ფარშიდ დელშადი; "ვეფხისტყაოსნის" სპარსულად მთარგმნელი
ახლოს სანახავად, ერთელ დააწკაპუნეთ 

ზედმეტია იმის აღნიშვნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს უცხო ენაზე "ვეფხისტყაოსნის" ყოველი ახალი თარგმანის გამოცემას. თავი რომ დავანებოთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას, რაც თავისთავად, ძალზე საჭირო და აუცილებელი საქმეა, პოემის ყოველი თარგმანი მისი განსხვავებული, თავისებური წაკითხვაა და, ამდენად, რუსთაველის უცხოურად ამეტყველებულ სტროფებს ჩვენი ფილოლოგიური მეცნიერების თვალსაზრისითაც სრულიად განსაკუთრებული და თავისთავადი ღირებულება ენიჭება, რადგან სწორედ თარგმანის მეშვეობით შეიძლება დაზუსტდეს დედნის ენის არაერთი ფაქიზი დეტალი თუ რეალია. ამ მხრივ, კიდევ უფრო საინტერესოა "ვეფხისტყაოსნის" აღმოსავლურ ენებზე შესრულებული თარგმანები, რომელთა რიცხვსაც ბოლო ხანს ახალგაზრდა ირანელი სწავლულის ფარშიდ დელშადის მიერ სპარსულ ენაზე შესანიშნავად თარგმნილი და კომენტირებული "ვეფხისტყაოსანიც" შეემატა.
როგორც საქართველოს ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ზემოაღნიშნული გამოცემის ინიციატორი და მოამაგე, პროფესორი ჯემშიდ გიუნაშვილი თარგმანის ქართულ წინასიტყვაობაში აღნიშნავს: "ესე ამბავი სპარსული" თვითონ ირანში ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი. ჩვენი საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში ირანის პერიოდიკაში შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" შესახებ მასალების გამოქვეყნება უკავშირდება იური მარის, ჰამზე სარდადვარისა და საიდ ნაფისის ინიციატივებს. 1966 წელს პოეტისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, თეირანში ჟურნალ "ფეიამე ნოვინში" გამოქვეყნდა აკად. ალექსანდრე ბარამიძის სტატია "რუსთაველი და სპარსული ლიტერატურა". ხოლო თბილისში დაისტამბა "ვეფხისტყაოსნის" შესახებ სპარსულ ენაზე გამოქვეყნებული პირველი შედარებით ვრცელი გამოკვლევა, რომელიც ეკუთვნის მეშჰედის უნივერსიტეტის პროფესორს ჰამიდ ზარინქუბს. ეს წერილი დაისტამბა 1970 წელს მეშჰედის უნივერსიტეტის შრომებში.
აღნიშნული პუბლიკაციებით ირანის ინტელექტუალურ წრეებში გარკვეულწილად გაღვივდა პოემისადმი ინტერესი, რითაც მომზადდა ნიადაგი პოემის სპარსული თარგმანის შესასრულებლად და აი, თეირანის ალამე თაბათაბაის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ასპირანტმა ფარშიდ დელშადმა, პროფესორ საიდ ვაეზისა და პროფესორ მაჰმუდ ებადიანის ხელმძღვანელობით, მოამზადა და წელს, 20 ივლისს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ვეფხისტყაოსანი – შოთა რუსთაველის შედევრი", რომელსაც თან დაურთო პოემის სრული ტექსტის კლასიკური სპარსული პროზით შესრულებული თარგმანი კომენტარებითურთ. ვიდრე უშუალოდ თარგმანებზე ვიტყოდეთ რამეს, ურიგო არ იქნება რამდენიმე სიტყვა თვით მთარგმნელის შესახებ მოგახსენოთ: ფარშიდ დელშადი დაიბადა შირაზში და აქვე მიიღო დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება, რის შემდგომაც დაამთავრა თეირანის ალამე თაბათაბაის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ასპირანტურა ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით. მშობლიური სპარსულის გარდა, ფარშიდ დელშადმა იცის ინგლისური, არაბული და ებრაული ენები, რის შედეგად მის თარგმანში ქართული სამეცნიერო მასალის სიმწირე ძალიან არ იგრძნობა, რადგან მაქსიმალურადაა გათვალისწინებული პოემის ყველა მნიშვნელოვანი უცხოური გამოცემა, მის შესახებ დაწერილი ათეულობით სამეცნიერო წერილი, სტატია თუ მონოგრაფია.
შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" თარგმნა რომ იოლი საქმე არ არის, ქართველ მკითხველს შესანიშნავად მოეხსენება, რადგან უცხო ენებზე პოემის გადატანისას ჩნდება ტექსტის ლიტერატურულ-ისტორიული ადაპტაციის პრობლემა, რაც დასავლური ენების შემთხვევაში, ძირითადად, განპირობებულია ქართული და ევროპული სამწერლო გემოვნებისა თუ ტრადიციების მკვეთრი ინდივიდუალობით გამოწვეული ურთიერთგანსხვავებით.
რამდენად პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, აღმოსავლურ და განსაკუთრებით, სპარსულ ენაზე პოემის თარგმნისას, ორმაგი სიმწვავით დგება ეს პრობლემა, რადგან თანამედროვე მთარგმნელი, შესაძლოა, დააბნიოს და შეაცდინოს რუსთაველის ეპოქის ზოგადაღმოსავლურ არეალში დაკანონებულმა საერთო სამწერლობო კლიშეებმა თუ გემოვნებამ; მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ "ვეფხისტყაოსნის" სპარსული წარმომავლობის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას, რაც აღუნიშნავს ზოგიერთ მეცნიერს და რაზეც ფრთხილად მიუთითებს ირანელი პროფესორი ჰამიდ ზარინქუბიც:
"
ამ პოემაში ირანელი მკითხველისათვის საინტერესოა ის გავლენა, რომელიც მასზე სპარსულმა მწერლობამ იქონია."ვეფხისტყაოსნის" უამრავი ადგილიდან ჩანს, რომ ავტორი, რამდენადმე, ირანული კულტურის ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული, რუსთაველი თავის პოემაში არამარტო ფახრ ედ-დინ გორგანის "ვის ო რამინს" მოიხსენიებს, მის თანამედროვე პოეტს ნიზამი განჯელსაც ასახელებს".
ამგვარ თვალსაზრისს, რასაკვირველია, თავისი გამართლება აქვს და გასაგებია, რომ ძირითადად, "ვეფხისტყაოსნისა' და აღმოსავლური პოემების ზედაპირული ურთიერთმსგავსებითაა განპირობებული, მაგრამ საკმარისია, ერთი მხრივ, ღრმად გავიაზროთ "ვეფხისტყაოსნის" სტილური თავისებურებები, მეორე მხრივ კი, კარგად დავუკვირდეთ სპარსულ-აღმოსავლური სარაინდო პოემების სტილისტიკას, შევამჩნევთ, რომ ჩვენს "სპარსულ ამბავში" ძალზე ცოტა რამ თუა "სპარსული". ამ მხრივ, უფრო მართებული ჩანს პროფესორ მაჰმუდ ებადიანის მიერ "ვეფხისტყაოსნის" ამ სპარსული გამოცემისათვის დართულ წინასიტყვაობაში გამოთქმული მოსაზრება:
"
ვეფხისტყაოსნის" სტრუქტურასა და პერსონაჟების ხატვის მანერაში "შაჰნამესა" და განსაკუთრებით ნიზამი განჯელის პოემების გავლენა შეიმჩნევა; თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა, რომ ამგვარი ელემენტები ქართველი პოეტის შთაგონების ზოგად წყაროდ მიგვეჩნია, რომელიც მას მეზობელი ქვეყნის კულტურიდან აუღია.
ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურულ მიღწევებზე დაყრდნობამ და მისტიურ-რომანტიული სიყვარულის იმ სამფლობელოსთან მეზობლობამ, რომელიც შლეგი, მიჯნურობისაგან შეშლილი პერსონაჟების სამკვიდრო გახლდათ, ქართველ პოეტს ხელი ვერ შეუშალა, რომ თავისი შთაგონების წყაროდ ექცია ევროპული ლიტერატურა; კერძოდ – ამ ლიტერატურის პარსიფალური მოტივები; შეექმნა გონმიხდილი და წრეგადასული სიყვარულის ადგილობრივი ნიმუშები და თავისი პოემის სტილისა თუ ჟანრისათვის ეროვნული იერსახე მიენიჭებინა, რათა იდეალური ადამიანის გრძნობებიც გადმოეცა და პოეტურ-შლეგური სიყვარულის ერთგულიც ყოფილიყო. ეს ელემენტები "ვეფხისტყაოსანს" აძლევს რენესანსის ეპოქის ნაწარმოების ელფერს".
