ბესიკ ხარანაული

"შოთა რუსთაველის ცხოვრების უტყუარი წიგნი რომ გვქონდეს, ზღვარი დაედებოდა ჩვენს წარმოსახვასაც, რომელსაც, ფრენის გარდა ისიც უყვარს, ჩარჩოებს რომ მიეხლება და საზღვარს შეიგრძნობს.
ამის გამო კი, როცა ჩვენი ცოდნა მხოლოდ ვარაუდებს ემყარება და არა ფაქტებს, ერთადერთი მეგზური წარმოსახვაა, რითაც კაცი ყველაზე ნაკლებ შეიძლება გაცოდვიანდეს.
რაკი შოთა რუსთაველმა ინება და საკუთარ ცხოვრებაზე მხოლოდ ოცნება დაგვიტოვა, ჩანს, იმგვარი მკრეხელობის ნებაც მოგვცა, რომელსაც ასევე უყვარს ჩარჩოები და თავის ნაკლსაც არ ემალება.
ნაწარმოები ავტორს ვერ გვაპოვნინებს, მიმსგავსებებით ადამიანის ცხოვრებას ვერ დავადგენთ. ამიტომაც, მოვუხმოთ უნდა ჩვენც წარმოსახვას, - შეუძლებელის ტვირთის ასაწევადაც და იმის სათქმელადაც, რომ არა გვწამს ნაწარმოებისა და ავტორის ცალ-ცალკე გადაკარგვა, პირიქით, შოთა რუსთაველი ერთადერთია, ვინც პოეტს მოკვდავობა ჩამოაშორა.
ის არის სახედ-პირველი ქართველი პიროვნება.
როცა ის ამბობს - "მე!" - თავისუფლება და ბედნიერება მოაქვს.
ის მარადიული ცოცხალია და მისი სახე მთელს "ვეფხისტყაოსანში" ყოველ ფურცელზეა...
მან არ დაგვიტოვა თავისი თავი. სამაგიეროდ მოგვცა "ვეფხისტყაოსნის" პირას ოცნების ნება".

*   *   *
და აი, ვზივარ და ვუყურებ ზვირთთა მოდენას, ვეფხვივით რომ მოიგრაგნებიან.
როგორ მშვიდად სუნთქავს გოლიათი, როგორ თანაბარ რიტმში მოიკეცებიან იმისი ტალღები...
და ჩემი დროც ახლაა - ადამიანის დრო, - რომ ვიჯდე და ვიფიქრო ჩემთვის წილხვედრილ დროში იმ სივრცეზე ახლა ასე მშვიდად რომ სუნთქავს მაგიდაზე გადაშლილი პოემასავით და გავიხსენო, თუ როგორი აბობოქრება იცის ხოლმე და როგორი სიმწრის გადმოღვრა.
და მე ვფიქრობ ღრმამუცლიან, სწრაფმავალ გემებზე და მეზღვაურებზე, ზღვის ძალასთან ჭიდილით რომ გაითქვეს სახელი, - რითიც ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე: გმირობით, სილაჩრით, ჭკუით და სიგიჟით...
მაგრამ რაც სჩვევიათ ადამიანებს, ის ზღვამ არ იცის.
იგი არის და იქნება, კვლავ სულგრძელად შემოგვთავაზებს უკიდეგანო ზურგს თავისას, გადაგვიყვანს, გადაგვატარებს, გვიწილადებს უამრავ საუნჯეს, გვაშოვნინებს თვალ-მარგალიტებს
და ვაივაგლახით დაგვაბრუნებს ნახეტიალებს, -  ვნებებს დაგვიცხრობს, ვინაც სახლში ვერ დავტეულვართ და ერთმანეთს დაგვაკავშირებს, რომ ჩვენი ტვირთი იქ წავიღოთ, სადაც ვისურვებთ.
მაგრამ გულსა და საიდუმლოს ნუ ვეცილებით, სადღაცაა, სადაც არის იმისი გული, სადღაცაა, სადაც არის ის საიდუმლოც, ამოხსნასა და გაგებას ნუ შევეცდებით, ის ვიკმაროთ, უყვედრებლად რასაც გვთავაზობს.
მაგრამ ძნელია აუკრძალო ადამიანს... - ნუთუ სიგიჟეც?
რადგან, განა მარტო მარგალიტი, უამრავი მეტაფორა წამოიღო ზღვისგან კაცმა და ჰიპერბოლაც ზღვისგან იშვა, როცა იგი ჰაერს შეერწყა, - რაც წარმოუდგენელია ამ წუთში და არა საერთოდ,
როგორც "ვეფხისტყაოსნის" დამწერის საფლავი, რომელიც არ ვიცით, მაგრამ სადღაც არის, საერთოდ, მაგრამ ესეც საიდუმლოა...
დღეს ზღვა იგივეა. იგივეა, რაც მაშინ იყო, როცა ორმოცი იბერიელი ბავშვის დაჭყეტილმა თვალმა იხილა, ზღვისმცოდნე ლაზების ნავებით რომ მიცურავდნენ ბიზანტიისკენ... რაც წარმოუდგენელია ახლა, მაგრამ არა საერთოდ.
მე ვთქვი, რომ როცა ზღვა წყნარია, მაშინაა მასზე ფიქრის დრო.
როცა "ვეფხისტყაოსანს" არ კითხულობ, როცა იგი გადაშლილი დევს მაგიდაზე, მაშინ არის შენი ფიქრის დრო.
ანუ: წუთები, როცა სიგიჟეც არ გეკრძალება.

