"1942 წელს, ფიცხელი ომის პერიოდში, იტალიაში პირველად გამოუციათ "ვეფხისტყაოსნის" არასრული თარგმანი იტალიურ ენაზე (გამოცემა 1941 წლით არის დათარიღებული). წიგნი გამოიცა იტალიის მეფის ვიქტორ ემანუელ მესამის სასახლის ინიციატივით და მიეძღვნა საქართველოს მეფეების შთამომავლის - ირაკლი ბაგრატიონის - მუხრან-ბატონის შვილის სიძედ შესვლას გრაფი პასკუინების ოჯახში. წიგნი იტალიურად უთარგმნია რაფიელ ივანიცკი-ინგილოს, შემდეგში მარ- თლმადიდებელი ეკლესიის მოძღვარს ესპანეთში (მადრიდში).
გამოცემას წამძღვარებული აქვს ქართველ მეფეთა გენეოლოგია, მოკლე აღწერილობითა და ილუსტრაციებით. წიგნი მხატვრულად გაუფორმებია ქართველ მხატვარს - გიორგი აფხაზს, რომელმაც რომის იმპერიის თეატრში იღვაწა. გარეკანი სამფეროვანია - წითელი ფონით, თეთრი და შავი ზოლებით და სიმბოლურად უნდა აღნიშნავდეს ძველ ქართულ დროშას; წიგნი მეტად მცირე ტირაჟით არის გამოცემული და დიდ იშვიათობას წარმოადგენს"...

"ვეფხისტყაოსანი" მეორედ, უკვე სრულად, იტალიურ ენაზე გამოუციათ 1945 წლის ივლისში (მხოლოდ ბაზარზე 1947-1948 წელს გამოვიდა). იგი თარგმნა ნეაპოლის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის პროფესორმა, დოქტორმა შალვა ბერიძემ, რომელიც ძირითადად ცხოვრობდა ფროზონონეში (იტალიაში, აბრუცის რაიონში). პოემის ყველა ტაეპი თარგმნილია პროზად. ამ გამოცემის თავისებურება ის არის, რომ ილუსტრაციები შესრულებულია ძველებური მხატვრული სტილით იტალიელი მხატვრის ფულვიო ბიანოკნის მიერ. მხატვარს ხანგრძლივი მუშაობა უწარმოებია იტალიის არქივებში დაცული ძველი აღმოსავლური მხატვრული ნიმუშებისა და მინიატურების შესასწავლად, რათა შეექმნა პოემის შესატყვისი ილუსტრაციები. ამ გამოცემის შესახებ იტალიის გაზეთში `პოპოლო’’ ვრცელი წერილით გამოვიდა წინა გამოცემის ავტორი - რაფიელ ივანიცკი - ინგილო. ერთ ეგზემპლარს საქართველომდე მოუღწევია, მაგრამ აკლია გარეკანი.
"ვეფხისტყაოსნის" ამ იტალიურმა გამოცემებმა იტალიელ მკითხველს გააცნო გენიალური "ვეფხისტყაოსანი’". აქვე უნდა აღინიშნოს ერთი სასიხარულო ფაქტიც: დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ქართველი ხალხი შოთა რუსთაველის დაბადების 750 წლისთავს აღნიშნავდა, ნეაპოლ- ში შოთა რუსთაველის საპატივსაცემოდ დიდი სერიით გამოუციათ საფოსტო ღია ბარათი - "ჩარტოლინა ილლუსტრატა", ცალ მხარეს შოთა რუსთაველის პორტრეტით და წარწერით იტალიურ ენაზე, ხოლო მეორე მხარეს სამისამართო და მოკითხვის ბარათით. ამ ბარათის შესახებ პირველად ი. ტაბაღუამ გამოაქვეყნა თავის წიგნში "ევროპის ქვეყნებში" (სახ. უნ. გამოცემა. 1959 წელი. თბილისი). ასეთივე საფოსტო ღია ბარათი თამარ მეფის პორტრეტით და სათანადო იტალიური წარწერით იტალიელებს დიდი სერიით გამოუციათ.

ვასილ ჩაჩანიძე
ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება", N11, 1966 წ.

ახლოს სანახავად, ერთხელ დააწკაპუნეთ 

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.