ზურაბ აბაშიძე

რევოლუციონერების უბედურება ის არის, რომ მათ მშვიდად ცხოვრება და სტაბილურად სახელმწიფოს მართვა არ შეუძლიათ, მათი სტიქიაა პერმანენტული კატაკლიზმები. ჰოდა, ჩინეთს ჯერ კიდევ "დიდი ნახტომის" კატასტროფული შედეგები არ ჰქონდა მოშუშებული, როდესაც მაომ 1966 წელს ახალი კამპანია, ამჯერად "კულტურული რევოლუცია" წამოიწყო. ამ კამპანიის მიზანი მაოს ძალაუფლების შემდგომი გაძლიერება, კომპარტიასა და საზოგადოებაში ოპონენტების განადგურება იყო.
იმისათვის, რათა ახალი რევოლუციური იდეოლოგია დაამკვიდრო, დაამტკიცო, რომ ისტორია შენით იწყება, ჯერ ტრადიციული საზოგადოების საფუძვლები უნდა დაანგრიო. ეს არახალი ვერაგობა კარგად იცოდა მაომ. ამიტომ, აღმოსავლურად "ჩახლართულ" სტილში, შეტევა ჯერ ჩინეთის ერთერთ ყველაზე დიდ ავტორიტეტზე – კონფუციზე მიიტანა, რომელიც დაახლოებით 2500 წლის წინ ცხოვრობდა. კონფუციანელობა უძველესი ჩინური ტრადიციების, ზნეობრივი ფასეულობებისა და ცხოვრების წესის ერთერთი მყარი სვეტია. მაო დაუნდობლად შეუდგა მის მორყევას. კონფუცი და მისი მიმდევრები რეაქციონერებად გამოაცხადეს, მათ წინააღმდეგ ფანატიკოსი ხუნვეიბინები ("წითელი დამცველები") და ძაოფანები ("შფოთისთავები") დარაზმეს.
როგორც დიდი კონფუცი ამბობდა, რაც უფრო უვიცია ადამიანი, მით უფრო დაუნდობელია იგი. სწორედ ასეთი აგრესიული უვიცების მრავალრიცხოვანმა რაზმებმა დაიწყეს სასწავლო, სამეცნიერო და კულტურული დაწესებულებების დარბევა, "შენიღბული მტრების" გამოაშკარავება. ახალი რევოლუციის დაუნდობელმა ტალღამ საზოგადოების ყველაზე მოაზროვნე ნაწილს გადაუარა. ფიზიკურად უსწორდებოდნენ მეცნიერებს, მასწავლებლებს, ცნობილ პიროვნებებს, ყველას, ვისაც სახეზე ამჩნევდნენ `ღალატს~. ის ვინც ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა, სოფლად გადაასახლეს და "აღმზრდელობითი" მიზნებით კომუნებში შერეკეს.
ერთადერთი ნაშრომი, რომლის წაკითხვა და ზეპირად ცოდნა ახალგაზრდებს მოეთხოვებოდა, მაო ძედუნის ცნობილი "წითელი წიგნი" იყო. ამ წიგნს ხუნვეიბინები ყველგან აფრიალებდნენ, ის იყო მათი მთავარი ცოდნის წყარო და იარაღი. სახელისუფლებო იერარქიაში კულტურული რევოლუციის პირველი დიდი მსხვერპლი ლიუ შაოცი გახდა, რომელიც კომპარტიაში მაოს შემდეგ მეორე კაცი იყო. მას სხვებიც მიჰყვნენ. რეპრესიები მომავალში ჩინეთის დიდმა რეფორმატორმა დენ სიაოპინმაც ვერ აიცილა, იგი რამდენიმე წლის მანძილზე ხელისუფლებას ჩამოაცილეს. მაგრამ რა კავშირი აქვს ამას შოთა რუსთაველთან? სწორედ კულტურული რევოლუციის პერიოდში, ერთ საღამოს მამაჩემმა ოჯახის წევრები შეგვკრიბა და სერიოზულად გვკითხა, თუ რას ვფიქრობდით ვითარებაზე ჩინეთში.
პასუხად ბევრი ვიცინეთ და ვიხუმრეთ ოჯახის თავის პოლიტიკურ ცნობისმოყვარეობაზე.
"ჰო, – დაასკვნა მამაჩემმა – ხომ ხედავთ, ჩინეთში თავიანთ დიდ წინაპრებს ებრძვიან. ახლა ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ ვითარებით და დავარწმუნოთ საბჭოთა ხელმძღვანელობა საპირისპიროში: მაო ძედუნის ჯინაზე პატივი სცენ ჩვენს დიდ წინაპარს – შოთა რუსთაველს!"
ასე გაჩნდა იდეა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლისთავის იუბილის გადახდის შესახებ. პოლიტიკურად კარგად "შეფუთული" იდეა ჯერ საქართველოს ხელმძღვანელობამ მოიწონა, შემდეგ კი "მაოს ჯინაზე" - მოსკოვში პოლიტბიურომ.
მიღებულ იქნა "ინსტანციების" დადგენილება, გამოიყო სახსრები. საქმეში ჩაერთო საბჭოთა დიპლომატია, რომელმაც იუნესკოს მიაღებინა სპეციალური პროგრამა – "რუსთაველის წელი". რუსთაველის იუბილე ერთერთი უდიდესი მოვლენა იყო XX საუკუნის საქართველოს ისტორიაში. საზეიმო დღეებში ჩვენში თავი მოიყარეს მსოფლიოში ცნობილმა მწერლებმა, ლიტერატურისა და ხელოვნების მკვლევარებმა, ჟურნალისტებმა, ფილოსოფოსებმა, მეცნიერებმა.
მსოფლიომ რუსთაველი და მისი სამშობლო აღმოაჩინა. "ვეფხისტყაოსანი" ითარგმნა სხვადასხვა ენებზე, უცხოეთის რიგ უნივერსიტეტებში გაიხსნა ქართველოლოგიის ცენტრები.
ამ დიდი ღონისძიების მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ მსოფლიოს ეღიარებინა საქართველო როგორც დიდი კულტურისა და ჰუმანისტური იდეების სამშობლო. დიდმა ესპანელმა პოეტმა რაფაელ ალბერტიმ მაშინ ასეთი რამ თქვა: "მე საქართველოს სტალინით ვიცნობდი. მას კი უფრო დიდი შვილი ჰყოლია – შოთა რუსთაველი".
სწორედ ასეთ საქართველოზე ოცნებობდნენ ჩვენი მშობლები და წინაპრები – რუსთაველის საქართველოზე. ასე რომ, ჩინეთის კულტურულმა რევოლუციამ ერთი დადებითი შედეგი ნამდვილად გამოიღო.

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.