ნოდარ ნათაძე

სამართლიანობა, პირველ ყოვლისა, მეფისთვის სავალდებულო თვისებაა. რუსთველი თავისი პოლიტიკური აზროვნებით ე.წ. განათლებული აბსოლუტიზმის მომხრეა. მეფე ყოვლისშემძლეა (ყველა უფლებამოსილებით აღჭურვილი, უფლებაშეუზღუდველი), ამავე დროს – ბრძენი, ქველი, ნასწავლი, მჭევრმეტყველი, ასპარეზობასა და ნადირობაში გამორჩეული და ა.შ. თუ მეფე ყოვლისშემძლეა და, ამავე დროს, ყველა ღირსებით აღჭურვილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საქმე კარგად წავა. ასე მხოლოდ რუსთველი არ ფიქრობს, ეს კულტუროსანი აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის მეტ-ნაკლებად საყოველთაო შეხედულებაა. სიტყვები "განათლებული აბსოლუტიზმი" პირველს საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს შეეხო, მაგრამ ამ მკაფიო ფორმულირების გარეშე ეს აზრი ბევრად უფრო ძველია. სამართლიანობა ანუ ყველასათვის მისი დამსახურებისდა მიხედვით მიზღვის სურვილი და ხელოვნება, იდეალური მეფის პიროვნებაში შეწყვილებულია წყალობასთან, ანუ მეფის უნართან და სურვილთან, რომ ქვეშევრდომს (ხანდახან მაინც) უკეთ მოეპყრას, ვიდრე ეს უკანასკნელი იმსახურებს. იგივე სიტყვა – "წყალობა" – შუა საუკუნეების ქართულ ენაში აღნიშნავს ზემდგომის მიერ ქვემდგომის დაჯილდოებასაც, დასაჩუქრებასაც, მის ახალი თანამდებობითა და პასუხისმგებლობით აღჭურვასაც და ასე შემდეგ.
მაგრამ ეხება თუ არა ყოველივე ეს ყველა მეფეს? რუსთველის წარმოდგენაში – არა. მაგალითად, როსტევანი აღჭურვილია ყველა ადამიანური ღირსებით, ზღვათა მეფე კი – არა. როსტევანი არის
"......................................... ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი.."
და ა.შ.ზღვათა მეფეს ეს თვისებები აკლია. მისი ქვეშევრდომი და მისგან ოჯახითურთ დიდად შეწყალებული ფატმანი მისთვის მხოლოდ ამ სიტყვებს იმეტებს: მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა (ხელმწიფობს, ბედნიერებითა და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთით უზრუნველყოფილი). ზღვათა მეფეს რომ მეტი ქათინაური მართლაც არ ეკუთვნის, ეს ქვემოთ ირკვევა, როცა მას მთვრალს ვხედავთ თავის კარისკაცებთან ერთად, როცა თვალ-მარგალიტზე დახარბებულ მის მსახურებს მისი რიდი ავიწყდებათ, "ვითა ერთისა გზირისა", და როცა ვაჭარი უსამი, ფატმანის მეუღლე, მას ყოვლად დაუმსახურებელ და ცოტა არ იყოს ირონიაშეპარულ კომპლიმენტს უძღვნის მირთმეული თვალ-მარგალიტის თაობაზე,
"დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო",
თუმცა კარგად იცის, რომ მისი თვალ-მარგალიტი მისივე გარჯით ნაშოვნია და არა მემთვრალე მეფის ნაბოძები.
როგორ გავიგოთ ავტორის დამოკიდებულება იმ თავისი მეფე პერსონაჟებისადმი, რომელთაც იგი სამართლიანობასა და მოწყალეობას არ უხსენებს? ზოგჯერ, ალბათ, ეს იმითაც შეიძლება ავხსნათ, რომ ეს დახასიათებები რითმაში და რიტმში ვერ მოექცა, ანუ მათი არარსებობა შემთხვევითობამ განსაზღვრა. (ფრიდონს, მაგალითად, სუჟეტის თვალსაზრისით ამ თვისებების აღნიშვნა არ სჭირდება, მით უმეტეს, რომ, რაკი ტარიელისა და ავთანდილის მეგობარია, მას ეს ღირსებებიც, სხვა ყველასთან ერთად, უთუოდ ექნება. მაგრამ სხვა დროს ეს გამოტოვება შეიძლება შემთხვევითი არც იყოს. მაგალი- თად, ინდოეთის მეფე სარიდანის დახასიათებას ორი სტრიქონი უჭირავს, მაგრამ სამართლიანობა და მოწყალეობა, ისევე როგორც სიბრძნე, აქ არ ჩანს.
"უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი".
უნდა ვივარაუდოთ, პოეტმა სარიდანი იმიტომ დაჩაგრა, რომ მას, სიუჟეტის მიხედვით, შემდგომში ეს თვისებები არ უნდა გამოაჩნდეს. საკუთარი მამისთვის კი ტარიელმა ზემოხსენებული ქათინაურები იმიტომ დაიშურა, რომ არ უნდა თავისი პერსონაჟი მეფეები ამთავითვე მოქმედების სტარტზევე ერთმანეთისაგან წინასწარ განასხვავოს.
"მამა ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი,
სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი,
ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი,
ნადირობდის და იშვებდის, საწუთროგაუმწარავი".
ეს დეტალი მეფე პერსონაჟთა დახასიათებაში რომ შემთხვევითი არ არის, ჩანს იმ ფაქტიდან, რომ რუსთველი თვით ყველაზე იდეალური მეფის პიროვნების ხატვაშიც კი ფსიქოლოგიურ ინდივიდუაციას არ ერიდება, სისუსტეთა მაჩვენებელი დეტალების ჩათვლით. მაგალითად, ვეზირი როსტევანის ასეთ სისუსტეს გულისხმობს, როცა ამბობს, მეფე იფეთქებს, გაფიცხდება, გამიწყრება, მაგრამ გადაუვლისო:
"მოახსენა კვლა ვაზირმან: <<მე რა გინდა წამეკიდოს,
მოიწყრომებს, შე-ცა-მინდობს, ნუთუ გული დაიწმიდოს>>."
ეს სისუსტე, რომელიც როსტევანს სჭირს, ყოფითია და არა მორალური. მორალურ სისუსტეს რუსთველი როსტევანს არ მიაწერს – ალბათ, იმიტომ, რომ ერთი თავისი მეფე პერსონაჟი მაინც უნდა სრულებით უხინჯოდ შეინახოს. რომელია ის ნორმა, რომელთან მიმართებაშიც უნდა განისაზღვროს სამართლიანისა და უსამართლოს ურთიერთგარჩევა? ზოგჯერ ეს, ალბათ, ჩვეულებითი სამართალია, ზოგჯერ, შესაძლოა, დაფორმულებულიც. მაგალითად, როცა ტარიელი ფარსადან მეფეს უთვლის ნესტანის გათხოვების გადაწყვეტილების თაობაზე: "მეფეო, აწ ესე არ მართალია", მას მხედველობაში შეიძლება ჰქონდეს ტახტის მემკვიდრეობის დაწერილი წესიც და ზეპირად, არაფორმალურად არსებულიც. იგივე წესი, უთუოდ, მხედველობაში აქვს ფარსადანს და მის მეუღლეს, ნესტანის დედას, როცა დიდებულებთან ამხელენ ხვარაზმელზე ნესტანის გათხოვების გეგმას და თან ჰრცხვენიათ:
"რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;
ერთმანეთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა"
(ერთმანეთს უყურებდნენ, თქმაც ერცხვინებოდათ). ეს ეხება სამართლიანობის იურიდიულ მხარეს (იურიდიულ ნორმას). მაგრამ საკითხავია: რა არის, რუსთველის თვალში, სამართლიანობის საფუძველი, როგორც მორალური მცნებისა და მოთხოვნისა? უფრო ფართოდ რომ ვთქვათ: რა არის, რუსთველის ხედვით, მორალის, როგორც ასეთის, საფუძველი და სტიმული, სამართლიანობის მორალური მოთხოვნის ჩათვლით?
