საქართველოს კ. პ. ცენტრალური კომიტეტი ადგენს:

1. 1937 წლის ოქტომბერს მთელს საქართველოში მოეწყოს საყოველთაო სახალხო ზეიმი შოთა რუსთაველის 750 წლისთავის აღსანიშნავად.

750 წელი შესრულდა, რაც დაიბადა უდიდესი პოეტი, მხატვრული სიტყვის გენიოსი ოსტატი, შოთა რუსთაველი, რომლის უკვდავი ქმნილება "ვეფხისტყაოსანი" მიუხედავად იმისა, რომ ბნელეთის მოციქულები - ფეოდალ-ხუცესები, საუკუნეთა განმავლობაში სდევნიდნენ მას და ცეცხლშიც კი სთქამდენ, - ლახავს საუკუნეთა წყებას, ხდება ხალხის ნამდვილი კუთვნილება, უდიდეს გავლენას ახდენს მთელს შემდგომ ლიტერატურაზე და წარმოადგენს პოეტური შემოქმედების იმ ჯერ კიდევ მიუწვდომელ მწვერვალს, რომელზეც უნდა სწავლობდეს საქართველოს თანამედროვე საბჭოთა ლიტერატურაც.
2. თბილისში აღიმართოს შოთა რუსთაველის ძეგლი.
3. საიუბილეო ზეიმის მოსამზადებელ სამუშაოთა მოსაწყობად და შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმაზე კონკურსის ჩასატარებლად საქართველოს სახკომსაბჭოსთან შეიქმნას კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: გ. მგალობლიშვილი (თავჯდომარე), ლ. ბერია, მ. გორკი, ფ. მახარაძე, პ. აღნიაშვილი, კ. ორაგველიძე, მ. ტოროშელიძე, ა. თათარიშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), ვ. ბაქრაძე, გ. არუთინოვი, გ. სტურუა, გ. ყურულაშვილი, გ. გიორგობიანი, ე. ბედია, ლ. დუდუჩავა (მდივანი), ბ. ბიბინეიშვილი, ს. თოდრია, ლ. აღნიაშვილი, აკადემიკოსი ნ. მარი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი, პროფ. კ. კეკელიძე, პროფ. ი. აბულაძე, პროფ. ა. შანიძე, მ. ჯავახიშვილი, სახალხო პოეტი გ. ტაბიძე, სახალხო მოქანდაკე იაკ. ნიკოლაძე, სახალხო არტისტი ა. ახმეტელი, ჩარენცი, რ. ახუნდოვი, პ. იაშვილი, ს. ეული, კ. ჭიჭინაძე, პ. ინგოროყვა, კ. გამსახურდია, ლ. გუდიაშვილი, ა. თითბერიძე, ა. შანშიაშვილი, დ. არაყიშვილი, ს. ჩიქოვანი, ვ. ჯიქია, გ. ქიქოძე.
4. განათლების სახალხო კომისარიატმა დააწესოს რუსთაველის სახელობის პირველი ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად მიესჯება საუკეთესო მაღალ-მხატვრულ პოეტურ ნაწარმოებს (ორიგინალურს ან თარგმნილს) ქართულ ენაზე და ამ მიზნით 1935

