მურმან თავდიშვილი

"მე, რუსთველი"... - ასე იწყებს პოეტი.
"მე, რუსთველოლოგი" - ასე ვიწყებ მე.
"წარმოშობით" რომანტიზმის მკვლევარი გახლავართ. ჩემი დისერტაცია ეხებოდა ბარათაშვილის მხატვრული ნაწერების ტექსტოლოგიურ პრობლემებს.
რამ შემქმნა რუსთველოლოგად?
ინტერესით ვკითხულობდი რუსთველოლოგიურ ლიტერატურას და ხშირად წავწყდომივარ ფაქტს, რომ გამოჩენილმა მკვლევარებმა პოემის ტექსტი ზედმიწევნით არ იცოდნენ. კიდევ მეტი, პოლემიკის დროსაც კი ერეოდათ ერთმანეთში ფაქტები, სახელები, მოვლენები და ამას მოწინააღმდეგე პოლემისტი ვერც კი ამჩნევდა.
ამგვარ მკველავრებს ამხანაგთა წრეში ვაბიაბრუებდი.
ერთხელ აწ განსვენებულმა მწერალმა, მაშინ "მნათობის" რედაქტორმა ელგუჯა მაღრაძემ მხარზე თავისი მძიმე ტორი დამკრა, საუბარი შემაწყვეტინა, მკაცრად მითხრა:
- ყველაფერი ეს საინტერესოა. რომ დგახარ და ლაყბობ, არ გირჩევნია, დაჯდე, დაწერო და წარმომიდგინოო?
თითქოსდა ამ გამხნევებას ველოდი. დავბეჭდე ირონიით კარგად გაჯერებული წერილი - "აქა ამბავი იმისა, თუ როგორ ტიროდა უსენი თავისი ცოლის საყვარლის წასვლის გამო". (საქმე
ისაა, რომ ერთ გამოცემასა და ზოგი რუსთველოლოგის ნაშრომში
სტუმარი დიდვაჭრის უსამის მაგიერ ეწერა მასპინძელი სოვდაგრის უსენის სახელი, და ეგ "იაღლიში" ვერ შეემჩნიათ).
ამის მერე წავიდა და წავიდა!
ასე მოვედი რუსთველოლოგიაში.
როგორც ხედავთ, ამ დარგში "გარედან"მოსული გახლავართ.
ამას კი, როგორც ჯერ კიდევ ნოე ჟორდანია მიუთითებდა, პარიზში გამოსულ მის რუსთველოლოგიურ წიგნაკში, რომლის პირველი რეცენზიაც მე დავბეჭდე, რუსთველოლოგები არ მაპატიებდნენ. ამიტომაც წინდაწინ დავილესე კლანჭები.
ჯერ ერთი, შემოვიტანე და დავამკვიდრე ტერმინები "კანონიერი რუსთველოლოგი" და "უკანონო რუსთველოლოგი"; მეორეც, თავდაპირველად ვწერდი ისეთ კრიტიკულ-ირონიულ სტატიებს, სადაც მხილებული იყო აშკარა ტექსტობრივი ჩავარდნები - ფაქტების, სახელების, მოვლენების უცოდინარობა. მერე და მერე უფრო ღრმა (შემოქმედებით) თემებსაც მივადექი.
მაშ, გარედან მოსული რუსთველოლოგი ვარ. აქვე შევნიშნავ: სწორედ გარედან მოსული, ანუ "უკანონო რუსთველოლოგი", გახლდათ მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი რუსთველოლოგი - ვიკტორ ნოზაძე. მაგრამ ჩემი არეალი ზუსტად მაქვს შემოსაზღვრული:
ძირითადად ეს არის ტექსტის პრობლემატიკა. აქ ორი მიმართულება ავირჩიე: ა) პოემის სტროფული შედგენილობა და ბ) ცალკეულ სიტყვა-გამოთქმათა კანონიკურობა და რაობა. პირველ პრობლემას მიეძღვნა თითქმის ექვსასგვერდიანი მონოგრაფია "ვეფხისტყაოსნის დაფანტული სტროფები", მეორეს - "ვეფხისტყაოსნის ტექსტის საიდუმლოებანი", რომელიც 250 გვერდიანია.