ერთი მისი წყარო, უთუოდ, არის რელიგიური მცნება. არის მცნება "არ ცილი ჰფიცო" ("ტყუილი არ თქვა, არ დაიფიცო", რომელიც, ლოგიკურად, წანამძღვარია, მაგალითად, ავთანდილის სიტყვებისა: "რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა! (იგულისხმება: ფიცის გამტეხს ღმერთი დასჯის, როგორც მცნების დამრღვევს). მაგრამ რუსთველმა მისი მეორე წყაროც იცის. ეს არის ანტიკური წარმოშობის შეხედულება, რომ სამყაროს აქვს თავისი საყოველთაო წესი, თავისი ბრუნვისა და ტრიალის გზა, თავისი კანონი , რომელსაც ჩვენ უნდა მივდიოთ. რატომ უნდა მივდიოთ? იმიტომ, რომ მისმა კეთილმა დამწესებელმა ასე დაგვავალა? არა, ანტიკური აზროვნება კანონის კეთილი (სახიერი) შემქმნელისა და ჩვენთვის მისი შემსრულებლის, დამვალებლის ცნებას მაინცდამაინც არ იცნობს. კანონი თავისთავადია, ბუნებრივია, უნებოა, ხოლო მისი მიყოლა ჩვენთვის აუცილებლობაა. იგი გარდუვალობა უფროა, ვიდრე მოვალეობა. თუ მისი მიყოლა კარგია, მორალურია, ეს მხოლოდ (ან ძირითადად) იმიტომაა, რომ თვით სამყაროს ძირსა და საფუძველში სიკეთე უდევს. თვით ყოფნა რაღაცისა არის სიკეთე, ის, რაც არის, როგორც გარკვეული რამ, როგორც ფორმისა და სახის მქონე საგანი, არის სიკეთე. (ამ შეხედულებას შორი მეტაფიზიკური ფესვები აქვს, არსებითად, პლატონის მოძღვრებაზე დაფუძნებული, და მათი გაყოლა შორს წაგვიყვანს). მორალის ამ საფუძველსაც რუსთველი იცნობს და ახსენებს ავთანდილის პირით. ავთანდილი მას იმოწმებს თავის ანდერძში, როცა თავისი მორალური ნაბიჯის – ტარიელის საშველად დაბრუნების – დასაბუთება სურს:
"მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა"
(იმიტომ ვსწავლობთ, მაშასადამე, მორალს ვეუფლებით, რომ ამით სამყაროს წყობას ვეზიარებით, ჩვენს ქცევას მსოფლიო კანონს ვუფარდებთ).
ორივე ზემოხსენებული წესით დაფუძნებულ მორალს ჰეტერონომული მორალი, ანუ გარედან მიღებულ კანონზე დაფუძნებული მორალი ეწოდება (ჰეტეროს – სხვა, ნომოს – კანონი). არსებობს ადამიანის მორალური ცნობიერების სხვა სტრუქტურაც, რომელსაც ავტონომური, ანუ მხოლოდ საკუთარი კანონით აგებული ეწოდება. მისი პრინციპი ცნობილია "კატეგორიული იმპერატივის" სახელით და მისი დასაბუთება კანტიდან მომდინარეობს. ეს დასაბუთება ზოგად ხაზებში შემდეგია: მე ჩემი გონებითა და ჩემი თავისუფლებით, რომელიც ადამიანის მთავარი სპეციფიკურად ადამიანური უნარია, ვიაზრებ ქცევის იმგვარ კანონს, რომელიც ყველაზე უკეთესია, ანუ ყველაზე მეტად გამოსადეგია იმისთვის, რომ მოქმედებდეს, როგორც ყოველთვის და ყველა ადამიანის მიერ თავისი ქცევის რეგულირების შეუვალი ნორმა. ვიაზრებ ამ კანონს და ჩემი ნებითვე ვემორჩილები მას. საკუთრივ მორალურია მხოლოდ ის მოქმედება, რომელიც ამ კანონის ძალით სრულდება, მაგრამ არა ის, რომელიც ჩემი რაგინდარა კეთილი ბუნებიდან და უშუალო კეთილი სტიმულიდან გამომდინარეობს. მაგალითად, მე თუ ლუკმას ვუყოფ სხვას იმიტომ, რომ ის სხვა მეცოდება, ან წყალში ვხტები კაცის გადასარჩენად, იმიტომ, რომ ამას გრძნობა მიკარნახებს, ეს ჩემი ქმედებები მორალური არ არის, არამედ მორალური თვალსაზრისით ნეიტრალურია (არც მორალურია, არც მორალსაწინააღმდეგო). ამიტომ ეწოდება კანტის ეთიკას ფორმალური ეთიკა და ამითვე დაიმსახურა კანტმა არაერთი ირონიული ჩახითხითება თავის თანამედროვეთა მხრიდან. ეს ავტონომური პრინციპი ადამიანის ზნეობრივი ქცევისა არ არის კანტის გამოგონება, რომელიც მან კაცობრიობას შესთავაზა მისი მორალის გასამაგრებლად. ეს არის აღმოჩენა მორალური ცნობიერების იმ სტრუქტურისა, რომელიც ჩვენში, თურმე, რეალურად არის, თუმცა მისი ფორმულირება ისე, როგორც ეს კანტმა მოახდინა, მანამადე ვერავინ შეძლო. კანტის ეთიკის ეს დახასიათება, როგორც მარტოოდენ ფორმალურისა, დღეს ცოტა არ იყოს პირობითად უნდა ჩავთვალოთ: ადამიანის მორალური ცნობიერების იმ სტრუქტურაში, რომლის აღწერასაც წარმოადგენს კატეგორიული იმპერატივის ზემოხსენებული კონცეფცია, მონაწილეობს ადამიანის საკუთრივ ადამიანური და სრულებით ირაციონალური მისწრაფებაც უსასრულობის დაუფლებისაკენ, რომელსაც (ამ უსასრულობას) ადამიანი სხვა ვერანაირი ფორმით ვერ მიუდგება, თუ არ კანონის, ანუ ზოგადის მოაზრების სახით, როგორც ერთადერთი ფორმისა, რომლითაც მის აზრს უსასრულობაში გასვლა ძალუძს. კატეგორიული იმპერატივის ამ მხარის ამსახველია კანტის განთქმული სიტყვებიც, რომელიც აწერია მის საფლავს კენიგსბერგში: "ორი რამ არის, რაც მით უფრო დიდი მოწიწების თრთოლვით ავსებს ჩვენს სულს, რაც უფრო დიდხანს ვაკვირდებით ამ საგნებს: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს თავზე და მორალური კანონი ჩემში".
