თამაზ ჭილაძე

  ნაწყვეტი ამავე დასახელების წიგნიდან

– რუსთაველის ყველა მეტაფორა ოთხივე მხარეს გახსნილია, ბუნებრივად ერთვის სივრცეს და სივრცეც იფინება მასში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. რუსთაველის მეტაფორა მრავალსაფეხურიანია, მრავალგანზომილებიანი, ჯადოსნური ყუთიდან ამოდის ახალი ჯადოსნური ყუთი, ოღონდ, უფრო დიდი, ვიდრე პირველი ("დიდი მცირესა შინა" – "ძეგლისწერის" ფრაზაა!) და ასე დაუსრულებლად. ყოველ მეტაფორაში მოქცეულია შეკუმშული სივრცე, სამგზავროდ, სატრანზიტოდ ჩაკეცილი ქვეყანა, რომელიც შემდეგ ჩვენს თვალწინ იშლება და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პოეზიის განზომილება უსაზღვროებაა.
"მიეფინების მზე ველად" – ეს ტარიელი მიდის ცხენით! "თავგაგლეჯილი ასმათი"-ო, ამბობს რუსთაველი ნესტანის დაკარგვით გაგიჟებულ ქალზე და არ შეიძლება ამაზე დრამატული, ტრაგიკული ხატის შექმნა სულ ერთი სიტყვით, თუმცა, სწორედ ერთი სიტყვითაა შექმნილი ასეთი საოცრება: "გასისხლმდინარდა" – ეს უგრძესი, უწითლესი მეტაფორა ქართულ ენაში!
რუსთაველს შეუძლია ერთი ფრაზით პლასტიკის ასეთი ზუსტი დეტალიზაცია მოახდინოს: "ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა", ანდა მიზანსცენა ერთი მოძრაობით შეკრას, გაამთლიანოს: "ადგა, ამყვა და წავედით".
"რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსვლა ეამებოდის"-ო, იტყვის პოეტი ავთანდილზე და ჩვენც მოგვეჩვენება, თითქოს სამყარომ საკინძე შეიხსნაო.
აი, სიტყვით მხატვრობის კიდევ ერთი მაგალითი:
"დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდი კლდენი,
კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნენ, ძირსა წყალი ჩანადენი.
წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი!
ხე დიდრონი, თვალ-უწვდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი".
როგორი ფერადია ეს სურათი, თუმცა, არც ერთი ფერი არ არის ნახსენები! ამ ნახატიდან საამური, თითქოს საყდრული სიგრილე გვეფინება. შამბში გამკრთალი წყლის "შხაპუნებაც" კი გვესმის. "დიდრონ", ტანაყრილ, ლაღად ტოტებგაშლილ ხეებს შორის შიშველი კლდეები ილანდება.
"ველი აჩნდა მზიან-ჩრდილნი"-ო, წერს პოეტი და ეს სურათი უცნაური, მოულოდნელი მანერითაა შესრულებული: მარტო ველს კი არ ვხედავთ, თუმცა ველს ახსენებს სწორედ, არამედ – ცასაც, ალაგ-ალაგ ღრუბლებით დაფარულს, რომელთა შორის მზე იჭყიტება.
პოეტი მზეს, ლამპარივით, იქ ჩამოკიდებს ხოლმე, საიდანაც ყველაზე მეტი ინტენსივობით ეფინება შუქი საგნებს, სახეებს, გარემოს. რუსთაველს უყვარს სინათლე: მისი დღე მზით არის გაჩაღებული, ღამე – მთვარით, კოცონით, ჩირაღდნით. პოემას თითქოს ცეცხლი უკიდია, ცეცხლი გიზგიზებს შედარებებში, მეტაფორებში. ჩვენს წარმოდგენაში სამუდამოდ რჩება ხატი ცეცხლის დასანთებად ჩამუხლული ავთანდილისა: "ცეცხლი დააგზო კვესითა"...
კიდევ ერთ სურათს გავიხსენებ, რომელიც შეიძლება სიტყვით მხატვრობის მწვერვალად ჩაითვალოს, სასწაულად, სიტყვის გრანდიოზული შესაძლებლობის ზეიმად. ხაზი და ხმა ერთმანეთშია თითქოს შენივთული, რათა ახალი, მაგრამ უკვე სულჩადგმული ხაზი და ხმა წარმოქმნას: "ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად" – ეს შუბოსანი მხედრის სურათია და ვხედავთ კიდეც, როგორ მიდის, როგორ გრძელდება, გრძელდება, გრძელდება, სანამ მიზანს მიაღწევდეს!
რუსთაველის პოეტური სახე, მეტაფორა ასოციაციებით არის მოქსოვილი, შეკრული, გაცოცხლებული. ეს ფილოსოფიური, სოციალური, პოლიტიკური, მისტიკური, კოსმიური, რელიგიური, ყოფითი, ცხოვრებისეული ხასიათის ასოციაციები ავსებენ, ამაგრებენ, ამდიდრებენ, ამძაფრებენ, უსასრულობამდე აგრძელებენ ჩვენს ფანტაზიას, რადგან ფანტაზიაზე თამამები არიან, ქმნიან პოეტური წარმოდგენების ჯაჭვურ რეაქციას, გარდაიქმნებიან ოცნების ბიძგად, საყრდენად.
პოემის მხატვრულ შედარებებში ჩანს უზარმაზარი ცოდნა ხალხის ყოველდღიური ყოფისა, ადამიანთა დამოკიდებულებებისა, ურთიერთობებისა. პოეტის მხატვრული შედარებების საფუძველი ცხოვრებაა, ჩვენი ხალხის ყოფაა, თავისებურებაა, ჩვევებია. როგორი მეტყველია, თუნდაც ეს სურათი: "ერთგან დაწვეს, ვით მაყრები". მოვუსმინოთ რა გემრიელად აფიცებს ვაჭრებს ავთანდილი: "მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბა-
ჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!" თითქოს აი, ამ წუთას გავიგონეთ ეს ფრაზა: "რად მინდა მომცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია". "გული მი და მო მიარდა"-ო, იტყვის ტარიელი და ფიზიკურად შეიგრძნობ საკუთარი გულის ფეთქვას. ნახეთ, როგორი ცოცხალი, პლასტიკური სურათია, თითქოს შენი თვალით ხედავ: "ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქეთ დგებოდეს". "ხრმალი გავსტყორცნე, გარდვიჭერ, ვეფხი
