ლევან თაქთაქიშვილი

საქართველოში არ არსებობს ოჯახი, "ვეფხისტყაოსნის" გამოცემა რომ არ ჰქონდეს, "ვეფხისტყაოსანი" ყველა ქართველის სანუკვარი წიგნია, ასე იყო ძველად და ტრადიცია გრძელდება. მეტიც, არიან ოჯახები, სადაც მისი ათობით და ზოგჯერ ასობით სხვადასხვა გამოცემაა დაცული. დიახ, არ ჩათვალოთ შეცდომად ან გაზვიადებულად – ასობით გამოცემა, ერთმანეთისაგან განსხვავებული, როგორც პოლიგრაფიულად, ასევე ტექსტით და ენით.
დღეისათვის "ვეფხისტყაოსნის" სამასამდე სხვადასხვა გამოცემა არსებობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 50 ენაზე დაბეჭდილი, აქედან ქართულია 100 - დაწყებული1712 წლის ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაბეჭდილი ცალიდან, 2009 წლის ხელოვნების განვითარების ფონდის მიერ ექსკლუზიურად "თიბისი ბანკისთვის" მომზადებულ მეასე მინიატურულ გამოცემამდე.
ვინ იყო პირველი, ვინც "ვეფხისტყაოსნის" გამოცემების შეგროვება დაიწყო, ძნელი სათქმელია. თუ ჩავთლით, "ვეფხისტყაოსნის" თითოეულ ხელნაწერს გამოცემად (პავლე ინგოროყვა ასეც ფიქრობდა) მაშინ ვახტანგ მეექვსემ გადაწყვიტა მათი შეგროვება1712 წელს თავისი გამოცემისათვის ტექსტის მომზადების მიზნით, ასევე 1888 წელს გადაწყდა პირველი აკადემიური გამოცემის მომზადება და კომისიის მიერ შეგროვებული ხელნაწერი და ბეჭდური გამოცემების უმრავლესობა შემდგომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკას გადაეცა, ჩანს, რომ იმ დროისათვის "ვეფხისტყაოსნის" არსებული ყველა გამოცემა ჰქონდა დავით ჩუბინაშვილს. ის რუსეთის იმპერიის ბიბლიოფილთა წრეში ცნობილი იყო თავისი ბიბლიოთეკით იმდენად, რომ გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო ბიბლიოთეკამ შეისყიდა მისი ბიბლიოთეკის უცხოური გამოცემები, ქართული კი, ილია ჭავჭავაძის მონდომებით, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მეცნიერის შთამომავლებმა გადასცეს.
დროთა განმავლობაში ახალ-ახალი გამოცემა იბეჭდებოდა, მე-19 საუკუნის ბოლოს მათი გამოცემები რუსეთის იმპერიის ფარგლებს გაცდა, საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ კი გამოცემათა რაოდენობამ რამდენიმე ათეულს გადააჭარბა.
მსოფლიოს არცერთი მსხვილი ბიბლიოთეკა არ ფლობდა არათუ ამ გამოცემათა კოლექციას, არამედ ინფორმაციაც კი მათზე ძნელი მოსაპოვებელი გახდა. ქართველ ბიბლიოგრაფთათვის მიუწვდომელი იყო კაპიტალისტურ ქვეყნებში დაბეჭდილი გამოცემები, ემიგრანტთათვის კი - საქართველოში დაბეჭდილი "ვეფხისტყაოსანი". საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაში არ ინახებოდა "ვეფხისტყაოსნის" ე.წ. კაპიტალისტური გამოცემები.