წლიდან ყოველწლიურად გაითვალისწინოს 20. 000 მანეთი.
5. სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტმა მოამზადოს "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური გამოცემა და საამისო მუშაობა დაამთავროს 1936 წლის დამლევისათვის. სახელგამმა უზრუნველჰყოს მისი გამოცემა რუსთაველის იუბილესათვის.
6. გამომცემლობა "ფედერაციამ" 1935 წელს დაბეჭდოს "ვეფხისტყაოსნის" გაიაფებული გამოცემა მასობრივი ტირაჟით.
7. მოწონებულ იქნას გამომცემლობა „აკადემიის` წინადადება „ვეფხისტყაოსნის~ რუსულ თარგმნის გამოცემის შესახებ. ამ საქმეში განათლების სახალხო კომისარიატმა ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს "აკადემიას"
8. დაევალოს განათლების სახალხო კომისარიატს ორი თვის ვადაში დაამუშაოს და ცენტრალურ კომიტეტს წარმოუდგინოს ღონისძიებანი "ვეფხისტყაოსნის" სხვა ენაზე თარგმნისა და გამოცემის შესახებ.
9. განათლების სახალხო კომისარიატმა და სახელგამმა გამოაცხადონ მხატვართა კონკურსი "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური გამოცემის მხატვრულ გაფორმებასა და ილუსტრაციებზე.
10. განათლების სახალხო კომისარიატმა გამოაცხადოს კომპოზიტორთა კონკურსი რუსთაველის სახელთან და მის პოემასთან დაკავშირებულ საუკეთესო მუსიკალურ ნაწარმოებზე (ოპერა, სიმფონია და სხვ.)
11. საქართველოს სახკინმრეწვმა გამოაცხადოს კონკურსი "ვეფხისტყაოსნის" საუკეთესო სცენარზე.
12. განათლების სახალხო კომისარიატმა გამოაცხადოს კონკურსი შოთა რუსთაველის პოემისა და ეპოქის გამოკვლევის საუკეთესო ნაშრომზე.
13. სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტს მიენიჭოს შოთა რუსთაველის სახელი.
14. სახელმწიფო უნივერსიტეტის სალიტერატურო ფაკულტეტმა დააარსოს შოთა რუსთაველის კათედრა.
15. სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში მოეწყოს: ა) შოთა რუსთაველის შესწავლის სექცია და ბ) რუსთაველის მუზეუმი  
ზეიმი დაიწყო 1937 წ. 24 დეკემბერს. საქართველოსა და სსრ კავშირის მწერლების გაერთიანებული პლენუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მოკავშირე რესპუბლიკების გამოჩენილმა მწერლებმაც. საქართველოს სახ. მუზეუმში მოეწყო მე-12 საუკუნის საქართველოს კულტურისა და ყოფის უძვირფასესი ნიმუშების დიდი გამოფენა (ხელმძღვანელები: ი. ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა და გ. ჩუბინაშვილი). რუსთაველის იუბილე დიდი ზეიმით აღინიშნა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირსა და საზღვარგარეთაც.
1938 წლის იანვარში შოთა რუსთაველის საიუბილეო კომიტეტი გაუქმდა. 
WordPress plugin
 

 ახლოს სანახავად ერთელ დააწკაპუნეთ.
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში
განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ (უკან გამოსვლა – ღილაკი Esc)
ისარგებლეთ ცისფერი სენსორითაც 

გერონტი ქიქოძე 

წიგნიდან, "თანამედროვის ჩანაწერები". თბილისი, 1954 წ.

 

