თამარ ხვედელიანი
 

შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსანს" სამართლიანად უწოდებენ "აკლდამას საუნჯეთა" (ალ. მანველიშვილი), რომელიც მოიცავს აღმოსავლურ-დასავლური კულტურის ტრადიციებს, ამავდროულად, მჭიდროდ უკავშირდება ქართულ ზეპირსიტყვიერებას, მითოსურ-ფოლკლორულ სამყაროს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა რუსთველის პოემის მხატვრული თუ იდეურ-შინაარსობრივი საფუძვლების მომზადებაში. ამდენად ბუნებრივი იქნება, თუ პოემის ერთერთ მასაზრდოებელ ძარღვად (სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან წყაროებთან ერთად) ხალხურ შემოქმედებასაც მივიჩნევთ, რომლის ფესვები შორეულ წარსულში იკარგება და ქართველ-
თა წარმართულ რწმენას სწვდება.
რუსთველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების საკითხები, ქართულ ფოლკლორთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მრავალგზის შეისწავლეს ქართველმა მეცნიერებმა, მოგვიანებით მათი გამძაფრებული ინტერესისა და გულმოდგინე კვლევა-ძიების შედეგად რუსთველის პოემა ორგანულად დაუკავშირდა ქართულ ჯადოსნურ ზღაპარს. ცხადი გახდა, რომ პოემის სიუჟეტს ჯადოსნური ზღაპრის ინვარიანტი უდევს საფუძვლად, რაც გულისხმობს ბოროტი არსების (გველეშაპი, დევი, ქაჯი...) მიერ მეფის ასულის გატაცებას და გმირის ბრძოლას მის გამოსახსნელად, გარდა ამისა, ზემოთქმულის დასტურია რუსთველის "ვეფხისტყაოსნის", ხალხური "ტარიელიანისა"
და ჯადოსნური ზღაპრის სტრუქტურული მოდელის მსგავსება, ერთი ზღაპრულ-სიუჟეტური სქემა, მოქმედ გმირთა მკაცრად განსაზღვრული ფუნქციები, ზღაპრული ელემენტები, რომლებიც თანაბრად ნიშანდობლივია ჯადოსნური ზღაპრისა და რუსთველის "ვეფხისტყაოსანისათვის".
ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს ურთიერთკავშირში წარმოვიდგინოთ პოემის ტექსტი და ხალხური "ვეფხისტყაოსნის" სხვადასხვა ვარიანტი, რის საფუძველზეც თვალსაჩინო გახდება მათ შორის არსებული მჭიდრო კავშირი, რაც არაერთი სამეცნიერო ნაშრომით სავსებით ცხადი გახადა მკვლევარმა მარიამ კარბელაშვილმა, რომელმაც ერთმანეთს შეადარა ჯადოსნური
ზღაპრისა და ხალხური "ვეფხისტყაოსნის" სტრუქტურა და მათი მსგავსება დაადასტურა. მოგვიანებით კი, რუსთველის პოემის ტექსტის სტრუქტურული ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ ლიტერატურული "ვეფხისტყაოსანი" გასაოცრად თანხვდება ჯადოსნური ზღაპრისთვის დამახასიათებელ სტრუქტურას.
გარდა ამისა, არსებობს დეტალები, რაც ნიშანდობლივია როგორც ჯადოსნური ზღაპრის, ისე რუსთველის პოემისთვის. პირველ რიგში, ეს ეხება ზღაპრულ ელემენტს - გასამმაგებას, ზღაპრულ სქემას 2+1 (ორი უშედეგო ცდა, მესამე - შედეგიანი), მკვეთრად გამოხატულ მზა ფორმულებს, რაც
თითქმის ყველა ზღაპარში მეორდება.
თვალსაჩინოებისთვის მოგვყავს ასმათისა და ავთანდილის პირველი შეხვედრის ეპიზოდი (პარალელური ტექსტითურთ), რომელსაც საგანგებო ყურადღება მიაქცია მკვლევარმა ც. კახაბრიშვილმა.

ჯადოსნური ზღაპრები

1. გმირს ეძლევა სახიფათო დავალება
2. ენიშნება შესრულების ვადა
3. ვადის გადაცილების შემთხვევაში დაღუპულად ითვლება
4. დავალება სრულდება ვადის მიწურულს
5. გმირი სახიფათო არსების ახლობელს (ქალს) ხვდება
6. ქალის კეთილგანწყობას გმირი განსაკუთრებული სიტყვით (დედაშვილობა...) აღწევს
7. სახიფათო არსების გამოჩენას წინ უძღვის ხმაური
8. ქალი მალავს გმირს
9. ქალი დამალულის ხელშეუხებლობის ფიცს ართმევს
10. გმირს გამოაჩენენ
11. მეგობრული შეხვედრა

