ფულს საქართველოში ძველად საფასე ეწოდებოდა, XV ს.-დან – ფლური. ფულს ჭრიდნენ ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ლითონისგან და შესაბამისად, მოჭრილ მონეტებს სხვადასხვა დასახელება ჰქონდა: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი ან მასალის ფერის მიხედვით: წითელი, თეთრი და შავი. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელწოდების მონეტებიც არსებობდა. ცნობილი არ არის რუსთაველის ეპოქის დროინდელი არცერთი ქართული ოქროს მონეტა, არც პირდაპირი ცნობები არ მოგვეპოვება მისი არსებობის შესახებ, უცხოური ოქროს ფულების ამსახველი ტერმინები კი შემონახულია წერილობით ძეგლებში. 
ერთ-ერთი უცხოური ოქროს ფულის აღმნიშვნელი ტერმინი "პერპერა" მოხსენიებულია "ვეფხისტყაოსანში": "უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს, ვითა ხიდსა".
პერპერა (დრაჰკანი პერპერა, პერპერატი, პელპელი) არის ბიზანტიური ოქროს მონეტა ჰიპერპირონი, ჩაღრმავებული ფორმის, რომლის მოჭრაც უკავშირდება ალექსი I კომნენოსის (1081-1118 წწ.) დაახლ. 1082 წლის სამონეტო რეფორმას. ეს ტერმინი უაღრესად გავარვარებულს ნიშნავს და გაწმენდილ ოქროს შეესაბამება, ქართულ წყაროებში – სიგელებში, აღაპებში, ანდერძებში მოიხსენიება XI ს.-ის 80-90-იანი წლების შემდეგ.

 
WordPress plugin
 
ახლოს სანახავად ერთელ დააწკაპუნეთ.
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში
განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ (უკან გამოსვლა – ღილაკი Esc)
ისარგებლეთ ცისფერი სენსორითაც  
"ვეფხისტყაოსანში" მოხსენიებულია ოქროს ფულის აღმნიშვნელი სხვა ტერმინიც - "დრაჰკანი"
"ხარაჯი დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია";
"შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა".
ბიზანტიური ოქროს ფული დრაჰკანი (მოხდა ოქროს მონეტის ტერმინის ნატურალიზაცია _ დარეჰაკან, ე.ი. დარიოსის) საქართველოში შემოვიდა XI ს.-ში, მოქმედებდა XII-XIII ს.ს.-შიც, აღინიშნებოდა ტერმინებით: დრაჰკანი კოსტანტინატი, დრაჰკანი დუკატი, დრაჰკანი ბოტინატი, ბიზანტიის კეისრების სახელების მიხედვით, მოხსენიებულია ქართულ წყაროებში. 
რუსთაველის ეპოქის საქართველოში ოქროს ფულს აღნიშნავდნენ სხვა ტერმინითაც – "წითელი". "ვეფხისტყაოსანში" ეს ტერმინი ორჯერაა მოხსენებული: "ასიათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო"; 
"სამოცი ლიტრა წითელი აწონით, არ ნაკლულითა".
ქართულ მწერლობაში კი ეს ტერმინი მხოლოდ ერთხელ გვხვდება, ჟამთააღმწერლის თხზულების მიხედვით, ქართველმა მეომრებმა `წითლითა ოქროთა განტენეს უნაგირნი, კურტანნი და ხმლების ქარქაშებიო".
პოემაში ოქროს ფულის დასახელებული ტერმინების გარდა, მოხსენიებულია ოქროც:
"ქრთამი შენ გქონდეს შენია, შენი ოქრო შენვე დაგრჩეს".
ცნობილია, რომ საქართველოში V ს.-დან დავით აღმაშენებლამდე ვერცხლის საფასე – არაბული ვერცხლის დირჰემი ანუ დრამა მოქმედებდა, დავით აღმაშენებელმა კი სპილენძის ნიშნები შემოიღო და მას შემდეგ, თამარ მეფისა და ლაშაგიორგის დროს ვერცხლის საფასე არ მოჭრილა.
რუსთაველის ეპოქაში დრამა ეწოდებოდა სპილენძის წესიერი ჭედის მონეტებს და დრაჰკანთან და პერპერასთან შედარებით მცირე ღირებულების ფულს აღნიშნავდა (წესიერ მონეტას ჰქონდა ერთნაირი წონა და მოყვანილობა, აღებმიცემობის დროს გადიოდა თვლით, არაწესიერი კი - წონით). ერთი დრაჰკანი უდრიდა ათ-თორმეტ დრამას.
"ვეფხისტყაოსანში" ტერმინი დრამა ფულის მნიშვნელობით ხუთჯერ გვხვდება. მათგან სამჯერ ფულის უკნინეს ერთეულს აღნიშნავს:
"ჩემია მკვიდრი მამული, არ მივცემ არცა დრამასა";
"უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა".
XI ს.-დან საქართველოში შემოდის ვერცხლის ფულისთვის ტერმინი თეთრი, მოხსენიებულია სიგელებში და საისტორიო თხზულებებში, მაგრამ "ვეფხისტყაოსანში" ეს ტერმინი არ გვხვდება.
მონეტაზე გამოყვანილი სახეები და ზედწერილები გვაძლევს მრავალ მნიშვნელოვან ცნობას: მონეტის მომჭრელისა და სახელმწიფოს დასახელებას, თარიღებს და ა.შ. ამ მხრივ საყურადღებოა თამარ მეფის დროს უწესოდ მოჭრილი სპილენძის მონეტა, რომელიც მიხ. ბარათაშვილის კოლექციაში შედიოდა. მონეტის შუბლზე გამოსახულია

