დავით წერედიანი

...თინათინი ყველა გარეგნული თუ შინაგანი ნიშნით სრულად წარმოგვიჩენს თამარის სახის ოფიციალურ ვერსიას. ნესტანი კი თამარის სახის არაოფიციალური ვერსიაა, თამარი, ახლო რაკურსით დანახული... ნესტანი ვეფხვია, ტარიელს ნესტანი მუდამ ვეფხვს აგონებს, მისი დაკარგვის შემდეგ კი ვეფხვი აგონებს ნესტანს. "ქვე-წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული" - "ვეფხი შევიპყარ ხელითა, მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა". აქ ვეფხვის სიმბოლოკა გამოხატავს არა მხოლოდ აგრესიულ სილამაზეს, არამედ შინაგან ბუნებას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვეფხვი, პირველ რიგში, მძვინვარების, დაუნდობლობის სიმბოლოა. ნესტანი მშვენიერია, ნესტანი სიკეთით სავსეა, მაგრამ ნესტანი საშიშია. ტარიელი პოემის ყველა ეპიზოდ- ში ცოტათი უფრთხის ნესტანს.
- და პოეტის დამოკიდებულებაც შესაბამისად ორჭოფულია?
- ეს რომ ვთქვა, დამიჯერებთ? რუსთაველს ოთხივე ქალი, დავარს ნუ მივათვლით, უზადოდ ჰყავს დახატული, მაგრამ სიყვარულით მხოლოდ ნესტანი უყვარს. პოემის მთავარ გმირად, ეს სათაურიდანაც ჩანს, ტარიელი მიაჩნია, არადა, ავთანდილის გვერდით ყოფნა უფრო ეადვილება, მასთან ერთად მღერის, მას- თან ერთად ლოცულობს, მასთან ერთად წერს ანდერძის წიგნს, ანუ მასთან ერთად ქმნის სიუჟეტისათვის `უსარგებლო~ ლირიკულ წიაღსვლებს, ალბათ, ყველაზე უკეთესს, "ვეფხისტყაოსანში" რაც წერია, მაგრამ თინათინი არა, ნესტანი უყვარს. ფატმანიც მოსწონს, ფატმანიც ძალიან მოსწონს, მისი გუნების ქალია, გულანშაროს უმშვენიერეს პასაჟებს ფატმანის ეშხი დაატანა, მაგრამ სიყვარულით მხოლოდ ნესტანი უყვარს. "უწყალო ვითა ჯიქია"...
 - ვენდოთ ლეგენდას, რომ თამარი უყვარდა?
 - ვენდოთ, არ ვენდოთ... ამგვარი სიყვარულიდან მიჯნურის სიყვარულამდე მაინც საკმაო მანძილია. ასე რომ, ვინ იცის? თუ თავისი პოემა დაკვეთით დაწერა, "ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა", თქვა ლაღად და ძალდაუტანებლად, უხვად და უშურველად, რაკი ეს სიმართლეც იყო, მაგრამ მას საკუთარი სიმართლეც უნდა ეთქვა, არა კარისკაცის, არამედ დიდი ერისკაცისა და დიდი შემოქმედის სიმართლე. რადგან ამგვარი წიგნი მხოლოდ მეფეთა საქებრად არ იწერება, რადგან პრობლემათა ძირისძირში ყოველთვის ფეთქავს ცოცხალი ეროვნული ძარღვი. მან "ინდოთა" კარი არა მხოლოდ ქებად, არამედ გაფრთხილებად დადო, საიდანაც ბრალდებაც მოისმის. მეფეები კი ბრალდებებს რისხვით იგერიებენ და მათი რისხვა ძალიან საშიშია. მინიშნებანი, მოსალოდნელია, გაცილებით მეტი იყო, მხოლოდ თანამედროვეთათვის მისახვედრი. შემეძლო ორ პასაჟზე კიდევ მელაპარაკა, რომლებიც ძალიან სახიფათო მინიშნებათა გორგალია... კონფლიქტი სინამდვილეში ნაბიჯ-ნაბიჯ მზადდება: ფარსადანის შეფარული მიზანი, მისი მიხვეულ-მოხვეული