რუსთველოლოგიაში იმთავითვე ჩამოყალიბდა ორი ფრთა. მკვლევართა ერთი გუნდი მუდამ ცდილობდა პოემის ინტერპოლაციებისაგან (სხვათა ჩანართებისაგან) გაწმენდას, ოღონდ ზომიერებას ვერ იჩენდა და ჭრიდა, ჩეხდა, ამოკლებდა ტექსტს. ამათ, ეტყობა, რუსთველოლოგიასთან ერთად კარგად ჰქონდათ შესწავლილი სამთამადნო საქმე. ცნობილია: სამთამადნო
მრეწველობაში მადნის გამდიდრება ეწოდება პროცესს, როდესაც ორი ტონიდან ბოლოს რჩება ერთი. ამ მოღვაწეებმა ისე "ამდიდრეს და ამდიდრეს" პოემა, რომ, ლამის არის, ხევსურული ბალადის მოცულობისა გახადეს; ნათქვამია, "მადა ჭამაში მოდისო"  და მაკრატლის ამ კრაჭაკრუჭში ქმნილებას წააჭრეს მთელი ბოლო სამი თავი, ე.წ. "ინდო-ხატაელთა ამბავი". ანუ: ინდოეთში მთელი დავიდარაბა მოჰყვა ტახტის ხელში ჩაგდებას. ნესტანი და ტარიელი გადაიკარგნენ. ბოლოს ფარსადან მეფეც მიიცვალა. ქაჯეთში გამარჯვებულ ჩვენს გმირებს სამთამადნო წარმოებას კარგად გაცნობილი რუსთველოლოგები არაბეთამდე კი მოიყვანენ და აქ წყვეტენ პოემას. მაშ, ინდოეთის ტახტი კვლავ ცარიელია.
აი, მკვლევართა ამ ფრთის შედეგი!
რუსთველოლოგთა მეორე გუნდს სათავეში უდგას შესანიშნავი პოეტი და ბრწყინვალე რუსთველოლოგი კონსტანტინე ჭიჭინაძე. იგი გააფთრებით იცავდა პოემის ბოლო ნაწილს და ბევრ ისეთ შიგნისტროფს, რომლებსაც სამთამადნო მაკრატელი შეეხო. მართალია, იგი სწორ გზაზე იდგა, ოღონდ კათედრები და პოსტები არ ეკავა და, რა დაატყო, დაამარცხებდნენ, სტალინს მიმართა. როგორც იქნა, დაიბეჭდა პოემის სრული ტექსტი; მაგრამ შემდეგ ისევ იმძლავრა "კანონიერმა რუსთველოლოგიამ". სწორედ ამის დასტურია ქართული მწერლობის მეოთხე ტომი, სამარცხვინო ტომი, სადაც გამქრალია პოემის თითქმის მესამედი (რაღა თქმა უნდა, ე.წ. "ინდოხატაელთა ამბავიც").
პოემის ტექსტის "წყვეტის" აღმოსაჩენად სენსაციური სამეცნიერო "აპარატი" შევქმენი, რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერი აკადემიური და სხვა ტიპის გამოცემათა "სუსტი ადგილების" აღმოჩენა-დაფიქსირება. "აპარატი~" შედგება რამდენიმე ბლოკისაგან. ყოველი ბლოკი უდრის თითო რუსთველურ პოეტიკურ კანონზომიერებას.
ამჟამად გესაუბრებით ჩემი "აპარატის" პირველ და მეორე ბლოკებზე.