სწორედ ამ ფონზე "ვეფხისტყაოსნის" გამოცემების შეგროვება დაიწყო ცნობილმა ექიმმა, ალპინისტმა, პედაგოგმა და საზოგადო მოღვაწემ იოსებ ასლანიშვილმა (1891-1955). მან შეძლო და მიაღწია იმას, რომ მის სიცოცხლეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაბეჭდილი 76 გამოცემიდან 69 გამოცემა მის კოლექციაში იყო დაცული (ჟურნ.დროშა. 1954.N 1-2. გვ.94). იმ დროისათვის 40 ქართული გამოცემა იყო დაბეჭდილი და მათგან ასლანიშვილს 39 ჰქონდა კოლექციაში. მისი ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ კოლექციის შევსება განაგრძო მისმა ძმამ - ვახტანგმა, რომელიც პროფესიით ინჟინერი იყო. წიგნადი გამოცემების გარდა, ასლანიშვილებს პოემის 3 ხელნაწერი გამოცემა ჰქონდათ, ერთ-ერთი მათი წინაპრის ავტოგრაფით არის, კოლექცია შეიცავდა, აგრეთვე, ლიტერატურას რუსთაველის შესახებ. ასლანიშვილების გამოცემას აკლდა მხოლოდ 1712 წლის ქართული, 1939 წლის რუსული, 2 ჩინური (1949,1951 წლების), 1917 წლის უნგრული, 1938 წლის ებრაული, 1945 წლის იტალიური გამოცემები, ვახტანგ ასლანიშვილის გარდაცვალების შემდეგ ეს კოლექცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკამ შეიძინა და დღეს იქ ინახება. ვახტანგ ასლანიშვილმა შეუძლებელი შეძლო და კოლექციას შემატა ქართულად ბერლინში 1943 წელს გამოცემული მინიატურული ზომის "ვეფხისტყაოსანი", აგრეთვე, ემიგრანტ დავით ხელაძის მიერ 1933 წელს პარიზში დაბეჭდილი "ვეფხისტყაოსნის" რუსული გამოცემა - ბალმონტის მიერ თარგმნილი, აგრეთვე, არტურ ლაისტის ლაიფციგში გამოცემული თარგმანი.
1937 წელს საქართველოში რუსთაველის საიუბილეო დღეებში გადაწყვიტა პოეტის გამოცემათა შეგროვება შალვა სიმონის ძე ასათიანმა და საუკეთესო კოლექციაც შეაგროვა. იგი ასლანიშვილებთანაც ურთიერთობდა. მის კოლექციაში დაცული იყო არა მარტო წიგნადი გამოცემები, არამედ ფოტოები, ღია ბარათები, ფირფიტები, რეპროდუქციები, ბუკლეტები, სამკერდე ნიშნები - ყველაფერი რუსთაველთან დაკავშირებული. 1964 წელს ცნობილმა უკრაინელმა პოეტმა მიკოლა ბაჟანმა თავისი ნათარგმნი "ვეფხისტყაოსნის" გამოცემა შალვა ასათიანს გადასცა წარწერით - "მსურს თქვენი ძვირფასი კოლექცია შეივსოს ჩემი მოკრძალებული ნაღვაწით - ჩემს მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსნის" გამოცემით" (გაზ. "ЗАРЯ ВОСТОКА". 1966წ. 23 აგვისტო). 1966 წელს რუსთაველის იუბილეს დღეებში შალვა ასათიანმა საკუთარ სახლში რუსთაველის გამოცემათა გამოფენა მოაწყო და არაერთი დამთვალიერებელი ჰყავდა.
რუსთაველის გამოცემებს აგროვებდა საქართველოს ყველაზე დიდი და ლეგენდარული ბიბლიოფილი და წიგნის მოამაგე – იოსებ გრიშაშვილი, მის კოლექციაში დაცულია "ვეფხისტყაოსნის" 1712 წლის გამოცემა, რომელიც პოეტს ასევე ცნობილმა ბიბლიოფილმა და ქართული ლიტერატურის მკვლევარმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე ბარამიძემ აჩუქა. თვით ბარამიძეც "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა საუკეთესო კოლექციას ფლობდა, მაგრამ არც გრიშაშვილის და არც ბარამიძის კოლექციები არ ასახავდნენ პოემის გამოცემათა ისეთ სრულ სურათს, როგორიც ასლანიშვილებს და ასათიანს ჰქონდა, არადა, 1712 წლის გამოცემა ასლანიშვილებს და ასათიანს კოლექციაში აკლდათ.
