ქეთი ცეცხლაძე 

რუსთაველის "სახე" საუკუნეების განმავლობაში ნელნელა, ეტაპობრივად ყალიბდებოდა. შეიძლება გამოვყოთ ორი ტიპაჟი. ერთი ახალგაზრდა მამაკაცისა, წვერ-ულვაშით, დახვეწილი სახის ნაკვთებით, ხშირად წიგნით და სამელნით ხელში გამოსახული, რომელიც რომანტიკული, პოეტური იერისაა. ეს "სახე" მამუკა თავაქარაშვილისეული "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერში ჩნდება. შალვა ამირანაშვილის აზრით, შესაძლოა, ეს მინიატურა ადრეული ნიმუშიდან ყოფილიყო გადმოხატული, თუმცა ამის მტკიცება დაბეჯითებით ვერ ხერხდება. მეცნიერთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ნიმუში ხელნაწერის თანადროული, XVII საუკუნისაა. ასეა თუ ისე, ეს ტიპაჟი ყველაზე უფრო გავრცელებულია და დღესაც უფრო ხშირად ამ ვარიანტს მიმართავენ მოქანდაკეები. ამ ტიპაჟს უახლოვდება არაერთი საინტერესო ნიმუში, რომელთაგან ზოგიერთი ყველასთვის ცნობილია და ჩვენს ყოველდღიურობაშიცაა შემოსული. რუსთაველის მოედანზე დადგმული, კონსტანტინე მერაბიშვილის ქანდაკება, შესრულებული 1942 წელს, გამვლელების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ყოველშემთხვევაში, ოდესღაც ეს ასე იყო. როგორც ცნობილია, 30-იან წლებში გაიმართა კონკურსი შოთა რუსთაველის ძეგლისათვის, რომელიც პოეტის 750 წლისთავს მიეძღვნა. საინტერესოა ის პორობები, რომელიც მოქანდაკეებს პროექტის შესრულებამდე წაუყენეს. გარდა იმისა, რომ ადგილმდებარეობა წინასწარვე განსაზღვრული იყო, დადგინდა კრიტერიუმებიც: ძეგლი უნდა ყოფილიყო პორტრეტული, ხოლო საფუძვლად უნდა დასდებოდა უკვე ზევით ნახსენები უძველესი პორტრეტი. მასალად უნდა გამოეყენებინათ მხატვრული დოკუმენტები თამარ მეფის ეპოქის შესახებ. გარდა პორტრეტულობისა, ძეგლში უნდა ჩატეულიყო "ვეფხისტყაოსნის" იდეები, მოტივები, პერსონაჟების სახეები. ამგვარი წინაპირობის გათვალისწინებით სხვადასხვა მოქანდაკის მიერ შეიქმნა რამდენიმე ვარიანტი, მათგან ჩვენთვის ცნობილი ძეგლი შეირჩა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად ავტორმა შექმნა ეგრეთწოდებული არქიტექტურული ანსამბლი, რომლის დომინანტიც რუსთაველის ფიგურა იქნებოდა. ძეგლის პიდესტალი შემკული იყო რელიეფური სცენებით "ვეფხისტყაოსნიდან". შემდგომში ძეგლს ბევრი დეკორატიული ელემენტი ჩამოშორდა. 

 
WordPress plugin
 

ახლოს სანახავად ერთელ დააწკაპუნეთ.
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში
განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ 

