მაკა ელბაქიძე

რუსთველის "ვეფხისტყაოსნის" შესწავლას საფუძველი XVIII საუკუნის 10-იანი წლებიდან ჩაეყარა, როდესაც 1712 წელს თბილისში, ვახტანგ მეექვსის მიერ დაარსებულ სტამბაში, გამოვიდა "ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემა. დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ვახტანგმა კრიტიკულად დაადგინა ტექსტი, გაცხრილა ის ინტერპოლატორთა ჩანართებისა და გაგრძელებებისაგან და დაურთო ვრცელი თარგმანი, ანუ კომენტარები. ტექსტის შინაარსობრივ-იდეური ინტერპრეტაციის გარდა (სწორედ ვახტანგ მეექვსემ ჩაუყარა საფუძველი "ვეფხისტყაოსნის" შინაარსის რელიგიურ-მისტიკურ განმარტებას), თარგმანში განხილულია რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხი. ასე რომ, ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსანი" შეიძლება მივიჩნიოთ რუსთველის პოემის პირველ მეცნიერულ-კრიტიკულ გამოცემად. "ვეფხისტყაოსნის" კვლევის შემდგომი ეტაპი თხზულების მეორე ბეჭდურ გამოცემას უკავშირდება, რომელიც განხორციელდა პეტერბურგში 1841 წელს მარი ბროსეს, ზაქარია ფალავანდიშვილისა და დავით ჩუბინაშვილის რედაქციით. გამოცემას, რომელსაც საფუძვლად დაედო ვახტანგ მეექვსის მიერ შემუშავებული მოკლე რედაქცია, უძღოდა მარი ბროსეს შესავალი წერილი, რომელშიც მეცნიერი "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის პრობლემისა თუ იდეური შინაარსის განხილვისას არსებითად თეიმურაზ ბატონიშვილის შეხედულებებს იზიარებდა (საყურადღებოა, რომ პოემის ტექსტის პეტერბურგული რედაქციის შემუშავებაში თეიმურაზ ბატონიშვილმაც შეიტანა თავისი წვლილი). გამოცემის ერთ-ერთმა თანაავტორმა, დავით ჩუბინაშვილმა, 1841 წლის შემდგომ ორჯერ კიდევ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" (1846, 1860) და ორივე გამოცემას საფუძვლად ვახტანგის მიერ დადგენილი ტექსტი დაუდო. XIX საუკუნის ოთხმოციან წლებში, როდესაც საქართველოში ფართოდ გაშალა ფრთები ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფმა მიზნად დაისახა "ვეფხისტყაოსნის" ახალი გამოცემის მომზადება (აღსანიშნავია, რომ ქართველთა ეროვნული საუნჯე - "ვეფხისტყაოსანი" - იმხანად იქცა არაერთი ქართველი პოეტის შთაგონების წყაროდ. ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და ვაჟა-ფშაველამ რუსთველის თხზულებას, მხატვრულ ნაწარმოებებთან ერთად, კრიტიკული წერილებიც კი მიუძღვნეს). ამ წამოწყების ინიციატორებად გამოვიდნენ რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი და იონა მეუნარგია, რომელთაც მიზნად დაისახეს "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერებისა და ნაბეჭდი ტექსტის ერთმანეთთან შეჯერების საფუძველზე ახალი რედაქციის შემუშავება. შეიქმნა "ვეფხიტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისია, რომელშიც ზემოხსენებულ პირებთან ერთად შედიოდნენ: გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, ვახტანგ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, სერგეი მესხი, პეტრე უმიკაშვილი, ნიკო დადიანი, დავით ერისთავი. კომისიამ მოაგროვა და შეისწავლა ოცზე მეტი ძველი ხელნაწერი (პოემის ნუსხების შეკრებისა და აღწერის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ექვთიმე