"ვეფხისტყაოსანი"

1. "წადი იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად"
2. "სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი"
3. "აქათ სამ წელს მომიცდიდე"... "არ მოვიდე, მომიგლოვე, მიტირე"...
4. "წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა"
5. "ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა"
6. "მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
    არ ეგების, ამას იქით, თუმცა თავი არ გამონე~.
7. "... ხევით ესმათ ჩხაპუნება"
8. "ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა"
9. "ფიცე, არ მოჰკლა..."
10. "ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად"
11. "მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდნეს"

აქვე შევნიშნავთ, რომ რუსთველის "ვეფხისტყაოსანს" საფუძვლად უდევს ჯადოსნური ზღაპრებისთვის ნიშანდობლივი კომპოზიციური სქემა: დაკარგვა-ძებნა-პოვნა.
ამ მიმართულებით განხორციელებულმა კვლევამ ცხადყო, რომ პოემა აირეკლავს ქართულ ფოლკლორში გავრცელებულ შეხედულებებს წუთისოფლის, ზესთასოფლის, ქვესკნელზესკნელის შესახებ, მათ მიმართებას რუსთველის "მუნ" სამყაროსთან.
ქართულ ეპოსში დამკვიდრებულია თვალსაზრისი მიწისქვეშეთის სტრუქტურის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია ვერტიკალურ ჭრილში და იგი ჭის სახით გაიაზრება, საიდანაც აუტანელი მხურვალება ამოდის. სულთა საბრძანებელში ყოველმხრივ განწმენდილნი ხვდებიან, ცეცხლის ალი კი გამწმენდი გენიაა. ადამიანი ამ გზით ეზიარება ქვესკნელს, ე. წ. "ქუე ყანას", მიწის სიღრმეში არსებულ სულიერი საზრდოს მომცემ სამყაროს, სადაც უხილავი, მიუწვდომელი და უდაოდ მხოლოდ ხელდასხმულთათვის განკუთვნილი განძი ელით, რაც შეიძლება იყოს მატერიალური საუნჯე, ტყვედპყრობილი მზეთუნახავი ან ღრმა, ყოვლისმომცველი ცოდნა, დიდი სიბრძნე, დიდი გონი. მხოლოდ რჩეულთ ჰქონდათ შეცნობილი ამ ფასეულობის ჭეშმარიტი ღირებულება.
"ვეფხისტყაოსანში" მსგავსი განსაწმენდელის ფუნქციას დევთა ორმოცსენაკიანი გამოქვაბული და ქაჯეთის მთავარი კოშკისკენ მიმავალი ვიწრო გვირაბი ასრულებს, რჩეული "ხასი" მოყმეებით სათანადოდ გამაგრებული, რომლებიც "მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან". სავარაუდოდ, სიტყვა "ცეცხლი" შემთხვევით არაა ნახსენები. ამით ერთგვარი ასოციაცია ჩნდება საკუთარი ნებით ალავარდნილ ჭაში ჩაშვებულ ჭაბუკსა და ქაჯეთის ციხის გვირაბთან მებრძოლ ტარიელს შორის. ორივეს ელის ქვესკნელი, შესამეცნებელი სიბრძნე, ცეცხლით განწმენდილის პატივი და საუკეთესო ჯილდო ჯილდოთა შორის – მზეთუნახავი ნესტანი.
"ვეფხისტყაოსანში" სრულიად განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება ზღაპრულ პერსონაჟებს.
სიკეთის გამარჯვებისათვის მებრძოლი გმირის დამაბრკოლებელი უმეტესწილად ფოლკლორული დევისა და ქაჯის სახესთან ასოცირდება. მასში კონცენტრირებულია ყველა ის უარყოფითი თვისება, რაც ნებისმიერ დროსა და ეპოქაში დასაგმობი და მიუღებელი იყო, ამიტომ მათ იმთავითვე დაიმკვიდრეს სიკეთის საპირისპირო მნიშვნელობა და ბოროტების სიმბოლოდ ჩამოყალიბდნენ.
მათი უკუღმართი ბუნება, როგორც ჩანს, გარეგნობაზეც აისახა. დევებს და ქაჯებს ტერფები შემობრუნებული აქვთ ("კოჭ უკუღმა აქვისო"); დიდი ფიზიკური ძალის, მრისხანე და აგრესიული ხასიათის მქონენი, სიყვარულისა და სათნოების განცდის უნარს მოკლებულნი, განვითარების ცხოველურ სტადიაზე დარჩენილნი მხოლოდ ძალადობრივი აქტის შემსრულებლად დატოვა ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ. დევებისგან განსხვავებით, ქაჯებს ქართველი ხალხის ფანტაზიამ გარკვეულწილად გონიერება დაანათლა, მაგრამ ფუნქციური დატვირთვა უცვლელად შეუნარჩუნა.