შევიპყარ ხელითა, მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა", — ამბობს ტარიელი, ანუ ცეცხლზე უფრო მხურვალე, ცეცხლზე უფრო დამწველი, ცეცხლის ცეცხლითო, თითქოს ცეცხლს სულს უბერავს, აჩაღებს, აძლიერებს.
"მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა".
ეს უხმო სცენა ერთ დიდ პოემას უდრის. რამდენი რამეა ნათქვამი ამ ერთად ტირილით. ეს სულთა ნათესაობის, ერთნაირობის მიხვედრის სიხარულია, იმის ნეტარი განცდაა, რომ თითოეული მათგანი "სულით ობოლი" არ არის! ერთდროულად წამსკდარი ცრემლი სწორედ ამის დამამტკიცებელია. არ არსებობს უფრო მეტყველი რამ, ვიდრე ორი მახლობელი სულის ერთდროული დუმილია.
ასევე დიდებულია პოეტის მიერ ნაგრძნობი და არაჩვეულებრივი ძალით გადმოცემული სამყაროს დუმილი, როცა
ავთანდილი ფიქრით ვარსკვლავებს ესაუბრება. ეს არის, თუ შეიძლება ითქვას, დუმილის სიმღერა, ადამიანის ფიქრის იდუმალი გამოსხივება გარესამყაროში და, ამიტომაცაა, რომ ეს სიმღერა, ანუ ამეტყველებული ფიქრი, ერთნაირად ესმის ყველას და ყველაფერს: ადამიანს, წყალს, ხეს, ქვას, ნადირსა თუ ფრინველს...
ნახეთ, როგორი მოძრაობაა სულისა, როგორი ზუსტი გამოვლენაა განცდისა:
"ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა,
მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;
გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა,
ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა".
გაიხსენეთ ხალხური:
"ღამის-ღამ მომაგონდები, ჩამოვჯდები და ვტირიო".
განა შეიძლება თუნდაც ამ პატარა ფრაგმენტის შემდეგ, პოემაზე არ ილაპარაკო, როგორც ფსიქოლოგიურ ნაწარმოებზე? განა შეიძლება, ის სარაინდო რომანების ვიწროდ შემორკალულ ჩარჩოში ჩატოვო და არ განიხილო, როგორც თანამედროვე ფსიქოლოგიური პროზის საფუძველი და სტიმული?
საერთოდ რუსთაველი ჩარჩოს ვერ იტანს. ის, რაც დასავლურ სარაინდო რომანში ჟანრის დამახასიათებელ ნიშნად ან რაინდობის თვისებად აღიქმებოდა, "ვეფხისტყაოსანში" ჩვენი ერის სულისკვეთებად, მისწრაფებად, თავისებურებად აჟღერდა. მაგალითად: "ვინ მოყვარესა არ ეძებს..." კრეტიენ დე ტრუას რომანში
ეს შეგონება რაინდს უნდა ახსოვდეს, რუსთაველის აზრით, – ყველას!
რუსთაველი წერს ისე, როგორც მანამდე არავის დაუწერია, უპირისპირდება ყველას და ამ განდგომით ხდება ყველასი. მისი გმირები ცხოვრობენ და მოქმედებენ ისე, რომ სრულიად განსხვავდებიან მანამდე ცნობილ ყველა გმირისაგან. ტარიელი რიდეს უგზავნის საჩუქრად ნესტანს, როცა ჩვენ საჩუქრების უზომობას შევეჩვიეთ არა მარტო აღმოსავლურ, არამედ მედიევილური დასავლეთის ლიტერატურაშიც. ძალზე მოკრძალებულად ვიტყვი, თუმცა სითამამისათვის საფუძველი საკმარისად გამაჩნია, რომ შეიძლება ეს ერთგვარი ირონიაც კი იყოს იმდროინდელ პოეზიაში გამეფებული საჩუქრობამანიის მიმართ, იმის მსგავსი რამ, რაც შემდგომში სერვანტესმა სარაინდო რომანის მისამართით გამოავლინა...
პოემის ტექსტის მდინარებიდან რამდენიმე სიტყვა ისმის განსაკუთრებული სიმძაფრით, მაგალითად: ცეცხლი, ცრემლი, ვეფხი, სისხლი, მზე... ეს სიტყვები, წყლიდან ამომსხლტარი თევზებივით, გაიბრწყინებენ ხოლმე ჰაერში, რათა ისევ იმაზე მიგვანიშნონ, რომ პოემის დიდებული სტიქიონი სიცოცხლითაა სავსე.
ყველა ხალხი თავის მშობლიურ ენაში კითხულობს, ხედავს იმ ემოციურ-ხატოვან წარმოსახვათა ანბანს, რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე შეუქმნია და რომელიც ემყარება ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებას გარესამყაროსთან, მოვლენების ფსიქოლოგიურ აღქმასა და შეფასებას. ადამიანი მშობლიური ენის თავისთავადი პოეტურობიდან იღებს ბიძგს თავისი ფანტაზიის გასაშლელად, არც ერთი ენა, გარდა მშობლიურისა, მას ასეთ პოეტურ ხილვებს არ მოუვლენს. მშობლიური ენა ადამიანს ბიოლოგიური არსებიდან შემოქმედად გარდაქმნის. კაცი, რომელიც თავის მშობლიურ ენაზე მეტყველებს, ფიქრობს ან წერს, უკვე თავისთავად შემოქმედია, უკვე სახეებით აზროვნებს, ყოველი სიტყვა მისთვის, მართლაც, მხატვრული სახეა, გარკვეული სმენითი თუ მხედველობითი ასოციაციების
აღმძვრელი. ადამიანი, ფაქტობრივად, თავისი მშობლიური ენის სარკმლიდან უყურებს და აღიქვამს გარე-სამყაროს. ენა აყალიბებს არა მარტო ჩვენს წარმოდგენებს, არამედ ჩვენს ხასიათსაც. მართლაც, შეიძლება ითქვას, არსად ისე სრულყოფილად არ ასახულა, არ შენახულა საერთო-სახალხო ხასიათი, როგორც ენაში. მშობლიური ენა სხვა არაფერია, თუ არა მეტყველი საერთო ეროვნული ხასიათი, ბუნება. გარკვეული თვალსაზრისით, ენა ისტორიაა ერისა.