პირველ ბლოკს მე ვუწოდე "ბრძანების კანონზომიერება". მთელ პოემას კანონად გასდევს წესი: სადაც პატრონია, იქ მონა უბრძანებოდ არას მოიმოქმედებს. ეს იქნებოდა პატრონის წინაშე თავხედობის გამოჩენა. ამ კანონის რენდგენულ შუქზე თუ მთელ დაბეჭდილ "ვეფხისტყაოსანს" გავატარებთ, შევნიშნავთ უცნაურ რამეს: ასობით მაგალითი მითითებულ წესს იცავს, მხოლოდ ორ შემთხვევაში ხდება დარღვევა - მონა პატრონის მიუთითებლად მოქმედებს. შევნიშნავ რა ამ უცნაურ "ამოვარდნას", კანონიდან გადახვევას, უკვე ხელნაწერული მემკვიდრეობის შეუმოწმებლად ვიცი: რომელიღაც ხელნაწერში (ან ხელნაწერებში) უსათუოდ "ზის" რუსთველური სტროფი, რომელიც აღმოჩენილ წყვეტას გამოასწორებს და რომელიც უმწეო რუსთველოლოგების მიმართ იქედნურად იღიმება. ამის შემდეგ, როგორც უკვე ხვდებით, ყველაფერი ტექნიკის საქმეა. მართლაც, ვესტუმრებით ხელნაწერთა ინსტიტუტს, გამოვიტანთ პოემის რამდენიმე ხელნაწერს და შეუჭირვებლად მოვძებნით შესაბამის ადგილას მეცნიერთა ამა თუ იმ "კაპრიზით" მიტოვებულ, მიჩქმალულ სტროფს, რომელიც ტექსტის ჰარმონიასა და კანონ-წესს აღადგენს.
მეორე ბლოკს მე ვუწოდე "მისვლა-მოსვლის" კანონი. ეს გულისხმობს: თუ პოემაში სადმე აღწერილია გმირის წასვლა, უსათუოდ უნდა იყოს აღწერილი დანიშნულების ადგილას მისიმისვლაც და, პირუკუ: თუ არის "მი", ამას წინ უსათუოდ უნდა უსწრებდეს "წა". ამ კანონის რენდგენულ შუქზე თუ მთელ ნაბეჭდ "ვეფხისტყაოსანს" გავატარებთ, შევნიშნავთ უცნაურ რამეს: ასობით და ათასობითაც კი შეგვხვდება ეს "ნაცნობი ბმა", ოღონდ ერთ შემთხვევაში ხდება ამოვარდნა. ერთ ეპიზოდში უცნაური ვითარებაა. როსტევანის ნადიმზე მყოფი ავთანდილის შინ მიბრუნების სცენა აღწერილია, მაშ, აღწერილია "მი", ოღონდ ამას წინ არსად უძღვის სტროფი, სადაც ნაჩვენები იქნება "წა". რაკიღა დაახლოებით ვიცით წყვეტის მონაკვეთი (თავი მაინც), ხელნაწერებში აღარ გაგვიჭირდება იმ რუსთველური სტროფის მიგნება, რომელიც ავტორის პოეტიკურ კანონს აღადგენს. მართლაც არსებობს სტროფი, რომელიც აღწერს როსტანის ნადიმიდან ავთანდილის წამოსვლას. თურმე, ეგ წყვეტა რუსთველის კალმის ლაფსუსი კი არ ყოფილა, არამედ მეცნიერთა ჩვენთა კაპრიზი ან საქმის შეუმეცნებლობა.
მსგავსი პრინციპით მუშაობს ჩემ მიერ კონსტრუირებული "აპარატის" სხვა ბლოკებიც. ზოგი მათგანი აკადემიურ და სხვა გამოცემებში ერთდროულად რამდენიმე წყვეტას უჩვენებს.
აღნიშნული პოეტიკური კანონების აღმოჩენას ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, თეორიული - გამდიდრდა რუსთველის პოეტიკური არსენალი; მეორეც, პრაქტიკული - ამ კანონთა მომარჯვებით უთუმცაოდ დგინდება ტექსტი.