რუსთველი ადამიანის მორალური ცნობიერების ამ სტრუქტურასაც იცნობს. ეს ჩანს ასმათის სიტყვებიდან, რომლითაც იგი მასზე თავდამსხმელ ავთანდილს საყვედურობს: "ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა: თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!"
(ქალმა ტირილით უთხრა, მისი ჩივილი თავისი ობიექტურობით მოსამართლის მსჯელობას ჰგავს და არა მხარისას.
"სარჩელი – ჩივილია, "ბრჭე" – მოსამართლე). ასმათისთვის, მისი განსაცდელის მიუხედავად, (ავთანდილმა ხომ "თვალთა" სისხლი მოიდინა" და ასმათს მოჩვენებითად "ყელსა დანა დააბჯინა"!), მის მსჯელობაში სახელმძღვანელოა ქცევის ზოგადი კანონი, რომელიც მას მოაზრებული აქვს, და არა მისი პირადი გაჭირვება ამ წუთში. ეს ფორმულირება თავისი არსითა და სულისკვეთებით ძალიან ახლოსაა მემატიანის სიტყვებთან, რომელიც თამარ მეფეს ეხება: "ბჭედ ჯდა შორის თვისსა და მეზობელთა თვისთა" (მოსამართლედ იჯდა თავისთავსა და თავის მეზობლებს შორისო).
ინდივიდუალური მორალის ეს გააზრება, რომელიც, ასე თუ ისე, რიგით ადამიანს – ასმათს მიეწერება, და პოლიტიკური აზროვნების ეს წყობა, რომელსაც მემატიანე გამოთქვამს (ცხადია მოცემული ცივილიზაციის პოლიტიკური იდეოლოგიის შესაბამისად), შუა საუკუნეებისთვის უნიკალურია. საკმარისია ითქვას, რომ ჰეტერონომული მორალის ის სტრუქტურა, რომელიც მსოფლიო კანონის ცნებას ეფუძნება, ანტიკური ეპოქის სულისკვეთების გამომხატველია, ხოლო მისი ის სტრუქტურა, რომელიც მცნებას ემყარება, - შუასაუკუნეების სულისკვეთებისა, (თუმცა წარმოშობით, რა თქმა უნდა, შეუდარებლად ძველია). ავტონომიური მორალი კი მხოლოდ ახალი დროის, უფრო ზუსტად – ახალ დროზე გადასვლის ეპოქის, ანუ რენესანსის შვილი. რუსთველის ან- თროპოლოგიური აზროვნება და მემატიანის პოლიტიკური აზროვნება (რომელიც, ალბათ, როგორც ვთქვით, მოცემული ცივილიზაციის, თამარის დროინდელ, ქართულ ცივილიზაციის იდეოლოგიებს ემყარება) დროს რამდენიმე საუკუნით წინ უსწრებს. ავტონომური მორალური ცნობიერება რენესანსული ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია, რენესანსული ადამიანი კი – თანამედროვე ადამიანის ერთადერთი წინაპარია მენტალიტეტისა და სულისკვეთების სფეროში.

 

ოლივერ უორდროპი

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მთელი შვიდი ასწლეულის მანძილზე ქართველმა კაცმა სათუთად შეინახა რუსთველის ეს შესანიშნავი პოემა, რომელიც ისტორიის უმძიმეს და დუხჭირ წლებში უღვივებდა მას გულოვნობას და შთააგონებდა მას მომავლის იმედს და რომელიც დღემდე ფასდაუდებელ განძს წარმოადგენს ქართველი კაცისთვის. რუსთველის ლექსი გაისმის ყველგან - მდიდრულ დარბაზსა და ღარიბის ქოხში, არა ერთმა და ორმა ქართველმა იცის იგი ზეპირად...

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.