*   *   *
"ვეფხისტყაოსანი" ზღვაა და ნაპირიდან რასაც გინდა იმას შეუთვლი,
ჩარჩოებს შეეხლები და ზღვარს შეიგრძნობ.
როცა კითხულობ, როცა შიგ ხარ, უნდა მსუბუქად ააყოლო ტანი მის ტალღებს. მყიფე, მყარი და შეუვალი დაიმსხვრევა, უნდა იცოდე.
უნდა იცოდე, როცა კითხულობ, მაშინ შენი დრო არ არის, მაშინ დროა "ვეფხისტყაოსნის".
კვლავ შეიქმნება ვარაუდები ნაწერზეც და იმის ავტორზეც. შეიქმნებიან მკითხველებიც: თავის ჭკუაზე "ვეფხისტყაოსნიდან" ჯერ ვერავინ ვერ გამოსულა (ზღვიდან მშრალი როგორ გამოვა?)...
შეიქმნება ლეგენდებიც, რომელთაგან სულ ყველაზე სულელურიც სიხარულს მოგვგვრის:
კარგია, რომ ადამიანი ნაკლულოვანია,
კარგია, რომ უნაკლოა, რასაც მიელტვის...

*   *   *
გიორგი მთაწმინდელის `ცხოვრების~ ავტორი _ გიორგი მცირე წერს, რომ ჩვენი ქვეყანა საბერძნეთისგან შორს იყო, რომ იქიდან კი მოდიოდნენ ჩვენში სწავლულნი, მაგრამ ისევ უკან ბრუნდებოდნენ და რჩებოდა ჩვენი ეკლესია ცარიელი. ამიტომ გადაუწყვეტია გიორგი ათონელს, რომ გამოეზარდა კრებული თავისი შვილებისა და ვითარცა "ცხოვარნი სიტყვიერნ"  მიეგვარა მამა
ეფთვიმესთვის, რათა განსწავლულიყვნენ და საქართველოს ეკლესიაში ემსახურათ მგალობლებად და მღვდლებად. გამოუკრებია ობლები აღმოსავლეთ საქართველოდან და ბაგრატ მეფის კურთხევით წაუსხია საბერძნეთში.
გიორგი მთაწმინდელმა საქართველოდან ბიზანტიაში 80 ყმაწვილი წაიყვანა...
ერთი ისტორიკოსის ცნობით, დავით აღმაშენებელმა საბერძნეთის სკოლებში 40 ახალგაზრდა გაგზავნა.
დანამდვილებით ამბობენ, რომ კონსტანტინე მონომახის მიერ 1044-47 წწ.-ში დაარსებული აკადემია, რომელიც ბერძენთა რენესანსის კერად იქცა, არა ერთ და ორ ქართველს იწყნარებდა თავის კედლებში (კ. კეკელიძე. ძვ.ქ.ლიტ.ისტ., გვ.82).
... მეფემ (კონსტანტინე დუკამ) სიხარულით მოიკითხა ბერი (გიორგი მთაწმინდელი) და უთხრა:
"წარვედ, კეთილო ბერო, მონასტრადვე შენდა, ვინაით-იგი ყოფილხარ პირველ და შენნი იგი ობოლნი მუნ აღზარდენ, რამეთუ ეგრეთ მიუწერია ჩუენდა ძმასა ჩუენსა ბაგრატ სევასტოსსა... და ჰრქუა, ვითარმედ "ობოლნი ეგე შენნი უჩუენე მეფობასა ჩუენსა, რაითა წყალობით მოხედნეს".
ფშავ-ხევსური, მთიულ-მოხევე თუ ერია ნეტა იმ ობლებში?

