ზვიად გამსახურდია

 ძირითადი დასკვნები ამავე სახელწოდების მონოგრაფიიდან 

რუსთაველის პოეტური სამყაროს სწორი გაგებისათვის აუცილებელია “ვეფხისტყაოსანის” სახისმეტყველების ღრმა შესწავლა, რაც გულისხმობს პოემის ფაბულისა და სიუჟეტის, მისი მხატვრული სტრუქტურის სიმბოლურ და ალეგორიულ ინტერპრეტაციას, შუასაუკუნეთა, როგორც დასავლურ ისე აღმოსავლურ, ლიტერატურაში უაღრესად დიდ როლს ასრულებდა ალეგორია, რაც  ანტიური ეპოქიდან იღებს სათავეს, როდესაც პოეზია, ლიტერატურა ჯერ კიდევ განუყოფელი იყო მითოლოგიისა და რელიგიისაგან.
ვეფხისტყაოსანში აირეკლა შუასაუკუნეობრივი ქალის კულტი, რომელიც ღვთისმშობლის, ქალწულ სოფიას (საღვთო სიბრძნის, ანუ სულიწმინდის) რელიგიური კულტის სიმბოლური გამოხატულებაა, როგორც დასავლურ კურტუაზულ ლიტერატურაში, ასევე აღმოსავლეთის სუფისურ პოეზიაში. საქართველოში ქალის რელიგიური თაყვანისცემა გამოვლინდა თამარ მეფის კულტში, რაც განსაკუთრებით მკვეთრად აისახა შავთელისა და ჩახრუხაძის სახელით ცნობილ ოდებში, ასევე “ვეფხისტყაოსანში”, ისტორიულ პროზაში და ფოლკლორში. თამარის ალეგორიული სახელები ვეფხისტყაოსანში “ნესტ ანდარე ჯეჰან” (არ არის ქვეყნად) და “თინათინ” (სარკისეული ანარეკლი ნათლისა) მიგვითითებენ ღვთაების ორ ასპექტზე, დაფარულზე და ცხადქმნილზე, შეუმეცნებელზე და შემეცნებადზე, გამოუვლენელსა და გამოვლენილზე, აგრეთვე ორ საღვთისმეტყველო გზაზე: აპოფატურზე (უკუთქმითზე) და კატაფატურზე (წართქმითზე), რომელთა არსიც გადმოცემულია არეოპაგიტულ ტრაქტატებში. თამარის კულტი უკავშირდება აგრეთვე ბუნების დიდი დედის, ნაყოფიერების მდედრობითი ღვთაების, ხოლო ქრისტიანობაში ღვთისმშობლის კულტს, რომლის სხვადასხვა სიმბოლურ ატრიბუტებს ატარებენ ვეფხისტყაოსნის გმირი ქალები. ამავე დროს, ვეფხისტყაოსანში აირეკლა წმიდა მხედრის, წმიდა გიორგის კულტი, რომელიც ქართულ ქრისტიანობაში და ფოლკლორში ქრისტეს, შუამდგომელ-მედიატორის დონეზე დგას და მის ატრიბუტებს ატარებს; თუ ქალის კულტი ღვთის მარადქალური ასპექტის თაყვანისცემაა, წმიდა მხედრის კულტში ვლინდება ღვთის ე.წ. ღმერთმამაკაცებრივი მოქმედება, რომლის სიმბოლური სახეა წმ. გიორგი (იერარქიულად მიქაელ მთავარანგელოზი). რამდენადაც ქართული ეროვნული ცნობიერება ქრისტიანობას აღიქვამდა მებრძოლ ასპექტში, ღმერთმამაკაცებრივი საწყისის ყველაზე უფრო სრულქმნილი სიმბოლური გამოხატულება ქართველობისთვის იყო წმიდა გიორგი, რომელიც ფოლკლორში ხშირად აჭარბებს კიდევაც ქრისტეს ძალმოსილებით. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ძე, ღმერთმამაკაცი არის ამავე დროს ზეციური არქეტიპი ადამიანობისა, ზეციური ადამი ანუ პირველკაცი, მაკროანთროპოსი ანუ კაბალის ადამ კადმონი, რომლის სახედ და ხატად არის შექმნილი კაცობრიობა. მითოლოგიაში
