ორივე ნაწარმოები XI-XII სს-შია დაწერილი და საგმირო-სარაინდო ჟანრს ეკუთვნის. რასაკვირველია, არ შეიძლება ლაპარაკი ამ ნაწარმოებების იდენტურობაზე, რადგან მათი ფორმა, მიზნები და წარმომშობი ერების კულტურული ღირებულებები არაა იდენტური. რუსთაველმა ქართველების მიერ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული რელიგიური ფილოსოფიური მრწამსის ნიადაგზე დაწერა ღვთაებრივი სიყვარულისა და ჰარმონიის საგალობელი, კრეტიენ დე ტრუამ კი კურტუაზიული გემოვნების გათვალისწინებით შექმნა მაღალმხატვრული რომანი...
უპირველესად უნდა აღვნიშნოთ გმირთა სახეები და მათი იდეური დატვირთვა...
ფრანგულ სარაინდო რომანში პერსონაჟის ფიზიკურ თვისებებს დიდი ყურადღება ექცევა. აქ ყველა რაინდი, ასაკის მიუხედავად, ლამაზი შესახედაობისაა...
რუსთაველის გმირებიც შესანიშნავი გარეგნობით ხასიათდებიან...
გმირისათვის დამახასიათებელია თავგადასავლების ძებნა და სატრფოს სახელით საქმეების ჩადენა. მაგალითად, ტარიელმა ხატაელები დაამარცხა და ეს გამარჯვება ნესტანდარეჯანს მიუძღვნა. ხოლო პერსევალი თავისი სატრფოს, ბლოდოვენის დასაცავად და მტრისაგან გასათავისუფლებლად ორთაბრძოლაში ჩაება და გაიმარჯვა...
შუასაუკუნეობრივ ლიტერატურაში გავრცელებულია ველად გაჭრა...
"
ვეფხისტყაოსანში" სატრფოს დამკარგველი ტარიელი ადამიანებს შორის ვერ პოულობს ადგილს და ტყეში, გამოქვაბულში ცხოვრობს. მართალია, უშუალოდ პერსევალი ასე არ იქცევა, მაგრამ "გრაალის ციკლის" რომანების ერთ-ერთი მთავარი გმირი და მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, რაინდი ივენი, სიყვარულით გაოგნებული და გონებაწართმეული, ველად გაიჭრა...
განსაკუთრებით საინტერესო მაგალითია პერსევალისა და მეფე არტურის შეხვედრა. პერსევალი სატრფოს გახსენებისას უგონოდ გახდა და გამოეთიშა გარესამყაროს, ისე რომ აღარაფერი ესმოდა. არტურმა უცხო რაინდის ამბის გასაგებად თავისი მსახურები გააგზავნა, მაგრამ რაინდი ისე იყო თავის ფიქრებში გართული, რომ ვერაფერი შეამჩნია. როცა მეფესთან წაყვანას ძალით უპირებენ, პერსევალი არტურის რაინდებსაც და ამირბარსაც შეებრძოლება. ბოლოს დაღონებული მეფე თავის ძმისწულს გოვენს აგზავნის, რომელიც მშვიდად დაარწმუნებს პერსევალს, რომ არტურს წარუდგეს.
"ვეფხისტყაოსანშიც"როსტევანი ნადირობისას გადაეყრება მტირალ ტარიელს, რომელიც თავის სატრფოზე დარდობს. როსტევანი მონებს უგზავნის, რომ მეფესთან მიიყვანონ. მაგრამ ტარიელი ისეა თავის ფიქრში ჩანთქმული, რომ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს. მონები მის ძალით წაყვანას ცდიან, მაგრამ ის მათ შეებრძოლება და, როცა შეამჩნევს, რომ მისკენ მეფე მოემართება, თავს გაარიდებს. და აქაც უკვე საქმეში ჩაერთვება ავთანდილი... 
ამგვარად, "ვეფხისტყაოსანსა" და "პერსევალს" შორის არის სიუჟეტურ-მხატვრული მსგავსებები, გარკვეული ისტორიულპოლიტიკური და სოციალური მოვლენებით განპირობებული".

ვერიკო თავართქილაძე

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.