თაყაიშვილმა) და ტექსტის დადგენის შედეგად დასაბეჭდად მოამზადა პოემის ახალი რედაქცია. ეს მდიდრული გამოცემა, რომელიც 1888 წელს დაიბეჭდა (დამსურათებელი - უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი), მეცენატ გიორგი ქართველიშვილის სახელს ატარებს. ამრიგად, "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა აღრიცხვა და მათი მეცნიერული შესწავლის დაწყება 1888 წლის გამოცემის ინიციატორთა დამსახურებაა. თუმცა, რუსთველოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი, გასული საუკუნის პირველ მეოთხედში ჩამოყალიბდა, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდიდან იწყება "ვეფხისტყაოსნის", როგორც ლიტერატურული ძეგლის, ცალკეულ საკითხთა (ტექსტოლოგიური, ისტორიულლიტერატურული, მსოფლმხედველობრივი და ა.შ.) მეცნიერული კვლევა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ღვაწლი ნიკო მარისა, რომელმაც არაერთი საყურადღებო ნაშრომი მიუძღვნა რუსთველის ეპოქასა და კულტურულ გარემოს, "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის საკითხებს (დღემდე აქტუალურია პოემის პროლოგის შესახებ ჩამოყალიბებული მისი თვალსაზრისი), პოემის ავტორის ვინაობისა თუ რელიგიური მსოფლმხედველობის პრობლემას, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნიკო მარის მოსაზრებანი რუსთველის მაჰმადიანური აღმსარებლობისა თუ რუსთველისა და ჩახრუხაძის იგივეობის შესახებ მეცნიერებაში არ არის გაზიარებული. "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის საკითხებს, პოემის დათარიღების პრობლემას თუ მისი ავტორის ვინაობას იკვლევდა ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე იუსტინე აბულაძე. მან ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" (1914, 1926) ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით (მოგვიანებით, 1937 წელს, სწორედ ეს ლექსიკონი დაერთო პოემის პირველ საიუბილეო გამოცემას). შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იუსტინე აბულაძემ ჩაუყარა საფუძველი "ვეფხისტყაოსნის" კომპარატივისტულ კონტექსტში კვლევას. რუსთველის პოემისა და "ვისრამიანის" შედარების შედეგად მეცნიერმა გამოკვეთა ამ ძეგლების როგორც საერთო (მხატვრული მეტყველება, აფორისტული სტილი, პერსონაჟთა შინაგანი სამყაროს ფსიქოლოგიური გააზრება), ისე განმასხვავებელი (სიყვარულის პრინციპულად განსხვავებული იდეურ-მორალური ხასიათი) ნიშნები. 1913 წელს სარგის კაკაბაძემ გამოაქვეყნა "ვეფხისტყაოსნის" ვრცელი რედაქციის ტექსტი, რომელიც ეყრდნობოდა პოემის ძველ XVII  ს.-ის) ხელნაწერებს და შეიცავდა არა მარტო ჩანართ სტროფებს, არამედ გაგრძელებებსაც, რომლებიც არ შესულა პოემის არც ვახტანგისეულ და არც პეტერბურგულ გამოცემაში. მეცნიერის დაკვირვებები შოთა რუსთველის სადაურობისა თუ ეპოქის, "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის წარმომავლობისა და პოემის ტექსტის საკითხებზე შეჯამებული სახით არის წარმოდგენილი მონოგრაფიაში "შოთა რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი" (1966). გასული საუკუნის 10-ანი წლებიდან პავლე ინგოროყვამ დაიწყო მზადება "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის გამოსაცემად, მაგრამ თავისი