მოსე ჯანაშვილი

ცხოველობა "ვეფხისტყაოსნისა" მხოლოდ ღვთისმეტყველების არტახებისა და მანგანაში ჩაკრულ სამღვდელოებამ ვერ შეიგნო შოთას ასეთი დიდი დამსახურება ქართველთა მოდგმის წინაშე, და მისთვის უწმინდეს და ახალი სახარების დამწერი ასეთი სიტყვებით დაახასიათა ანტონი პირველისა და ტიმოთე მიტროპოლიტის პირით.
ანტონი: "შოთა ბრძენ იყო, სიბრძნის მოყვარე ფრიად, ფილოსოფოსი, მეტყველი სპარსთა ენის, თუ რამ სწადოდა, ღვთისმეტყველიცა მაღალ, უცხო საკვირუელ პიიტიკოს, მესტიხე, მაგრა ამაოდ დაშურა: საწუხ-არს ესე!".
ტიმოთე: "შოთა რუსთველი იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავლა ქართველთა სიწმინდისა წილ ბოროტი ბილწება და განრყუნა ქრისტიანობა. ხოლო უწინარეს ჩვენთა უმეცართა სამღუთოდ თარგმნეს ბოროტი ლექსი მისი. აღწერა ქალისა ვისთვისმე თვალი მელნისა, პირი ბროლისა, ღაწვი ძოწისა, და ამის გამო დედანი საქართველოსანი ხატად ღვთისა შექმნილსა სახისა წილ ფერადთა წამალთა იცხებენ და მიცვალებულთა თმათა მოიბმენ საფრთხედ სულთა".
გამომცემელი პლატონ იოსელიანი იქვე შენიშნავს: "ამა ჰაზრისავე იყო თვით კათალიკოზი ანტონი პირველი,
რომელმან მრავალნი დაბეჭდილნი მეფის ვახტანგის დროსა "ვეფხისტყაოსანნი" დასწუნა და მოაბრევინა მტკვარში და აღუკრძალა კითხვა წიგნისა ამის ქართველთა".
ასე ეპყრობოდნენ სულიერი მამები შოთას ქმნილებას, ხოლო ამ ახალ სახარებას ვერსა აკლებდნენ: იგი, მიუხედავად ათას დაბრკოლებათა, იკვლევდა თავის გზას და ჰპოებდა ბინას გლეხის ქოხშიაც და დიდებულთა დარბაზშიაც, ვინაიდან უკვე შექმნილიყო ქართველთა სულის ისეთივე საჭიროებად, ვით პური, წყალი და ჰაერი მათ ხორცთათვის.
ა.შესწავლა "ვეფხისტყაოსნისა"... 
აქ მინდა აღვნიშნო კიდეც შემდეგიც. იმ დროს, როდესაც ჩვენ გამოვედით სამწერლო ასპარეზზე (1876 წ. 17 აგვისტო), ქართველ მწერალთა შორის "ვეფხისტყაოსნის" მთლიანად მცოდნეთა რიცხვი იმდენად მცირე იყო, რომ ხუთი თითი საკმაო იყო მათ ჩამოსათვლელად, 1880-1883 წლებში იონა მეუნარგიამ რომ თავი მოუყარა ქართველ მწერლებს "ვეფხისტყაოსნის" შესასწავლად. მრავლად თავმოყრილ მწერლებში შოთას ნამდვილ მცოდნედ გამოდიოდნენ ხოლმე: ნიკო დადიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი, გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი და თითო-ოროლა სხვა. ამავე კრებაზე გამოითქვა აზრი, გამოცემულიყო უკვდავი ქმნილება დასურათებულად, ხოლო ასეთი წადილი რჩებოდა განუხორციელებელი, უსახსრობის გამო.