*   *   *
- ე სკამნი მამაწოდე, შენმა გახარებამა!
მეუბნება ჩემი მასპინძელი, მოხუცი დედაკაცი, რომ ჩამოჯდეს და ისე მელაპარაკოს. ვათვალიერებ ოთახს. ერთადერთი დაბალი სამფეხა სკამია და ვაწვდი. ჩამოჯდა, რაღაცა დაიჩივლა საქონელზე.
მე ფშაურმოქცევით ვეკითხები:
–  რამთვენანი გყვანან, დედავ, ძროხანი?
– ოთხან ფურანია, სამან დეკეულანი, სამან ხბუანი...
იმან "რაღაც" იცის ჩემს შესახებ და არ უნდა ჩამომრჩეს, სურს, რომ იყოს ენაწყლიანი:
– გაგიგია კი, რომ "ვეფხისტყაოსანი" ფშავლის დაწერილია? ობოლი ვინამ ყოფილა. ერთ დღეს ბერს ვინმეს მოუკრებია, რაც ობლები ყოფილა ფშავის ხევშია და წაუსხია საბერძნეთში. მერე იქედან მესხეთში ჩაუყვანიათ, აბა, აქ რაზე მააბრუნებდნენ ნასწავლსა.
ერთხელ-სამ ამოსულა ფშავის ხევს და მაშინ უამბნავ... რა თავს იქნევ, ფშაურად როა
დაწერილი, ვერ დაჰკვლიე? აბაბაბა... მაგას ბარელებმა ვერაფერი გაუგონ...
"მესხი მელექსე" თიკუნია, განა ნამდვილ გვარ-სახელი, როგორც აემ ჩვენმა ლუკამ დაირქვა ვაჟაფშაველა. იცოდნენ ეგრე, ნიჭს რო გამაიჩენდა კაცი, იმას თიკუნს დაარქმევდნენ, რომ რვალივით გამორჩეულიყო. "მერცხალაც"თიკუნია, "პარასკევაც"
... მოხუცმა ჩემსკე გამოაპარა თვალი, თითქოს მთხოვდა, საუბარში შემომეშველე, – ცოტად წამკარი მათრახის წვერი, რომ უფრო შორს გავფრინდეო.

*   *   *
რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში ყურადღებაა მიქცეული შემთხვევებისადმი, როდესაც ნ-სუფიქსიანი მრავლობითის ფორმით, ისეთი სახელებია წარმოდგენილი, რომელთაც მოცემულ კონტექსტში არ შეიძლება რეალურად მრავლობითის შინაარსი ჰქონდეთ. მაგ.: თინათინს "გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი"; ნესტანს მონებმა "ზღვითვე გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა"; "მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით"; ტარიელი "ცხენსა შეჯდა, მონათამცა საუბარნი რად იყურნა"; "დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრა კედელსა, შეალეწნა"
... აღსანიშნავია, რომ ეს ფორმები ჯერ კიდევ გადამწერთა ეჭვებს იწვევდა და ამგვარ ადგილებს ასწორებდნენ კიდევაც. მსგავს ფორმებს არაერთხელ გამოუწვევია მკვლევართა
ეჭვიც. ნ. მარი თვლიდა, რომ ასეთ ფორმებს `ვეფხისტყაოსნის~ ავტორი რითმის საჭიროებისთვისიყენებდა, სხვა მეცნიერებიც იყვნენ, რომლებიც იგივე ვარაუდს გამოსთქვამდნენ (იუსტ. აბულაძე, ივ. იმნაიშვილი). ივ. გიგინეიშვილმა კი ეს საკითხი ამგვარად გაარკვია: "მართალია, ასეთი მოვლენები მეტწილად სწორედ სარითმო სიტყვა-ფორმებში გვხვდება, მაგრამ ეს არასგზით არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც პოეტის თვითნებური ძალდატანება ენობრივ ფაქტებზე, რომ ეს ფორმები, რომლებიც ხელოვნურადაა გამოცხადებული, სინამდვილეში ხელოვნური არ არის. ამ ტიპის წარმოება დღემდე დაცულია ფშაურში, ხევსურულში, მოხეურში... და სხვაგანაც".
და მკვლევარს მოჰყავს უხვი მაგალითები, მათ შორის ვაჟა-ფშაველას თხზულებებიდან.