ქცევები, ქალ-ვაჟზე თვალთვალი, ტარიელის უდრტვინველობა... ყველაფრის მოკლედ და დალაგებით თქმა არც ისე ადვილია, მაგრამ, მოდით, ჯერ იმით დავიწყოთ, შედარებით ადვილი სათქმელი რაც არის. "დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი". სხვა ადგილას თვითონაც ქაჯად მოიხსენიება: "მან უამბო დავარ ქაჯსა"... ამით, რასაკვირველია, მის ბნელით მოცულ სახეს პლასტიკურობა, სიღრმე და მნიშვნელობა ემატება, მაგრამ, თუ ქართული სამეფო ოჯახი "ინდოთა" კართან თავს რაიმე ნიშნით გააიგივებდა, მადლობას არც ამ ნათესაობისათვის იტყოდა. თუმცა, ეს ისეთი უმნიშვნელო წვრილმანია, სათქმელადაც არ ეღირებოდა, სხვა ბევრად მნიშვნელოვანი სათქმელი რომ არ მოჰქონდეს. მთავარი ამ მხრივ არც ის არის – არადა, შეუძლებელია არ გვეუცნაუროს! – რომ ნესტანი, ასე გამოდის, ქაჯის გაზრდილია, დავარი ხომ მისი აღმზრდელი იყო. რაიმე ლაფსუსი რუსთაველის რანგის შემოქმედსაც შეიძლება გაეპაროს, მაგრამ ამგვარი შტრიხი გმირის პორტრეტზე, თანაც დიდოსტატის ხელით, შემთხვევით არასოდეს იდება. პოეტი აქ არავისზე არავითარ მინიშნებას არ აკეთებს, მხოლოდ მხატვრულ მიზანს მიელტვის. ვიტყვი ორიოდე სიტყვით... ნესტანი დემონურ საწყისთანაც არის წილნაყარი. მის პორტრეტზე დადებული ეს თამამი შტრიხი გენიალურია – ნესტანი ზესკნელიც არის და ქვესკნელიც. "ძლიერ არს, ვითარცა სიკვდილი, სიყვარული, ფიცხელ არს, ვითარცა ჯოჯოხეთი, სახმილი მისი"... ბიბლია, ქებათა ქება.
ამ ორმაგობას გმირის ხასიათიც ადასტურებს... მაგრამ ახლა ჩვენთვის მთავარი გაცილებით უმნიშვნელო რამ არის, სახელდობრ ის, რომ დავარი მეფის დაა. არადა, რატომ მეფის და? რა აუცილებლობითაა ეს უახლოესი ნათესაობა ნაკარნახევი? თანაც ისეთი აუცილებლობით, რომ სახელშიც კი გახმიანდა – "და ვარ". და ვარ, რომელსაც საკუთარი ძმა წამებით სიკვდილს მიმზადებს, იმგვარ სიკვდილს, რომ აქვე, ადგილზევე თავის მოკვლა მირჩევნია. დიახ, დავარი სწორედ მაგიტომ, მაგ საჭიროების გამო არის მეფის და, უნდა ფარსადანი თავისი მრისხანე ხასიათით უფრო თვალნათლივ წარმოისახოს, უბრალო გამზრდელის დასჯა ასე შემაძრწუნებელი არ გამოჩნდებოდა. დავარი მძვინვარედ სასტიკია, მაგრამ არანაკლებ მძვინვარედ სასტიკია ფარსადანიც, თავის სისხლსა და ხორცს წამებით მოკლავს, ხელი არ აუთრთოლდება, თან რისთვის, რა დანაშაულისთვის? "მან აგრე თქვა: უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან". ფარსადანის პროტოტიპად კი ვინც შეიძლება წარმოვიდგინოთ, დღესავით ნათელია, თანამედროვეებს ნამდვილად არ გაუძნელდებოდათ ამის ამოცნობა, კაენური ცოდვის მაგალითი იქვე, ხელისგულზე ედოთ, შორს წასვლა არ დასჭირდებოდათ. მინიშნება უდავოდ სახიფათოა (ვინ არის ეს მოდგმა!), მაგრამ ჯერ მაინც ზოგადია. კიდევ რამდენიმე მონაცემი და კონტურები სრული სიცხადით გამოიკვეთება.
