"ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,
ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე."
ანუ, ტარიელის თვალსაზრისით, ფარსადანი ისე მოექცა რამაზს, თითქოს ის არათუ მოღალატე არ ყოფილიყო, არამედ დამსახურებაც კი მიუძღოდა მის წინაშე. ტარიელს ეს "მეტისმეტ" სულგრძელობად ეჩვენა, რაც პირველი შეხედვით მეფის ხოტბას ჰგავს, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტარიელი აქ მიანიშნებს თავის ერთგვარ გაწბილებაზე: მეფის მიერ რამაზის ღალატის ასეთი ადვილი, უსაყვედურო და ლამის უპირობო პატიება, ვფიქრობ, გარკვეულწილად ამჩატებს ტარიელის ღვაწლს და მისი ლაშქრობის მნიშვნელობას; და კიდევ: იქნებ მეტიც, ტარიელს ასევე ისიც ეჩვენება, რომ ფარსადანის უჩვეულოდ სულგრძელი ჟესტიდან ინდოეთის მეფის ირიბი საყვედურიც გამოსჭვივის თავად ახალგაზრდა მთავარსარდლის მიმართ, ამ უკანასკნელის, თუნდაც ასეთი წარმატებული და სასარგებლო პოლიტიკური თვითშემოქმედების გამო. ტარიელს, შესაძლოა, მაშინ მოეჯარა ეს ფიქრები, როდესაც ფარსადანი რამაზთან ერთად მცირე ხნით კარავში განცალკევდა. ამის შემდეგ ფარსადანს რამაზი გამოჰყავს გარეთ და ტარიელს ეკითხება, რას იტყვი, შეუნდობ ხატაელს ორგულობას, თუ არაო ("შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდე შენამტერსა?"). ეს შეკითხვა მახეს ჰგავს, რომელსაც უნდა გამოემჟღავნებინა ტარიელის ფარული აზრები: წინდახედულად რომ მოქცეულიყო, ტარიელს უნდა ეპასუხა, მეფე შენ ხარ და, როგორც შენ ბრძანებ, ისე იქნებაო. ტარიელმა კი უპასუხა:
"მე ვჰკადრე: ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
უყავით თქვენცა წყალობა მას ღონეგაცუდებულსა".
ამ სიტყვებით ტარიელმა რამაზ მეფის ბედის გადაწყვეტა იკისრა და არ დაუკვირდა, რომ ამით, შესაძლოა, მეფის უფლებებში იჭრებოდა. ეს საკმარისი იყო: ამიერიდან ფარსადანმა უკვე იცის, რომ ხატაეთის კამპანია უერთგულესი ყმის წინდაუხედავი თავგამოდება კი არა, არამედ სულ სხვა ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებაა. ამის შემდეგ ფარსადანი ცდილობს, რამე იღონოს, რათა ტარიელის ტრიუმფით გამოწვეული ხალხის აღტაცება გაანელოს და ტარიელი დროებით მაინც მოაშოროს ხალხის თვალს. ამისათვის, მეორე დღეს სისხამ დილით ტარიელს მაცნეს პირით შეუთვლის: "რამდენი ხანია, ერთად არ გვინადირია, მომენატრა ეგ ამბავი; ვიცი, რომ დაღლილი ხარ, ნაბრძოლი, მაგრამ ისე ვარ მოწყურებული, რომ უნდა გამიწიო ანგარიში და წამომყვეო":
"ებრძანა: "რა შენ გაგყრივარ, მას აქათ თვეო სამია,// მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,//არ დამაშვრალ ხარ, წავიდეთ, თუცა დაშვრომის ჟამია~). არადა, ამას ეუბნება ხელში დაჭრილ ტარიელს, რომელსაც ჭრილობა ერთი დღით ადრე თვით მან, ფარსადანმა შეუხვია. ჩემთვის ცხადია, რომ ეს ნადირობა მხოლოდ დროის მოგების მიზნით იყო ნაკარნახევი. მართლაც, ამასობაში მეფემ დედოფალთან საიდუმლოდ გასაუბრება მოასწრო:
"იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:
"ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია,
მან განანათოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;
რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია!
აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა სცან ესე მცნებული:
რადგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელდებული,
ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული,
გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული!"
