავსად "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტისა (ნესტანის დატყვევება-გამოხსნა). 

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.