იმ ხანებში გიორგი ქართველიშვილმა გამართა დიდი წვეულობა და დაიპატიჟა ტფილელი მწერლები. პურობას ჩამოვარდა ლაპარაკი შოთას შესახებ. ილიამ ბრძანა: "ბევრს თავი მოაქვს შოთას თხზულებათა ცოდნით, მაგრამ ვეჭვ, თუ ვისმე მათგან წაეკითხოს თავიდან ბოლომდე და შეეძლოს მისი შინაარსის გადმოცემა".
ჩამოვარდა სიჩუმე, ყველა ერთმანეთის გადახედ-გადმოხედვაში იყო, რომ მასპინძელმა (გიორგი ქართველიშვილმა) თამადას (ილიას) მიმართა სიტყვებით: "ჩემმა ნათესავმა ჯანაშვილმა უკვე მიამბო მაგ დიდებულ და ქართველთა საამაყო თხზულების შინაარსი და, ამასთანავე, გადმომცა საზოგადოების სურვილი, დაიბეჭდოს დასურათებულად. მაშინვე მე გადავწყვიტე გავიღო მაგისთვის ფული. ნუ დაიშურებთ ჩემს ქონებას, ოღონდ ღირსეულად გამოეცით ეს მართლაც მარგალიტი ობოლი".
განცხადებამ საერთო აღტაცება და ტაში გამოიწვია, იქვე შეადგინეს კომიტეტი კეთილი საქმის სისრულეში მოსაყვანად.
კომიტეტს მე გადავეცი ჩემი საკუთარი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც დედნად გაუხდა 1888 წელს დასურათებულად გამოცემულ ძვირფას თხზულებას. ეს გამოცემა რომ გადავშინჯე, მხოლოდ მაშინ მენიშნა ილიას სიტყვები "ვეფხისტყაოსნის" მთლიანად მცოდნეთა შესახებ: ტარიელი მასში წარმოდგენილია ვეფხის გამოუქნელ ტყავწამოსხმული მისი გრძელი კუდითა, ბრჭყალებითა და ბასრი კბილებით, მაშინ, როდესაც თვითონვე ტარიელი ამბობს, რომ მას ხამი ტყავი კი არ ჰქონდა ტანს წამობლარდნული, არამედ იგი ნამდვილ კაბად იყო მისთვის შეკერილი ასმათისა მიერ. დღესაც არ გვეჯერება, რომ მხატვრულ გამოცემის რედაქტორებსაც "ვეფხისტყაოსნის" კითხვა არ გადაეცილებინათ 85 ხანასათვის, მაშინ როდესაც კაბას ახატვინებდნენ ზიჩის ვეფხის გამოუქნელ ტყავით, მაგრამ, მეორეს მხრივ, კეთილი შედეგი მოსდევს ხოლმე: სწორედ ეს კუდიანბრჭყალებიან ბასრკბილებიანი ტყავი შეიქნა მიზეზად, რომ 1896 წელს გამოვეცით ზემოხსენებული წიგნაკი "შოთა რუსთაველი" და მასში ჩავურთეთ მოკლე მოთხრობა "ვეფხისტყაოსნისა".
აქ არ შეჩერებულა შოთას თხზულების შესწავლის საქმე, რომელიც, რაც დრო გადის, უფრო ცხოველდება და გამოიწვევს მრავალგვარ მსჯელობას და მიიქცევს საზოგადოების ჯეროვან ყურადღებას.
ბ. ქართულად ნათარგმანები სპარსული ამბების პოვნა, მაგრამ სად იპოვიდა შოთა სპარსულ ამბავს, რას მოითხოვდა ამ ამბის ავტორი და ვინ გადმოთარგმნიდა მას ქართულად?
ყველა ამ კითხვის შესაცნობად გვეხმარება მატიანის ("ქართ.ცხოვრების") ცნობები შესახებ თამარის მამიდის რუსუდანისა.