ალექსანდრე ბარამიძემ თავისი კოლექცია ხელნაწერთა ინსტიტუტს დაუტოვა ანდერძად, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ანდერძი ქაღალდზე დარჩა.
"ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა კოლექციას ფლობდა ცნობილი საბიბლიოთეკო მოღვაწე, მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის დირექტორი – ნოდარ გურგენიძე.
ასლანიშვილები მისი ბიძები იყვნენ და, ალბათ, მათი კოლექციის დათვალიერების შემდეგ გაუჩნდა საკუთარი კოლექციის შეგროვების სურვილი, რომელიც შეასრულა კიდეც. პირველი წიგნი, რომელიც ნოდარ გურგენიძეს მამამ აჩუქა, "ვეფხისტყაოსანი" იყო, იგი მაშინ საშუალო სკოლაში სწავლობდა. 1996 წლისათვის მისი კოლექცია "ვეფხისტყაოსნის" 200-ზე მეტ სხვადასხვა გამოცემას მოიცავდა.
"ვეფხისტყაოსნის" საინტერესო კოლექცია ჰქონდა ნოდარ ქებაძეს. მისი კოლექცია ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, გამოირჩეოდა არაერთი იშვიათი გამოცემით, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გამოცემული თითქმის ყველა გამოცემას მოიცავდა, შუა აზიის რესპუბლიკების თითქმის ყველა გამოცემა ჰქონდა. მისი კოლექცია ამ მხრივ გამორჩეულია.
ზემოთ აღნიშნულ კოლექციათა მფლობელებს რუსთაველის გამოცემათა პოპულარიზაციით გაცილებით სჯობნის ინჟინერი ვახტანგ ნათენაძე (1908-1988).
მახსოვს, პატარა ბიჭი ვიყავი. მაშინ ვერის ბაღს კიროვის სახელი ერქვა. კვირაობით წიგნის მოყვარულები იქ იკრიბებოდნენ. თავიდან ჩუმ-ჩუმად, ვითომ საჭადრაკო ლიტერატურის გასაცვლელად და სინამდვილეში ძნელად საშოვარი გამოცემების შესაძენად. ყველა წიგნს იშოვიდი, საბჭოთა კავშირში გამოსულს, იქიდან მახსოვს, მითხრეს – ამ კაცს "ვეფხისტყაოსნის" გამოცემები აქვს, ყველა ქვეყანაში გამოცემულიო. გამიკვირდა. ერთხელაც მელიქიშვილის ქუჩაზე ბუკინისტურ მაღაზიაში დავინახე, ბუკინისტ ტიმოთე მახაურთან მოლაპარაკე – "ქართლის ცხოვრების" გამოცემა იყიდა მაშინ.
მისი კოლექცია არაერთი გამოფენის მშვენება იყო, საქართველოში 1978-1983 წლებში ამ კოლექციის 7 გამოფენა მოეწყო, მოსკოვშიც ორჯერ გამოფინეს – 1982 და 1983 წლებში – ფადეევის სახ. ლიტერატორთა სახლში და დიდი გამოხმაურება ჰქონდა. 1984 წელს იტალიაში გამოფინეს.
ვახტანგ ნათენაძე მისთვის საინტერესო გამოცემას გაუგონარ ფასადაც იყიდდა და გამოფენებში კი უსასყიდლოდ მონაწილეობდა. მანვე დაუთმო "ვეფხისტყაოსნის" 1888 წლის ქართველიშვილისეული ორიგინალი გამომცემლობას რეტოპრინტული გამოცემის ყდის დასაბეჭდად და, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ამ გამოცემას. ამავე გამოცემის შიდა გვერდები ნოდარ გურგენიძის ცალიდან გაკეთდა.
"ვეფხისტყაოსნის" გამოცემებს აგროვებდა ნოდარ ჩხეიძეც, რომლის კოლექციაც მეტად საინტერესო იყო. იგი 1950 წლიდან აგროვებდა კოლექციას და მისი კოლექციის გამოფენა მოეწყო მოსკოვში 1987 წელს რუსეთში ცნობილი გამომცემლის – სიტინის სახლ-მუზეუმში. ამ გამოფენას უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა.