ჩემი ინტერპრეტაციის თანახმად, აქ ფარსადანი სხვას არაფერს უმხელს დედოფალს, თუ არა ამას: ჩვენთვის სახიფათოა ხალხში ტარიელის ზღვარგადასული პოპულარობა, რამე უნდა ვიღონოთ; ჰოდა, რაც აქამდე მარტომ, უშენოდ გადავწყვიტე, ანუ ნესტანის გამეფება, დროა სახალხოდ გამოვაცხადო, "ზოზღნის", მიკიბმოკიბვის გარეშე; ასე რომ, როცა მე და ტარიელი შემოვალთ ქალაქში, შენ და ნესტანი სამეფო სასახლეში დამხვდითო. ნესტანი მზეთუნახავად იზრდებოდა, აქამდე მისთვის ხალხს თვალიც კი არმოეკრა. ეს იდუმალება, რა თქმა უნდა, ხალხის ცნობისწადილს აათმაგებდა. ცხადია, სწორედ ტარიელის ტრიუმფალური შემოსვლის დროს ნესტანის გამოჩენით ფარსადანს სურდა ორი კურდღელი დაეჭირა: ჯერ ერთი, ხალხის ყურადღების მზეთუნახავ ნესტანზე გადატანით რამდენადმე გაენელებინა ტარიელის პოპულარობა; და მეორე, ეჩვენებინა ყველასთვის, რომ ტახტის ერთადერთი მემკვიდრე ნესტანია და, გინდაც ამირბარმა მთელი მსოფლიო დაუმორჩილოს ინდოეთს, ის მაინც მხოლოდ ამირბარად დარჩება. როგორც კი ნესტანის მორთვა-მოკაზმვისთვის საჭირო დრო გავიდა, ნადირობის ფარსი შეწყდა და უკან ისე აჩქარებით გამობრუნდნენ, რომ აღარც კი იბურთავეს:
"მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა,
იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.
ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა,
აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა".
მაგრამ ფარსადანს ხელი მოეცარა: ტარიელი ვერავინ და ვერაფერმა ვერ დაჩრდილა. მას აღტაცების ექსტაზამდე მისულმა დედაქალაქის მოსახლეობამ არნახული შეხვედრა მოუწყო:
"ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.
ომგარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი;
ფერმიხდილგვარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი,
ვინცა მიჭვრეტდეს, ბნდებოდეს, - მართალ არს, არ კატაბანი".
ის, რომ ტარიელმა დაჩრდილა ნესტანი, ამას, ვფიქრობ, თვით ნესტანიც აღიარებს:
"შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო". ხომ არ უსვამს ნესტანი ამ ფრაზით ხაზს იმას, რომ ინდოეთის ხალხში არის გარკვეული განხეთქილება: არიან "ტარიელის მჭვრეტნი" ანუ ტარიელის გულშემატკივრები და "ნესტანის მჭვრეტნი" ანუ ნესტანის გულშემატკივრები და მათ შორის კამათია - ვინ ვის სჯობს, ანუ ვინ უფრო შეეფერება სამეფო ტახტს.
ლხინის სუფრაზე ფარსადანი კიდევ ერთ გამოცდას უწყობს ტარიელს. მას ნესტანის პირდაპირ სვამს. ეს, ერთის მხრივ, პატივია, მეორეს მხრივ კი სურს ამით ტარიელს ადგილი მიუჩინოს და ტარიელსა და ნესტანს შორის სუფრის სახით საზღვარი გაავლოს; ამით ფარსადანი თითქოს ტარიელს ეუბნება: მაგიდა, რომელიც თქვენ გყოფთ, არის ზღვარი, რომელსაც შენ ვერასოდეს გადახვალ. ამავე დროს ფარსადანს ხელსაყრელი შემთხვევა ეძლევა, რათა საკუ- თარი თვალით დააკვირდეს ახალგაზრდებს და შეატყოს: უკვე რამე ხომ არ ხდება ნესტანსა და ტარიელს შორის? მაგრამ რატომ უნდა გასჩენოდა ფარსადანს ამგვარი ეჭვი? შეგახსენებთ, რომ, როდესაც ფარსადანი ხვარაზმშის მოკვლის ამბავს გაიგებს, სრულიად უცნაურად განრისხდება არა მკვლელობის ჩამდენ ტარიელზე, არამედ დავარზე და ნესტანზე, რადგან, ჩანს მისთვის აშკარაა, რომ ტარიელი დამოუკიდებლად არ მოქმედებს, არამედ სხვის მითითებებს ასრულებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მეფეს აქაც მსგავსი ეჭვი აქვს; ეჭვი იმისა, რომ ხატაეთში საომრად წასვლას ტარიელი სულ მთლად დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა. ვინ იცის, მეფეს ეჭვი პირველად მაშინ გაუჩნდა, როდესაც ნესტანის მონახულების შემდეგ ტარიელი უეცრად დასნეულდა, ვინ იცის. მაგრამ მივუბრუნდეთ ლხინის სუფრას; თუ ფარსადანი შეამჩნევს, რომ ტარიელი და ნესტანი ერთმანეთს მიჯნურებივით უყურებენ, მაშინ აღმოჩნდება, რომ ფარსადანისთვის ტარიელი მართლაც საშიში ყოფილა, რადგან მას შეუძლია მიჯნურობა თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. თავიდან ტარიელი ცდილობდა, არ დამჩნეოდა მიჯნურობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლხინი გახურდა, ნესტანმა და ტარიელმა სიფრთხილე დაივიწყეს და ისინი თვალს ვეღარ წყვეტდნენ ერთმანეთს:
"მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა,
რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.