სასიძო მოკლულია, ფარსადანი მძვინვარებს. არადა, მის ტონს დავაკვირდეთ, რა რბილია: "თუ ჩემი ქალი გინდოდა, რატომ არ შემაგებინე, ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე"? მიამიტური გაოცებით უთვლის იგი ტარიელს. დროზე რომ "შეეგო", ყურს ჩასწვეთებოდა, ქალს როგორ დაუკავებდა! ტარიელისა მას უზომო შიში აქვს, ნესტანის სიტყვებიდან ეს უკვე ვიცით: "ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა, ხელთა მოგცეს თავი ჩემი"... საიდან მომდინარეობს ეგ შიში, ძნელი მისახვედრი არ არის: "ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი... კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა". შეუძლებელი სულაც არ ჩანს, რომ ტარიელმა დიდი შინა ომი გაუმართოს და ხალხიც მიიბიროს, რადგან ამბოხებისათვის სრული კანონიერი საფუძველი არსებობს, ამ საკითხს ცოტა ხანში ისევ დავუბრუნდებით.
ახლა კი იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფარსადანმა ზუსტად იცის, რისთვისაც მოხდა მკვლელობა. ქალ-ვაჟის საიდუმლო მიჯნურობის ამბავი, როგორც მოსალოდნელი იყო, ისეთი საიდუმლოც არ აღმოჩნდა, თავად მონაწილეებს რომ ეგონათ. "მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან". ფარსადანი დარწმუნებულია რომ ეს ამბავი დავარმაც იცოდა, და, რასაკვირველია, არ ცდება. ოღონდ დავარი იმასაც მიმხვდარია, რომ მკვლელობა ნესტანმა ჩაიფიქრა, ტარიელი ამ საქმეს თავისით არ ჩაიდენდა, იცნობს ორივეს ბუნებას — "როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე"! ფარსადანს კი აქ გამჭრიახობა დანამდვილებით ღალატობს, იგი დავარს ქალ-ვაჟის მესაიდუმლედ მიიჩნევს და მკვლელობის შთამაგონებელიც თავისი ასული კი არა, დავარი ჰგონია: "მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა! მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა"?
ყოველივე ზემოთქმულიდან ერთი რამეც, ვფიქრობ, ნათელია: ფარსადანს ტარიელი სიძედ არ უნდოდა, ხვარაზმელი უფლისწულიც სწორედ მაგ მიზეზით ჩანს მოწვეული – მოციქულებს ვაჟთან, თანაც ასე სასწრაფოდ, თავად ქალის მამა გზავნის: საიდუმლო მიჯნურობა უნდა იქამდე აღიკვეთოს, სანამ საქვეყნოდ არ გაცხადებულა. ტარიელს სათათბიროდ მაშინღა იბარებს, როცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია...