იყვნენ ბიბლიოფილი ძმები გრიგოლ და მიხეილ ლალიაშვილები, ისინიც "ვეფხისტყაოსნის" გამოცემების შეგროვებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გრიგოლი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე იყო, იქამდე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტებას ხელმძღვანელობდა. 1976 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ძმა მიხეილი ამ კოლექციას მარტო ავსებდა და საბოლოოდ ერთ-ერთი საუკეთესო გახადა. რას არ ნახავდით კოლექციაში – წიგნები, გაზეთები, პლაკატები, ასანთის კოლოფები, ყველაფერი, რაც რუსთაველთან ან მის კოლექციასთან იყო დაკავშირებული. მიხეილის გარდაცვალების შემდეგ კოლექცია სამწუხაროდ, დაიშალა და ბუკინისტთა ხელში აღმოჩნდა.
"ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა კოლექცია ჰქონდა პროფესიით ინჟინერს შალვა გურაბანიძეს, მისი შვილიშვილი – ნინო ქადაგიძე არის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე. ეს კოლექცია მათ ოჯახში ინახება და ზურაბ ჟვანიამაც არაერთი გამოცემით შეავსო.
პოლიტიკოსებს, საერთოდ, "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა რაოდენობა საკუთარ ბიბლიოთეკებში უგროვდებათ, მათ, უმთავრესად, ჩუქნიან ხოლმე მთარგმნელები.
შემდეგ, ზოგიერთნი კოლექციის შეგროვებასაც იწყებენ. არის ინფორმაცია, რომ "ვეფხისტყაოსნის" კოლექციას ფლობს ასლან აბაშიძე, ფლობდა ბადრი პატარკაციშვილი, რომელმაც თავისი შვილების ქორწილის მონაწილეთათვის "ვეფხისტყაოსნის" სასაჩუქრო ეგზემპლარებიც კი დაამზადებინა ქართულ, რუსულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე.
"ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა კოლექციას აგროვებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი.
დღეისათვის "ვეფხისტყაოსნის" ყველაზე სრული კოლექციის მფლობელია ბატონი გურამ ახალაია – პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" აღმასრულებელი დირექტორი. კოლექცია მოიცავს გამოცემებს 1712 წლის პირველი ქართული გამოცემიდან მოყოლებული – დღემდე, არანაკლები კოლექცია აქვს ამ წერილის ავტორსაც.
ამ წერილის მომზადება ძალზე საპასუხისმგებლოა იმით, რომ ერთ წერილში "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა კოლექციის მფლობელთა სრული სახით წარმოდგენა ძნელია, პრაქტიკულად, შეუძლებელიც. ვინ იცის, საქართველოში არიან, "ვეფხისტყაოსნის" ისეთი შემგროვებლებიც, ჩრდილში დგომას რომ არჩევენ, არადა მათი კოლექცია იქნებ არანაკლებია ზემოთ დასახელებულ პირთა კოლექციებზე. არიან ისინიც, შედარებით მოკრძალებულ კოლექციებს რომ ფლობენ – პროფ. შოთა გამყრელიძე, პროფ. რეზო ჟორდანია, პროფ. დავით ჯოხაძე, ისტორიის მეცნ. დოქტორი ბუბა კუდავა, ცნობილი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია, ფილოსოფიურ მეცნ.დოქტორი დავით თაქთაქიშვილი, თემურ ბუჩუკური, რომელსაც "ვეფხისტყაოსნის" არაერთი იშვიათი გამოცემა აქვს... ეს ისინი, ვინც ჩვენთვის ცნობილია.
ღმერთმა ამრავლოს საქართველოში "ვეფხისტყაოსნის" და, საერთოდ, წიგნის მოყვარულნი.

ახლოს სანახავად, ერთხელ დააწკაპუნეთ 

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.