რა უამეა პირისპირ საყვარელისა ჭვრეტასა!"
ეს კი ფარსადანს არ გამოპარვია (1) და მან უკვე დასტურ იცის: ნესტანს და ტარიელს ერთმანეთი უყვართ, ეს კი ნიშნავს, რომ ნესტანის გამეფებით ტარიელს წინ არაფერი ეღობება, მეტიც, მას შეიძლება ამით სამეფო ტახტისკენ მიმავალი გზაც კი ეხსნებოდეს.
დაყოვნების დრო აღარ არის, ფარსადანმა სასწრაფოდ უნდა მოიმოქმედოს რამე. გამოსავალს ის ნესტანის საჩქაროდ გათხოვებაში ხედავს. სასიძოდ კი ირჩევს მეზობელი დიდი სახელმწიფოს - ხვარაზმის უფლისწულს. ეს ქორწილი, ნესტანის აზრით, საზიანო იქნება ინდოეთისთვის. მართლაც, ნესტანი ავალებს ტარიელს რომ ხვარაზმშას მოკვლის შემდეგ მან დამალოს მკვლელობის ნამდვილი მიზეზი – სიყვარული, და მიზეზად გაასაღოს ის, რომ სპარსელები ინდოეთს "შეჭამენ". ეს მიზეზი ობიექტურად დამაჯერებელი რომ არ იყოს, იგი არც გამოდგებოდა ნამდვილი მოტივის დასაფარად. ანუ, ჩემი აზრით, აქ ფარსადანი იღებს, თანამედროვე გამოთქმა რომ ვიხმაროთ, არაპოპულარულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, და, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამას აკეთებს იმისთვის, რომ ჩაშალოს სარიდანისა და ტარიელის გეგმა.
ახლა კი შემოგთავაზებთ ხვარაზმშას ჩამოსვლის და მკვლელობის, ჩემეულ, ვინ იცის რამდენად სათუო ინტერპრეტაციას, რომლის დეტალებიც ავანტიურისტულ-გროტესკული ფილმის სცენარიდან გადმოტანილად შეიძლება მოგვეჩვენოს.
ნესტანის გათხოვება გადაწყვეტილია, წერილი ხვარაზმის მეფესთან მიწერილია და თანხმობაც მიღებული. ხვარაზმის მეფისთვის ფარსადანის წინადადება მოულოდნელი სიხარული იყო. თანაც მისი ძე თვით მის სამშობლოში ყველას მოძულებული ჰყავდა, მამამისსაც კი – გარყვნილი ყოფაქცევის გამო: "თვით მაგეთისა შვილისა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა", – ანუ ასეთი
ყოვლად გამოუსადეგარი შვილი რა ჯანდაბად გვინდა აქ რომ გვყავდეს, ინდოეთამდემც გზა ჰქონიაო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ალუზიაა გიორგი რუსზე, რომელიც თამარს პოლიტიკური მიზნებით უქმრეს და რომელიც უკიდურესად უზნეო ადამიანი იყო, თავისივე სამშობლოდან გამოგდებული. შეგახსენებთ, ქართველი მემატიანე მას სოდომურ გარყვნილებას და კიდევ რას არ მიაწერს. რაკი ნესტანის ხვარაზმშაზე გათხოვების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ფარსადანი ტარიელს უკანასკნელ გამოცდას უწყობს: იბარებს მას და ეკითხება, თავში მომივიდა აზრი ნესტანის გათხოვებაზე და ერთი კარგი ბიჭიც მყავს შეგულებული – მეზობელი ქვეყნის, ხვარაზმის უფლისწული, შენ რას იტყვი, რას მირჩევო. აქაც მახეა: ფარსადანმა, როგორც ზემოთ ვთქვი, უკვე იცის, რომ ტარიელის გულში ამბიციური გეგმები ბობოქრობს, მაგრამ გაბედავს თუ არა ის, ამ გეგმების გამოაშკარავებას? თუ ტარიელი მის გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგება და ღია კონფრონტაციაზე გადავა, ფარსადანს სრული საფუძველი აქვს, ტარიელს დასწამოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ან დააპატიმროს, ან გადაასახლოს. ტარიელი აქ კი უკვე სიფრთხილეს იჩენს და გარეგნულად მეფეს უწონებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში კი თავი ცოცხლად აღარ უნდა.