*   *   *
მაგრამ ენა? - ენა საიდან? ერთი კაცი, რაც გინდა დიდი, ვერ შექმნის ასე ზღვასავით გავრცობილ და დახვეწილ ენას: - საგანთა და მოვლენათა, გრძნობათა და აზრთა შესატყვის ლექსიკას, ფრაზეოლოგიას... ასეთმა კაცმა, უთუოდ რაღაც განძი უნდა იუფლოს, ლეგენდარულ ფარნავაზ მეფესავით. ასეც იყო, ეტყობა, რუსთაველის ენა აღმოცენდა დიდი კულტურული ღირებულების ენაზე / დიალექტზე. ყოველთვის ხომ ასე ხდებოდა: რომელიღაც დიალექტი გაასწრებდა იმავე ენის სხვა დიალექტებს, დაწინაურდებოდა და თავისი წიაღიდან წარმოშობდა მესიტყვეს, რომელიც ამ ენას / დიალექტს საკუთარი სულის ქურაში გამოატარებდა და თავისი ნაწერის გრდემლზე თვალმარგალიტად აქცევდა ("აწ ენა მინდა სათქმელად, გული და ხელოვანება")...
დარწმუნებული ვარ, დიდი შრომაც არ დაჭირდებოდა, – გამზადებული დახვდებოდა უხვი ლექსიკაც, მოქნილი, აზრიანი და ემოციური ფრაზეოლოგიაც, და, – ლექსიც, –  თიკუნებიანი პოეტების სიტყვასთან მრავალსაუკუნოვანი ჭიდილის შედეგი, რომლებმაც ისე ართეს და გრიხეს ენა, როგორც ჯღანის საბანდი ღოლი.
მშობლიურ მიწაზე "უსასყიდლოდ" და "უვალოდ" ნაშოვნ განძს მიემატა განსწავლულობა ცეცხლივით მგზნებარე სამეცნიერო კერებში (ბიზანტია-სპარსეთი) და დამკვიდრება აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა პირშესაყარზე.
"ვეფხისტყაოსანი" აღმოსავლურ-დასავლური რომანის და პოეზიის, ზღაპრისა და ფილოსოფიის პირშესაყარზეა. და დღესაც ამავეს ეუბნება ქართველ მესიტყვეს: "ნუ მიაცივდები ერთ რომელიმე ჟანრს, შენი ადგილი ამ ჟანრების პირშესაყარზეა!.."
რუსთაველის ენა და სტილი, თავისი დროის ჟამთაღმწერლების და მეცნიერ–ფილოსოფოსების ენასა და სტილთან უფრო ახლოა, ვიდრე იმავე პერიოდში მოღვაწე მესიტყვეების ნაწერებთან. შესაძლოა ამანაც გამოიწვია რუსთაველის თავის დროსთან გაშორეულება. სამეფო კარის ლიტერატურულ გემოვნებას და მხატვრულ მოთხოვნებს შესაძლოა სხვათა ნაწერები უფრო პასუხობდნენ, ვიდრე "ვეფხისტყაოსანი"...
ოდესღაც, "იოანეს სახარებაში" იოანე პეტრიწმა "პირველთაგან იყო სიტყვა" "დასაბამიდამ იყო
სიტყვა"-თი შეცვალა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ "პირველი" რიგითობას ნიშნავს, რაც არ შეესაბამება ღმერთს (პირველი, მეორე...).
ღმერთი დასაბამია და არა პირველი!
ასეა რუსთაველიც ქართული ლიტერატურისთვის: იგი დასაბამია და არა პირველი ("პირველები" ბევრნი არიან).
დასაბამიდან, რაც ჩვენი ხალხი არსებობს თავის მიწაზე, კავკასიონის უღელი მოაქვს ქედით.
რუსთაველმა ამ ხალხის ენა დაიცვა კავკასიონივით. დაიცვა სხვა ენებისა და კულტურების ექსპანსიისაგან, რომლებიც განვითარების ისეთ სიმაღლეზე იდგნენ და ისეთი ძალა გააჩნდათ, რომ არ დაინდობდნენ არც ჩვენს ენას და არც ჩვენს კულტურას, მაგრამ რუსთაველს ვერ გადმოსცილდნენ. რომ ყოფილიყვნენ სხვა პოეტები, ისეთები, ვინც რიგითობას შეესაბამებიან, მოვიდოდნენ უცხონი და წაგვართმევდნენ ენასაც და კულტურასაც.
მაგრამ რუსთაველი იყო და ვერ გადმოსცილდნენ.

 

ლუი არაგონი

სავსებით ცხადია, რომ "ვეფხისტყაოსანი" შუასაუკუნეების ყველაზე   შესანიშნავი ქმნილებაა. დასავლეთ ევროპის იმავე ეპოქის დიდი პოემებისგან განსხვავებით, იგი თავუსუფალია ყოველგვარი მისტიკისგან და აღორძინების  ეპოქის ქმნილებათა მსგავსად, ქრისტიანულ მოძღვრებაზე მაღლა დგას... ეს უაღრესად ერუდირებული ნაწარმოებია... ის ღრმად ხალხურია და ამიტომ ასაზრდოებს საუკუნეთა განმავლობაში ქართულ ფოლკლორს... "ვერფხისტყაოსანი" ახალი სიბრძნის საუნჯეა დღემდისაც. ამასთნ ერთად, იგი ქართული პოეზიის საუკეთეო ქმნილებაა 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.