ზეციურ პირველკაცს ვარსკვლავიანი ცა მოსავს, როგორც ვეფხის ტყავი (დაწინწკლული), რაც არის განსახიერება სამყაროსი, უძრავ ვარსკვლავთა ცისა, ფირმამენტუმისა. ამიტომ არის ვეფხის ტყავი სიმბოლო ინიციაციისა, საზეო განათლებისა, ქვენა სამყაროზე, ქვენა ვნებებზე გამარჯვებისა, სულიერი ძალმოსილებისა და სიბრძნისა, ამის გამო ანტიური მითოლოგიის ღმერთები, გმირები და მისტერიათა ქურუმები ატარებენ მას. ვეფხის ტყავი მოსავს ღმერთ დიონისეს, ინდურ ღმერთს, შივას, შაჰ-ნამეს პირველკაცსა და პირველმეფეს, ქეიუმარსს, როსტომს, ბერძნულ სამყაროში პარისსა და იაზონს, ძველ ეგვიპტეში ჰერმეს – ტოტის ქურუმებს, აქედანვე მოდის ქვენა სამყაროზე (დრაკონზე) გამარჯვებული ღვთაების, მზიური გმირის კულტი ყველა ხალხების რელიგიებსა და მითებში. მზიური გმირები ბოროტების ქვესკნელურ ძალებზე გამარჯვებით უბრუნებენ კაცობრიობას დაკარგულ ღვთაებრივ ცნობიერებას, აზიარებენ მას სიკეთის, ჭეშმარიტებისა და მშვენიერების იდეალს, რაც მითებში, ზღაპრებში და ეპოსში სიმბოლიზებულია ქალით, საუნჯით, ოქროს საწმისით, ფილოსოფიური ქვით, წმიდა გრაალით.
ქართულ მითოლოგიაში ქვესკნელის, ქტონური სამყაროს სიმბოლოა ქაჯეთი (ქაჯავეთი) ნეგატიური დემონების საუფლო, რომლის დალაშქრვის შედეგად წმიდა გიორგი და სხვა ღვთის შვილები მოიპოვებენ განძსს, თასს, ხოლო ზოგ შემთხვევაში, გამოიხსნიან სამძიმარს, მზექალს და აშექალს, ეს არის გზა  წმიდა გიორგისეული ინიციაციისა. ვეფხისტყაოსანშიც ჰეროიკული ინიციაციის სიმბოლური დრამა მოცემულია ქართული მითოლოგიისათვის დამახასიათებელი სახეების გამოყენებით.
ვეფხისტყაოსანი მხატვრული პირობითობის ენაზე ასახავს ინიციაციური სიბრძნის ძირითად იდეებს ქართული საღვთისმეტყველო აზროვნებისა და  მითოლოგიისათვის დამახასიათებელი ფორმით. იგი არის ერთგვარი სინთეზი სინკრეტული ეზოტერიზმისა, მოცემული მხატვრულ ენაზე. ავტორის მიზანია კაცობრიობის სულიერი განვითარების სხვადასხვა გზების შეჯამება  ეზოტერულ-ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე. ამის გამო პოემის სახისმეტყველების ძირითადი გასაღებია ანტიურობისა და შუასაუკუნეების ეზოთერული სიბრძნე.

 

გურამ ასათიანი 

...მიუტევებელი შეცდომაა, როცა "ვეფხისტყაოსანში" ეძებენ ამა თუ იმ ფილოსოფიური მოძღვრებისა თუ სისტემის უბრალო მხატვრულ ტრანსკრიპციას, რადგან რუსთაველის პოემა არის არა განყენებული ფილოსოფიური აზროვნების პოეტურ ენაზე გადატანის შედეგი, არამედ სამყაროს მხატვრული დაუფლების, მისი შემოქმედებითი "დაძლევისა" და გარდასახვის სრულიად დამოუკიდებელი, გენიალური ცდა. 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.