ქართული ფოლკლორი ქაჯთა და დევთა სამყოფელად მიწისქვეშა ხთონურ სამყაროს მოიაზრებს, სადაც დაცულია მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილი განძი. დევ-ქაჯთა მთავარი ფუნქცია ამ საგანძურის დაცვა-პატრონობაა, თუმც თავად ვერაფერში იყენებენ. მაგალითად, მათ იციან უშვილობის წამალი, უკვდავების წყლის ადგილსამყოფელი, ჯადოსნური იარაღის წრთობის საიდუმლო, აქვთ სასწაულმოქმედი ცხვირსახოცი, რომელსაც არა მხოლოდ სნეულთა განკურნება,
არამედ მიცვალებულის გაცოცხლებაც ძალუძს, უჩინმაჩინის ქუდი და ჯადოსნური სწრაფმავალი ფეხსაცმელი ან მფრინავი ხალიჩა, მაგრამ ეს ნივთები მოუხმარებლად გადაუმალავთ მთის სიღრმეებში – გამოქვაბულებსა და ცამდე აღმართულ ციხე-კოშკებში და მათი ქვეცნობიერი, უმოქმედო ლოდინი თავისთავად ბადებს ამ განძის მომპოვებელი გმირის გამოჩენის აუცილებლობას, რომელიც იბრძვის და უზრუნველყოფს სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე.
"ვეფხისტყაოსნის" დევები და ქაჯები სავსებით ემიჯნებიან თავიანთ ფოლკლორულ არქეტიპებს, დაცლილნი არიან დემონური თვისებებისგან, მაგრამ შენარჩუნებული აქვთ ღრმა ცოდნა და მთავარი ფუნქცია – ისინიც განძის პასიურ მცველებად მოიაზრებიან და რამდენადაც მოუხმარებელი სიმდიდრე თავადაა ბოროტება, მისი მცველებიც ბოროტების მსახურებად რჩებიან. მათი ლოდინი გმირი-რაინდის გამოჩენით სრულდება, რომელიც ისაკუთრებს განძს - "საფარველდადებულს" (გარკეულ დრომდე დაფარულსა და მიუწვდომელს) და მას
სიკეთის გამარჯვებისთვის იყენებს, რითიც ამარცხებს ბოროტებას
და ათავისუფლებს მზეთუნახავს.
"ვეფხისტყაოსანში" შეინიშნება კვალი უფლისწულების კოშკებსა და მიწისქვეშეთში საიმედოდ გადამალვის ძველთუძველესიტრადიციისა. სავარაუდოდ, ეს ერთგვარი რიტუალური ღონისძიება უნდა ყოფილიყო, რაც მეფის მიმართ შიშისა და კრძალვის განმტკიცებას უზრუნველყოფდა. "ვეფხისტყაოსნის" ზემოხსენებული კუთხით კვლევამ ნესტანის აღზრდის მეთოდის თავისებურება განსხვავებულად შეგვაფასებინა და გარკვეული პარალელი გაგვავლებინა ინდოეთის მეფის ასულის ცხოვრების წესსა და ზემოაღნიშნულ წარმოდგენას შორის.
მზეთუნახავი ყველა მითსა და ზღაპარში კონკრეტული ფუნქციის მატარებელია. იგი მარადიულ საძიებელ ობიექტად გაიაზრება, რომლის გაუჩინარება მზიური გმირის გამოჩენის წინაპირობაა, მისი ხიფათით აღსავსე არაერთი მოგზაურობა და ათასგვარი გმირობა თვალსაჩინოს ხდის მარადიულ ჭეშმარიტებას ბოროტების სასრულობისა და კეთილის უძლეველობის შესახებ, რასაც მოსდევს ცნობილი "ჭირი იქა, ლხინი აქა" - ანუ, როგორც რუსთველი იტყოდა:
"მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს...
ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს...
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს".

 
ლეოპოლდ ლევინი

XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი"
კლასიკური, შუასაუკუნეობრივი რაინდული ეპოსია, რომელიც უმღერის სიყვარულს, რაინდობასა და ქალის
კდემამოსილებას. მაგრამ ამით არ იფარგლება პოემის არსი. ადამიანი და მისი ბედი – აი, ადრეული რენესანსის ამ შედევრის ჰუმანისტური შინაარსი. ტრაგიკულ
მომენტთა და პოეტის
მწარე გამონათქვამთა მიუხედავად, რომლებიც ხშირად გვხვდება თხრობისას,
"ვეფხისტყაოსანი", საერთოდ, ოპტიმისტური თხზულებაა. ესაა პოემა მეგობრობაზე, ძმადნაფიცობასა და სიყვარულზე.

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.