ივანე ჯავახიშვილი

დიდებული შოთა ქალის თაყვანისცემისა და რაინდული სიყვარულის მქადაგებელი იყო, საკითხი უნებლიედ იბადება, თუ როგორ და რა ნიადაგზე უნდა აღმოცენებულიყო ამგვარი მოძღვრება. ცხადია, რასაკვირველია, რომ ქალის სიყვარული "ტურფა" და მაღალ სათნოებად ყოფილიყო აღიარებული, ამისათვის აუცილებლად საჭირო იყო, რომ საქართველოში ყმაწვილ ვაჟს უფლება ჰქონდა თავის გულის სატრფო საცოლოდ თვითონ აერჩია, რომ ძლიერი საცოლქმრო სიყვარული არსებულიყო. სადაც ეს ჯერ არ არსებობდა, რასაკვირველია, იქ შეუძლებელია თავისუფალს მიჯნურობას თავისთვის გზა გაეკაფა. ჩვენ ეხლა შეგვიძლიან დავამტკიცოთ, რომ საქართველოში ერთიცა და მეორეც უკვე IX საუკუნეში არსებობდა: აი, მაგ., მთავარი გიორგი ჩორჩანელი, რომელიც თავისი საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ "სხვსა მეუღლისა შეერთებაი არღაოდეს თავს იდვა"  და სიკვდილამდე მისი ერთგული დარჩა ან თუნდ გიორგი მთაწმინდელის მამა, რომელიც ქალის სილამაზით და სათნოებით მოხიბლული თავისთვის საცოლოს თავისუფლად ირჩევს... ამგვარ ნიადაგზე შეიძლებოდა აღმოცენებულიყო შოთა რუსთაველის ქადაგებაც ქალის თაყვანისცემასა და მიჯნურობაზე. ქალ-ვაჟის სწორუფლებიანობის ის აზრი, რომელიც შოთა რუსთაველის უკვდავს თხზულებაში არის გამოთქმული, მეტად დამახასიათებელია XII საუკუნის ქართული აზროვნების მაღალგანვითარებისათვის. მაგრამ ის არის საყურადღებო, რომ ქალთა სწორუფლებიანობის აზრი ქართულს მწერლობაში წინათაც ტრიალებდა; უკვე წმინდა ნინოს ცხოვრებაში ნათქვამია, ქართველთა განმანათლებელს თვით ღვთაებისაგან მოევლინა ზეციერი მოციქული, რომელმაც ათ მცნებასავით დაწერილი "წიგნი" მისცა; იქ, სხვათა შორის, ნათქვამი იყო:
"არცა მამაკაცებაი, არცა დედაკაცებაი, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ"-ო. ხოლო ქართულს არქიპიერატიკონში სწერია: "წმინდა და ერთ-სწორ ჰყავთ მამაკაცი და დედაკაცი, ვითარცა სათნო გიჩნდა შენ არა ხოლო თუ მამათა, არამედ დედათაცა მოეც მადლი სულისა შენისა წმინდისა"-ო.
მეთორმეტე საუკუნეში ხომ ზოგიერთი ქალი როგორც მაგალითად, ხუაშაქი, ცოქალი და კრავაი ჯაყელი, საქართველოში სახელმწიფო საქმეებშიც კი მონაწილეობას იღებდნენ და ეს მონაწილეობა უშედეგო და უნაყოფო არა ყოფილა. პირიქით, ჩვენ მოგვეპოვება არაერთი საგულისხმო ცნობა, რომელიც ნათლად ამტკიცებს, რომ ქალთა გავლენას მამაკაცთა მკაცრი მოქმედება მოურბილებია და კეთილშობილური იერი მიუცია. არაბი მემატიანე მოგვითხრობს, რომ 1162 წელს, როდესაც ქართველებმა დვინში გაიმარჯვეს და ძლევამოსილნი ნადავლითა და ტყვეებით დატვირთულნი შინ ბრუნდებოდნენ, მაჰმადიანი ტყვე მამაკაცები სააუგოდ სულ მთლად გააშიშვლეს და ისე წამოასხესო; მაგრამ ქართველმა ქალებმა ეს შეიტყვეს თუ არა, მაშინვე თავიანთ ქმრებს ეს საქციელი დაუწუნეს და უსაყვედურეს, რომ ისინი მაჰმადიანთ ასეთ ცუდ მაგალითს აძლევენ, რომელიც მათ შეიძლება ქართველებზე გამოიყენონ და ამ საქციელით ქართველ ქალთაც სირცხვილი აჭამონო. იბნ ალასირის სიტყვით, ქართველებმა, ქალების იმ საყვედურის შემდგომ, ტყვეებს თავიანთი ტანისამოსი დაუბრუნეს და ჩააცვეს. ქართველმა ქალებმა, ის მაღალი ლმობიერება და სიბრალული გამოიჩინეს, რომელიც ასე საგრძნობელი და საჭიროა ომიანობის საშინელი სიმკაცრის დროს. ამ მოკლე და მკრთალ საზოგადო მიმოხილვითგანაც, რომლის დაწერაც ჩვენ შევძელით საქართველოს კულტურული მდგომარეობის შესახებ, XIIსაუკუნეს, მგონია, ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, რომ საქართველო მაშინ მარტო სამხედრო უძლეველობით კი არა ყოფილა მოსილი, არამედ კულტურულადაც ძლიერი იყო და აყვავებული ცხოვრება, მდიდარი და მრავალმხრივი მწერლობა და დაწინაურებული ხელოვნება ამშვენებდა!..

*    *    *

"ვეფხისტყაოსნისა" და შოთას გამო გაჩაღებული ბრძოლა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ხან მინელდებოდა, ხან კვლავ გაღვივდებოდა ხოლმე და რომელსაც ანტონ კათალიკოზმა სიტყვიერი და წერილობითი პაექრობა არ აკმარა, არამედ თხზულების სრული მოსპობა და ცეცხლით დაწვა ამჯობინა, ძველი საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ქართული მწერლობის ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი და საგულისხმო საკითხთაგანია. ეს მით უმეტეს, რომ სხვა ასეთი ხანგრძლივი იდეური ბრძოლა საქართველოს არ ახსოვს, და ესოდენ დაუნდობელი და უგუნური საშუალებით, როგორიც თხზულებათა დაწვით მოწინააღმდეგეზე შურისძიება, ჩვენს წარსულში მხოლოდ ერთხელ, თანაც უძველეს ხანაში, გვხვდება, როდესაც, როგორც `ქართველი ერის ისტორიის~ წიგნში გამოკვლეული მაქვს, მანიქეველი ქართველი მწერლის თხზულებები ამნაირადვე იყო განადგურებული, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით მონოგრაფიულად შესწავლილი არ არის და მას ისეთივე დინჯი და გულდასმითი შესწავლა და კვლევა-ძიება სჭირდება, როგორიც შოთას დიდებულ სახელს შეეფერება. მაინც ქართველი ხალხის საღი აზროვნობისა და მხატვრული გემოვნებისათვის სასახელოა, რომ ჩვეულებრივმა მკითხველმა და მსმენელმა ამ ბრძოლაში გამარჯვება შოთას არგუნა და მისი ქმნილება უკვდავების შარავანდედით შემოსა. 

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.