ნაწყვეტი ნინო ჩაკუნაშვილის წერილიდან, ჟურნალი "ქართველოლოგი", N12. 

მინდა გამოვაქვეყნო ერთი მინაწერი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტში "ვეფხისტყაოსნის" მრავალ თარგმანთა და გამოცემათა შორის ერთ ჩვეულებრივ, ოდნავ ყდა გაცრეცილი წიგნის შიდა ყდაზეა შესრულებული, ეს "ვეფხისტყაოსანი" შალვა ნუცუბიძისეული თარგმანია რუსულ ენაზე, რომელიც 1941 წელს გამოიცა. გადაშლით თუ არა წიგნს, პირველივე გვერდზე აწ უკვე ფერგადასული მელნით შესრულებულ მინაწერს ნახავთ. თითქოს ბევრი არაფერი, მკითხველს თავისი შთაბეჭდილებანი წიგნზე წაუწერია, მაგრამ როცა ამ მინაწერს ჩაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე შთაბეჭდილება, ვიდრე ემოცია. აზრის უფრო ნათელსაყოფად, ალბათ, საჭიროა თავიდან ბოლომდე მოვიყვანოთ ეს პატარა მინაწერი, რომელიც განსვენებულ ისტორიკოსს და მეცნიერს, აკადემიკოს შოთა მესხიას ეკუთვნის:

"მეშვიდე თვეა დავატარებ რუსთველის ამ უკვდავ ნაშრომს. ის შემთხვევით შევიძინე ქ. განჯის (კიროვობადი) ბაზრის ერთერთ კიოსკში. მზისგან გახუნებულ წიგნებს შორის ობლად დარჩენილი ჯერ კიდევ ბრწყინავდა. ეს ერთადერთი წიგნი იყო, რომელიც მე ვიპოვე ქართველთა ნაშრომთაგან კიროვობადში. ეროვნული სიამაყით გატაცებულმა ეს უკანასკნელი გამოცემაც "ვეფხისტყაოსნისა" სიამოვნებით შევიძინე. მაინტერესებდა ამ გენიალური ნაშრომის ნუცუბიძისეული თარგმანი, რომლის ქება ჯერ კიდევ ადრე მქონდა გაგონილი. რაც მთავარია - წიგნს, ჩემის აზრით, ჩემი ყოფილი სპეციალობის - მეტის სიყვარულის - სიმბოლოს როლი უნდა შეესრულებინა, ამ სპეციალობის ნაძალადევად დატოვების დროს. სამხედრო საქმეებით გართულს - მოუცლელს, თარგმანის ამოკითხვა, წარმოუდგენელ სიამოვნებას მგვრიდა მკვიდრ სამშობლოს და კულტურას დროებით მოშორებულს. და როცა გადაწყდა კიდევ უფრო შორს წასვლა სამშობლოდან, მტკიცედ გადავწყვიტე ყველგან ყოველთვის მეტარებინა იგი და მძიმე წუთებშიც კი გამეხსენებინა ეროვნული კულტურის ამ უდიდესი განძის სამშობლო, მისი წარსული და ამ წასრულის ირგვლივ მოტრიალე ჩემი საყვარელი სპეციალობა. წიგნი გახდა სიმბოლოდ და მაგიად ჩემთვის. ცხადია ამ როლის შესრულება ყოველ წიგნს როდი შეუძლია, ის სამართლიანად მხოლოდ რუსთველის ამ უკვდავ შრომას მიეკუთვნა.
მართლაც, "ვეფხის ტყაოსანმა" იარა ჩემთან კიროვაბადიდან ბუგლენამდე (დაღესტანი), მატარებლითა და ფეხით, ბუგლენიდან ყუბანამდე... მთელი ყუბანი ფეხით მოვიარეთ, ერთად განუყრელად. ჩემ მცირე ჩემოდანში ყოველთვის იყო მისთვის ადგილი... შესვენებების დროს მუდმივ მესაუბრებოდა იგი მე და მამხნევებდა თავისი ბრძნული აფორიზმებით...
მაგონებდა, რომ არც ისე შორეულ წარსულში თავგამოდებით ვსწავლობდი მის ყოველ სიტყვას და ვცდილობდი, ამ უკვდავ ნაშრომში მეპოვნა მდიდარი მასალა საქართველოს და ქართველი ხალხის გმირული ისტორიისა.
ყუბანიდან მალე ისევ ფეხით - ქერჩის სრუტეც გავიარეთ და ყირიმის ფრონტზე აღმოვჩნდით... რუსთველის ეს ნაშრომი აქაც ჩემთან იყო და უკვე სხვა ფიქრებით მოცულს მუდამ ჩამძახოდა ყურში: "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა..."
ფრონტმა ჩემოდანი საბარგო ჩანთით შემაცვლევინა. უადგილობის გამო ბევრი რაღაც გადავყარე. მაგრამ წიგნი ხელუხლებელი იყო. ეს ხომ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი: მას მხოლოდ ტყვია მომაშორებდა ჩემი ზურგიდან და გონებიდან... და მართლაც იმ წუთებშიც კი, როცა გერმანელების ტყვიები და მინები მთელი სისასტიკით გვიტევდნენ, ჩემი საბარგე ჩანთა ზურგზე მქონდა აკიდული და მასში მხოლოდ "ვეფხისტყაოსანი" და ჩემთვის ძვირფასი წერილებიღა იყო. - 14.III.42 წ. როცა გერმანელი ტყვიით მეც გამიმასპინძლდა და მარჯვენა ბარძაყში დამჭრა, მისუსტებულს ყველაფერი ზედმეტად მეჩვენებოდა. ყველაფერი გადავყარე (ცხვირსახოცებიც კი ჯიბიდან) მაგრამ "ვეფხისტყაოსანს" თავისი ადგილი ეჭირა. ზურგით, ხოხვით, გადმოვატარე იგი ბრძოლის ველიდან სამშვიდობოს, სადაც უკვე არც ისე ახლო იყო სიკვდილი, რომელიც ასე თვალწინ მედგა მთელი ორი თვის განმავლობაში.
წიგნმა თავისი როლი შეასრულა. მაგიისა და სიმბოლოსი, მას უკვე ფრონტიდან ზურგში წამოსულმა, სხვა მოვალეობა დავაკისრე. იგი შეემატება ჩემს ბიბლიოთეკას არა მარტო როგორც "ვეფხისტყაოსანი", არამედ აგრეთვე როგორც მომგონებელი ყოველივე იმისა, რაც გადაგვხდა ამ შვიდი თვის განმავლობაში, როგორც მესაიდუმლე და მოწმე... როგორც გამამხნევებელი, ერთ დროს მძიმე წუთებში მყოფ თავისი პატრონისა.
მე ყველაფერი გადავყარე ფრონტზე (დაჭრის შემდეგ) და აქ ზურგში ჩემი ძვირფასი დღიურებიც კი დამეკარგა და ესღა შემრჩა მომგონებელი განვლილი გზებისა და დაე, მან შეასრულოს ყოველივე ეს არამარტო ჩემთვის, არამედ ყველა იმათთვისაც, ვინც ჩემი ამქვეყნად არყოფნისას გადასინჯავს ჩემს ბიბლიოთეკას და სხვა წიგნებს შორის გადაშლის მას და მის პირველ გვერდს, სადაც გავბედე და ეს ორიოდე სიტყვა მივაწერე. მივაწერე უბრალო მდაბიური ენით, ყოველგვარი ნაძალადევი მჭერმეტყველებისა და ფილოსოფოსობის გარეშე. გავა დრო და ეს უბრალო მინაწერიც ამ ძვირფას წიგნზე, თავის მოვალეობას შეასრულებს - ცხადია ჩემს მემკვიდრეთა და ახლობელთათვის. გაახსენებს მათ, რომ მისი პატრონი მთელს მის სიცოცხლეში იწვოდა რუსთაველით, მისი წარმომშობი მხარითა და კულტურით და რომ ეს უბრალო ადამიანი - მოცადე მის სიღრმეში ჩაწვდომისა, სხვათა შორის ენათესავებოდა მას - შოთას - სახელით, და შესაძლებელია გვარითაც...

