ნინო ვარაზაშვილი 

მეფეთმეფე თამარი, დაწინაურებული ქვეყნის სათავეში მდგომი, თავად ხდება ორი მასშტაბური კულტურული მოვლენის - ვეფხისტყაოსნისა და თამარის ფრესკების - შთამაგონებელი.
ეს ერთადერთი შემთხვევაა ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში, როდესაც ერთი ისტორიული პირის გამოსახულება ოთხ სხვადასხვა ტაძარშია შემონახული (ვარძია, ყინწვისი, ბეთანია, ბერთუბანი). ოთხივე ფრესკული გამოსახულება წარმოადგენს ჯგუფურ სამეფო პორტრეტს. მათ თვალი ქრონოლოგიურად მიედევნებათ (ვგულისხმობ თამარის ხნოვანებას); ამათგან უადრესი ვარძიისაა, გვიანდელი კი - ბერთუბნისა. თამარ მეფისადმი საყოველთაო სიყვარული და აღფრთოვანება მარტოოდენ ძლიერი ქვეყნის მმართველობას არ უნდა უკავშირდებოდეს. ეს სიძლიერე პიროვნულ თუ ქალურ თვისებებთან ერთიანობაში აახლოვებს მეფეთმეფეს ხალხთან. ზემოთ ნახსენებ კულტურულ მოვლენათა მასშტაბურობა უკვე მიანიშნებს თამარზე, როგორც მრავალწახნაგა პიროვნებაზე. ამდენად, საინტერესოა მის სახეში თავმოყრილი წინააღმდეგობრივი საწყისების თანაარსებობა, რომლებზეც მიგვანიშნებენ როგორც ხელოვნების ქმნილებები, ისე ისტორიული წყაროები.
უმაღლესი ძალაუფლების მქონე ჭკვიანი მმართველი ქალი, გარემოებათა გათვალისწინებით, მკაცრია და დაუნდობელიც. ამავდროულად, ის გამორჩეულია ნაზი გარეგნობით და ქცევის სინატიფით. მისი ისტორიკოსის - ბასილი კარის მოძღვრის გადმოცემით, თამარისთვის დამახასიათებელი ყოფილა ... "ტანსა ზომიერსა გარემანობა, მორცხუივ ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყუის სინარნარე და ზრახვისა უჩუკნობა." თამარის პიროვნების ამოსაცნობად საყურადღებო შტრიხებს ავლენს მისი პირადი ცხოვრება. თამარის პირველი ქორწინება კრახით დასრულდა. მეორედ დედოფალმა დავით სოსლანზე იქორწინა. ცხადია, ეს მოვლენები მის ცხოვრებას გარკვეული დაბრკოლებებითა და წინააღმდეგობებით ავსებდა, რასაც, სავარაუდოდ, ზოგადად ქალური ბუნებისთვის დამახასიათებელი, თუ პიროვნული სისუსტეებიც განაპირობებდა, მაგრამ თამართან მიმართებაში ამ ტიპის სისუსტეებზე საუბარი, აუცილებლად გულისხმობს ძალზე ნიშანდობლივი მდგომარეობის გათვალისწინებასაც. ადამიანს სიძლიერე, მარადიულობისა და სტატიკურობის წინააღმდეგ, დინამიკასა და ცვალებადობაში ეძლევა. სისუსტეთა, ვნებათა დაძლევით დაბრკოლებათა მუდმივი გადალახვით იწრთობა ნებისყოფა, ყალიბდება მტკიცე ხასიათი. სწორედ ამის რეზულტატია თინათინის მხატვრული სახე. ნესტან-დარეჯანის შემთხვევაში კი რუსთაველის ტექსტი ამ შედეგის დადგომამდე განვლილ გზას ასახავს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით თამარის პიროვნულ თვისებებს ვერ დაიტევს მხოლოდ ერთი - თინათინის ან ნესტან-დარეჯანის მხატვრული სახე, როგორც ჩანს, რუსთაველმა პროლოგში ნახსენები "შეფარვის" ხერხით თამარის პიროვნება, ხასიათის ნიშან-თვისებათა მიხედვით, ორად გამიჯნა. ერთ მხარეს წარმოადგენს - დინჯი, გონებით განსჯისმიერი თინათინი, თავისი მშვიდი მოწესრიგებული ცხოვრებით; მეორეს კი ემოციური, ფეთქებადი ბუნების ნესტანი, თანამდევი განსაცდელებითა და ფათერაკებით.
