იუსტინე აბულაძე

რცერთი ლიტერატურული ნაწარმოები ისე პატივცემული არ ყოფილა ჩვენში, როგორც რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". ქართულ მწერლობას იგი მიაჩნდა ქართული კულტურის უძვირფასეს სამკაულად. ლიტერატურის აღორძინების ხანიდან დღემდე გაისმის ამ წიგნისა და მისი ავტორის ქება-დიდება, და, რა თქმა უნდა, ლიტერატურის თეორიის განვითარებასთან ერთად, უნდა აღძრულიყო მისი შესწავლის ინტერესი, უნდა აწონილ-დაწონილიყო და დაფასებულიყო ეს ქართველი ერის სიამაყეც.
მართლაც, იგი შეიქმნა ერთ ფრიად საინტერესი მსჯელობის საგნად როგორც ჩვენში, ისე სხვაგან: მაგრამ, გამოირკვა, თუ არა ამით ჭეშმარიტება, გვაქვს თუ არა ჯერჯერობით, მისი მკვლევარების წყალობით, სწორი და უტყუარი აზრი ამ ნაწარმოებსა და მის ავტორზე? სრულიადაც არა. პირიქით, რუსთაველისა და მისი "ვეფხისტყაოსნის" შესახებ კითხვა ჯერ ისევ ნორჩია, ავტორის ვინაობა ისევ ბურუსშია გახვეული, მისი და მისი შრომის შესახებ კითხვები დღემდის წყვდიადში განისვენებს. რა არის ამის მიზეზი?
ერთი, – ეს კერძოდ ქართველობაზე უნდა ითქვას, ჩვენის აზრით, – უნდა იყოს გაზვიადებული და ცრუპატრიოტიზმი; მეორე, ჯეროვანი ერუდიციის უქონლობა, რომელიც უნდა ითქვას საზოგადოდ, თუ სახეში მივიღებთ, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მის მკვლევარებს.
ქართველი მკვლევარები იმ აზრისა იყვნენ, რომ ავტორის პოემა ორიგინალურია, პოემის ქება-დიდების საგანი თამარ მეფეა, მაშასადამე, ქართული ცხოვრების უტყუარი ფაქტებია მოთხრობილი ამ პოემაში და საკუთარი, როგორც გმირებისა, ისე ქვეყნების სახელები ალეგორიულია და მათი გაგება და ახსნა შესაძლებელია მხოლოდ თამარის დროის ისტორიის შესწავლა განხილვით, რადგან იმ დროის ისტორიის ამბები აქვს ამ ნაწარმოებს სარჩულად დადებულიო.
აქედან ის დასკვნა გამოჰყავდათ, რომ პოემაში არც სპარსული, არც სხვა ქვეყნისა არაფერია, ყველაფერს ქართული აზრი და მნიშვნელობა უნდა მიეცესო.
ამგვარი აზრი, ვიმეორებ, დაბადა ცრუმ და გაზვიადებულმა მამულის სიყვარულმა და ჯეროვანი ერუდიციის უქონლობამ. მარტო სამშობლოს სიყვარული და ქართული ლაპარაკის ცოდნა ვერ მისცემს საკმაო ძალას ადამიანს, გადაწყვიტოს ისეთი საკითხი, რომელიც შეეხება ერთი ლიტერატურის მეორეზე გავლენას, ჩემის აზრით, არაფერი ამ შემთხვევაში ისეთი საჭირო არ არის, როგორც იმ ერის ენისა და ლიტერატურის შესწავლა, რომელსაც თამარის დროის ლიტერატურის ზრდა-განვითარებაზე დიდი გავლენა უნდა ჰქონებოდა.
პირველ მეცნიერად, რომელმაც დაუდვა საფუძველი "ვეფხისტყაოსნის" სერიოზულ მეცნიერულ კრიტიკას, უნდა ჩაითვალოს პროფესორი ნიკო მარი, რომელიც წინაღუდგა მის დრომდე გაბატონებულ შემცდარ აზრებს ამ ნაწარმოების შესახებ; მაგრამ ჯერ სტუდენტად მყოფი და ზომაზე მეტად გატაცებული სპარსული გავლენით XII საუკუნის ქართულ საერო მწერლობაზე, ნიკო მარი აჩქარდა, გამოეთქვა თავისი აზრი ამ პოემის წარმოშობის შესახებ, რის გამოც გი ჩავარდა მეორე უკიდურესობაში...
ჩვენი XII საუკუნის საერთო მწერლობა სპარსული ლიტერატურის პირმშო შვილია; იგი სპარსული საკარო ლიტერატურის გავლენით იყო გამოწვეული; სპარსული საკარო ლიტერატურა სრულიად შეესაბამებოდა თამარის საქართველოს ბრწყინვალე პოლიტიკურ მდგომარეობას და ძველი ქართველის რაინდულ მიმართულებას; ამ ლიტერატურის მიმართულების უძლიერესი გამომხატველია რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". თუმცა ამბავი უცხო ქვეყნებს და ხელმწიფეებს ეხებოდა, ავტორმა იმდენად შესცვალა და გადმოაქართულა ეს ზღაპრული მოთხრობა, რომ დღეს, თვალწინ რომ გვედვას ის უცხო ხელწიფების შესახებ ამბები, რომლებიც მან ლექსად გარდათქვა, ჩვენ მსგავსებასაც ვერ ვპოებდით მასში ისეთ დიდებულ ნაწარმოებთან, როგორიც არის "ვეფხისტყაოსანი". ის იყო "ამბად ნათქვამი" ეს კი "წყობილი მარგალიტია", ის იყო ჩონჩხი, ეს კი გენიის უმაღლესი და უმშვენიერესი ნაწარმოებია.
მაშასადამე, კითხვას რომ ვიძლევით იმის შესახებ, ორიგინალია თუ არა "ვეფხისტყაოსანიო", სრულიად უსაფუძვლოდ ვაყენებთ ამ გვარს კითხვას; ჩვენის აზრით, უმჯობესი იქმნება და უფრო ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენებს კითხვა, თუ რამდენად შეიძლო რუსთაველმა შეესწავლა და გადმოექართულებინა ის უცხო ფაბულა, რომელიც წარმოადგენდა უმნიშვნელო ზღაპარს, მის უკვდავ პოემასთან შედარებით.

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.