აკად. მ. თოდუა ხაზს უსვამს, რომ "მიუხედავად ძირითადი ფუნქციების მსგავსებისა, აქ ყურადღებას იქცევს პრინციპულად მნიშვნელოვანი VII ფუნქცია, რაც "ვეფხისტყაოსანში" არ გვხვდება. სწორედ ამის გამო, საეჭვოა რუსთაველის ფაბულას უშუალო კავშირი ჰქონდეს ლეილისა და მაჯნუნის ამბის
მისტიკურ ვარიანტთან".
"ვეფხისტყაოსნისა" და "ლეილი და მაჯნუნის" ფაბულათა, ეს ერთადერთი განმასხვავებელი ფუნქცია, ჯერ კიდევ ისლამამდელ არაბეთში გავრცელებულ ე.წ. "უზრაული სიყვარულის" პრინციპებს ეფუძნება ("შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა") და მასზე ახლა სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ვიტყვი მხოლოდ, რომ მიუხედავად შინაარსობრივი, ფაბულარული და სტრუქტურული ანალოგებისა და პარალელებისა, რუსთაველისა და ნიზამის შედევრებს შორის არსებობს რელევანტური სიუჟეტური განსხვავება, რომელიც სიყვარულის გზით ღვთის (ჭეშმარიტების) წვდომის (შემეცნების) ორ კონცეფციას – მართლმადიდებლურსა და სუფიურს –  შორის არსებულ განსხვავებას ეფუძნება.
სხვათა შორის, რაკი სიტყვამ მოიტანა, სუფიზმი სულაც არ ახალისებს ქალ-ვაჟს შორის ხორციელი კავშირისთვის თავის არიდებას.
სურვილის შემთხვევაში ნიზამის შეეძლო "უზრაული სიყვარულის" ისლამამდელი ტრადიციისთვის სუფიური ტრადიცია ემჯობინებინა, მაგრამ მას ასეთი სურვილი არ გააჩნია და ეს მხოლოდ იმ ტრადიციისადმი ერთგულებით როდი აიხსნება, რომელიც ლეილისა და მაჯნუნს ისლამამდელი არაბეთის "უზრაულ" წრესთან აკავშირებდა. ხომ არ მორიდებია ნიზამი მაჯნუნის მსოფლმხედველობის სუფიზაციას.
ნიზამი თითქოს განგებ ქმნის `სიყვარულის კიბის~ აგებისათვის აუცილებელ საფუძველს, მის პოემაში ხაზგასმით არის თავმოყრილი ამ კიბის ასაგებად საჭირო ყველა ატრიბუტი და საფეხური გამონაკლისის გარეშე - მაგრამ არ არის აგებული თვით კიბე.
საფეხურები არსებობდნენ ცალ-ცალკე. მათ შორის გაწყვეტილი იყო კავშირი, არ იყო არც ქვემოდან ზემოთ სვლაამაღლება და მიახლოება ღმერთთან და, ბუნებრივია, არც ღვთის საპასუხო დახმარება ზემოდან ქვემოთ.
სიყვარულის კიბის აგების ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვების მიზეზი იმაში უნდა ვეძიოთ, რომ ის არც დამდგარა გენიალური შემოქმედის წინაშე - მისი სულიერი გამოცდილება, სუფიური თავისი არსით, მას კარნახობდა მოდელს - სულიერი ექსტაზის ღვთის (ჭეშმარიტების) წვდომისა, სადაც სიყვარული ამ ექსტაზის გამომწვევიც და კატალიზატორიც იყო ერთდროულად. მაჯნუნისა და ლეილის ღმერთთან ზიარების გზა ინდივიდუალური მისტიკური აქტია. რისთვისაც მათ ერთმანეთის სიყვარული გამოიყენეს. პარადოქსია, მაგრამ მაჯნუნისთვის ლეილისადმი სიყვარული და თავად ლეილიც მიზანი კი არა, საშუალებაა.
სიყვარულის კიბესთან დაკავშირებით კი უნდა ითქვას - მაჯნუნი ლეილის სიკვდილის შემდეგ კვლავ კიბის პირველ საფეხურზე აღმოჩნდა - მშობლების სიკვდილთან ერთად გაქრა მეორე საფეხური, ნავფალთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მეოთხეც, მაგრამ მაჯნუნმა ეს არც იცოდა და არც აინტერესებდა მისი სარწმუნოებისთვის ასეთი კიბე არც არსებობდა და მას სხვა გზა ჰქონდა ღმერთთან ზიარებისთვის.
ამ გზას სუფიზმში თარიქათი ჰქვია, ის გულისხმობს გზას ადამიანიდან (პიროვნებიდან) ღმერთამდე, რომელიც ასევე კიბედ არის წარმოდგენილი და გარკვეული რაოდენობის საფეხურებს ითვლის და ყოველ საფეხურზე ამაღლება, საკუთარი თავის უარყოფისა და ღმერთში გაძვრის, გათქვეფის განუხრელად მზარდ ტენდენციას გულისხმობს. ყოველ საფეხურს სუფიზმში გააჩნია ის რელევანტური ნიშნები, რომელიც თარიქათს დამდგარ სუფის კიბის ამა თუ იმ საფეხურთან საკუთარი სულიერი მდგომარეობის ცალსახა იდენტიფიკაციის საშუალებას აძლევს.
ღმერთთან ზიარების ჩვენეული გზა კი ავთანდილისა და ტარიელის კვალდაკვალ სიყვარულის ქრისტიანული კონცეფციის რუსთველისეული ინტერპრეტაციით აგებულ კიბეზე ამაღლებასაც გულისხმობს.

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.