როგორც ვნახეთ, ნიშნები, რომლებიც ზემოთ წარმოდგენილ ხელოვნების ამ ორი დარგის ქმნილებებს აერთიანებს, ძალზე მასშტაბურია. მათი პირველსაწყისი არის თამარი. მათი შექმნა თამარის მეფობაში მის თანამედროვეებს უკავშირდება. მაგრამ ამჯერად ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფაქტის დაფიქსირება, არამედ შეჯერება თამარის ლიტერატურული და ფრესკული პორტრეტებისა, რაც, საერთოსთან ერთად, განმასხვავებელ ნიშანთა გათვალისწინებით ხდება შესაძლებელი.
ხელოვნების ამ ორ დარგს განსხვავებული აქვს სამეტყველო ენა. მხატვრობა დუმილის ხელოვნებაა და ფერითა და ხაზით მეტყველებს. მწერლობა კი სიტყვის ხელოვნებაა და მისთვის დამახასიათებელი საშუალებებითა და ფორმებით მოგვეწოდება. ფრესკაში თამარი უშვალოდ გამოისახება, "ვეფხისტყაოსანში" კი გაშუალებულად, ქალი პერსონაჟების სახით. ფრესკაში არ ხდება აქცენტირება გამოსახულის ფიზიკურ მსგავსებაზე, შერბილებულად არის გადმოცემული ემოციებიც, პოემაში კი სწორედ ფსიქოლოგიური სახეებია გახსნილი.
დუალიზმი, რომელიც ხელოვნების ამ ორი ნიმუშის შედარებისას იკვეთება, ვფიქრობთ, მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს წარმოსახვაში სრულვყოთ თინათინისა და ნესტან-დარეჯანის პერსონაჟები, თამარის ფრესკულ პორტრეტში გავხსნათ სახასიათო ნიშნები, წარმოვიდგინოთ ის ცხოვრებისეულ ეპიზოდებში, დავინახოთ თამარი განსხვავებული კუთხით, არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური მოღვაწე და მეფე.
თვალი გადავავლოთ ფრესკულ გამოსახულებებში მეფე-ქალის სახასიათო გარეგნულ ნიშნებს და შევაჯეროთ ისინი როგორც ნესტან-დარეჯანისა და თინათინის, ასევე ისტორიული წყაროებით მოწოდებულ თამარის პორტრეტთან.
ფრესკებში ხნოვანებით განპირობებულ განსხვავებულ გარეგნულ მახასიათებლებთან ერთად ვლინდება ის საერთო, რაც ცხადად შესამჩნევია ოთხივე პორტრეტში: სახის მრგვალი ოვალი, პატარა პირი, ნუშისებრი თვალის ჭრილი და თვალის ფორმაზე შემოვლებული მოგრძო წარბები. როგორც ვხედავთ, გამოიკვეთა ძალზე კონკრეტული სახის ფორმები. კანონიკის ჩარჩოებში მოქცეული შემოქმედი მთელი სისავსით ვერ გამოხატავს ხორციელ სილამაზეს. ამიტომ შევეცადოთ ის სრულვყოთ თინათინისა და ნესტან-დარეჯანის სახის გარეგნული შტრიხებით; პოემიდან გავიხსენოთ ის ეპიზოდები, სადაც მოთხრობილია მათს გარეგნულ მშვენიერებაზე:
ნესტან-დარეჯანი:
"შიგან ჯდა იგი პირითა, მზისაებრ ელვა მკრთალითა,
მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბათა თვალითა";
"ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს. ხრისყორნისა ბოლო ფრთათა";
თინათინი:
"მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ უხშირონი" -
პროლოგში კი თამარ მეფის გარეგნობა ასეა ნახსენები:
"ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა,
ბროლ ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა".
შეგვიძლია შევადაროთ ეს ციტატები დედოფლის გარეგნულ პორტრეტს, რომელიც ბასილი ეზოს მოძღვარს აქვს აღწერილი თავის თხზულებაში. როგორც ჩანს, თინათინისა და ნესტან-დარეჯანის გარეგნული შტრიხები არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ქმნიან ერთ სახეს. ამავდროულად, მისი მშვენიერების ფერითი მეტყველება კარგად ერგება ფრესკათა სახის ფორმებს. ამგვარად, თამარის ფრესკულ პორტრეტს შეემატა ყორნის ბოლოს მსგავსი შავი წამწამები, თეთრი მაღალი ყელი და ღაწვების ვარდისფერი შეფერილობა. როგორც ვხედავთ, რუსთაველი მათი გარეგნული დახასიათებისას ფერით მეტყველებს, რაც ფრესკულ ნამუშევრებთან შედარებისას ბიძგს აძლევს მკითხველის წარმოსახვას.