*   *   *
ავთანდილის სიდიადე ის არის, რომ, თუკი პირველად ძალით აგზავნიან უცხო მოყმის მოსაძებნად, მეორედ თვითონ, თავისი
ნებით მიდის! პოემის მანძილზე ავთანდილი იზრდება, როგორც პიროვნება, იმიტომ, რომ თანდათანობით შეიცნობს თავის ამქვეყნიურ მოწოდებას – ავთანდილობას! პოემის დასაწყისში, მართალია, ის კარგი მონადირეა, კარგი ჯარისკაცია, მაგრამ ჯერ "გონიერთა დასტაქარი" არ არის...
რუსთაველი ქმნის არა "მეფეთა", არამედ ადამიანთა წიგნს, ამიტომაც ის ადამიანს კი არ აღმერთებს, სამყაროს ცენტრში, ღმერთის ადგილზე ადამიანს კი არ წარმოგვიდგენს, არამედ ააშკარავებს ადამიანის ძლევამოსილებას, ადამიანს უახლოებს ადამიანურობის ცნებას, ადამიანს აჩვენებს მისი ადამიანური შესაძლებლობების სიდიადეს, აკავშირებს მეორე ადამიანთან სიყვარულით, მეგობრობის უმტკიცესი ჯაჭვით, გამოჰყავს სიმარტოვის სიძნელიდან, აჩვენებს ცას, ვარსკვლავებს, აჩვევს ფიქრს, ასწავლის გზას საკუთარი თავისკენ, უნერგავს მეორე ადამიანის ნდობას, ებრძვის და საერთოდ არ სცნობს მიჯნას, საზღვარს, ღობეს, ჯებირს, როგორც ადამიანებს, ასევე ქვეყნებს შორის...
ავთანდილის სიმღერა სულიდან მოულოდნელად ამომსკდარი გალობაა გათავისუფლებული კაცისა, იმ ადამიანისა, ვინც თავისუფლებას გემო გაუგო, ჩაწვდა მის აზრს, იგრძნო მისი ფრთების ძალა, გაბრუვდა მისი თვალუწვდენელი სივრცეებით.
ამდენად, ის უსაზღვროებაში მიქრის და არა რომელიმე კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში...
ავთანდილი თითქოს კოსმოსში მიფრინავს და პლანეტებს სულჩადგმულ არსებებივით ეფერება. ის სიხარულისგან, აქამდე განუცდელი თავისუფლებისგან მღერის. დიახ, მან მოიპოვა თავისუფლება, ჩაიდინა იმდროინდელი საზოგადოებისათვის
წარმოუდგენელი რამ – გამოიჩინა საკუთარი ნება და ამ აქტით ავთანდილმა ზღაპრული არაბეთიდან რენესანსში გადააბიჯა. ის აღარ არის მხოლოდ სპასპეტი, ან თუ გნებავთ, მხოლოდ თინათინის საქმრო, ის ადამიანია, პიროვნება, განმგებელია საკუ- თარი ბედისა!