ხუთი ნახევარწრისგან შემდგარ ფიგურიან ჩარჩოში მოთავსებული სამი ასომთავრული ნიშანი "თრდ" (სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით: თამარი–დავითი, თამარ დედოფალი ან თამარ დიდი), წარწერის ზემოთ მომცრო ჯვარია. მონეტის ზურგზე, მთელ არეზე გაბნეულია მსხვილი წერტილები.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული მონეტის ზურგის გამოსახულების სიმბოლიკა გაშიფრული არ არის. საქართველოში სხვადასხვა დროს არსებული არაწესიერი მონეტები, ე.წ. ფიგურიანი ცალები თევზის, ნალის, ფრინველის და სხვათა ფორმით, აგრეთვე უძველესი ადგილობრივი თუ უცხოური მონეტის ნიმუშები ხარის, ლომის, ბუს, ელვის, ცეცხლისა და სხვათა გამოსახულებით, სამეცნიერო ლიტერატურაში დაკავშირებულია ადგილობრივ ღვთაებებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ ჩვენთვის საინტერესო მონეტის სიმბოლიკა მითოლოგიურია მისი დაწინწკლული ზურგის ვეფხვის ტყავთან მსგავსების გამო. რწმენა–წარმოდგენებით, ვეფხვის ტყავი ნაყოფიერების ქალღვთაების სიმბოლოა, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ქალღვთაების რჩეულის, მონადირის // მეფის, ქურუმის სამოსელს.
უფრო კონკრეტულად კი _ გამოსახულებას მითოლოგიურთან ერთად ისტორიული ახსნაც მოეძებნება. კერძოდ, მონეტის დაწინწკლული ზურგი წარმოადგენს ერთის მხრივ, თამარ მეფის, როგორც ნაყოფიერების ქალღვთაების სიმბოლოს, რის გამოც, სავარაუდოა, რომ მონეტა მოიჭრა თამარ მეფის ორსულობის ან მემკვიდრის გაჩენის აღსანიშნავად, რაც აადვილებს მონეტის დათარიღებასა და შუბლის გამოსახულების
"თრდ"-ს წაკითხვას მხოლოდ ასე – თამარი-დავითი (თამარ მეფემ მემკვიდრე მხოლოდ დავით სოსლანზე დაქორწინების შემდეგ გააჩინა), მეორეს მხრივ, თამარ მეფის, როგორც ნაყოფიერების ქალღვთაებისა და დავით სოსლანის, როგორც ქალღვთაების რჩეულის ერთიან (მთლიან) სიმბოლოს, მსგავსად
"ვეფხისტყაოსნის" მთავარი გმირის ტარიელის ვეფხისტყავის სამოსელის სიმბოლოსი, რომელშიც გაერთიანებულია ნესტანდარეჯანისა და ტარიელის სახეები.
იმდენად, რამდენადაც სამ მოვლენას: თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქორწინება _ მემკვიდრის გაჩენას, მონეტის მოჭრასა და "ვეფხისტყაოსნის" შექმნას აკავშირებთ საერთო სიმბოლო და ისტორიული მონაკვეთი, ვვარაუდობთ, რომ მონეტის შექმნის ფარული მიზანი იყო "ვეფხისტყაოსნის" შექმნის აღნიშვნა და შესაბამისად, მისი ავტორის დიდება.
ამრიგად, ერთი უწესოდ მოჭრილი სპილენძის მონეტა ისეთ საიდუმლო ცნობას შეიცავს, რაც მატიანეებში არ არის მოცემული.  

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.