ჩანაფიქრის განხორციელება მხოლოდ 1953 წელს შეძლო (მისივე რედაქტორობით პოემის ტექსტი მეორედაც გამოიცა - 1971 წელს). მეცნიერის დაკვირვებანი "ვეფხისტყაოსნის" ავტორის ბიოგრაფიისა თუ მსოფლმხედველობის შესახებ აისახა ვრცელ მონოგრაფიაში "რუსთველიანა" (1926), თუმცა რუსთველოლოგიურმა მეცნიერებამ არ გაიზიარა პავლე ინგოროყვას თეორიები შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისა (რომ თითქოს პოემის პერსონაჟის, ტარიელის, საგვარეულო ისტორიის სახით მოთხრობილია ავტორის, შოთა რუსთაველის საგვარეულო ისტორია) თუ მსოფლმხედველობის (პოემის ავტორის მანიქეველად თუ სოლარული პაგანიზმის მიმდევრად მიჩნევა) შესახებ. 1963 წელს პავლე ინგოროყვამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვრცელი მონოგრაფია რუსთველიანას ეპილოგი, რომელშიც კვლავ შეეხო "ვეფხისტყაოსნის" ავტორის ბიოგრაფიის საკითხს, თუმცა ამჯერად თავის თეორიას საფუძვლად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მასალები დაუდო. "ვეფხისტყაოსნის" ცალკეულ პრობლემებს არაერთი სტატია მიუძღვნა კორნელი კეკელიძემ. მისი კვლევა მიმართული იყო პოემის ტექსტის საკითხების, პოეტის ვინაობა-სადაურობის, დაწერის თარიღის, სიუჟეტის წარმომავლობისა თუ ავტორის მსოფლმხედველობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერის დაკვირვებანი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ზოგჯერ საკამათოა (მაგალითად, პოემის დათარიღების საკითხი), მაინც ძალზე მნიშვნელოვანია მისი მოსაზრება რუსთველის მსოფლმხედველობის შესახებ. კორნელი კეკელიძემ პირველმა წამოაყენა თეორია რუსთველის რელიგიური მსოფლმხედველობის ქრისტიანობასთან მიმართებაზე, დასახა რა "ვეფხისტყაოსნის" ავტორი ე.წ. "ბიბლიური ქრისტიანობისა და თეოლოგიის" წარმომადგენლად. ოდნავ მოგვიანებით, გასული საუკუნის 30-იან წლებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, კალისტრატე ცინცაძეც (კ. ეკაშვილი) შეეცადა, დაესაბუთებინა, რომ რუსთველის აზროვნება ორთოდოქსულ ქრისტიანულ თვალსაზრისს მიჰყვება (თუმცა ეს წერილი თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ, 1966 წელს გამოქვეყნდა). არაერთი საყურადღებო მოსაზრება აქვს გამოთქმული რუსთველის მხატვრული ენის თავისებურებათა შესახებ კონსტანტინე ჭიჭინაძეს, თუმცა ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა 1934 წელს მისი რედაქტორობით გამოცემულ პოემის ვრცელ ტექსტს. ორჯერ მოეწყო ჭიჭინაძისეული "ვეფხისტყაოსნის" საჯარო განხილვა, დაიწერა არაერთი კრიტიკული წერილი თუ საგაზეთო შენიშვნა. საკამათოდ იქცა პოზიცია მეცნიერისა, რომელიც დაბეჯითებით ამტკიცებდა "ვეფხისტყაოსნის" გაგრძელებების ("ინდო-ხატაელთა ამბავი", "ხვარაზმელთა ამბავი") ორიგინალობასა და რუსთველისადმი მათ კუთვნილებას. 1937 წელს საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნა "ვეფხისტყაოსნის" შექმნის 750-ე წლისთავი. საიუბილეო თარიღს მიეძღვნა არაერთი ნაშრომი, სამეცნიერო კრებული თუ მონოგრაფია. შეიქმნა პოემის ბევრი ახალი თარგმანი სხვადასხვა ენაზე, გამოქვეყნდა საგანგებო კომისიის მიერ დადგენილი ტექსტი - "ვეფხისტყაოსნის" პირველი საიუბილეო გამოცემა, ასევე აკაკი შანიძის მიერ აღდგენილი ვახტანგისეული რედაქცია.
