1966 წელს ალექსანდრე ბარამიძის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა რუსთველის კაბინეტი. გარკვეული პერიოდი თავად ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობდა მას, შემდგომ ლევან მენაბდემ იტვირთა პასუხისმგებლობა და სწორედ მისი მოღვაწეობისას მომზადდა ის საგამოფენო ექსპოზიცია, რასაც დღესაც ვხედავთ, თუმცა, პერიოდულად იცვლებოდა ექსპონატები.
დღეს კაბინეტს ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტთან არსებული ქართველოლოგიის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ელგუჯა ხინთიბიძე. მისი მოღვაწეობა ძირითადად უკავშირდება "ვეფხისტყაოსნის" კვლევის ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობას.
"რუსთაველი გვიანდელი შუასაუკუნეების მოაზროვნეა, მაგრამ მისი პოემა უდიდეს მნიშვნელობას ინარჩუნებს თანამედროვეობის თვალსაზრისით, რადგან ეხმიანება ჩვენი ეპოქის ძირითად სააზროვნო პრობლემატიკას. მასში განვითარებულია ჰუმანისტური სულისკვეთება და ხალხთა მეგობრობის იდეა, ქალის ღირსების, პიროვნული თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის ბრძოლის იდეა . . .
"ვეფხისტყაოსანი" ქართული კულტურის ყველაზე დიდი ფენომენია - რუსთველისეულმა პოეტურმა სახემ ზოგადსაკაცობრიო დატვირთვა შეიძინა, ამაღლდა თავის ეპოქაზე, შეეხმიანა სხვადასხვა სააზროვნო და ესთეტიკურ სტილს. რუსთველის მსოფლმხედველობითი თავისებურება უნდა განაპირობებდეს იმ დიდ პოეტურობას, რასაც "ვეფხისტყაოსანი" დღემდე ინარჩუნებს. მე ვარ მკვლევარი, რომელიც ვსწავლობ რუსთაველის ფილოსოფიის, რუსთაველის მსოფლმხედველობის საკითხებს, ვცდილობ განვსაზღვრო რუსთაველის ადგილი ევროპული ცივილიზაციის ისტორიაში. ვარ ავტორი წიგნებისა: "მსოფლმხედველობითი პრობლემები "ვეფხისტყაოსანში" (თბ. 1975 წ.),  "შუასაუკუნებრივი და რენესანსული `ვეფხისტყაოსანში" (თბ. 1993 წ.).
1993 წლიდან ვრედაქტორობ ჟურნალ "ქართველოლოგს" და უკვე 14 ნომერი გამოვეცით. ცხადია, ვურთიერთობ უცხოელ კოლეგებთან, "ქართველოლოგი"  სარედაქციო კოლეგიის საპატიო წევრები უცხოელები არიან: ვინფრიდ ბოედერი გერმანიიდან, ლუიჯი მაგაროტო იტალიიდან, ბერნარ უტიე საფრანგეთიდან, შტეფი ხოტივარი-იუნგერი გერმანიიდან. დღეს ჩვენი მეცნიერება ვითარდება ძირითადად საგრანტო მიმართულებით. ამდენად, სამეცნიერო მუშაობის ცენტრები უმეტესწილ გაუქმებულია. ამის ფონზე სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის ცენტრი. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით გაიმართა ქართველოლოგიური კონფერენცია, სადაც ძირითადი მომხსენებელი გახლდით. მოხსენების სათაური იყო: "ქართული ლიტერატურა მედიევისტიკის საერთაშორისო კონტექსტში".
ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში, რაც ვურთიერთობ ჩემს უცხოელ კოლეგებთან, გამოვარჩევდი ინგლისელ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, `ვეფხისტყაოსნის~ ინგლისურ ენაზე მთარგმნელს, ვივიან ქეთრინს. მან მარჯორი უორდროპის შემდეგ, იტვირთა ეს დიდი საქმე და 1977 წელს განახორციელა კიდეც. მის ნაშრომებში "ვეფხისტყაოსნის" თემატიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია: ქართველოლოგიის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისათვის ქე- თრინ ვივიანი 1997 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის საპატიო დოქტორად.
რაც შეეხება "ვეფხისტყაოსნის" უძველს კვალს, რომელსაც მე მივაგენი ევროპულ ლიტერატურაში, უილიამ შექსპირის თანამედროვე ინგლისელი დრამატურგების ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის სახელგანთქმულ პიესაში "მეფე და არა მეფე". ამ პიესის ფაბულური ქარგა (კარკასი), ჩემი ღრმა რწმენით, ემყარება რუსთველის პოემის ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავს. ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის და თვით ინგლისური ლიტერატურათმცოდნეობისთვისაც. საქართველოს აკადემიისა და ბრიტანეთის აკადემიის ერთობლივი პროგრამით, ბრიტანეთის აკადემიის ფინანსური მხარდაჭერით, ამ საკითხების შესასწავლად ვმუშაობდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებულ, უძველეს და მსოფლიოში ცნობილ ბოდლეის ბიბლიოთეკაში, თვითონ `მეფისა და არა მეფის~ იდეურ – მხატვრული ანალიზის დეტალებში ჩაღრმავება-გაცნობისათვის კი ვეწვიე შექსპირის სამშობლოს, მოვინახულე სტრატფორდი შექსპირის ცენტრით, სადაც შედის ამ დიდი მწერლის არქივი და ბიბლიოთეკა. ინგლისელი ლიტერატურათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ამ ნაწარმოების უშუალო სიუჟეტური წყარო იმათთვის უცნობი იყო და რჩება. ამდენად, საჭირო გახდა ორი ავტორის შემოქმედებითი სტილის უფრო გამოწვლილვით შესწავლა, ასევე იმის გამოვლენა, თუ XVII საუკუნის ლიტერატურული სამეცნიერო კრიტიკა რა მომენტებს აქცევს ყურადღებას. ჩემს მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, ბომონტისა და ფლეტჩერის პიესის პირველწყარო სწორედ "ვეფხისტყაოსანია". ვამზადებ ფუნდამენტურ ნაშრომს ` რუსთველის წარდგენა ევროპული საზოგადოებისათვის". ღრმად მწამს, რუსთაველის წარდგენა მთელი საქართველოს წარდგენასაც ნიშნავს."

საუბარი ჩაიწერა
თამარ ბარისაშვილმა

ახლოს სანახავად, ერთელ დააწკაპუნეთ 

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.