მსგავსი "სამეცნიერო აპარატი" შევქმენი "ინდო-ხატაელთა ამბის" ავთენტიკურობის დასადგენადაც.
"დაფანტულ სტროფებში"გამოყენებულ სხვა ტექსტოლოგიურ სიახლეებზე აღარას ვამბობ. ვხედავდი, რომ აკად. აკაკი შანიძემ ტექსტში ათობით კონიექტურა (ჩასწორება, რომელსაც არც ერთი ხელნაწერი არ უჭერს მხარს) შეიტანა და "წინასვე" ვიგუმანე: ეს თვითნებობა და ვოლუნტარიზმი იქნებოდა. ჩემმა "აპარატმა" უჩვენა, რომ მკვლევარის უკლებლივ ყველა კონიექტურა მცდარია, მიუღებელია და უნდა შეფასდეს ტექსტის თვითნებურ ჩასწორებად. ჩემს სტატიას კი ჰქვია "რითმისწინა გახმოვანების რუსთველური სისტემა".
ახლა მკითხველს თვალისა და მუსიკალური სმენის დასატკბობად ჩემი აღმოჩენის ერთ მკაფიო ნიმუშს სიუპრიზად მივაწვდი.
ცნობილ სტროფში კოცნა-ხვევნის გამოსახატავად მომარჯვებულია კომპოზიტი "მტლაშა-მტლუში ანთუ "მტლაშიმტლუში". რომელია სწორი - "ა" თუ "ი"; "მტლაშა" თუ "მტლაში"? ბოლო აკადემიურ გამოცემაში მართებულად ჩაუთვლიათ "მტლაში-მტლუში".
მომყავს შესაბამისი ტაეპები:
"რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთმა, უში,
გული ერთშა დააჯეროს კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში,
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა–კოცნა, მტლაშა–მტლუში."
ყურადღება მივაქციოთ რუსთველის გენიალურ ოსტატობას: სარითმო კლაუზულად გამოტანილ ბგერათკომპლექსში მოექცა ორი ხმოვანი: უ - ი (უში). ეს საკმაოდ ღარიბი რითმაა. რას აკეთებს სმენაგამახვილებული მგოსანი? სარითმო კლაუზულას ("უში") წინ უხვედრებს რითმის გამამდიდრებელ ერთნაირ ხმოვანს. ესაა "ა". მივიღეთ ასეთი სურათი:
სულთქმ - ა უში ა - უში
თუნდ - ა ქუში ა - უში
მტლაშ - ა მტლუში ა - უში
ვხედავთ: მგოსანს რითმისწინა "ა" ხმოვნით ორმარცვლიანი ქორეული კლაუზულა გაუმდიდრებია. ფაქტობრივად მივიღეთ არა ორ, არამედ სამმარცვლიანი რითმა. კი, ვხედავთ ორმარცვლიან რითმას, ოღონდაც გვესმის სამმარცვლიანი ევფონია.
უცნაურია?
ნამდვილად უცნაურია ეგ რუსთველი!
და ვისა აქვს უფლება, დაურღვიოს ეგ ღვთაებრივი ჰარმონია? არავის!
არადა, ბოლო აკადემიურ გამოცემაში დაურღვიეს, როცა ჩაუწერეს "მტლაში-მტლუში".
სხვათა შორის, მტლაშა-მტლუში იმ ტიპის წარმოებას განეკუთვნება, რა წარმოებასაც განეკუთვნება მისი კლასის სხვა კომპოზიტები: რახა-რუხი, ბათქა-ბუთქი, ტაკა-ტუკი, დაგა-დუგი...
მეორე წიგნი "ვეფხისტყაოსნის ტექსტის საიდუმლოებანი" ათობით ამგვარ საინტერესო და სახალისო რუსთველოლოგიურ საკითხს წამოჭრის და კიდევაც წყვეტს.