ტარიელს ესპობა,როგორც სიყვარულის, ისე მეფობის ხელში ჩაგდების იმედები. მართლაც, რა გამოსავალი უნდა ჰქონოდა მას? ერთადერთი – აჯანყება და ფარსადანთან სამხედრო დაპირისპირება. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ნესტანს არ მოსწონებოდა, რომ მისი მიჯნური ასე უტიფრად სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდებოდა მამამისს, თან მასთან, ნესტანთან შეუთანხმებლად. რა იცის ტარიელმა: ეგებ ნესტანი მამისადმი მორჩილებას მიჯნურობაზე მაღლა აყენებს და ურჩევნია, მამის ნებას დაჰყვეს, ვიდრე რომანტიკულ-პოლიტიკურ ავანტიურას გადააყოლოს ინდოეთის მშვიდობა და უსაფრთხოება. როგორც შემდგომი განხილვიდან ცხადად ჩანს, ტარიელი მართლაც შეურიგდა ბედს და მისი ემოციური ნატურის პატრონი, ალბათ, ცხოვრებას თვითმკვლელობით ან გალოთებით დაასრულებდა.
მაგრამ აქ კვლავ ნესტანი გამოჩნდება.
იგი დაიბარებს ტარიელს და რისხვას დაატეხს თავზე: ეს შენ ურჩიე მეფეს ჩემი ხვარაზმშაზე გათხოვება, შენ დართე ნება, ამით ჩვენი სიყვარულის ფიცი გატეხე; მაგრამ იცოდე, გამათხოვებენ თუ არა, მაშინვე ან ინდოეთიდან გაგაგდებ, ან, თუ მაინც დარჩენას შეეცდები, მე თვითონ მოვაკვლევინებ შენს თავსო. ნესტანის ამგვარ გააფთრებაზე იმედის ჩამქრალმა შუქმა ტარიელში კვლავ ინათა: "თქვა: რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტისმეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად". ანუ ტარიელი ხედავს, რომ ნესტანისთვის მამისადმი მორჩილება და ერთგულება არ არის დაბრკოლება, რომ მისი შეყვარებული დამოუკიდებლობას იჩენს მონარქი იქამდე, რომ უკიდურესად სარისკო გეგმასაც კი ადგენს. ის, რომ ნესტანის გაბედული წამოწყების გარეშე ტარიელი არაფრის გამკეთებელი არ იყო, ჩანს თვით ტარიელის სიტყვებიდან: იგი თავის გასამართლებლად ნესტანს ეუბნება, რომ ფიცი არ გაუტეხავს, რომ, როდესაც ფარსადანისაგან ნესტანის ხვარაზმშაზე გათხოვების ამბავი გაიგო, მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრების გამო დათანხმდა, თორემ ისე მაშინვე დაიწყო ფიქრი მათი სიყვარულის გადასარჩენად, თუნდაც ამისთვის ფარსადანთან დაპირისპირება გამხდარიყო აუცილებელი:
"დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა,
თავსა უთხარ: "მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა...
მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა!
არ იცის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არად არა;
ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?"
ტარიელი ამას ამბობს გადაშლილი ყურანით ხელში და ის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და არანაირ მსგავსრისკიან პოლიტიკურ ქმედებას არ აპირებდა (მანამდე მაინც, სანამ ნესტანის
განწყობას გაიგებდა), ჩანს ტარიელის ფრაზაში: "სულთა ვყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა" – ანუ ყურანზე ტყუილზე ვიფიცებდი ("სულსა ვყიდდი") ჩემი სიყვარულის შესანარჩუნებლად ("გულისათვის").

1 – აც ჩანს მის შემდგომ სიტყვებში: "ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგიან, მას უყვარდა ქალი ჩემი, ცრემლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან". 

 

დასასრული 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.