ასეა თუ ისე, "ვეფხისტყაოსნის" სტილური თავისებურებების კვლევა მისი თანადროული აღმოსავლური ლიტერატურის ფონზე რუსთველოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა და ჩვენმა აღმოსავლეთმცოდნეებმა წარმატებით გაარკვიეს ამ პრობლემასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი. მაგალითისათვის, ქართველი ორიენტალისტების მეთაურის აკადემიკოს გიორგი წერეთელის ძალისხმევაც იკმარება.
სამოციანი წლების დასაწყისიდან აკადემიკოსი გიორგი წერეთელი მოღვაწეობას იწყებს "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მთავარ რედაქტორად (თავმჯდომარე - პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე) და იგი, ფაქტობრივად, ხდება რუსთველოლოგიის, როგორც სამეცნიერო დარგის, სტრატეგიული ხაზის განმსაზღვრელი. 1962 წელს ჟურნალ `მნათობის~ მეორე ნომერში გამოქვეყნებული გიორგი წერეთლის სტატია გახლდათ მეცნიერის პირველი სერიოზული განაცხადი პოემის ტექსტის კომპლექსური, ისტორიულ-შედარებითი მეთოდით კვლევის, ხელნაწერთა ტექსტის ისტორიის შესწავლისა და მეცნიერული ტექსტის დადგენის თვალსაზრისით. აღნიშნული წერილი დღემდე რჩება "ვეფხისტყაოსნის" მრავალმხრივი შესწავლის ნიმუშად და იმის მაგალითად, თუ რა სიღრმით უნდა იქნას გააზრებული პოემის თითოეული სტროფი თუ მონაკვეთი.
ბატონი გიორგის აზრით, როცა საქმე "ვეფხისტყაოსნის" შესწავლას შეეხება, თანაბრად მნიშვნელოვანია ყოველი პრობლემა, რაც კი შეიძლება ამ უნიკალური ძეგლის კვლევისას წამოიჭრას. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა პოემის ლექსიკის დამუშავებას, ქართული ლიტერატურისა და კულტურის საერთო ისტორიული ფონის გათვალისწინებით, თითოეული ლექსების მნიშვნელობისა და წარმომავლობის გარკვევას. მისი ინიციატივით "კომისიაში" შეიქმნა გამოცემული და გამოუცემელი ქართული ძეგლების ლექსიკური ფონდი და ამ მიმართულებით გარკვეულწილად მოხდა უკვე წამოჭრილი პრობლემების შესწავლის ერთგვარი რევიზია, რისი გაკეთებაც ბატონმა გიორგიმ თავის უმცროს კოლეგებს დაავალა. მაგალითად, სამეცნიერო ლიტერატურაში სამოხელეო ტერმინ "ამირბარის" შესახებ გამოთქმული იყო რამდენიმე თვალსაზრისი. ხოლო ბატონი გიორგის უშუალო დავალებით, პროფესორმა ჯემშიდ გიუნაშვილმა შესანიშნავად გაარკვია აღნიშნული ტერმინის წარმომავლობა და სწორი მნიშვნელობა.
პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის ინიციატივითა და რედაქტორობითვე შესრულდა და 1966 წელს გამომცემლობა "მეცნიერების" მიერ დაისტამბა სოლომონ იორდანაშვილის რუსული პწკარედის მიხედვით შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" ფრაგმენტებისა და აფორიზმების პოეტური თარგმანი, რომელიც თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ირანელმა პოლიტემიგრანტმა მორთეზა ფათემიმ შეასრულა. ამ პუბლიკაციაში სპარსული თარგმანის გვერდით წარმოდგენილია ქართული ტექსტი.
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბატონ ჯემშიდ გიუნაშვილის მიერ შედგენილი სარეკომენდაციო სიის მიხედვით, უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკავშირო საზოგადოების საქართველოს განყოფილების თავმჯდომარემ, ბატონმა არჩილ გიგოშვილმა ათამდე ქართველ მეცნიერს სთხოვა სხვადასხვა ენაზე შემდგომი თარგმანისათვის რუსულ ენაზე დაეწერათ რუსთაველის შემოქმედების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული სამეცნიერო-პოპულარული წერილები, რომელთაგან აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძისა და პროფესორ დავით კობიძის სტატიები ირან-საბჭოთა კავშირის მეგობრობის საზოგადოების ჟურნალ "ფეიამე ნავინში" დაიბეჭდა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სხვა ქართველ მეცნიერირანისტთა ღვაწლი პოემის შესწავლის, დამუშავებისა თუ აღმოსავლური ტერმინოლოგიის გარკვევის საქმეში. თავის დროზე, "ვეფხისტყაოსანს" დიდი ამაგი დასდეს პროფესორმა იუსტინე აბულაძემ და მისმა მოწაფემ პროფესორმა დავით კობიძემ. დღეს კი ამ მიმართულებით დიდი წარმატებით აგრძელებენ მუშაობას პროფესორი ალექსანდრე გვახარია და პროფესორი მაგალი თოდუა, რომელთა დაუღალავი შრომის შედეგია, რომ პოემის ტექსტთან დაკავშირებული ბევრი სადავო საკითხი დღეს უკვე სათანადოდ არის შესწავლილი.
ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საელჩო ფარშიდ დელშადის თხოვნას – დახმარებოდნენ მას პოემის თარგმანზე მუშაობისას – ხელცარიელი და მოუმზადებელი არ შეხვედრია. მთარგმნელის სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ მან შემოქმედებითად აითვისა ქართული რუსთველოლოგიის ის მიღწევები, რისი გათვალისწინებაც აუცილებელი გახლდათ პოემის თარგმანის საერთო მეცნიერული და ლიტერატურული დონისათვის. როგორც უკვე ვთქვით, ფარშიდ დელშადის მიერ სპარსულად შესრულებული "ვეფხისტყაოსანი" სპარსული კლასიკური პროზის ენითაა თარგმნილი და სტილისტური თვალსაზრისით, უორდროპისეულ ინგლისურ თარგმანს ენათესავება.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს "სპარსული" "ვეფხისტყაოსნის" დახვეწილი ენობრივი და ლექსიკური მხარე, რაშიც ალბათ, მთარგმნელის შირაზულმა წარმომავლობამაც შეასრულა განსაკუთრებული როლი. როგორც ვიცით, შირაზის პროვინციის დიალექტი ერთერთი იმ დიალექტთაგანია, რომელიც საფუძვლად უდევს თანამედროვე სალიტერატურო სპარსულის, ხოლო თვით შირაზს სიტყვაკაზმული ხელოვნებისადმი არნახული სიყვარულით გამორჩეული სპარსელები პოეზიისა და პოეტების მხარედ მიიჩნევენ. სწორედ შირაზიდან გახლდათ კლასიკური სპარსული ლიტერატურის ორი ბუმბერაზი – ჰაფეზი და საადი.
მდიდარ ლექსიკასთან ერთად ფარშიდ დელშადის თარგმანი ენისადმი პურიტანული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მთარგმნელი საგანგებოდ ერიდება სპარსულში მოძალებულ არაბულ სიტყვებსა თუ ტერმინოლოგიას და ცდილობს ისინი სპარსული ექვივალენტებით შეცვალოს, რასაც უმრავლეს შემთხვევაში ისე წარმატებით ახერხებს, რომ ამის გამო ტექსტის სტილისტური უხერხულობა არ იგრძნობა.
დაბოლოს, ზემოთ შემთხვევით არ შევხებივართ "ვეფხისტყაოსნის" სპარსულ ენაზე თარგმნისას შექმნილი ორმაგი ადაპტაციის პრობლემას. ჩემი აზრით, ფარშიდ დელშადის თარგმანის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ მთარგმნელმა კი არ გაასპარსულა ტექსტი, არამედ ლიტერატურულ-ისტორიული და ლინგვისტური ნიუანსების გათვალისწინებით, შეეცადა მოეცა შოთა რუსთაველის - ქართველი პოეტის - "ვეფხისტყაოსნის" სპარსული ადექვატი.
შესანიშნავ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ ნაშრომს ახლავს ავტორის მინაწერი: "ეპოსის თარგმანს ვუძღვნი ღირსეულ და კეთილშობილ ქართველ ხალხს". ვინ-ვის და, ზრდილმა აღმოსავლელმა ფარშიდ დელშადმა შესანიშნავად იცის, ვინმესადმი, მით უფრო – მთელი ერისადმი, რაიმეს პათეტიკურად თქმას დამსახურება უნდა და მან ეს უფლება თავისი შრომით, ჩვენი ხალხის გულწრფელი სიყვარულით მოიპოვა. მე კი, როგორც მისი თარგმანის ერთ-ერთ პირველ მკითხველს და დამფასებელს, ძალიან მინდა, ჩვენმა ქვეყანამ მას ასევე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით უპასუხოს.


გიორგი ლობჟანიძე,
გაზეთი "სამშობლო", N4 (26/839), ოქტომბერი, 1998

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.