დამანა მელიქიშვილი

XI-XII საუკუნეები ბიზანტიასა და მის კვალდაკვალ საქართველოშიც სალიტერატურო ენის დემოკრატიზაციით ხასიათდება.
ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიის განათლების ცენტრებსა და ლიტერატურულ წრეებში შექმნილი მდიდარი კომენტარული ჟანრის ფილოსოფიურ-თეოლოგიური ლიტერატურის საფუძველზე ჩამოყალიბდა მეცნიერული ენა, რომლსაც შემდგომ იყენებდა სტილიზებული მხატვრული ლიტერატურაც. ბერძნული სამწერლობო ენა, "კოინე", რომელზეც წერდნენ ელინისტურსა და რომაულ ეპოქაში, უკვე საკმაოდ დაცილებული იყო სალაპარაკო ენას, ამიტომ, ბუნებრივია, სამწერლობო ენა იქცა ხელოვნურ ენად, რომელზეც თვით სწავლულნიც
კი აღარ ლაპარაკობდნენ.
ხელოვნურად ითვლება ზუსტი, სისტემურად დამუშავებული ფილოსოფიური ენა პროკლე დიადოხოსისა; მძიმე და ბნელ სტილად, ხელოვნურად გაზვიადებულ, "მოგონილ და ნაწვალებ"
ენად თვლიან დიონისე არეოპაგელის ენას; ასეთივე რთულია ენა მაქსიმე აღმსარებლისა: გრძელი ჩახვეული პერიოდები, გაწელილი თხზული სიტყვები, სინონიმური გამოთქმების ნაკადი, ლექსიკურ ახალწარმოებათა მოზღვავება, სპეციფიკური სიტყვაწარმოების სფეროს გაფართოვება, აღმატებითი ხარისხის ფორმების მოძალება, მიმღეობური კონსტრუქციების სიჭარბე…ყოველივე ეს ახასიათებს იმ პერიოდის მეცნიერულ ენას, რომლის კვალსაც გაჰყვა სტილიზებული მხატვრული
ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ენაც (მაგ. საქართველოში "მეხოტბენ" და "ისტორიათა და აზმათა" ავტორი).. ამ უკანასკნელის საფუძველზე ყალიბდება საერთო სახალხო ენა და, თუ XI საუკუნემდე ბიზანტიური ლიტერატურა იყო ლიტერატურა კონსერვატული ენისა, რომელშიც აქა-იქ თუ შეიჭრებოდა ახალი გრამატიკული ფორმები, XI საუკუნის შუა ხანებიდან იწყება ბიზანტიური "კოინეს" რეფორმა. მის წამომწყებად მიქელ პსელოსი ითვლება. პსელოსის მიერ შექმნილი სამეცნიერო ენა უკვე საგრძნობლად განიცდის სალაპარაკო ენის გავლენას. ანა კომნენეც, პსელოსის მაგალითით შთაგონებული, მიუხედავად მისი განსაკუთრებული "პურიზმისა",
ვერ აღწევს თავს ვულგარული ენის გავლენას და კლასიკური ენის თვალსაზრისით "შეცდომებს" უშვებს.
XI საუკუნის შუა ხანებიდანვე იქმნება პირველი ნიმუშები სასაუბრო ენით დაწერილი პოეზიისა. ანალოგიური მოვლენები ხდება საქართველოს მწიგნობრობისა და განათლების კერებში. XI საუკუნეში ქართული ხალხური, სალაპარაკო (ეფრემ მცირის ტერმინით - "სოფლური", ხოლო იოანე პეტრიწის მიხედვით - "მდაბიონთა" ) ენა იმდენად დასცილდა ძველ ქართულ სალიტერატურო ანუ "წიგნურ", "გალექსებულ" ენას, რომ ეს უკანასკნელი ვეღარ ასახავდა ქართული ზეპირი ენის განვითარების ამ საფეხურს. ამიტომ გარდაუვალი გახდა მკაცრი ნორმების მქონე სამწერლობო ენაში გზა გახსნოდა სასაუბრო მეტყველებისთვის დამახასიათებელ მოვლენებს, რაც ახალი სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების დასაწყისს მოასწავებდა.
ამ მხრივ პირველი ნაბიჯის გადადგმა წილად ხვდა XI საუკუნის დიდ ათონელ მოღვაწეს, გიორგი მთაწმიდელს. ძველი ქართულიდან ახალი ქართულისკენ შემობრუნების ტენდენციები შემდგომ გააღრმავეს და განავითარეს ქართველმა ფილოსოფოსებმა და თეოლოგებმა (ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა, იოანე პეტრიწმა, იოანე ტარიჭისძემ, იოანე ჭიმჭიმელმა). ამ
მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლის როლი ქართული სალიტერატურო ენის, მეცნიერული ენის განვითარების ისტორიაში.