*   *   *
"ქართველ ადამიანს "ვეფხისტყაოსანზე" ძვირფასი არაფერი გააჩნია. ამ უკვდავ ნაწარმოებში თავმოყრილია ჩვენი ხალხის უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე. ამ წიგნის მიხედვით, უცხოელს შეუძლია ქართველებზე თითქმის სრული წარმოდგენა იქონიოს. ვაჟა- ფშაველამ თქვა: "შოთა რუსთაველი იგივე საქართველოა"– ო. სხვა რომ არაფერი შეექმნა ჩვენს ხალხს, ამ წიგნის წყალობით, მაინც ღირსი იქნებოდა ყველაზე კულტურულ ერთა შორის მოხსენიებისა".
"ვეფხისტყაოსანში ქართველმა ხალხმა თავისი სახე დაინახა, თავისი ხმა გაიგონა, თავისი გულისცემა იგრძნო; უფრო მეტიც – თავისი ბედის ამოხსნაც სცადა (ჩვენში არსებობდა და დღესაც არსებობს ეგრეთწოდებული "ვეფხისტყაოსანით მკითხაობა).
"ჩემი აზრით, როცა "ვეფხისტყაოსანზე" ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პოეზიის სიბრძნეა და არა რომელიმე ფილოსოფიურ სკოლაში დამუშავებული ტრაქტატი. აკი თავად რუსთაველმა თქვა: "პოეზია სიბრძნის დარგია"-ო (დანტესთვისაც ორფეოსი "ბრძენია"! ხოლო მეფე პოეტი არჩილი წერდა: "რუსთველი სიბრძნის ტბა არის"-ო)".

 

რამთონჯერაც ზედი-ზედ ვკითხულობთ "ვეფხისტყაოსანს", იმთონი უფრო და უფრო მოგვწონს: მიზეზი ამისი არის პირველად ზღაპრის ტურფათხზულება,შაირების კეთილხმიანობა, სიტყვა-აღრჩევით ენამჭევრობა, ჰაზრების მშვენიერად დაწმასნვა და ჭეშმარიტების მაღალ ფილოსოფიური მხატვრობა, მეორედ, კმასაყოფელი აღწერა რუსთაველის მიერ ზნეთადა შინაგანთა ცხოვრებათა ქართველთა. ამით ვამტკიცებ,

რომ წიგნი ესე ქართულს ენაზე უებარი და უამხანაგოა და ევროპაშიაც მისი უმჯობესი მრავალი არ მოიპოვება.

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.