თავიდან კი ფარსადანი ტარიელს ამზადებდა სამეფოდ, მერეღა გადაიფიქრა, როცა დარწმუნდა, რომ მის ასულს სახელმწიფოს გაძღოლა შეეძლო. მაინც რატომ ზრდიდა სამეფოდ?... მიზეზს დიდი ძებნა არ სჭირდება, ტექსტშივე შავით თეთრზე წერია, სიტყვები ფარსადანის მიერ არის წარმოთქმული: "მეფემან თქვა: შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა"... აქ ეს სიტყვა მხოლოდ და მხოლოდ საგვარეულოს აღნიშნავს. ტარიელი იმავე დინასტიის გვერდითი შტოა, ერთადერთი ვაჟი-მემკვიდრეა – "ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, ყველაი თქვენ მოგხდომია" – და ტახტი ყველა წესის მიხედვით მას ეკუთვნის. ფარსადანი ტახტის უზურპაციას ახდენს თავისი ქალის სასარგებლოდ. და აქ უკვე ჩვენ თვალწინ არაორაზროვნად იკვეთება დემნა ბატონიშვილის სახე. მთელ ამ პასაჟებს მისი ტრაგიკული ჩრდილი აფენია, უბედური უფლისწულისა, ერთადერთი კანონიერი მემკვიდრისა, რომლის უფლებათა უზურპაციაც ასე საქვეყნოდ მოახდინეს. ამას უკვე სახიფათო მინიშნებაც აღარ ჰქვია. სამეფო კარის თვალით თუ შევხედავთ, "თანამდებ არს სასჯელისა". ხოლო თუ ლეგენდად გამკრთალი ცნობა თამარისა და დემნას ურთიერთლტოლვის შესახებ იმ დროშივე გაჩნდა, აუცილებელი არ არის, რომ სიმართლე იყოს, თუ იმ დროშივე, როგორც იტყვიან, გაჭორიჭორდა, პარალელი კიდევ უფრო სრულია და მინიშნება კიდევ უფრო ზუსტი.
– მაგრამ ამგვარ ქორწინებას ჩვენში, ალბათ, არავინ დაუშვებდა.
– დაუშვებდა თუ არ დაუშვებდა, მაგას ჩვენი საკითხისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ისე, ქართულ ეკლესიას, იმ ექსტრემული და ჩიხური სიტუაციის გათვალისწინებით, თანხმობაც რომ გამოეთქვა, პირველ რიგში მამა არ დაუშვებდა, რადგან დემნა ბატონიშვილი, კანონიერი მემკვიდრე, თავადვე შეიქმნებოდა მეფე, დავით სოსლანობას არ გასწევდა. მამას კი თავისი ასულის გამეფება ეწადა, არა გადედოფლება. ფარსადანის შეფარული მიზანიც სწორედ ეს არის, ამიტომ არ უნდა ტარიელი სიძედ. მასაც გამეფება სწადია თავისი ქალისა, არა გადედოფლება.
– ტარიელის პროტოტიპად, მაშ, დემნა ბატონიშვილი შეგვიძლია ვიგულისხმოთ?
– არა, რასაკვირველია. ტარიელი ეპოსის გმირია და უფლისწულის ხვედრს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიზიარებდა. ის სასჯელი, რომელიც ბიძამ ძმისშვილისათვის აირჩია, ზუსტად გვაუწყებს, საიდან მოელოდა მთავარ საფრთხეს და ყველაზე დიდ შიშად რა ჰქონდა ჩაყოლილი: მან იგი დაასაჭურისებინა. თვალებიც დასთხარა, თვალები რითიღა აშინებდა? საბრალომ ვეღარ გაუძლო და სული განუტევა. საფიქრებელია, რომ დაბრმავებულ-დასაჭურისებულმა სულაც თავი მოიკლა. არა, პროტოტიპობა გამორიცხულია, აი, ნებელობის მხრივ კი, შესაძლოა იყოს გარკვეული მსგავსება.
– არადა, თუ სწორად მახსოვს, დემნა ბატონიშვილმა ბიძას აჯანყება მოუწყო.
– ეს უნიათო წინააღმდეგობა აჯანყებას კი არა, სასოწარკვეთას უფრო ჰგავს, თავის გადარჩენის განწირულ მცდელობას, თუ სულაც ბიძის მიერვე არ იყო პროვოცირებული. მაგრამ პროტოტიპებისა და ქრონოლოგიების ძებნა მნიშვნელოვანი არც არის. მთავარი სათქმელი აქ ერთი წინადადებით შეიძლება გამოიხატოს: "ინდოთა" სამეფო კარი მხოლოდ და მხოლოდ იმ ცოდვამადლისგან იქსოვება, რომელიც საქართველოს სამეფო კარზე ტრიალებდა.

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.