მომრგვალებული ფორმის სახეს ვარდისფერი გადაჰკრავს... შეფერილობა გამორჩეულად ღაწვებს დამჩნევია. თეთრ, მიჯრით მიწყობილ კბილებს, პატარა, მოცულობითი ტუჩები კიდევ უფრო დაუმშვენებია. მოგრძო ფორმის, ჭრილის ნუშისებური თვალები ღრმა მელნისფერით იმზირება. მშვენიერება შავი წამწამების სიხშირით ძლიერდება. მთლიანობაში სახე მაღალი თეთრი ყელითა და მხრებზე დაშვებული არახშირი თმებით იკვრება. მარტოოდენ ფერთა შეხამება, უკვე მშვენიერების ხატია.
ასეთი გარეგნობით წარმოდგენილი თამარი გავაცოცხლოთ თვალების ლაღი მიმოხედვით, მხიარული ანუ მომცინარი ბაგით და ნარნარა ხმით.
როგორც ცნობილია, გარეგნული სახის შექმნაში მეტად მნიშვნელოვან როლს შესამოსელი და აქსესუარები ასრულებს. დედოფალთან დაკავშირებული შემთხვევა კი ამ კუთხით გამორჩეულად საინტერესოა. ფრესკა, რომელიც გარკვეულწილად დოკუმენტური წყაროცაა, ამ თვალსაზრისით ყურადსაღებ მასალას გვაწვდის. ოთხსავ ფრესკაში ბიზანტიურ საპარადო ტანსაცმელში გამოწყობილი თამარი თავზე გვირგვინით წარმოგვიდგება. თვალში საცემია ძვირფასი სამკაულები და სამოსის მორთულობაც.
როგორც ვიცით, პოემის პირველი თავი XII საუკუნის საქართველოსათვის დამახასიათებელ სიტუაციას აღწერს - ხანდაზმულ მამას ტახტზე აჰყავს თავისი ქალიშვილი - თინათინი.
სრული საფუძველი გვაქვს, გასამეფებლად გამზადებული თინათინი ფრესკაზე გამოსახული შესამოსელით წარმოვიდგინოთ. რაც, ამავდროულად, გულისხმობს ჩვენს მიერ წარმოსახული პორტრეტისთვის მის მორგებასაც. ამისათვის საჭიროა თინათინის სამოსისა და შემკულობის დაწვრილებითი აღწერა. საილუსტრაციოდ კარგად ნაცნობი ვარძიის ფრესკა ავირჩიოთ, რომელიც ამავდროულად კარგადაც არის შემონახული.
თავდაპირველადყურადღება მთავარ სამეფო ატრიბუტზე, გვირგვინზე გავამახვილოთ. გვირგვინი თინათინის გამეფების ეპიზოდშიც მოიხსენიება:
"თინათინ მიჰყავს მამასა, პირითა მით ნათელითა
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა".
ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს, თუ როგორ გამოიყურებოდა სამეფო გვირგვინი, ის სხვა გვირგვინებისაგან გამორჩეულია მოსწორებული თავით (ნაცვლად კბილებიანისა). ზედაპირი ცენტრსა და გვერდებში მომცრო ზომის ჯვრებით არის შემკული. ჯვრებით წარმოდგენილ, შედარებით მოკრძალებულ მორთულობას ამდიდრებს მარგალიტის საკიდები და მსხვილი ძვირფასი ქვები. როგორც ჩანს, ქვების შერჩევისას, მის ღირებულებასთან ერთად, მათი ფერთა შეხამებაცა არის განმსაზღვრელი. ეს გარემოება თანდათან გახდება ცხადი და ნათელი. თამარის მთლიანი სახე ორგანულად ფერში იკვეთება.
