გიორგი არაბული

ფრაგმენტი წიგნიდან "შოთა რუსთველის ბიოგრაფია ქართულ მეცნიერებაში"

XVI–XVII ს-ის მწერალთა თხზულებებში აქა-იქ გვხვდება ფრაგმენტული ცნობები, რომ "ვეფხისტყაოსნის" ავტორს შოთა ერქვა. მისი გვარი თუ წოდება – "რუსთველი" კი თვით პოემის დასაწყისშია ხსენებული (პოემის ხელნაწერებიც XVII საუკუნეზე ადრინდელი აღარ გადარჩენილა). იმ დროის მწერლებმა და განათლებულმა პირებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ შოთა წარმოშობით მესხი აზნაური იყო, ... რომ ის ყოფილა თამარ მეფის სასახლის "მდივანი" (მწიგნობარი) და თამარისავე დავალებით დაუწერია პოემა "ვეფხისტყაოსანი".
XVIII საუკუნის 50-იან წლებში საეკლესიო მოღვაწემ ტიმოთე გაბაშვილმა მოინახულა იერუსალიმში არსებული ჯვარის მონასტერი, რომელიც შუა საუკუნეებში ქართული სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი კერა იყო, მაგრამ იმ დროისათვის ქართველებს დაკარგული და, თითქმის, დავიწყებულიც ჰქონდათ. მთავარი ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე. ტ. გაბაშვილმა ნახა მოხუცი მამაკაცის სურათი წარწერით "რუსთველი", ხოლო მონასტრის სვინაქსარში (მოსახსენებელთა წიგნში) აღმოჩნდა აღაპის (შესანდობარი წირვის) თარიღი "მეჭურჭლეთუხუცეს შოთას" სახელზე.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ მონასტრის სვინაქსარში ხსენებული შოთა მეჭურჭლეთუხუცესი და ტაძრის სვეტზე დახატული "რუსთველი" ერთი და იგივე პირია.
აღნიშნული ჩანაწერი აღაპის დაწესების შესახებ (XIII ს-ის I ნახევარში) შოთას ოფიციალური თანამდებობის, მეჭურჭლეთუხუცესობის, ერთადერთი წერილობითი საბუთია.
შოთა რუსთველის ბიოგრაფიის აღდგენის გულწრფელმა სურვილმა XIX–XX საუკუნეებში წარმოაჩინა ახალი ჰიპოთეზები და ვერსიები, 1830-იან წლებში თეიმურაზ ბაგრატიონმა (იძულებით გადასახლებული ცხოვრობდა ქ. პეტერბურგში) გამოთქვა მოსაზრება, რომ "ვეფხისტყაოსნის" ავტორი იყო ჰერეთის ერისთავი შოთა, "კუპრად" წოდებული. მის სამფლობელოში შედიოდა თბილისის ახლოს მდებარე ციხე-ქალაქი რუსთავი და ამიტომ იწოდებოდაო რუსთველად. ამ ჰიპოთეზის დასაბუთებას დიდი დრო და ენერგია შეალია პავლე ინგოროყვამ, მაგრამ მისი დამტკიცება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ასევე წარუმატებელი იყო შოთას ჩახრუხაძეობის მტკიცება, თითქოს იგი "თამარიანის" ავტორის, გრიგოლ ჩახრუხაძის, ახლო ნათესავი ყოფილიყოს (ს. კაკაბაძე).
XX ს-ში გაჩნდა ვარაუდი, რომ შოთა ქ. რუსთავის ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ან მთავარეპისკოპოსი იყო. ამ დებულების დასაცავად ისტორიკოსმა პროკოფი რატიანმა ვრცელი გამოკვლევა დაწერა, მაგრამ მისი არგუმენტაცია არც რუსთველოლოგებმა გაიზიარეს და არც ისტორიკოსებმა.
ახალი და ორიგინალური იყო "ვეფხისტყაოსნის" ავტორად როგორც დემნა ბატონიშვილის (თამარ მეფის ბიძაშვილი) გამოცხადება (თამარ ერისთავი), ისევე "რუსთველის" მიჩნევა ცნობილი ისტორიული პირის ყუთლუ არსლანის ფსევდონიმად (მარიამ კარბელაშვილი). ორივე მოსაზრება ჯერჯერობით თამამი ჰიპოთეზის დონეზე რჩება.
ამჟამად უფრო დასაბუთებულად ითვლება შოთას თორელობის ვერსია, რომელიც გულისხმობს მის წარმომავლობას მესხეთის ცნობილი თორელთა ფეოდალური სახლიდან (გვარიდან). ეს მოსაზრება პირველად მოსე ჯანაშვილმა გამოთქვა, რაც შემდეგ სხვადასხვა არგუმენტაციით სარწმუნო გახადეს სარგის ცაიშვილმა, ნოდარ შოშიაშვილმა და რიმა ფირცხალაიშვილმა.
მკვლევართა ინტერესს იწვევს შოთას პირადი ცხოვრება, რის შესახებაც ჩვენამდე მხოლოდ ლეგენდებმა მოაღწია. სად და როგორ იყო იგი სახელმწიფო სამსახურის დატოვების შემდეგ? რა აკავშირებდა იერუსალიმის ჯვარის მონასტერთან და სხვ.
ამ საკითხების გასარკვევად საჭირო მასალები საქართველოში აღარ მოიპოვება. სასურველია, ქართველ მეცნიერთათვის გაიღოს იერუსალიმის, ბაღდადის, ქაიროს, სტამბოლის, ისპაჰანის, თეირანის, ბუხარის, სამარყანდის... არქივებისა და ბიბლიოთეკების კარები.
მანამდე კი შოთა რუსთველის ნამდვილი ბიოგრაფიის დაწერა შეუძლებელია. ცოცხლობს ლეგენდა სასახლის მეჭორეთა და მედროვეთაგან ცხოვრებაგამწარებულ და განდევნილ დიდ სახელმწიფო მოხელესა და პოეტზე, ვინც სიბერეში თავი შეაფარა შორეული პალესტინის წმინდა სავანეს. კითხვას – "არის თუ არა შოთა იერუსალიმში დასაფლავებული?" – ებრაელმა მეცნიერმა ხაიმ ბარდიმ ასე უპასუხა: ამ ტრადიციის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ ლეგენდას არ სჭირდება საბუთი, რადგან იმას, რაც მოხდა, იგი მოგვითხრობს ისე, როგორც უნდა მომხდარიყო და მთელი ეს ისტორია საკმაოდ მომხიბვლელია, ყოველ შემთხვევაში, ქართველებისათვის, რომ ხელი არ აიღონ საფლავის ძებნაზე.

 

მერაბ ბერძენიშვილი

რუსთაველის ანთროპოლოგიური შესწავლა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მხოლოდ ცნობისმოყვარე დილეტანტ მხატვარს დააინტერესებდა, მაგრამ ჭეშმარიტი მხატვრისთვის რუსთაველის სახე რვაას წელზე მეტია ცნობილია. მას ხელთ აქვს რუსთაველის სულიერი სამყარო, რაც უტყუარი სახეა პოეტის. რუსთაველი ქართველი ერისთვის კანონის შემქმნელია, ხატია კაცთა სიყვარულისა, მეგობრობისა,  გულუხვობნისა, მტერთან შერკინებისა, რაც ესოდენ ორიგინალური თვისებებია დღევანდელი ქართველებისაც

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.