"ვეფხისტყაოსანში" ხშირად არის ნახსენები ტანსაცმელ-თავსაბურავი. ხშირადო, ვამბობთ იმიტომ, რომ შეგვიძლია ასამდე სტროფი დავასახელოთ, სადაც ლაპარაკია ამა თუ იმ პერსონაჟის ჩაცმულობაზე.
მაინც რა აცვიათ `ვეფხისტყაოსნის~ გმირებს? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პოემაში კარგად არის გარჩეული სამხედრო და სამოქალაქო შესამოსელი. განსხვავებულია, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ფენებისთვის განკუთვნილი თუ დამახასიათებელი ჩაცმულობა (სამეფო, სავაჭრო, მონისა...). ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ მთელს პოემაში დაპირისპირებულია სამგლოვიარო და მხიარული შესამოსი, რასაც მხატვრულ-სტილისტიკურ ფუნქციასთან ერთად ეთნოგრაფიული მნიშვნელობაც აქვს.
როდის აღწერს რუსთაველი პერსონაჟის ტანსაცმელს, – ყოველთვის, როცა კი იგი გამოჩნდება, თუ განსხვავებულ შემთხვევებში? უნდა ითქვას, რომ პოეტი აღწერის სიზუსტისთვის არასოდეს მიმართავს ჩაცმულობის დახასიათებას, იგი ხშირად ისე ქმნის გმირის პორტრეტს, რომ ერთი სიტყვითაც არ ახსენებს, რა აცვია მას. მაგრამ, ამავე დროს, ნესტანის ხატი უმეტესად ფერწერულია:
"გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა,
ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა".
ამ "მწვანით" ჩანს ხშირად ნესტან-დარეჯანი შემდეგაც:
"ებურა მოშლით პირ-ოქრო, მე მივეც რიდე რომელი;
მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი."
როდესაც ნესტანი და ტარიელი ფარსადანის ნებართვითა და სურვილით პირველად დასხეს ერთმანეთის პირისპირ, მას გამორჩეულად ეცვა:
"მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი".
სხვაგან კი, ყველგან ლაპარაკია იმ რიდისა და ყაბაჩის შესახებ, რომლებიც ტარიელმა უძღვნა და რომლებსაც ნესტანი არ იშორებდა. "შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდესო," ეუბნება ტარიელს ასმათი.
"არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა,
მიწყივ იტყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა".
ამ რიდითა და ყაბაჩით გაოცებულია ფატმანი, რომელსაც ბევრი
უცხო და უჩვეულო რამ უნახავს:
"სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა;
ვარ მნახველი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა,
მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა;
სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე-ნაჭედისა".
როგორც ვიცით, თინათინი არცთუ ისე ხშირად ჩანს პოემაში, მაგრამ რუსთაველი გახაზავს მის სამეფო სამოსელს:
"თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მის ნათელითა, დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა, მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ~. პოემის ბოლოსაც თინათინი მეფურად მორჭმული გამოჩნდება:
"შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა,
სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა".
როცა თინათინი თავის სატრფოს იხმობს და პირისპირ ხვდება, პოეტი ასე აღგვიწერს მას:
"გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი".
და იქვე:
"დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა".
პოემაში ფატმანის შესახებ ნათქვამია, რომ:
"დია ედგა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელიო~.
საკეკლუცო, 
საკოხტაო ჩასაცმელ-დასახური ბევრი ჰქონია ფატმანს, მაგრამ რუსთაველი აღარ განავრცობს ამ ცნობას და ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო ეს ჩასაცმელი.
"ვეფხისტყაოსანში" არის კიდევ ერთი ქალი, რომლის ჩაცმულობაც აინტერესებს რუსთაველს. ეს ასმათია. იგი ნესტანის მოახლეა, სოციალურად უფრო დაბალ საფეხურზე დგას და ამიტომ მისი ტუალეტი არ არის ისეთი ფერწერული და, ალბათ, მდიდრულიც, როგორც მისი პატრონისა. აღსანიშნავია, რომ სანამ ნესტანის დავალებებს ასრულებს, ასმათს კონსპირაცია სჭირდება და ამიტომ ხშირად იბურავს პირს:
"ქალი ვინმე იკითხავსო: ინახვისცა ამირბარი?
ეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი".
"მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია://თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია".
მას შემდეგ, რაც დავარმა ნესტანი გადაკარგა და ასმათი ტარიელს გაჰყვა ველად, იგი შავით შეიმოსა, რაც არაერთხელაა აღნიშნული პოემაში:
"რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,
ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა".
ავთანდილი ფრიდონს უამბობს ტარიელის ამბავს და ასმათსაც ახსენებს, როგორც მის თანამგზავრს.
"მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია,
მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ, არ ახლებია,
ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია".
როგორც ვნახეთ, რუსთაველი აქ არა მარტო მიუთითებს ამა თუ იმ სამოსელზე, არამედ მის ფუნქციაზეც მიგვანიშნებს და ამით მოგვაგონებს, შეგვახსენებს ხოლმე ასმათის განწყობილებას. როგორ აცვია ტარიელს? პოემაში იგი უკვე ვეფხვის ტყავით შემოსილი ჩნდება, მაგრამ ველად გაჭრამდე, ტარიელი რამდენჯერმე თავმომწონედ აღნიშნავს:
"ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე 
ენიანნი კაბანიო".