თამარის შესამოსელი სამი ნაწილისაგან შედგება: საკუთრივ კაბა, მრგვალი საყელო და ლორი. კაბა გრძელია. თამარს მთელ სხეულს უფარავს. ის მთლიანად დაქარგულია შავ ზოლებად. ამ ზოლებს მთელს სიგრძეზე პატარა მარგალიტები გაჰყვება, რომელთა გადაკვეთაც რომბის ფორმებს წარმოქმნის. მარგალიტებით მოსაზღვრულ რომბებში იასამნისფერი გულის გამოსახულებებია მოთავსებული, რომლებიც თავის მხრივ მარგალიტებით ირთვება. სხეულის ბოლომდე დაშვებულ კაბას, შავი, ნატიფი ორნამენტებით გაფორმებული ოქროსფერი ხაზი ასრულებს. ყელის სამკაულად შავი ზონარია გამოყენებული, მოჩითული პატარ-პატარა მარგალიტებით, ცენტრში მოთავსებული, დიდი ზომის ლალის თვლით. მისივე შესაფერია მრგვალი ფორმის ოქროს საყურეები, ასევე გამშვენიერებული მარგალიტისა და ლალის თვლებით. სამოსის მორთულობითა და აქსესუარებით წარმოდგენილი ფერები ეხამება როგორც ერთიმეორეს, ისე სახის შეფერილობას. ლალის თვლები თანახმიანობს სახის ვარდისფერთან; შავი კაბა მასზე გაბნეული იასამნისფერი გულებით თეთრ მაღალ ყელს გამოკვეთს.
ვარძიაში წარმოდგენილი თამარის პორტრეტი ძვირფასი ქვების სიჭარბით გვაოცებს. გვახსენდება მათი ხშირი მოხმობა "ვეფხისტყაოსანშიც". ამგვარად, თამარის პორტრეტში ძვირფასი ქვების სიმრავლე ეპოქის ესთეტიკური აზროვნების განმსაზღვრელ ნიშნად გვევლინება.
მორთულობაში მარგალიტთა სიუხვე ჩვენს მეხსიერებაში ტარიელის გარეგნულ შტრიხებსაც ამოატივტივებს:
"ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ უნაგირსა."
გულანშაროში სადედოფლოდ გამზადებული ნესტანის ჩაცმულობა თამარის საპარადო სამოსს ემსგავსება.
"მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა,
მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა."
მარტივი თარგის საფუძველზე შექმნილი, დედოფლის საზეიმო სამოსის ორიგინალობა ძვირფასი ქვებით მორთვაში ვლინდება. ჩვენს წარმოსახვაში ძვირფასეულობათა სიმრავლე ბუნებრივად უკავშირდება მათ მატერიალურ ფასეულობას. თუმცა, ფრესკათა ჭვრეტისას ისე ხდება, რომ ეს მდიდრულობა ესთეტიკურ ღირებულებას იძენს და მთლიანობაში იკარგება მათი სიმრავლე. ჩვენს თვალწინ იშლება ზედაპირზე "თვალ-მარგალიტთა" თანაზომიერი გადანაწილებით შექმნილი დახვეწილი ფორმები, სადაც თვლების ერთმანეთთან და სამოსის ფერთან თანმიანობით იქმნება ფერთა ჰარმონია. ამ მოვლენას გ. ნადირაძის მიერ ძვირფას ქვებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება მართებულად მიესადაგება; "ძვირფასი ქვები რუსთაველს მხოლოდ ერთი, სახელდობრ, ესთეტიკური თვალსაზრისით აინტერესებს. რუსთაველისთვისაც პირველ რიგში მთავარია არა ძვირფასი ქვების მატერიალური ღირებულება, არამედ სილამაზე, ნივთების შემამკობელი, გამამშვენიერებელი თვისებები."
ჩვენს წარმოსახვაში სრული გარეგნული იერ-სახით წარმოდგენილი, საპარადო სამოსში გამოწყობილმა თამარმა გაგვახსენა გასამეფებლად გამზადებული თინათინი. თუმცა მსგავს ასოციაციებს მარტოოდენ გარეგნული იერი არ აღძრავს. განსხვავებით დანარჩენებისგან, ვარძიის ფრესკაში მნახველი აღიქვამს თამარის არა ცალკე მდგომ, დომინანტ ფიგურას, არამედ წარმოდგენილს მამასთან ერთად. ფიგურათა განთავსება კი ეხმიანება ამ ეპიზოდის აზრობრივ ხაზს – სამეფო ძალაუფლების მემკვიდრულ ხასიათს. კარგად დავაკვირდეთ და შევეცადოთ ფრესკაში მოვიხელთოთ ამ მომენტისთვის შოთას მიერ წარმოდგენილი თინათინის განწყობა.