აკაკი შანიძის ერთმა დაკვირვებამ, რომელიც ნამდვილ აღმოჩენას წარმოადგენდა, გადაჭრა მრავალწლიანი დავა მწიგნობარი მეფის როლის შესახებ "ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემის შემუშავებისას (საბოლოოდ დადგინდა, რომ ვახტანგ მეექვსე არა მარტო ინიციატორი იყო ამ გამოცემისა, არამედ რედაქტორიც და კომენტატორიც). მეცნიერმა მომდევნო წლებშიც გააგრძელა მუშაობა პოემის ტექსტზე, რაც აისახა მის მრავალრიცხოვან სტატიებსა და მის მიერ შედგენილ `ვეფხისტყაოსნის~ ლექსიკონსა და "ვეფხისტყაოსნის" სიმფონიაში. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან რუსთველოლოგიაში იწყება ახალი ეტაპი, როდესაც რუსთველის მსოფლმხედველობის შესწავლა და შეფასება ხდება ანტიკური, შუასაუკუნეებისა თუ რენესანსის ეპოქის სხვადასხვა ფილოსოფიურ სისტემათა საფუძველზე. ამ პრობლემის გარშემო მანამდე არსებულ თეორიათა (მაჰმადიანობა, მანიქეველობა, სოლარიზმი, და ა.შ.) კრიტიკული განხილვის შედეგად მოსე გოგიბერიძემ რუსთველის რელიგიურ-ფილოსოფიური აზროვნებისა და ესთეტიკური მსოფლმხედველობის წყაროდ და საფუძვლად არაბული არისტოტელიზმი მიიჩნია, შალვა ნუცუბიძემ - არეოპაგიტული ფილოსოფია (1942 წელს მეცნიერმა ჩამოაყალიბა ახალი თვალსაზრისი არეოპაგიტული კორპუსის ავტორის, ფსევდო დიონისე "არეოპაგელისა" და პეტრე იბერიელის იგივეობის შესახებ). "ვეფხისტყაოსნის" ჰუმანისტური პათოსიდან გამომდინარე, შალვა ნუცუბიძემ ევროპული რენესანსის ანალოგიით რუსთველის აზროვნებას რენესანსული უწოდა, ოღონდ, საქართველოს გეოგრაფიული და ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინებით, მან დასავლური რენესანსის საპირისპიროდ შემოიტანა ტერმინი აღმოსავლური რენესანსი და რუსთველი აღმოსავლური რენესანსის წარმომადგენლად დასახა. შალვა ნუცუბიძის აღნიშნული თეორია მოგვიანებით გააკრიტიკა ელგუჯა ხინთიბიძემ, რომელმაც `ვეფხისტყაოსნის~ ავტორის მსოფლმხედველობისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში (1975) დაადასტურა, რომ რუსთველის მსოფლმხედველობაში ასახულია გვიანდელი შუასაუკუნეების ქრისტიანული პრობლემატიკა, რომელიც შემდგომში ევროპაში რენესანსულ აზროვნებაში გადაიზარდა და რომ რუსთველის შემოქმედების რენესანსული ელემენტი ევროპული, ქრისტიანული (და არა აღმოსავლური) ტიპისაა. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ნოდარ ნათაძის ნაშრომები, რომლებშიც კლასიკური ხანის ქართული მწერლობის იდეური ფონის გათვალისწინებით წარმოჩენილია "ვეფხისტყაოსანში" ასახული "შუასაუკუნეებიდან გამოღვიძების, ანუ ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და მსოფლშეგრძნების ფარგლებიდან გამოსვლის რთული პროცესი", რამაც გამოხატულება ჰპოვა პოემის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ მოტივებში, პერსონაჟთა მხატვრული სახეებსა თუ სიყვარულის რუსთველურ კონცეფციაში. რუსთველის შემოქმედებას 1958 წელს ფუნდამენტური მონოგრაფია მიუძღვნა ალექსანდრე ბარამიძემ (მონოგრაფიის შემდგომი, შევსებული გამოცემები _ 1966, 1975). მან სისტემურად და თანმიმდევრულად გააშუქა რუსთველოლოგიური პრობლემატიკის ყველა ძირითადი საკითხი - ტექსტოლოგიური, ისტორიულ-ლიტერატურული, ლიტერატურულ-მხატვრული თუ მსოფლმხედველობრივი, წარმოაჩინა რუსთველის ადგილი ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. "ვეფხისტყაოსნის" კვლევის საქმეში წვლილი შეიტანეს ემიგრაციაში მცხოვრებმა ქართველმა მეცნიერებმა. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ ვიკტორ ნოზაძის ვრცელი რუსთველოლოგიური მონოგრაფიები, ზურაბ ავალიშვილის, მიხაკო წერეთლის გამოკვლევები, რომლებშიც "ვეფხისტყაოსნის" ცალკეული პრობლემები შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ძეგლებთან მიმართებაშია განხილული. მიხაკო წერეთლის რედაქციით პარიზში "ვეფხისტყაოსნის" ახალი გამოცემაც გამოქვეყნდა (1963). 1962 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან დაარსდა "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია (თავმჯდომარე ი. აბაშიძე, რედაქტორი გ. წერეთელი, 1973 წლიდან - ა. ბარამიძე), რომლის ძირი თადი მიზანი იყო რუსთველის პოემის აკადემიური გამოცემის მომზადება 10 ტომად ძირითადი და ჩანართ-დანართი ტექსტებით, ვარიანტებითა და ტექსტოლოგიური შენიშვნებით, ლექსიკონითა და კომენტარებით. 1966 წელს საქართველოში ზეიმით აღინიშნა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლის იუბილე. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას მიეძღვნა "ვეფხისტყაოსნის" ორი კრიტიკული გამოცემა: ერთი, ვარიანტებიანი, აკ. შანიძისა და ა. ბარამიძის რედაქციით გამოქვეყნდა, ხოლო მეორე გამოსაცემად მოამზადეს გ. წერეთელმა, ს. ცაიშვილმა და გ. კარტოზიამ. ამას გარდა, ორ გამოშვებად დაიბეჭდა `ვეფხისტყაოსნის~ საიუბილეო გამოცემა ი. აბაშიძის, ა. ბარამიძის, პ. ინგოროყვას, ა. შანიძისა და გ. წერეთლის რედაქციით. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა და გამოიცა "ვეფხისტყაოსნისადმი" მიძღვნილი სამეცნიერო კრებულები, დაიბეჭდა არაერთი სამეცნიერო სტატია, გამოკვლევა თუ მონოგრაფია. 70-იანი წლებიდან მოყოლებული რუსთველოლოგიური მეცნიერება განვითარდა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით: 
1. "ვეფხისტყაოსნის" ტექსტოლოგიური საკითხები (ი. გიგინეიშვილი, ბ. დარჩია, გ. კარტოზია, შ. ონიანი ს. ცაიშვილი, ალ. ჭინჭარაული);
2. პოეტის ბიოგრაფია (გ. არაბული, ი. მეგრელიძე რ. ფირცხალაიშვილი, ს. ცაიშვილი);
3. მსოფლმხედველობრივი პრობლემები (ზ. გამსახურდია, მ. გიგინეიშვილი, ი. ლოლაშვილი, შ. ხიდაშელი, ე. ხინთიბიძე);
4. პოემის მხატვრულ-ესთეტიკური სამყარო (ა. გაწერელია, ხ. ზარიძე, გ. იმედაშვილი, მ. კარბელაშვილი, ნ. ნათაძე, რ. სირაძე, ნ. სულავა);
5. რუსთველის შემოქმედების მიმართება მსოფლიო ლიტერატურასთან (ლ. ანდღულაძე, ა. გვახარია, მ. ელბაქიძე, ლ. მენაბდე).
რუსთველოლოგიური მეცნიერების განვითარების დღევანდელ ეტაპზე, როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია რუსთველოლოგიის ზოგადი კურსი, აღნუსხული და სისტემაში მოყვანილია რუსთველოლოგიური ლიტერატურა, გამოცემულია "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა და ძირითად გამოცემათა ვარიანტები, ხელნაწერთა სტროფული შედგენილობა, დაბეჭდილია "ვეფხისტყაოსნის" სიმფონია, "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ შესწავლილია პოემის ყველა ხელნაწერსა და გამოცემაზე დართული ლექსიკონები, ამავე კომისიის მიერ შემუშავებული და სისტემაში მოყვანილია ძველი ქართული ლიტერატურის უმდიდრესი ლექსიკური მარაგი, რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში შედგენილია "ვეფხისტყაოსნის" ცალკეული სტროფების შესახებ არსებული ლიტერატურის ანოტაციები, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კი თავმოყრილი და აღწერილია "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა უმდიდრესი კოლექცია, განსაკუთრებით აქტუალურია "ვეფხისტყაოსნის" სპეციფიკურ პრობლემათა განხილვა და კვლევა ინტერტექსტუალური, ინტერკულტურული თუ კომპარატივისტული ასპექტით, რაც უკვე 21-ე საუკუნის რუსთველოლოგიის ამოცანაა.

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.