რუსთაველი განსაკუთრებით ხშირად აჩერებს ჩვენს მზერას ავთანდილის სამოსელზე. ერთგან იგი საგანგებოდაც კი აღნიშნავს, თუ როგორ ჩაიცვა ყველაზე ლამაზი სამოსი ავთანდილმა, როცა თინათინთან მიდიოდა:
"ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი".
და ამ დროს შეიტყო, რომ სატრფო უხმობდა:
"ავთანდილს მიჰხდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,
ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა".
საერთოდაც ავთანდილს უყვარს ლამაზად ჩაცმა:
"დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი,
პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი".
როგორც ვიცით, ავთანდილმა სავაჭრო ტანსაცმელი გადაიცვა:
"მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა";
როდესაც ავთანდილი არაბეთს ტოვებს და ტარიელის საშველად მიდის, იგი შესაფერის სამოსელს იცვამს.
"წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა".
ბრძოლისას აბჯრით იმოსება:
"ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა".
ასეა ყოველთვის პოემაში:
"ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა,
დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა, ჯავშან-ქაფითა".
აღსანიშნავია ერთი ადგილი პოემიდან, სადაც მონისა და მგზავრის განსხვავებულ ჩაცმულობაზეა ლაპარაკი:
"მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხვანი-მგზავრულად ხამითა".
როგორც ცნობილია, ტანსაცმლის ბოძება წინათ მიღებული იყო და მეფეთაგან ასეთი საჩუქარი დიდ წყალობადაც ითვლებოდა. "ვეფხისტყაოსანში" მრავლადაა ისეთი ადგილები, სადაც აღწერილია თუ რას ჩუქნიან ერთმანეთს პოემის გმირები. უმეტესად ეს საბოძვარი ძვირფასი და უხვია. მოვიყვანოთ ზოგიერთი სტროფი. რამაზ მეფეს აპატიეს პირველი განდგომა და წყალობის ნიშნად:
"ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,
კვლა ხატაური ათასი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია.
მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია".
თინათინმა შერმადინი და მისი მხლებლები დაასაჩუქრა, ერთგვარი სამახარობლო გაიღო, რადგან ავთანდილის დაბრუნება შეიტყო:
"მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა".
ფრიდონის მასპინძლობისა და მის მიერ ტარიელისა და ავთანდილის დასაჩუქრებაზე ნათქვამია:
"გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა,
აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,
დამოსნა ტურფა – ტურფითა, ერთმანეთისა მჯობისა".
აქ არ შევეხებით, თუ რა უძღვნა ზღვათა ხელმწიფემ პოემის მთავარ გმირებს, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ყოველ საჩუქარში ტანსაცმელი ერია – ყაბაჩა შემკული თვალით – ნესტანს; ავთანდილსა და ფრიდონს – "თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი" და ა. შ.
საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ სამგლოვიარო ტანსაცმელზე. ზევით უკვე აღვნიშნეთ, რომ ასმათი შავითაა მოსილი, იგი ნესტანის დაკარგვის (და არა გარდაცვალების) გამო არ იცვამს ფერად სამოსელს. ასევე "მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანიო", – ამბობს როსტევანი, ავთანდილის ანდერძს როცა წაიკითხავს და მის წასვლას შეიტყობს.
მართლაც, კარგა ხნის მერე, როცა ავთანდილი უკან ბრუნდება არაბეთში:
"მუნ შიგან მყოფთა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
ავთანდილისთვის ყველაი ცრემლისა არს ნაბანები".
როგორც ცნობილია, ლურჯი იყო გლოვის ფერი, ეტყობა მწვანეც არ ყოფილა მხიარული.
შავით იმოსებიან გლოვისას ინდოეთშიც. როცა ტარიელის მამა სარიდანი გარდაიცვალა, შვილმა შავი ჩაიცვა:
"გაყვანად ხასნი მოვიდნენ, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: "შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული".
(ფარსადანს) `ასე ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა".
ფარსადან მეფის სიკვდილითა და ტახტის მემკვიდრის დაკარგვით გამწარებულნი ინდოელნი შემოხვდნენ ტარიელსა და ნესტანს:
"ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი,
კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი,
გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი".
ანდა:
"კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია;
ერთობ ფლასითა მოსილნი უჭვრეტდეს მუნ მჭვრეტენია".
"ქალმან დედასა შესტირნა: "ჰაი, მე რა ვქნა, დედაო!
წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო!"
როცა ფარსადანის მეუღლემ, დედოფალმა დაბრუნებული ნესტანი და ტარიელი ნახა, უბრძანა:
"უბრძანა: `გლოვა გახსენით, ქოს-წინწილაწსა ჰკარითო..."
"ვეფხისტყაოსანში" ჯადოსნური შესამოსელიც გვხვდება, ეს არის დევების გამოქვაბულში ნაპოვნი საკვირველი აბჯარი:
"ზედა ეწერა: `აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,
ჯაჭვ-მუზარადი ალმასი, ხრმალი ბასრისა მჭრელიო".
და მოსასხამი, რომელიც მფრინავი ხალიჩის ფუნქციას ასრულებს:
"მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,
მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა".
ყველა სხვა შემთხვევაში ტანსაცმელი, რომლითაც იმოსებიან "ვეფხისტყაოსნის" გმირები, რეალურია და გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელ ჩაცმულობაზე.


სალომე ომიაძე
VIII კლასის მოსწავლე
1984 წ.

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.