გელათის სკოლის მწიგნობართათვის დამახასიათებელი ელინოფილური ტენდენციების მიუხედავად, თარგმანის თეორიასა თუ პრაქტიკაში მათ ფართოდ გაუხსნეს კარი ცოცხალ მეტყველებაში მიმდინარე ცვლილებებს და ენის გახალხურებას. "ვეფხისტყაოსნის" ენა ამ პროცესების ნათელი მაგალითია.
გელათის სკოლაში ყალიბდება სრულიად გამოკვეთილი და თავისთავადი "გელათური" ენობრივი სტილი, რომლის თეორიული საფუძვლები გამოიმუშავა იოანე პეტრიწმა - "პლატონურმა ფილოსოფოსმა". ეს იყო პიროვნება, რომელშიც შემოქმედებითი სითამამე და ფართო გაქანება, ენის ალღო და ღრმა ცოდნა, სიტყვის არსში წვდომისა და მისი ესთეტიკური განცდის უნარი, ფილოსოფიასა და თეოლოგიაში განსწავლულობა და "შუენიერ ხედვათა სურვილი" ჰარმონიულად იყო შერწყმული. სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ქართულ ენაზე შექმნილ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, რომელიც ქართული ძირებით არაჩვეულებრივად ზუსტად გადმოსცემს ყველა ტერმინს, ევროპულ ენებში ბერძნული ან ლათინური ნასესხობების სახით რომ არსებობს. იოანე პეტრიწი თავისუფლად, ლაღად და ძალდაუტანებლად, ქართულ ენაში ისტორიულად ჩამოყალიბებული მოდელების გააქტიურების გზით, ქართული ენის სიტყვაწარმოების მდიდარი შესაძლებლობების ფართო, შემოქმედებითი გამოყენებით ქმნის ახალ ტერმინებს და ისე ღრმად სწვდება სიტყვის არსს, რომ, როგორც ნიკო მარი აღნიშნავდა: "შეიძლება მხოლოდ გაკვირვებას მიეცე იმ ამოუწურავი მარაგისა და იმ პირდაპირ სასწაულებრივი ძალების გამო, რომლებსაც იგი ფლობდა, რომ, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით ეპოვა ქართულ ენაში საჭირო მასალა აზრთა ყველანაირი, უმცირესი ნიუანსისა და ნაირგვარობის გადმოსაცემად... უაღრესად რთული და განყენებული დიალექტიკის სიძნელეების გადასალახავად". იოანე პეტრიწი ტერმინთა წარმოებისას იცავდა პლატონის კონცეფციას, რომელიც "კრატილოსშია" გადმოცემული: "ყოველი სახელი უნდა გამოხატავდეს საგნის (მოვლენის) ბუნებას". და, რადგანაც მისი ღრმა რწმენით, "ელლინთა ენამზეობასა ზედა ყოველთავე თუისი სახელი ჰრქუიან, შესაბამი თუისისა არსებისაი", ამიტომაც ფილოსოფიურ ხედვათა გადმოსაცემად "მომმარჯვი" ელინთა ენა მისაბაძი მაგალითი იყო იოანე ფილოსოფოსისათვის: იგი ცდილობდა ქართული ენა გამომსახველობითი თვალსაზრისით ბერძნული ენისათვის გაეტოლებინა და ქართულ სიტყვაში გაეცოცხლებინა ის დვრიტა, "ლოგოსი", რომელიც ბერძნულ ლექსემაში იდო.
განათლებულობისა და ენობრივი სტილის მიხედვით გელათის სკოლიდან ჩანს გამოსული დავითის ისტორიკოსი, მაღალმხატვრული პროზისა და რიტორიკული მეტყველების ეს დიდოსტატი; იოანე ტარიჭისძე, ამონიოს ერმიასის ლოგიკური კომპენდიუმის მთარგმნელი; იოანე ჭიმჭიმელი – თეოფილაქტე ბულგარელის სახარებათა განმარტებების მთარგმნელი; გელათის სკოლა აქვთ გავლილი პეტრე გელათელს, არსენ ბულმაისიმისძეს, ნიკოლოზ გულაბერისძეს, იეზეკიელს.. "მეხოტბეებს" – იოანე შავთელსა და ჩახრუხაძეს, "ისტორიათა და აზმათა" ავტორს და ბოლოს, ამ სკოლის მსმენელი უნდა ყოფილიყო ქართული ესთეტიკური აზრისა და პოეზიის მწვერვალი შოთა რუსთაველიც – ავტორი "ვეფხისტყაოსნისა".
შოთა რუსთაველის ენას, მის ლექსიკას აშკარად ატყვია იოანე პეტრიწის დიდი გავლენა. მხედველობაში გვაქვს:
1. პეტრიწისეული ტერმინები – "კავშირნი" და "სირა" – და მათი ნეოპლატონური ფილოსოფიისათვის დამახასიათებელ კონტექსტში ხმარება:
"სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავყოფ მცირასა,
.. .. ….
დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა" .
ტერმინი "კავშირნი" სტიქიების, ოთხი ელემენტის (=საფუძვლების) შესატყვისად პეტრიწმა შემოიტანა ნაცვლად მანამდე ქართულ ლიტერატურაში ხმარებული სხვადასხვა ლექსემისა
("წესი, აგებულება, ასო".. რომელთაგან ასო ტერმინს ისიც იყენებს ნემესიოსისა და პროკლეს თარგმანშიც – ხშირად კავშირ ტერმინთან სინონიმურ წყვილში: ასოი მსოფლებრივი, ოთხნიცა
ესე ასონი, ასოი და კავშირი, კავშირთა და ასოთა..).
ტერმინი კავშირნი გარკვეული თვალსაზრისით წესის სინონიმიცაა, რამდენადაც ოთხი ელემენტის განსაზღვრული წესრიგით შეკავშირებას ნიშნავს. ეს კი აშკარად ამ ცნების მისეული ინტერპრეტაციის შედეგია და გულისხმობს ოთხი ელემენტის, პირველსაწყისების კავშირს, რაც ერთ მთლიანობას ქმნის და საფუძვლად უდევს ყოვლის რაობას. ეს მთლიანობა თუ დაირღვა და დაიშალა, სხეული, მატერიაც (ნივთი) ირღვევა, კვდება, ხოლო სული, რომელიც უკვდავია, უერთდება სულთა სირას (ბერძნ. შეირა, – ჯაჭვი), რიგს. პეტრიწი პროკლეს ამ ტერმინსაც ხშირად სინონიმურ წყვილში ხმარობს მის მიერ მოძებნილ ქართულ შესატყვისთან ერთად: ნათხზი სირაისაი, ნაქუსი სირაისაი (ნათხზი/ნათხზენი = ძვ. ქ. "ნაწნავი"; ნაქუსი = "ნაქსოვი").
2. "გუარ" ტერმინის "იდეისა" და სახეობითი ცნების მნიშვნელობით, ხოლო "ტომის" – გვარეობითი ცნების გაგებით გამოყენება:
"ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
.. .. ..
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა".
ტერმინი "ტომი" გვარეობითი ცნების გამოსახატავად, ხოლო "გუარი" – სახეობითი ცნებისა იოანე პეტრიწმა შემოიღო (მანამდე, ეფრემ მცირისა და არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილ
იოანე დამასკელის "დიალექტიკაში" ამ ჰიპონიმური წყვილის შინაარსით ნათესავი და სახე იყო გამოყენებული) და ისინი სწორედ ამ, ჰიპონიმური გაგებითაა ნახმარი "ვეფხისტყაოსანში".
3. იმავე კონტექსტში "ბაძვა" ტერმინის ნეოპლატონური შინაარსით დატვირთვა:
"მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
.. .. ..
მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან"
ცნობილია, რომ ნეოპლატონური ფილოსოფიის, კერძოდ, პროკლე დიადოხოსის (რომლის "თეოლოგიის საფუძვლებსაც" განუმარტავდა და ასწავლიდა იოანე პეტრიწი) ონტოლოგიურ სტრუქტურაში ყოველი მომდევნო რიგის ანუ "სირას" (სერიის) "მხოლონი" (მონადები) თავის წინა, იერარქიით მაღლა მდგომ რიგებს მსგავსების საფუძველზე ბაძვის გზით ეზიარებიან. ფორმითაც და შინაარსითაც პეტრიწისეულია "ვეფხისტყაოსანში" გამოყენებული ტერმინები: "უმყოფო", "უზადო", "ანაგები", "დადასება", "შენათხზენი"..
საერთოდ, "ვეფხისტყაოსანში" დიდი გავლენა იგრძნობა გელათის სკოლაში გამომუშავებული სიტყვაწარმოების პრინციპებისა: მაგ., მიმღეობათა მოკლე მოდელების გამოყენება: მესრული, მოსწრაფე, მთმო, მონაცვალე, მოკვნესი, მოახლე (ახლო მყოფი), მეუნებლე, მ(ე)დინი, დამდებარი და სხვ., რომ არღარაფერი ვთქვათ ნასახელარი ზმნების ულევ ნაკადზე. ამგვარ ახალწარმოებებს ფართო გზა გაუხსნა სწორედ გელათის სკოლამ.

 

ვაჟა ფშაველა
"ვეფხისტყაოსანში" ყველაფერი ბუნებრივია, მთელი სხეული და მისი სული და გული. უწესო, ბუნების წინააღმდეგი იქ არაფერი მოიპოვება. იმიტომ უკვდავია ეს ნაწარმოები...
ვიდრე ბუნებაა თავის ძალით მმართველი კაცთა სიცოცხლისა, "ვეფხისტყაოსანიც" იქნება ჩვენთვის გონების მმართველი...

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.