მაგრამ შოთა რუსთაველის ფიგურა იმგვარად არის სივრცეში მოცემული, რომ ერთგვარი კრებსითი ნიშანივით მოქმედებს, რომელსაც პოეტის ეპოქაში გადავყავართ. მონოლითური ქანდაკება ყურადღებას იქცევს თავისი სიმტკიცით, მთლიანობით და მაინც, ამ შემთხვევაშიც მოქანდაკე გვთავაზობს ნაკლებად პორტრეტულ სახეს, რომელიც "სიმბოლოდ" იკითხება. შედარებისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიის საცავში დაცული გიორგი ცომაიას მიერ შესრულებული რუსთაველის ბიუსტი, რომელიც გიპყრობთ საოცარი გამომსახველობით. განსაკუთრებული ექსპრესიით გადმოცემული სახე პიროვნების ძლიერ ხასიათსა და სიბრძნეს გამოხატავს. ნაკლებად პოეტურია და განზოგადებულიც. რის გამოც შოთა რუსთაველის პიროვნება უფრო ადამიანურ, მიწიერ ჭრილში ჯდება და დამთვალიერებლისთვისაც უფრო მისაწვდომი, ახლობელი ხდება. ეს ტიპაჟი ზოგადი აღწერილობით ადრეულ მინიატურებში მოცემულ "სახეებს" უახლოვდება, თუმცა თავისი მნიშვნელობით ის გამოხატავს არა მარტო რუსთაველისეულ ხასიათს, არამედ მისი პოემის დინამიკასაც. XX საუკუნის ქართველი მოდერნისტი მხატვარის დავით კაკაბაძის აზრით, ნებისმიერი პორტრეტი უნდა ყოფილიყო მატარებელი კონკრეტული პიროვნების ინდივიდუალური გარეგნული და შინაგანი თვისებებისა და ასევე ზოგადად ადამიანის არსისა. ამგვარი პორტრეტები, ძალიან იშვიათია არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ხელოვნებაშიც. მით უმეტეს, თუ კი გამოსახული ადამიანისგან ლეგენდის გარდა აღარაფერია შემორჩენილი და მისი შტრიხების წარმოდგენა მხოლოდ მისივე თხზულებითა და ეპოქის დახასიათებით არის შესაძლებელი. ბევრი ხელოვანი შეეჭიდა ამ რთულ მისიას, მაგრამ სწორედ ეს ობიექტური გარემოებები გახდა იმის მიზეზი, რომ მიუხედავად 100-ზე მეტი მცდელობისა, ყველგან მაინც მეორდება ზოგადი "სახე" პოეტისა. თუკი დავკონკრეტდებით და სხვადასხვა ნიმუშებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ თითქმის ყველა ქანდაკებაში თუ რელიეფურ გამოსახულებებში აქცენტი კეთდება მხოლოდ შემოქმედებით ბუნებაზე, ყოველი ნიმუშის ხილვისას უმალ მიხვდებით, რომ თქვენს წინაშე მწერალია... რაც ხან წიგნის და კალმის გამოსახვით არის მინიშნებული, ხან კი სპეციფიკურად ხაზგასმული მონოლითურად გამოკვეთილი ხელებით, როგორც ეს, მაგალითად, კობა გურულის ქანდაკებაშია მოცემული, ან იაკობ ნიკოლაძის რამდენიმე საინტერესო ძეგლსა თუ ბიუსტში.
ქანდაკებებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შენობების ფასადებზე ხშირად შეხვდებით შოთა რუსთაველის მედალიონში ჩაწერილ პორტრეტებსაც. რომელთა უმრავლესობაც ძირითადად რაიმე იუბილესადმია მიძღვნილი. ასეთია ს. ჯანაშიას სახელწიფო მუზეუმის შენობის ფასადზე მოცემული რელიეფური გამოსახულებაც, რომელიც ავტორმა ქალაქ თბილისის 1500 წლის იუბილეს მიუძღვნა. რუსთაველის თემაზე შესრულებულ ნაწარმოებთა შორის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ოვალური ბარელიეფი, რომელიც ფართოდ გავრცელდა ტერაკოტისა და სხვა მასალის პირების სახით. მუზეუმის ფასადზე სწორედ ამ ნიმუშის გადამუშავებულ ვარიანტს შეხვდებით. მაშასადამე, შოთა რუსთაველის იკონოგრაფიული სახე, თავიდანვე განსაზღვრული და დადგენილი იყო თავაქარაშვილისეული ხელნაწერის მიხედვით. ყოველი დეტალი, იქნება ეს ჩაცმულობა, ატრიბუტი თუ აღმოსავლური ყაიდის ფრთით შემკული ბეწვიანი ქუდი, მეორდება თითქმის ყველა ნიმუშში. ბუნებრივია, `სახის~ ასეთი ერთგვარი "კანონიკურობა" მხოლოდ ავტორთა ნება-სურვილით არ იქნებოდა განპირობერუსთაველის ბული. ასეთი იყო მოთხოვნა საკონკურსოდ წარდგენილი ნიმუშებისათვის. ხოლო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და ცნობილი ძეგლი თბილისში თუ მის გარეთ სწორედ ამგვარი კონკურსების შედეგად იდგმებოდა. გამონაკლისია მერაბ ბერძენიშვილის ბრწყინვალე ქანდაკება, რომლის ასლის ნახვაც თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის შესასვლელში შეგიძლიათ. ფიგურა თაღის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული, რის გამოც ის ფასადის იერსახეს განსაზღვრავს და მის მნიშვნელოვან ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ მერაბ ბერძენიშვილი ერთგვარად არღვევს იკონოგრაფიულ "სახეს" და უფრო თავისებურ პორტრეტს გვთავაზობს. აქაც ახალგაზრდა დარბაისელი მამაკაცის ფიგურას ვხედავთ, თუმცა, ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიც არის ფრთა, ქუდზე აღარ არის გამოსახული. სამაგიეროდ, განსაკუთრებულად არის გამოკვეთილი დახვეული ეტრატი და ხელები. შორიდანაც კი კარგად ჩანს, თითების ექსპრესიული მოძრაობა, რომელიც მის დინჯ სახის გამომეტყველებას და მშვიდ პოზას უპირისპირდება. XX საუკუნის ეს ქანდაკება ერთ-ერთი წარმატებული ნიმუშია, თუ არა ერთადერთი. თავის დროზე ეს უკანასკნელი მეტად თამამი და საკმაოდ ამბიციური სახისა სჩანდა, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა "ქართველი ადამიანის ცნობიერება"-ში და მან სრულიად ახლებურად დანახული, მოქანდაკე თემო ნაცვლიშვილის მიერ შესრულებული შოთა რუსთაველის "რენესანსული სულის" სახეც მიიღო. ამ ნიმუშში შეუძლებელია, მაყურებელი ერთ დეტალზე გაჩერდეს, ჩაუკვირდეს სახის გამომეტყველებას, გარეგნობას, ტიპაჟს... მთავარი სწორედ რომ რუსთაველის ეპოქის ხასიათის წარმოჩენაა, მისი დიდებულების და ჰეროიკული სულის ჩვენება. სწორედ, რომ გარეგნული ნიშნების განზოგადებით, შოთა რუსთაველის ქანდაკება, ჩვენს წინაშე იქცევა "სახედ" ქართული "რენესანსისა".
უნდა ითქვას, რომ ყველა ნახსენები ნიმუშის გარდა, არსებობს სხვაგვარი "რუსთაველიც", რომლის "სახეც" პალესტინაში, ქართველთა ჯვრის მონასტრის კედელზე გამოსახული პორტრეტით არის ნაკარნახევი... ეს უკვე ასაკოვანი, დარბაისელი მამაკაცია, გრძელი, თეთრი წვერითა და თავზე "არაღჩინით"... ბევრისმხილველი და ბევრისაღმქმელი, ბრძენი, კეთილი... ამგვარ ტიპაჟს მიმართეს ისეთმა მოქანდაკეებმა, როგორებიც არიან ალექსანდრე თარხნიშვილი, კობა გურული და სულ რამოდენიმე ხნის წინ ახალგაზრდა მოქანდაკე ვლადიმერ იმერლიშვილმა. შესაძლოა, ამ ვარიანტის ნაკლებად პოპულარულობა სწორედ მისი ადგილმდებარეობითა და ხასიათიდან გამომდინარეობს. მისი სახე უფრო ქტიტორის, წმინდანის განზოგადებულ თვისებებს ატარებს, ვიდრე ადამიანურსა და პოეტურს. შოთა რუსთაველი კი, პირველ რიგში, კონკრეტული ეპოქის, კონკრეტული ნაწარმოების მთავარი "გმირია", რომელიც დღემდე ხელოვანთა ინტერესის სფეროშია მოქცეული. ამას მოწმობს ქალაქ კიევში, დადგმული ვლადიმერ იმერლიშვილის შოთა რუსთაველის მონუმენტიც, რომელიც დიდი მსჯელობისა და დისკუსიების საგნად იქცა. ამის მიზეზი, ალბათ, ავტორის "არატრადიციული" ხედვა უნდა იყოს. ერთი შეხედვით, ძნელად თუ ხერხდება ძეგლის კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირება, მონუმენტი რამოდენიმე გეომეტრიული, აბსტრაქტული ფორმის ქვის ნაწილისაგან შედგება, რომელიც ადამიანის ერთ ბლოკად შეკრული სხეულის ფორმას იძენს, მასზედ ხელის მოცულობა მთლიანისაგან გამოიყოფა და თავის მხრივ მიგვანიშნებს შოთა რუსთაველის პორტრეტზე. "სახე", რომელიც პირდაპირი სახით, შეუფარავად იდენტურია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის პორტრეტისა, სრულიად გლუვ ზედაპირზე რელიეფის სახითაა დატანილი. თანამედროვე გეომეტრიული, განზოგადებული ფორმების და ისტორიული გამოსახულების ერთ "სახეში" გაერთიანება მეტად წარმატებული და უფრო კონცეპტუალურად გააზრებული უახლესი პორტრეტია. XXI საუკუნის თვალით დანახული ისტორიული სახე, ახალ კონტექსტებს უხსნის შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" მკითხველებს მონუმენტების თუ ფერწერული ნამუშევრების მაყურებლებს...

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.