ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში რამდენჯერმე იყო ცდა მსოფლიო პოეზიის ამ ორი უბრწყინვალესი წარმომადგენლის "ლიტერატურული ნათესაობის" დადგენისა...
მართალია, რუსთაველის შემოქმედებაზე ჰომეროსის უშუალო გავლენის დასამტკიცებლად საჭიროა მრავალი მომენტის გათვალისწინება (მაშინ, როდესაც "ვეფხისტყაოსანში" მკითხველი ვერ ხვდება პირდაპირ ჩვენებებს ბერძენ პოეტზე) და მყარი არგუმენტაცია, მაგრამ... ჩვენი აზრით, მხედველობაშია მისაღები შემდეგი მოტივები, ტიპოლოგიური მსგავსებანი:
თუ ჰომეროსის "ილიადაში" აღწერილი ამბები უკავშირდება მშვენიერი ელენეს მოტაცებას, რუსთაველის პოემაში ერთგვარი ანალოგიაა ნესტან-დარეჯანთან დაკავშირებით. ჰომეროსიც და რუსთაველიც დიდ ადგილს უთმობენ ოდისევსისა და ავთანდილის გაუთავებელ მოგზაურობებს, მათი თავგადასავლების აღწერას. ჰომეროსისა და რუსთაველის პოემებში ქვეყნები ორ კატეგორიად განიყოფება: ისტორიულად (საბერძნეთი, თრაკია, ლიბია, ეთიოპია, არაბეთი, ინდოეთი, ხატაეთი და სხვ.) და გამოგონილად, მითიურად (ციკლოპების, ლესტრიგონების სამყოფელი, ქაჯეთი, გულანშარო, მულღაზანზარი)...
ზოგიერთი მსგავსება შეინიშნება ჰომეროსის ციკლოპებსა და რუსთველის დევებს, ქაჯებს შორის. ამ უკანასკნელთ კირკეს მსგავსად შეუძლიათ სასწაულების მოხდენა.
...ჰომეროსისა და რუსთველის პოემების შედარებისას საინტერესოა ლოდინის მოტივიც. ტროაში წასულ ოდისევსს სულმოუთქმელად ელოდება მისი ერთგული მეუღლე პენელოპე, ხოლო ავთანდილს - თინათინი. როგორც ჰომეროსის, ასევე რუსთველის პოემებში აღწერილ მოვლენათა გამომწვევ მიზეზად ქალი (მშვენიერი ელენე და ნესტან-დარეჯანი) წარმოგვიდგება.
...თუ ღრმად ჩავწვდებით ჰომეროსისა და რუსთველის გმირთა სახეებს, შესაძლებელია მრავალი მათგანის "ლიტერატურული ნათესაობის" შენიშვნა. ასე, მაგალითად, მრავალი საერთო შეიძლება მოეძებნოს ავთანდილსა და ოდისევსს, ორივესათვის დამახასიათებელია სიბრძნე და ხერხიანობა. ავთანდილი ისეთივე თავგამოდებით იბრძვის თავისი მეგობრის, ტარიელის სატრფოს - ნესტან-დარეჯანის გამოსახსნელად ქაჯეთის ციხიდან, როგორც ოდისევსი - მენელაოსის მეუღლის - მშვენიერი ელენეს გასათავისუფლებლად და ტროას დასაპყრობად.
...უდავოა, რომ "ვეფხისტყაოსნის" ავტორი, რომლისთვისაც ნამდვილად არ არის უცხო ბერძნულ-ბიზანტიური სამყარო, იცნობს ჰომეროსს, ანტიკურ აზროვნებას.

ვალერი ასათიანი

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.