ეს რუსუდანი სწორედ ხვარაზმშაობის დადგენის ხანებში დედოფლობდა "ინდოეთის შვიდ სამეფოში", სახელდობრ ერაყხვარასანს. თავის ძმის გიორგის მეფობაშივე დაქვრივებულიყო, ჯერ ისევ 1161 წელს დაბრუნებულიყო საქართველოს და აქ ზრდიდა თამარსა და დავით სოსლანს. შინ მყოფობისას პოლიტიკაშიაც იღებდა მონაწილეობას. 1161 წელს გიორგი მეფემ აიღო ანისი, სულთანი დიდის ძლიერებით წამოვიდა, რომ დაიბრუნოს წართმეული ქალაქი. მაგრამ შეტაკება არ მოხდა, რადგან სულთანსა და ძმას გიორგს შორის ჩამოდგა "სულტნის ცოლყოფილი" რუსუდანი და აგრეთვე ელდიგუზ ათაბაგი და ამათ შუაკაცობით "შეიქმნა მშვიდობა და ზავი ჟამ-რაოდენიე".
ამავე რუსუდანმა მოაწყო თამარისა და დავით სოსლანის შეუღლება და ქორწილი. ეს იყო "ქორწილი შესატყვისი და შემსგავსებული ხელმწიფობისა და შარავანდედობისა მათისა: ვინათგან დედოფალი რუსუდან, ყოვლითა სიბრძნითა აღსავსე, მოქმედებდა და აქეთ ბაგრატიონთა გვარ-ტომითა აწყობდა რიგთა სახლისათა და ქვემოდ ხვარასნისა და ერაყისა სულტანთა სძლობითა გამეცნიერებული, ბუნებრივთა სახიობათა და შვებათა მოქმედებდა".
ამ რუსუდანს არ დაავიწყდებოდა თავისი ქმროსნობის დრო ერაყ-ხორასანს, შეუძლებელია არ სცოდნოდა, როგორ მიდიოდა იქაური ამბები და, რაღა თქმა უნდა, არ გამორ- ჩებოდა ისეთი შედარებით, თვალსაჩინო შემთხვევა, რომელიც ხვარაზმშას შვილის მოწვევის გამო მოხდა ფარსადან სულთნის კარს ტარიელის აჯანყებით. პირადად ჩვენ გვეჯერება, რომ სულთნის ცოლყოფილ რუსუდანს ნაცნობობა თუ ნათესაობა ჰქონდა თვით ტარიელთან და ფარსადანთან.
"ესე ამბავი სპარსულის" დასაწყისს შოთა იპოვიდა მხოლოდ ამ რუსუდან დედოფალთან და მისგანვე გაიგებდა შინაარსს იმ ეპისტოლისას, რომელშიაც იქნებოდა მოკლე რამ ცნობები შესახებ ტარიელის მიერ ხვარაზმშას შვილის მოკვლისა, ნესტანის გატაცებისა და ტარიელის გაუბედურებისა. ჩვენ ვფიქრობთ, ამ ცნობას შემწეობის აღმოჩენის თხოვნითურთ მოიტანდა თვითონ ტარიელივე მაშინ, როდესაც შავი ცხენით გამოჩნდა "არაბეთის" პირს და მალე ისევ გაუჩინარდა, ხოლო "სრულსრულ სპარსულ ამბავს", ანუ "ტარიელის თავგადასავალს", მისგანვე შეიტყობდა ავთანდილი და მოიტანდა სამშობლოში, და აქ "ლექსად გარდაქმნიდა" მას პოეტი შოთა.
მკვლელობის გამო იგი ჩავარდა ისეთ ყოფაში, რომ მისთვის საჭირო შეიქმნა ძლიერი შემძლის მოძებნა, რათა როგორმე გამოებრუნებინა საქმე. და რომ იგი შემწეებს ეძებდა, ამას ნათელს ჰფენს შოთას სიტყვები: "შევეწივნეთ ტარიელს". და 80.000 "არაბი" მეომარიც დაიძრა ომის საშველად...

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.