გასამეფებლად გამზადებული თამარი სავსებით ახალგაზრდაა. ხნოვანებას დამაჯერებლად გადმოსცემს სახის მკვეთრი ოვალი, განსაკუთრებით კი ნათლად და მშვიდად გამომეტყველი თვალები. ეს უფრო საგრძნობი ხდება ყინწვისის ფრესკასთან შედარებით, სადაც პირდაპირ მიმართული მზერა გაცილებით დინჯია.
მსგავსი ნიუანსები და ხასიათის თვისებები ძნელი აღსაწერია კონკრეტული ნიშნებით. ის უფრო უნდა შევიგრძნოთ სხვადასხვა მხატვრული ხერხებით. ამასთან დაკავშირებით გაიანე ალიბეგაშვილი მართებულად შენიშნავს: "გარკვეული განწყობის მოხელთება მაინც შესაძლებელია, თვალების გამომეტყველებით, ტანადობით, ოდნავ დაძაბული ყელით. მომრგვალებული მკლავი გადმოსცემს არა მხოლოდ ტრადიციული პოზის შებოჭილობას, მძიმე არაელასტიური სამოსით, არამედ ავლენს ახალგაზრდის შინაგან დაძაბულობას." იქნებ, ეს სწორედ ის განწყობაა, ჯერ კიდევ უმწიფარ ასულს გამეფების დროს რომ დაუფლებია.
განსხვავებულია თამარის სახასიათო პორტრეტი ბეთანიაში. მის სახეში ორგანულად არის შერწყმული დედოფლური დიდებულება და ქალური მშვენიერება. თვალებიდან იდუმალება გამოსჭვივის. სახეს დაუკარგავს ბავშვური სიმრგვალე, მოწიფულობას მისი სხეულის მონუმენტური ფორმაც ხდის საჩინოს; ბეჭდებით შემკული თითები გასაოცრად ნაზია. მისი სახე ერთგვარად პოეტიზირებულია. როგორც ჩანს, მიუხედავად ფრესკის პირობითი ხასიათისა, თამარით მოხიბლულ შემოქმედს თავისი განცდები აუსახავს.
განსხვავებულია ყინწვისის თამარის პორტრეტი. ნაკლებად სტილიზებული სახის ნაკვთები შინაგან განცდებსა და სევდას ავლენს, ვიდრე გარეგნულ მშვენიერებას, ალბათ ისეთივეს, როგორიც ერთ დროს გულისწამღებად ლამაზ ნესტან–დარეჯანს, უკვე მრავალ ჭირნახულსა და გამობრძმედილს დაუფლებია.
ამგვარად, თინათინისა და ნესტანის, როგორც თამარის პროტოტიპების, გარეგნული შტრიხების შეჯერება დაკავშირება, თამარის ფრესკულ პორტრეტებთან, იყო მცდელობა იმისა, რომ ჩვენს წარმოსახვაში უფრო სრულად წარმოგვედგინა მეფეთმეფის გარეგნული სახე, რომელსაც საეკლესიო მხატვრობა პირობით, კანონიკურ ჩარჩოებში აქცევდა. 

ახლოს სანახავად, ერთხელ დააწკაპუნეთ 

 

იარომირ ედლიჩკა

ეპიკური პოემა "ვეფხისტყაოსანი" მიჩნეულია ქართული პოეზიის მიუღწეველ სიმაღლედ. ჩვენ აქ ვხვდებით მსოფლიო ლიტერატურაში განცალკევებულად წარმოდგენილ მოვლენებს; რომანტიკული, საკარო, რაინდული ეპოსი ხდება ხალხის ყველა ფენის კუთვნილება. ეს პოემა თავისი ფორმით, სტილით, ენითა და ცხოვრებისეული სიბრძნით ისეთი მაღალი პოეზიის ეტალონადაა მიჩნეული, რაც უჩვეულოა პოეზიისათვის...  პოემამ მოიპოვა ისეთი დიდი სიყვარული, რაც იშვიათად თუ მოუპოვებია პოეტურ ქმნილებას მსოფლიოში. საქართველოში მას არა მხოლოდ პატივს სცემენ, არამედ ზეპირადაც კი იციან, რაც ყოველთვის არ არის კლასიკური ნაწარმოების ხვედრი

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.