შოთა მესხია
კისლავოდსკი 5.4. 42წ.
თბილისის უნივერსიტეტის შოთა რუსთველის კაბინეტს უძვირფასესი "ვეფხისტყაოსანი" ჩემი ბიბლიოთეკისა შ. მ. 24. IV. 66"

საოცარია, ალბათ, ისიც, როგორ გაიმეტა ავტორმა ესოდენ ძვირფასი წიგნი, მისი მეგზური და მეგობარი, მისი გამამხნევებელი მძიმე წუთებში... წიგნი, რომელსაც ერთდროულად მაგიისა და სიმბოლოს მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის.
უამრავ ღირებულებათა გადაფასებებით აღსავსე ჩვენს ეპოქაში, როდესაც ყველა ტრადიციულმა ესთეტიკურმა და ეთიკურმა ფასეულობამ თითქმის დაკარგა თავისი ღირებულება, მაინც ძნელია აუღელვებლად ჩაიკითხო ეს სტრიქონები და არ მიიტანო გულთან ახლოს ის განცდები, რასაც ავტორი გვიზიარებს.
მაგრამ ქართველი კაცისთვის მთავარი, ალბათ, მაინც ისაა, რომ რუსთველი გიყვარდეს. რუსთველი უნდა გიყვარდეს იმიტომ, რომ სამშობლო უნდა გიყვარდეს.

ახლოს სანახავად, ერთელ დააწკაპუნეთ 

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.