1934 წელს მწერალთა პირველ საკავშირო ყრილობას დავესწარი მოსკოვში. ყრილობა გახსნა მაქსიმ გორკიმ, რომელიც თავის შესავალ სიტყვაში შეეცადა მთელი კაცობრიობის კულტურის ისტორია მოეხაზა, გამოქვაბულის ადამიანიდან დაწყებული საბჭოთა წესწყობილების დამყარებამდე. მაგრამ მან თითქმის ვერაფერი თქვა ახალი სოციალისტური ხელოვნების განვითარების გზაზე.
საქართველოს დელეგაციას მალაქია ტოროშელიძე მეთაურობდა. ის ჯერ კიდევ თბილისის სემინარიიდან იცნობდა სტალინს. ყრილობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მისულიყო მასთან და ეკითხა, რა ხასიათი მივცე ჩემს მოხსენებას, ძველ ქართულ ლიტერატურაზე ვილაპარაკო, თუ მარტო თანამედროვეზეო.
– რასაკვირველია, ძველზეც, – უპასუხა თურმე სტალინმა.
– რუსთაველზეც, ბარათაშვილზეც, ილიასა და აკაკიზეც? 
– ყველაზე მხოლოდ ამათ გარდა. ყაზბეგზე, ვაჟაფშაველაზე, თვით ნიჭიერ ჰუმორისტებზე "ეშმაკზე" (ნესტორ კალანდაძე) და თაგუნაზეც (შალვა შარაშიძე).
მალაქია ტოროშელიძემ ყრილობაზე წაიკითხა ვრცელი მოხსენება, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. მან განაცხადა, რუსთაველი უფრო დიდი პოეტი იყო, ვიდრე პუშკინიო, რითაც უკმაყოფილება გამოიწვია რუს მწერლებში; სანახევროდ ანექსია უყო "პეპოს" ავტორს გაბრიელ სუნდუკიანცს, რითაც გააოცა და აღაშფოთა სომხეთის დელეგაცია. მაგრამ ყველა დარწმუნებული იყო, ქართველი მომხსენებლის უკან საბჭოთა კავშირის ბელადი დგასო, და ამიტომ ვერავინ ვერ გაბედა თავისი უკმაყოფილება აშკარად გამოეთქვა.
ბერიამ, რასაკვირველია, ადვილად შეატყო, რომ სტალინს განსაკუთრებით პატივმოყვარეობის დემონი ჰქენჯნიდა. ამ დემონს შეეწირა მრავალი ქართველი მწერლის, მეცნიერის და ხელოვანის ადამიანური ღირსების გრძნობა. ეს ბერიას ინიციატივით მოხდა, რომ

მლიქვნელობის სულმა თითქმის როგორ მწიფდებოდა რუსთაველის იუბილეს ჩატარების იდეა მთელი ქართველი მწერლობა, პლასტიკური ხელოვნება და, ნაწილობრივ მუსიკა გაჟღინთა. ქართველმა პანეგირისტებმა სტალინი აიყვანეს იმ სიმაღლეზე, რომელზეც არასოდეს არც ერთი ეგვიპტელი ფარაონი ან რომაელების და ბიზანტიელების იმპერატორი არ აუყვანიათ. საქართველოს ისტორიული წარსული, თვით ჩვენი პლანეტის გეოლოგიური ეპოქები, ბოლოს თვით კოსმოსის განვითარება სტალინის ცხოვრების პრელუდიად იქნა გამოცხადებული.
გასაკვირი არაა, რომ, ამ თვალსაზრისით თავისებური განათება მიეცა შოთა რუსთაველის შემოქმედებასაც. 1937 წელს, როდესაც თეთრი ტერორი საქართველოში და რუსეთში განსაკუთრებულად მძვინვარებდა, ბერიას თაოსნობით და სტალინის დასტურით შოთა რუსთაველის დაბადების 750 წლისთავი მოეწყო თბილისში. მთავარი საიუბილეო დღესასწაული გაიმართა ოპერის თეატრში, რომლის ფასადზე რუსთაველის დიდი სურათი სტალინის, ეჟოვის და ბერიას სურათების გვერდით იყო მოთავსებული. თვით მაყურებელთა დარბაზი სავსე იყო ყურებდაცქვეტილი ჩეკისტებით; საზოგადოება იძულებული იყო ფეხზე დამდგარიყო სტალინისა და მისი თანამოღვაწეების სახელების გაგონებაზე. ეს სახელები კი ბევრად უფრო ხშირად ისმოდა, ვიდრე `ვეფხისტყაოსნის~ ავტორისა და გმირების სახელები. ბერიამ საჭიროდ სცნო, აგრეთვე, ხელი შეეწყო "ვეფხისტყაოსნის" რუსულად გადათარგმნისათვის, რათა მთელ საბჭოთა კავშირს დაენახა, რა მაღალ კვარცხლბეკზე იდგა სტალინი. ამავე დროს თბილისისა და პროვინციის ბნელი ჯურღმულები სავსე იყო ქართველი ინტელიგენტებით და გლეხებით. ბერია მზად იყო მთელი საქართველო თავისი სამშობლო სოფლის მერხეულას გვიმრალად ექცია და შემდეგ ნიანგის ცრემლები დაეღვარა "ვეფხისტყაოსნის" რუსული თარგმანის ფურცლებზე.  

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.