მესამე წიგნს, რომელიც მზად არის, ჰქვია "რუსთველოლოგიური კრიტიკა". აქ შესულია ის სტატიები, რომლებიც კრიტიკულად მიმოიხილავენ ცალკეულ მონოგრაფიებს, კრებულებს, სტატიებს, ტექსტის გამოცემებს. სწორედ ამ "ტრიადის" საფუძველზე მოვამზადე "ვეფხისტყაოსნის" სრული ტექსტის კორპუსი, რომელიც გამოვა პირველად.
ამავე დროს, ერთ-ერთმა პირველმა გამოვაქვეყნე ვრცელი გამოხმაურება ზვიად გამსახურდიას ცნობილ წიგნზე. 1988 წელს ერთი ავტომობილის ფასი დამიჯდა (მაშინ ქსეროკოპია ესოდენ განვითარებული არ ყოფილა) ვიკტორ ნოზაძის დაბეჭდილ ტომეულთა აღდგენა. იმთავითვე ვიგუმანე: ახლად თავისუფლებამოპოვებულ და გუდამშიერ საქართველოში ნოზაძის ტექნიკურად ძნელად გამოსაცემ ტომეულებს ვერ დაბეჭდავენ მეთქი და, სამწუხაროდ, ჩემი ეს გუმანი "არ-ცუდად წამიხდა" - ვერ გამოსცეს, ვერცა გამოსცემენ! ამიტომაც მაშინვე სწორი გადაწყვეტილება მივიღე: ყველა ტომის გამოწვლილვითი კრიტიკული განხილვა დამებეჭდა. "ცისკარსა" და "რელიგიაში" თითქმის მთელი მონოგრაფიული გამოკვლევის ნახევარი გამოქვეყნდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პირველი ნოზაძეოლოგი მე გახლავართ!
2008 წლის ივლისში, გამოვიდა ცნობილი რუსთველოლოგის დოქტორ ბორის დარჩიას წიგნი "უვიცობის, პლაგიატობისა და განუკითხაობის წინააღმდეგ რუსთველოლოგიაში", რომლის რედაქტორიც მე გახლავართ.
მალე გამოვა 150 გვერდიანი სენსაციური ნაშრომი "ფირდოუსი და რუსთველი". მონოგრაფია ფარდას ახდის რუსთველოლოგიის, ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ყოფის ბევრ საიდუმლოს.
"ვეფხისტყაოსნის" ერთი სტროფის საიდუმლოს გამოარკვევს თორმეტგვერდიანი სტატია – "ფავსუტ ბუზანდაცის "სომხეთის ისტორია" და ქართული ლიტერატურის ზოგი საკითხი".
ეს ჩემი მიგნებები თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. ეს არცა მიკვირს. მსგავსი რამ ჩვეულებრივი ამბავია. ამგვარი ამბის მეტი რა იცის მსოფლიომ. აქედან ორ მაგალითს მოვიყვან: მეთორმეტე საუკუნის ბოლოს დაწერილი "ვეფხისტყაოსნის" გენიალობას ქართველი ერი მხოლოდ 5 საუკუნის შემდეგ ჩასწვდა. სწორედ მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება რუსთველის "აღმოჩენა", მისი აღზევება, მისი დიდება, მისი ტექსტის გადაწერა-გავრცელება; ათი საუკუნის წინათ სამყაროს უზარმაზარი ვარსკვლავი ისე აფეთქდა, არავის შეუმჩნევია. მხოლოდ ერთ ჩინელ ასტრონომს შეუნიშნავს ეს მოვლენა და კიდევაც აღუწერია. დღევანდელი ტექნიკის საოცრება "ხაბლმა" კი ეს ფაქტი ფოტოსურათებით დაადასტურა. მე ვუტოვებ შთამომავლობას ჩემს ავტოსურათს. მას ჰქვია - "მე, რუსთველოლოგი" .

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.